IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection timed out) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
პატერიკები. ეპიზოდები წმიდა მამათა ცხოვრებიდან - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



8 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> პატერიკები. ეპიზოდები წმიდა მამათა ცხოვრებიდან, როგორ გვესმის გაზიარება
lingvo
პოსტი Oct 10 2008, 10:27
პოსტი #1


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ზეცისა კაცნი და ქვეყანისა ანგელოზნი

ბერი და ანგელოზი


ნეტარი ბერი იოსებ სპილიოტი (+1959) ცდილობდა, გაემხნევებინა ახალგაზრდა ბერი, რომელიც სევდას შეეპყრო და მონასტრის დატოვება და თავისიანებთან დაბრუნება განეზრახა. ამიტომ მან ასეთი სასწაულის შესახებ უამბო მას:

„ათონის მთაზე ჩემს მოსვლამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, გავიცანი ერთი ბერი, რომელიც უსინათლო ხუცესის მორჩილი იყო. მისმინე, რა შეემთხვა ერთხელ მას.

ერთხელ მის სენაკთან ერისკაცი მივიდა.

- საიდან ხარ? - ჰკითხა სტუმარს შაოსანმა ბერმა.

აღმოჩნდა, რომ ისინი ერთი მიწა-წყლისანი იყვნენ, მაგრამ ბერმა მოსულს ეს არ გაუმხილა.

- შენ თუ იცნობ ასეთ ადამიანს როგორ არის? - შეეკითხა მოსაგრე, მხედველობაში ჰყავდა რა თავისი მამა.

- ვიცი, - უპასუხა მოსულმა, - იგი გარდაიცვალა და ღვთის ანაბარა დარჩა მისი ცოლი და ქალიშვილები. მათ ვაჟიც ჰყავდათ, რომელმაც მრავალი წლის წინ დატოვა ისინი. მას შემდეგ მის შესახებ არაფერი სმენიათ.

ამ ამბავმა შაოსანი მეტად დაამწუხრა. მას მონასტრის დატოვებისა და შინ დაუბრუნების სურვილი გაუჩნდა.

- წავალ, - უთხრა მან ერთხელ თავის ხუცესს, - წავალ და ვიზრუნებ დედასა და დებზე.

მაგრამ ხუცესმა არ აკურთხა და ცრემლებით თხოვდა, დარჩენილიყო, ის კი შეუდრეკელი რჩებოდა. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ვერ შეძლო ახალგაზრდის შეჩერება, უსინათლო ხუცესმა იგი თავის ნებაზე მიუშვა. და მან წმიდა მთა დატოვა.

გზაში დაღლილი, ხის ჩრდილში ჩამოჯდა. ცოტა ხნის შემდეგ ამ ხეს კიდევ ერთი დაღლილი შაოსანი მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა.

- ვხედავ, რომ დამწუხრებული ხარ, ძმაო, რა დაგემართა? - ჰკითხა ამ უკანასკნელმა.

- მამაო, უბედურება შემემთხვა, - უპასუხა ხუცესის მიმტოვებელმა მორჩილმა და თავისი ამბავი უამბო.

მაშინ კეთილმა მგზავრმა უთხრა:

- მისმინე, ძმაო, დაბრუნდი შენს ხუცესთან, უფალი თვითონ იზრუნებს შენს ახლობლებზე, შენ არ უნდა მიატოვო იგი, მითუმეტეს, რომ ის ბრმაა.

მაგრამ მან ყურადღება როდი მიაქცია შემთხვევითი თანამოსაუბრის რჩევას. მგზავრს მრავალი მაგალითი მოჰყავდა, მაგრამ ჯიუტი ბერი ფეხზე ადგა და გზის გაგრძელება დააპირა.

- ასე რომ, შენ არ შეისმინე ჩემი სიტყვები? - უკანასკნელად შეეკითხა ბერს მგზავრი.

- არა.

- მაშინ იცოდე! მე უფლის ანგელოზი ვარ. როგორც კი მამაშენი გარდაიცვალა, უფალმა შენი ოჯახის მფარველობა დამავალა, მაგრამ რადგან თვითონ გსურს მასზე იზრუნო, მაშინ მე ვტოვებ მათ და მივდივარ.

ანგელოზი მეყსეულად გაქრა. ბერი ძალიან შეწუხდა და მონანული დაბრუნდა ბრმა ხუცესთან. სენაკში შესულმა დაინახა, რომ მოძღვარი მისთვის ლოცულობდა...“

თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 12, 2003 წ.

* * *
ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მონასტერში გამუდმებით დადიოდა, მაგრამ ამსოფლიური ყოფაც ერთობ ძალუმად იზიდავდა (უყვარდა მუსიკა, ნაირგვარი სანახაობები, მოგზაურობა, გართობა), ჰკითხა მამა ეპიფანეს, დასაშვებია თუ არა მისთვის იფიქროს მონაზვნობაზე.

- შვილო ჩემო, მონაზვნად არ გამოდგები, - მიუგო მამა ეპიფანემ, - შენ მეტისმეტად გიზიდავს სოფელი, მონაზონს კი საწინააღმდეგო მისწრაფება უნდა ჰქონდეს: თავისი შინაგანი სამყარო უნდა იზიდავდეს და არა პირიქით.

* * *
ერთხელ იღუმენიამ ტელეფონით აცნობა მამა ეპიფანეს, რომ ერთ ღვთისმოშიშ გოგონას მონაზვნობა სურდა მის მონასტერში, მაგრამ ამ გოგონას სულიერი მამა მონაზვნობას მაინცდამაინც არ სწყალობდა და კურთხევას არ აძლევდა.

- გერონდა, როგორ მოვიქცე? მოვუწოდო მას, დაემროჩილოს სულიერ მამას და დათრგუნოს მონაზვნად გახდომის სურვილი, თუ ვურჩიო, ყურადღება არ მიაქციოს მის აზრს და კურთხევის გარეშე მოვიდეს მონასტერში?

- მომისმინეთ, დედაო. მისი ეს განზრახვა მუდამ წმიდა და პატივისცემის ღირსი იქნება. მაგრამ თუ იგი მონასტერში მოვა კურთხევის გარეშე და ამა თუ იმ მიზეზთა გამო იქ სირთულეებს წააწყდება, მაშინ მათ თავის ურჩობას დააბრალებს. მეორე მხრივ, თუ იგი მონაზვნურ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევს, შინაგანად ყოველთვის ექნება დანაშაულის გრძნობა, რომ ყოველივე ამას კურთხევის გარეშე აკეთებს. ამიტომ გირჩევთ: შესთავაზეთ მას, დაემორჩილოს სულიერ მამას და ილოცოს, რათა ღმერთმა, თუკი იგი ინებებს მისი სურვილის აღსრულებას, შეაცვლევინოს სულიერ მამას მონაზვნობისადმი დამოკიდებულება.

ასეც მოხდა. ნახევარი წლის შემდეგ იღუმენიამ სიხარულით აცნობა ბერს, რომ გოგონამ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მიიღო კურთხევა თავისი სულიერი მამისაგან, რომელმაც ასე მიმართა მას: „შვილო ჩემო, რადგან, მიუხედვად ჩემი ხანგრძლივი უთანხმოებისა, მაინც ისწრაფი, გახდე მონაზონი, აშკარაა, შენი სურვილი ღმერთისგან მოდის. ასე რომ, ჩემი კურთხევით წადი მონასტერში“.

- დედაო იღუმენია, ეს ღმერთმა დააჯილდოვა იგი მორჩილებისათვის! - იყო მამა ეპიფანეს პასუხი.



მონაზვნები და ერისკაცნი

გერონდა, წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ „ნათელ ყოველთა კაცთა ჭეშმარიტნი მონაზონნი არიან“ (26,31). ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ყველაზე სათნოებაშემოსილ ერისკაცსაც კი აღემატება უკანასკნელი მონაზონი?

- არა! აქ ღირსი მამა საუბრობს არა ნებისმიერ მონაზონზე, არამედ მონაზვნურ ცხოვრებაზე, ანუ საერთოდ მონაზვნობაზე. მას მხედველობაში აქვს, რომ მონაზვნობა, როგორც ცხოვრების წესი, საერო ცხოვრების წესზე მაღლა დგას. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ არსებობს მონაზონზე უფრო მართალი ერისკაცი.

„არიქმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის სწავლებანი“



მონაზვნის ღირსება

კავსოკალივის სავანის ერთ მონაზონს ებრძოდა ბოროტი მარჯვენა მხრიდან იმ გულისთქმებით, რომ იგი არაფერს აკეთებს, ერში კი მოყვასს სიკეთეს მოუტანდა და ა.შ. ბოროტი მას იმ გულისთქმასაც უნერგავდა, რომ სამონაზვნო მოქალაქეობა არის რაღაც მეორეხარისხოვანი და სხვა.

სახიერი ღმერთი ხედავდა რა სიკეთის მოძულის ვერაგობას და იმ დიდ საფრთხეს, რომელიც ემუქრებოდა ძმას, მოიღო წყალობა, რათა ცხადში ეჩვენებინა მისთვის ერთი სასწაულებრივი ხილვა.

აი, იგი ხედავს თავის თავს მიცვალებულს და ეშმაკებს, რომლებიც უახლოვდებიან და კიცხავენ, მოშორებით კი - ხალხმრავალ დასახლებას. უეცრად მას ევლინება ანგელოზი და ეუბნება:

- ერთი ღირსეული მონაზონი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე მთელი ეს დასახლება.

ხილვისგან გონს მოვიდა თუ არა მონაზონი, თავის თავს უთხრა:

- ხედავ, რა ღირსებას სძენს უფალი ადამიანის, როდესაც იგი მონაზონი ხდება!

ამის შემდეგ მან კიდევ უფრო მეტად გააძლიერა სულიერი მოღვაწეობა. ანგელოზის სიტყვებიც თავის სენაკში კედელზე მიაწერა, რომ ხშირად დაენახა და უფრო მეტად და გულმოდგინედ ეღვაწა.

ბერი პაისი „ათონი და ათონელი მამები“

არ განიკითხოთ - და არ განიკითხებით

* * *
ეგვიპტეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ადრე წმიდა მამები მოღვაწეობდნენ, ცხოვრობდა ერთი ძმა, რომელიც ცოდვაში ჩავარდა და სენაკში ქალი მიიყვანა. ამ ამბის შესახებ ადგილობრივმა მოსახელობამ შეიტყო და გადაწყვიტა ცოდვილი ძმის გაძევება. ღვთის განგებით, იქ აღმოჩნდა ეპისკოპოსი აბბა ამონი, რომელსაც სთხოვეს, მათთან ერთად წასულიყო ძმის გასაძევებლად. აბბა ამონი დათანხმდა.

როდესაც ძმამ დაინახა მასთან მიმავალი ხალხი, ქალი ქვევრში დამალა. ეპისკოპოსი სენაკში მისვლისთანავე მიხვდა ამას, მივიდა, დაჯდა ამ ქვევრზე და განკარგულება გასცა, ქალის ძებნა დაეწყოთ. გულმოდგინე ძებნის შემდეგ აბბა ამონს მოახსენეს, რომ ქალი არსად იყო. მაშინ აბბამ მათ უსაყვედურა:

- ხედავთ, რა ჩაიდინეთ? უდანაშაულო ძმა განიკითხეთ. დაბრუნდით სოფელში და აღარ განიკითხოთ სხვები!

მას შემდეგ, რაც სოფლელები წავიდნენ, აბბა ადგა და ძმას მოკრძალებით უსაყვედურა:

- ძმაო, იზრუნე შენი სულის გადარჩენაზე!

ასე იქცევიან სულიწმიდის მადლით მოსილები.



* * *
ერთი ბერი არ გამოირჩეოდა არც მარხვით, არც ლოცვით და არც რომელიმე სხვა სათნოებით, არამედ სრულიად უდები ცხოვრებით ცხოვრობდა. დადგა ამ სოფლიდან მისი გასვლის დრო. მონასტრის ძმები გაკვირდნენ, როდესაც იხილეს, რომ ეს უდარდელი ბერი არათუ განიცდიდა აღსასრულის მოახლოებას, არამედ მშვიდად ეგებებოდა მარადიულ ცხოვრებას და ადიდებდა ღმერთს.

- რატომ ხარ ასეთი გულმხიარული, შენ ხომ უფლის საშინელ სამსჯავროზე უნდა წარსდგე? - ეკითხებოდნენ ისინი. - ჩვენ ვიცით შენი ცხოვრება და არ გვესმის შენი ასეთი გულგრილობა. განმტკიცდი ქრისტეს მადლით და ჩვენც გვიამბე, რათა ვადიდოთ უფალი და მისი კაცთმოყვარება.

მაშინ მომაკვდავმა თავი წამოსწია სარეცელიდან და უთხრა მათ:

- ძმანო და მამანო, მართალია, მე უზრუნველად ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა, როცა მთელი ჩემი ცხოვრება უფლის ანგელოზებმა წიგნივით წინ გადამიშალეს, მე გულწრფელად ვაღიარე ცოდვები და ველოდი საშინელ სასჯელს, მაგრამ ანგელოზებმა მითხრეს: „მიუხედავად შენი უდებებისა, შენ არასოდეს განიკითხავდი ადამიანებს და ყველას მიმართ მიმტევებელი იყავი!“ ამ სიტყვების შემდეგ მათ დახიეს ჩემი ცოდვების ხელწერილი. აი, ეს არის ჩემი სიხარულის მიზეზი.

დაასრულა ამის თქმა და მშვიდობით მიცვალა უფლის მიმართ.


* * *
უდაბნოში განმარტოებით მოღვაწე ერთ ბერს დროდადრო მღვდელი აკითხავდა ხოლმე რათა სამეუფო მსხვერპლი შეეწირა. ერთხელ ამ ბერთან მივიდა ეშმაკის მიერ შეპყრობილი კაცი და განიკითხა მღვდელი. ბერმა მოუსმინა მას და დაბრკოლდა. ამის შემდეგ, როცა ჩვეულებისამებრ მიაკითხა მას მღვდელმა, რომ წირვა ჩაეტარებინა, ბერმა კარი აღარ გაუღო და მღვდელი დამწუხრებული დაბრუნდა სახლში.

ბერი სალოცავად რომ დადგა, ზეციდან ხმა მოესმა, დაკარგეს ადამიანებმა ჩემი სიმართლე და მსჯავრში მეცილებიანო. ეს რომ გაიგონა, ბერი შიშმა შეიპყრო და შეძრწუნდა. ამ დროს დაინახა ოქროს ჭა, ოქროსავე თოკი და ამოსაღები ჭურჭელი. წყალი გამორჩეულად წმინდა იყო, მაგრამ წყლის ამომღებელი არაწმინდა. მივიდა ბერთან უფლის ანგელოსი და უთხრა: ჰოი, კაცო, რას ავნებს ამ წმინდა წყალს უწმინდური ამომღებელი. ან რას მოაკლებს ყოვლადწმიდა მსხვერპლს უღირსი შემწირველი. ასეთი მხოლოდ თავს დაისჯის, მაგრამ სხვებს არ ავნებს.განმკითხველი კი უფალს ეწინააღმდეგება.

ბერი გონს მოეგო, შეძრწუნდა, ცრემლით შეინანა დანაშაული, მოუხმო იმ მღვდელს, დაუჩოქა, შენდობა ითხოვა და ვედრებით დაითანხმა, რომ ძველებურად ეწირა ხოლმე. შემდეგ ეს ბერი სხვებსაც ასწავლიდა ხოლმე, რომ არავის არ უნდა განიკითხავდნენ, რადგან ღმერთია ყოველთა განმკითხველი და მან დაგვიწერა: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“, ნუ დასჯით და არ დაისჯებით. მით უფრო არ უნდა განვიკითხავდეთ მღვდლებს, რომლებიც ანგელოსებთან ერთად დგანან, წმ. ძღვენს შესწირავენ უფალს და გარდამოიწვევენ სულიწმიდას, რომელსაც შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.



* * *
სკიტში ერთი ძმა ცოდვაში ჩავარდა. ძმები შეიკრიბნენ, მამა მოსესაც უხმეს, მან კი მოსვლა არ ინება, მაშინ პრესვიტერმა კვლავ გაუგზავნა ძმა და შეუთვალა, რომ ბერს კრებული ელოდა. მამა მოსე ადგა და წავიდა - მას თან ქვიშით სავსე, დახვრეტილი კალათი მიჰქონდა. როდესაც ძმებმა მომავალი ბერი დაინახეს, ჰკითხეს - რა არის ეს, მამაო? - ეს ჩემი ცოდვები გროვდება ჩემს უკან, მათ ვერ ვხედავ და სხვისი ცოდვების განსასჯელად მოვედი. როდესაც მათ ეს მოსმინეს, ძმა აღარ განუსჯიათ, არამედ მიუტევეს მას.



* * *
ერთხელ ღირსი არსენი დიდი მძიმედ ავად გახდა. ბერებმა იგი ტაძრის საავადმყოფოში გადაიყვანეს და რბილ საწოლზე დააწვინეს.

სხვა მონასტრის ერთმა ხუცესმა მოინახულა იგი და როდესაც რბილ საწოლზე მწოლიარე იხილა, დაბრკოლდა და გაიფიქრა: „ეს არსენი დიდია? განა შეიძლება მისთვის ასეთი განსვენება?“

მაგრამ როგორც კი ასეთ რამ გაიფიქრა, იქ მყოფმა მღვდელმა ამოიცნო მისი ფიქრები, გვერდით გაიხმო იგი და ჰკითხა, თუ როგორ ცხოვრობდა ერში.

- მწყემსი ვიყავი, უკიდურეს სიღატაკესა და მწუხარებაში ვცხოვრობდი, - უპასუხა ბერმა ყოველგვარი დაეჭვების გარეშე.

- ახლა კარგად ცხოვრობ? - კვლავ ჰკითხა მღვდელმა.

- ძალიან მშვიდად, - უპასუხა მან, - ყველაფერი აუცილებელი მაქვს.

- იცოდე, - უთხრა მღვდელმა, - რომ ეს ბერი, რომელსაც ხედავ, თითქმის მეორე მამა იყო მეფის შვილებისათვის; მას ათასობით მონა ჰყავდა, რბილი და ძვირფასი საწოლი ჰქონდა; მისი სიმდიდრე დაუთვლელი იყო; ასე რომ, ერში ამდენი შრომის შემდეგ შენ აქ ისვენებ, მამა არსენი კი, ერში განსვენების შემდეგ აქ შრომობს.

ხუცესმა აღიარა თავისი შეცდომა, მღვდელს ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა, რომ თავის გულში შეურაცხყოფა მიაყენა ღირს მამას.


* * *
ერთ-ერთი ძმა, რომელიც სამონასტრო საჭიროებისათვის ქალაქში იქნა გაგზავნილი, დაუდევრად მოიქცა და ხორციელ ცოდვაში ჩავარდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ძმამ, ლავრაში დაბრუნებისთანავე ღირსი მამის წინაშე ცოდვა მოინანია. წმიდანმა, ვითარცა გამოცდილმა და გულისხმიერმა ექიმმა, დაამშვიდა და დაარწმუნა ძმა, იმედგაცრუებას არ მისცემოდა, არამედ უფლის მიმართ ჰქონოდა სასოება და მონასტერში მორჩილად დატოვა. ბერ-მონაზონმა პავლემ - ამავე მონასტრის ძმამ, დაცემული ძმის განკითხვა დაიწყო და ღირს მამას ბრალად დასდო თანამოძმის როგორც დამნაშავისა, ლავრაში დატოვება, რომელმაც უკანონო და სასირცხვილო საქმე ჩაიდინა. წმ. ათანასემ მკაცრად შეხედა და მიუგო: „პავლე, რას აკეთებ? ძმათა განკითხვის მაგიერ უმჯობესია საკუთარ გულისთქმას ჩასწვდე. წერილ არს: „ამიერითგან რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძელენ, ნუუკუე დაეცეს“ (1 კორ. 10, 12). ღვთის განგებით, იმ დღიდან მოყოლებული, პავლეს სიძვის ვნება დაატყდა თავს და სამი დღე-ღამის განმავლობაში მძიმედ იტანჯებოდა. მაგრამ უფრო უარესი ის იყო, რომ აღსარებისა რცხვენოდა და ეთაკილებოდა დახმარების მიღება. წმ. ათანასე პავლეს მდგომარეობას განსწავლული სულით ხვდებოდა და აღსარების გამბედაობა შთაუნერგა. პავლემ ცოდვა გაამხილა და ღირს მამას, როგორც გასაჭირში მყოფ შვილთათვის გულშემატკივარ მშობელს, პატიება შესთხოვა. წმ. ათანასემ პირველ ყოვლისა დამოძღვრა, აღარ განეკითხა დაცემული, არამედ თანაეგრძნო და ელოცა განსაცდელში მყოფთათვის, შემდეგ კი ხედავდა რა პავლეს მორჩილებასა და სინანულს, ღვთის წინაშე მისთვის ილოცა და უმსგავსო ვნებისაგან გამოიხსნა. ამ დროს, პავლემ თავზედ გადმოღვრილი და მთელ სხეულზედ გადასული სიცივე შეიგრძნო და ავხორცული წვა ჩაუქრა.



* * *
ღირსი იოანე სებაიტელი მოგვითხრობს: „ერთხელ ჩემთან მეზობელი მონასტრიდან მორჩილი მოვიდა და შევეკითხე, როგორ ცხოვრობდნენ იქაური მამები. მან მიპასუხა: „კარგად, თქვენი ლოცვის შემწეობით“. შემდეგ კი ის მორჩილი მოვიკითხე, რომელიც კარგი სახელით ვერ სარგებლობდა. სტუმარმა მითხრა: „სრულიად არ გამოცვლილა, მამაო“. გაგონებისთანავე წამოვიძახე: „ცუდია!“ და წარმოვთქვი თუ არა ეს სიტყვა, იმწამსვე რაღაც გაურკვეველი აღტაცება შევიგრძენი და ვიხილე იესო ქრისტე ორ ავაზაკს შორის ჯვარცმული. ის-ის იყო განვემზადე თაყვანი მეცა მაცხოვრისთვის, რომ უეცრად უფალმა წინამდგომარე ანგელოზებს მიმართა: „განსდევნეთ იგი - ეს ანტიქტისტე, რამეთუ ჩემს სამსჯავრომდე განიკითხა ძმაი თვისი“. და როდესაც უფლის განგების თანახმად ვიდევნებოდი, კარში დარჩა ჩემი მოსასხამი და უცებ გამეღვიძა. „უბედურება დამატყდა თავს, - მივუგე სტუმრად მოსულ მორჩილს. - ბოროტ არს დღეი ესე ჩემთვის“. „რატომ?“ - მკითხა მან. მაშინ გავუმხილე ხილვა და განვუმარტე, რომ დარჩენილი მოსასხამი ღვთის მფარველობისა და შეწევნის დაკარგვას მოასწავებდა. იმ დღიდან მოყოლებული შვიდი წელი უდაბნოში გავატარე, არც პური მიმიღია, არც თავშესაფარი მიძებნია, არც ადამიანთან გამიბამს საუბარი, სანამ არ ვიხილე უფალი ჩემი, რომელმაც მოსასხამი დამიბრუნა.“



* * *
ერთმა ბერმა, როდესაც გაიგო, ძმა ცოდვაში ჩავარდნილიყო, განიკითხა იგი და თქვა: „უდიდესი ბოროტება ჩაუდენიაო“. გავიდა ხანი და ანგელოზმა ბერს მიერ მიერ განკითხული ძმის სული მიუვლინა და მიუგო: „ვინც შენ განიკითხე, გარდაიცვალა. სად მიბრძანებ მისი სულის განწესებას: სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში“. ბერი შეშინდა. „შენ ხომ მართალთა და ცოდვილთა განმსჯელი ხარ, - განაგრძობდა ანგელოზი, - მიბრძანე! შეიწყნარებ თუ საუკუნო სატანჯველს განუწესებ“. მიხვდა ბერი - ძმის განკითხვით უმძიმეს ცოდვაში ჩავარდნილიყო და მოთქმა-გოდებით შესთოხვა პატიება. დიდი ხნის განმავლობაში უფალი უპასუხოდ ტოვებდა; საბოლოოდ შეიწყალა და კვლავ ანგელოზი მიუვლინა. „ღმერთმა გაპატია - მიუგო ანგელოზმა - აწ გახსოვდეს სიმძიმე განკითხვისა“.



* * *
წმიდა ეპისკოპოს ამონზე მოგვითხრობენ, რომ მას განსასჯელად ქალი მიუყვანეს, რომელიც მრუშობის ცოდვაში ამხილეს (იმ დროს მსაჯულის ფუნქცია შეთავსებული ჰქონდა ეპისკოპოსს). წმინდა ეპისკოპოსმა შეხედა უბედურ ქალს და თქვა: „შენ შვილი ჩაგესახა, შენი ფეხმძიმობა რთული იქნება - შემდეგ კი ბერებს მიუბრუნდა და უთხრა: მიეცით მას ათი არშინი ტილო, თუკი მშობიარობის დროს აღესრულა, მისთვის იგი სავანე იქნება, თუკი ბავშვი დაიბადა, მისთვის გამოადგება“. და ქალი გაუშვა, არც დაუსჯია და არც ეპიტიმია დაუდია მისთვის. ერთმა ქალმა, რომელიც განსჯის პროცესს ესწრებოდა და ცოდვილის დასჯის წყურვილით იყო აღვსილი, წამოიძახა: „ეს ეპისკოპოსი ნამდვილად უგუნურია“. ეპისკოპოსმა მიუგო: „უდაბნოში ათი წელი მდუმარე ლოცვაში გავატარე, რათა ამ უგუნურებისთვის მიმეღწია, ეხლა კი არ მსურს მასთან განშორება და არ გავცვლი მას არანაირ ამქვეყნიურ სიბრძნეზე“. ე.ი. მღვდელმთავარმა ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ ვერ ხედავდა ბოროტებას სხვა ადამიანში. ამ შემთხვევაში ეპისოკპოსმა თავისი ბრძნული საქციელით ცოდვილი ქალი ღრმა სინანულში ჩააგდო და სიკვდილზეც დააფიქრა.


* * *
მონასტერში მიმავალ აბბა დანიელს გზად დააღამდა და ღამე სოფელში გაათია. მან გაიგონა თუ როგორ ლანძღავდნენ ბინძური სიტყვებით მოჩხუბარი თანასოფლელები ერთმანეთს. აბბა მაშინვე წამოდგა, მუხლებზე დავარდა და ლოცვა დაიწყო. მას გამოეცხადა უფლის ანგელოზი უზარმაზარი ხმლით ხელში და უთხრა: „ამ ხმლით იქნება ძლეული ყველა, ვინც მოძმეს განიკითხავს. ნეტარ ხარ შენ, რადგანაც შენდა საცდუნებლად ჩხუბის ხმა მოგესმა და არავინ განიკითხე, არამედ ილოცე! ამიტომაც ღვთის კურთხევა იქნება შენზედ“.


* * *
ღირსი მამა ვიტალი, წმიდა სპირიდონის კელიაში გატარებული სამოცწლიანი ღვაწლის შემდეგ, ალექსანდრიაში ჩავიდა და იქ დაიწყო ცხოვრება, როგორც წერია მის ცხოვრებაში - „ადამიანთა საცდურად“. რათა განრიდებოდა ადამიანურ დიდებას, გადაწყვიტა დღისით, როგორც დაქირავებულ მუშას ემუშავა. შრომის საფასურად დღეში თითო ვერცხლს იღებდა. გამომუშავებული თანხიდან უმნიშვნელო ნაწილს გამოკვებას ახმარდა (ლობიოს ყიდულობდა), ხოლო საღამოობით კი საროსკიპოებში სტუმრობდა. იქ, მთელ ფულს იმ ქალებს უტოვებდა, ემუდარებოდა განრიდებოდნენ სიძვას და მთელ ღამეს მათთან ფსალმუნთა გალობასა და ლოცვაში ატარებდა. შინ დაბრუნებისას პირობას ართმევდა არ გაემხილათ წმიდა მამის სტუმრობის ჭეშმარიტი მიზანი. ქალაქის მკვიდრნი კი კიცხავდნენ წმიდანს და გაიძახოდნენ: „წადი, წყეულო. შენ მეძავებთან გელოდებიან“-ო. ან კიდევ: „უმჯობესი იყო ცოლი მოგეყვანა, ბერის სახელს რყვნი“-ო. ღირსი ვიტალი არ იმართლებდა თავს, მალავდა უფლის მიერ ბოძებულ მადლს, სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა და ბევრი დაცემული ქალი გამოიხსნა ცოდვისაგან. ღირსი მამის ღვაწლი მხოლოდ გარდაცალების შემდეგ გამომჟღავნდა, როდესაც მის წმიდა ნაწილებთან შეხებისას ეშმაკეული განიკურნა და ბევრი მკელობელი და ბრმა გამოჯანმრთელდა.



* * *
მარკოზ მეგვიპტელი ოცდაათი წლის მანძილზე სენაკიდან არ გამოსულა და ერთი მღვდელი მიდიოდა ხოლმე მასთან და წმ. საიდუმლოს აზიარებდა. მარკოზის სათნოების და მოთმინების გამო შურით აღვსილმა ეშმაკმა მოინდომა, რომ იგი განკითხვის ცოდვაში ჩაეგდო. და გამოსაცდელად მოიყვანა მასთან ერთი უკეთური კაცი, ვითომდა დალოცვის სათხოვნელად. ვიდრე ბერი დალოცავდა, ეშმაკის სწავლებით ამ ადამიანმა დრო იხელთა და ბერს უთხრა: მღვდელი, რომელიც შენთან დადის, ყოველგვარი სულიერი სიბილწით არის აღსავსე და ნუღარ შემოუშვებო. ღმრთივსულიერმა მარკოზმა უპასუხა: „შვილო, წერია: ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნე“. ცოდვილიც რომ იყოს ის მღვდელი, ღმერთს ვთხოვ მის ცხონებას, რადგან ესეც წერია, „ულოცევდით ურთიერთას, რათა განიკურნოთ“. ეს რომ უთხრა, ილოცა მისთვის, განდევნა მისგან ეშმაკი და გაუშვა მართალი.

მღვდელი როცა მივიდა, ბერმა სიხარულით მიიღო. კეთილმოწყალე ღმერთმა ბერის უმანკოება რომ იხილა, ასეთი სასწაული გამოუცხადა მას: მღვდელი წმ. ტრაპეზთან წარდგომას რომ აპირებდა, ზეციდან გარდამოსულმა უფლის ანგელოსმა თავზე ხელი დაადო და მღვდელი უცებ ცეცხლის სვეტს დაემსგავსა. გაკვირვებულ ბერს ანგელოსმა უთხრა: ჰოი, კაცო, რატომ გაგიკვირდა ის, რაც იხილე. თუკი ამქვეყნიური მეფეები არ მიუშვებენ თავისთან ბინძურად ჩაცმულს, შესაფერისად შემოსვას და დიდებით მიახლებას მოითხოვენ, განა ზეცათა მეუფე უფრო არ განწმენდს წმ. საიდუმლოთა მსახურთ და გამოუთქმელი მსხვერპლის შემწირველთ და არ განაბრწყინებს მათ ზეციური დიდებით?

ასეთი სასწაული იხილა ღირსმა მარკოზმა და გვიამბო ყველას, რათა არ განვიკითხოთ მღვდლები, რამეთუ ისინი უფლის წინაშე წარსდგებიან, მსხვერპლს სწირავენ ზეცას და იქიდან იღებენ მადლს, რომელსაც ჩვენც გადმოგვცემენ. ყველას განმკითხველი და მსაჯული უფალია, რომლის არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.



ძმა, რომელიც უშრომელად ცხონდა, რადგან არ განიკითხავდა
ოდესღაც კავსოკალივის სავანეში მოვიდა ერთი ერთისკაცი, რომ მონაზვნად აღკვეცილიყო. მაგრამ სავანის მამები მას არ იწყნარებდნენ, რადგან იმის გარდა, რომ უდარდელი და უდები იყო, გამომწვევი ხასიათითაც გამოირჩეოდა და მუდმივად შფოთს იწვევდა. მაგრამ, რაკი მას სავანე მოეწონა, ნებართვა სთხოვა მამებს, დაეტოვებინათ, როგორც ერისკაცი, ზოგჯერ რომ დახმარებოდა.

ასე გაატარა მას ცხოვრება უდებებითა და უდარდელობით, ვიდრე არ დადგა აღსასრულის ჟამი, ჩავარდა ლოგინად და სულს ღაფავდა. მამები მუდამ გვერდით ედგნენ და ანუგეშებდნენ.

ერთ დღესაც, სიკვდილის პირას მდგარს წარეტაცა გონება და ხელით რაღაცეების მინიშნება დაიწყო. მამები ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა! გონს რომ მოვიდა, ეს საშინელება უამბო:

- მე ვიხილე მთავარანგელოზი მიქაელი გრაგნილით ხელში, სადაც აღრაცხული იყო ყველა ჩემი ცოდვა და მან მითხრა:

„ხედავ, შენ ჩაიდინე ეს ყველაფერი და ამიტომაც მოემზადე ჯოჯოხეთში წასასვლელად“.

მაშინ მე მივმართე:

„ნახე ერთი, არის ჩემს ცოდვათა შორის განკითხვის ცოდვა?“

მთავარანგელოზმა მოიძია და მითხრა:

„არა, არ არის“.

„მაშ, - ვეუბნები მე, - არც უნდა წავიდე ჯოჯოხეთში თანახმად უფლის ნათქვამისა: „ნუ განიკითხავთ და არა განიკითხეთ“ (ლუკა 6,37).

და მაშინ მიქაელ მთავარანგელოზმა დახია ჩემი ცოდვების ხელწერილი. ამრიგად, მამებო, მე წავალ სამოთხეში. როდესაც თქვენ მეუბნებოდით, რომ სავანის მონაზვნად არ ვვარგივარ და ვმუშაობდი, როგორც ერისკაცი, დავდიოდი სავანის მთავარ ტაძარში დღესასწაულებზე და მოვისმინე სახარების სიტყვები: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ“ (მათე 7,1) - ვთქვი, შე საცოდავო, ეს მაინც შეასრულე-მეთქი და ამან უშრომელად მაცხოვნა მე.

დაასრულა თუ არა თავისი სიტყვები, მთავარანგელოზ მიქაელს მიაბარა სული.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Oct 17 2008, 17:30
პოსტი #2


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



არცა მეძავთა, არცა მემრუშეთა...
სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ


* * *
ალექსანდრიის პატრიარქის იოანე მოწყალის დროს ალექსანდრიაში აბბა სერიდას მონასტრიდან ჩავიდა ბერი ვიტალი. იგი სამოცი წლის იყო, მაგრამ ისეთი ცხოვრების წესი აირჩია, რომ ხალხის თვალში მაცდური და ძლიერ ცოდვილიც ჩანდა, თუმცა უფლის წინაშე სათნო და მართალი კაცი იყო.
ალექსანდრიაში ჩასვლისას მან იქაური მეძავების სია ჩამოწერა და უფალს ევედრებოდა მათ განკურნებას ამ მძიმე და მომაკვდინებელი სენისაგან. იგი დილიდან დაღამებამდე დაქირავებულ მუშად მუშაობდა და დღიური გასამრჯელოდან, რაც სპილენძის თორმეტ მონეტას შეადგენდა, მხოლოდ ერთს ხარჯავდა საკვებში, შემდეგ მიდიოდა სამეძაო სახლში, დანარჩენ მონეტებს ერთ მეძავს აძლევდა და თან სთხოვდა:
- ღვთის გულისათვის გევედრები, ამ საფასურად ეს ღამე წმინდად შეინახე და ნურავის ნუ გაიკარებო!
მეძავი დასაძინებლად წვებოდა, ხოლო ღირსი ვიტალი მთელ ღამეს სიფხიზლესა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდა. დილით კი მეძავს აიძულებდა, რომ არავისთვის არაფერი ეთქვა. ასე ატარებდა ყოველ დღეს ღირსი ვიტალი შრომასა და მეძავებისათვის ლოცვაში. ხშირად ამ სათნო კაცის ქცევით მხილებული და შერცხვენილი მეძავები მასთან ერთად მოიდრეკდნენ ხოლმე მუხლს და ლოცვას იწყებდნენ. ვიტალი მათ მოუწოდებდა სინანულისაკენ, უყვებოდა თუ რა საშინელი სასჯელი ელით მეძავებს და რა დიადი და დიდებული - მონანულებს. მისი ქადაგების შემდეგ მრავალი მათგანი მონასტერში წავიდა. ზოგმა ოჯახი შექმნა და ზოგიერთმაც, ანება რა თავი ამ ცოდვილ საქმიანობას, პატიოსანი შრომით დაიწყო ლუკმაპურის შოვნა.

* * *
თაისია ქრისტიანი იყო. იგი ნაადრევად დაობლდა და გადაწყვიტა კეთილი საქმეებისთვის დაეთმო ცხოვრება, ააშენა სასტუმრო მოგზაურთათვის და მგზავრებს შეეწეოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში გაღარიბდა, თან ცოდვილმა ხალხმა იგი გარყვნა და მან აღვირახსნილი ცხოვრება დაიწყო.
ესმათ მის შესახებ მონასტერში წმინდა მამებს და ძლიერ დამწუხრდნენ, მოუხმეს თავისთან იოანეს და უამბეს ყოველივე.
- მოიყვანე სინანულში თაისია, - ეუბნებოდნენ ისინი, - ჩვენ კი აქ ვილოცებთ მისთვის!
იოანე წავიდა ქალაქში. მიადგა თაისიას სასტუმროს კარს და შეაღო იგი. მეკარემ მოახსენა ქალბატონს ბერის მოსვლა, იგი დარწმუნებული იყო, რომ თაისია მის გაგდებას ბრძანებდა, მაგრამ ქალმა უთხრა:
- ბერები, რომლებიც შავ ზღვასთან ცხოვრობენ, ზოგჯერ ძვირფას ქვებს პოულობენ. მაშ, მოიყვანე იგი ჩემთან.
იოანე შევიდა თაისიასთან, შეხედა თვალებში, მძიმედ ამოიოხრა და მწარედ ატირდა.
- რატომ ტირი? - შეეკითხა ბერს თაისია.
იოანემ უპასუხა: - რა არ გესათნოვა ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, უკვდავ სიძეში, რომ არ იკადრე მისი სავანე და უსჯულო საქმეებს შეუდექი?
ბერის სიტყვები ცეცხლოვანი მახვილივით ჩაესო თაისიას გაყინულ გულს და სინანულის ცეცხლით აავსო იგი. მიხვდა თაისია, რომ გარყვნილების ჭაობში იხრჩობოდა და შეიძულა თავისი წარსული ცხოვრება.
- არსებობს კი ცოდვილთათვის სინანული? - იკითხა მან.
- არსებობს, - უპასუხა ბერმა, - და მაცხოვარიც დიდი ხანია გელოდება. მე დაგიდგები თავდებად უფლის წინაშე, თუკი შენ ჭეშმარიტ სინანულს აჩვენებ და საქმითაც დაამტკიცებ. ჩვენი უფალი კვლავ შეგიყვარებს, მიგიღებს სასუფეველში და ანგელოზებიც იზეიმებენ ჩვენთან ერთად შენს დაბრუნებას.
- იყოს ნება ღვთისა! - თქვა თაისიამ, - აქედან წამიყვანე და იქ მიმიყვანე სინანულისთვის, სადაც უმჯობესი იქნება.
თაისიამ უსიტყვოდ მიატოვა სახლ-კარი, მსახურები და გაჰყვა ბერს.
იოანე განცვიფრებული იყო მისი უეცარი ფერისცვალებით და ადიდებდა ღმერთს.
ბერი მიდიოდა უდაბნოში და თაისიაც შორიახლო მიჰყვებოდა თავდახრილი. როდესაც დაღამდა, იოანემ პატარა სასთუმალი დააგო ქვიშასთან, თაისია დალოცა, რომ დაეძინა, თვითონ კი შორიახლოს გავიდა, ჩვეული კანონი შეასრულა მანაც მიწაზე დაიძინა.
ბერს შუაღამისას გამოეღვიძა და იხილა ზეციდან მომავალი ნათელი, რომელიც სვეტის სახით მძინარე თაისიამდე ეშვებოდა. შემდეგ იხილა უფლის ანგელოზები, რომლებიც გალობით მიაბრძანებდნენ თაისიას სულს ზეცისაკენ. როდესაც ხილვა გასრულდა, იოანე მივიდა თაისიასთან და ნახა, რომ იგი მომკვდარიყო. შიშითა და კრძალვით დაემხო უფლის წინაშე, ზეციდან კი მოესმა ხმა: „ერთ საათში აღსრულებული მისი სინანული უფრო სათნო იყო უფლისათვის, ვიდრე მათი, რომლებიც დიდხანს გლოვობენ საკუთარ ცოდვებს“.

* * *
ორი სულიერი ძმა მონასტრიდან ხელსაქმის გასაყიდად წავიდა. როცა ისინი დროებით დაშორდნენ ერთმანეთს, ერთი მათგანი ეშმაკის ბოროტი ძალისხმევით სიძვით დაეცა. როცა კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და უმცროსმა სენაკში დაბრუნება შესთავაზა, მან უპასუხა, რომ აღარ წავიდოდა იქ. ძმამ მიზეზი ჰკითხა: რაზედაც პასუხად მიიღო, როცა შენ დაგშორდი, სიძვით დავეცი და ამიტომ აღარ მინდა წამოსვლაო.
მეორე ძმამ ნამდვილი ქრისტეანული სიყვარული გამოამჟღავნა. მან მოინდომა ძმის უკანვე მობრუნება ჭეშმარიტებისაკენ და უთხრა, როცა შენგან წავედი, მეც იგივე შემემთხვა. ახლა კი მოდი, ორივენი უკან დავბრუნდეთ და სინანულით შევევედროთ უფალს შეგვინდოს. მწამს მისი კაცთმოყვარებისა, „რომელმან აღიხუნა ყოვლისა სოფლისა ცოდუანი“ იგი მზად არის მონანული შეიწყნაროს და ცოდვებს მოგვიტევებსო.
ასე მოიყვანა ის ძმაც სინანულში და დაბრუნდნენ თავიანთ მონასტერში. აღუარეს მოძღვარს, რაც შეემთხვათ და სინანულის კანონი მიიღეს. ერთი ძმა მეორის შეცოდების გამო ნანობდა, თითქოს თავად შეეცოდა და მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის მიტევებას. ასე დასდო თავისი სული ძმის სიყვარულისთვის. მალე ორთავეს აუსრულდა ვედრება და მიიღეს: ერთმა ცოდვათა შენდობა, მეორემ კი - გვირგვინი ღმრთისმიერი სიყვარულისთვის.

* * *
ერთხელ, ვიღაც მოგზაური სავანეში მივიდა და ბერობა გადაწყვიტა. მას ჩვილი ბავშვი ჰყავდა. როდესაც პატარა გაიზარდა და ყმაწვილკაცობის ასაკს მიაღწია, ბოროტმა ძალამ შეუტია და მოსვენებას აკარგვინებდა. ბიჭმა მამას მიმართა: „ამქვეყნიურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდე, ხორციელი ვნების მოთოკვა აღარ შემიძლიაო“. მამამ დააწყნარა შვილი. რამდენიმე ხნის შემდეგ ყმაწვილმა კვლავ შესჩივლა: „გამიშვი, ძალა აღარ მყოფნის ვნების დასამორჩილებლად“. მამამ მიუგო: „მომისმინე, ორმოცი პური და პალმის ტოტები წაიღე, ორმოცი დღე უდაბნოში დასახლდი და იყოს ნება ღვთისა“. შვილი მამას დაემორჩილა, უდაბნოში წავიდა, დრო შრომით გაჰყავდა, პალმის ტოტებისგან კალთებს წნავდა და მშრალი პურით იკვებებოდა. ოცი დღის შემდეგ დაინახა, რომ რაღაც ეშმაკეული მოჩვენება უახლოვდებოდა, იგი შორიახლოს გაჩერდა, ეთიოპელ ქალს წააგავდა, საკმაოდ შეუხედავი იყო და მყრალი სუნი ასდიოდა. ყმაწვილი ახლოს არ იკარებდა, შორდებოდა და დაღწევას ცდილობდა. ამყრელებულმა არსებამ კი მიმართა: „მე ის ვარ, რაც ადამიანებს ასე მომხიბვლელი და ტკბილი ჰგონიათ. შენი მორჩილებისა და ღვაწლის გამო ღმერთმა შენთან საცდუნებლად არ მომიშვა, სამაგიეროდ დაგანახა, როგორიცა ვარ“. ყმაწვილი უფალს ადიდებდა და ჰმადლობდა. შემდეგ მამასთან დაბრუნდა და უთხრა: „აღარ მინდა აქედან წასვლა, რადგან უფალმა ჩვენებით ეშმაკი და მისი სიმყრალე წარმომიდგინა“. მამისათვის უკვე ყველაფერი ცხადი იყო და შვილს მიუგო: „ჩემთვის რომ დაგეჯერებინა და უდაბნოში ორმოცი დღე დარჩენილიყავი, უფრო მეტს დაინახავდი და გაიგებდი“.

* * *
მამა იოანე მძოვარმა, რომელსაც წითელს ეძახდნენ, გვიამბო: წმიდა თეოდოსის მონასტერში ჩემი ყოფნის ჟამს იქ მოღვაწეობდა ორი ძმა, რომელთაც ერთმანეთისათვის შეეფიცათ, არც სიცოცხლეში განშორებოდნენ ურთიერთს და არც სამარეში. ერთ ძმას სიძვის ეშმაკი შეუჩნდა და დააუძლურა. როცა დათმენა ვეღარ შესძლო, ძმას უთხრა: გამიშვი სოფელში, სიძვის გულისთქმა ისე მებრძვის, ვეღარ ვეწინააღმდეგებიო. მეორე ძმა ევედრებოდა, წყალში არ ჩაეყარა სიყრმითგან ნაღვაწი, მაგრამ ვერ დააჯერა და იძულებული გახდა, თავადაც გაჰყოლოდა. ის ძმა, რომელსაც ეშმაკი ებრძოდა, მეძავთან შევიდა, მეორე კი გარეთ დადგა, თავზე ნაცარს იყრიდა და თავისი ძმის გამო მწარედ ტიროდა.
როცა პირველმა გულისთქმა აისრულა და გარეთ გამოვიდა, მეორე ძმა შეევედრა: „აბა, რა სარგებელი ჰპოვე, ძმაო, ამ ცოდვისაგან? მხოლოდ ივნე და სული წარიწყმიდე. ახლა მაინც დავბრუნდეთ მონასტერში და ვევედროთ ღმერთს, რომ შეგინდოს ეს ცოდვა, რადგან მოწყალე უფალი მონანულ ცოდვილთა მიმართ“. დაცემულმა მიუგო: „ამიერიდან უდაბნოში ვეღარ წამოვალ, შენ კი წადი, ძმაო, და დამტოვე“. რაკი უდაბნოში დაბრუნებაზე ვერაფრით დაიყოლია, მეორე ძმაც ქალაქში დარჩა. ქირით მუშაობდნენ, რომ თავი ერჩინათ.
იმ ხანებში მამა აბრაამმა, კეთილმა და მშვიდმა მწყემსმა, რომელიც შემდეგ ეფესოს კათალიკოსი გახდა, ბიზანტიაში, ზეთისხილის მთის მახლობლად, მონასტრის აგება დაიწყო. მშენებლობაზე ძმებიც მივიდნენ. ცოდვილი ძმა ორივეს შრომის საფასურს თვითონ იღებდა, ქალაქში მიდიოდა და მეძავებთან ხარჯავდა, მეორე კი ყოველდღე მარხულობდა, განუწყვეტლივ ფსალმუნებდა, დაუზარლად შრომობდა და არავის არაფერს ეუბნებოდა. მშენებლებმა მისი ასეთი ღვთისნიერება, ყოველდღიური მარხვა და მდუმარება რომ იხილეს, მის შესახებ წმიდა აბრაამს აუწყეს. წმიდა აბრაამმა მოუხმო ბერს, თავის სენაკში შეიყვანა და ამბავი ჰკითხა. მანაც უამბო, თუ როგორ გარყვნილებაში ცხოვრობდა მისი ძმა და უთხრა: მე იმისთვის ვიჭირვებ, რომ ღმერთმა ჩემი შრომა დაინახოს და ჩემი ძმა წარწყმედისაგან იხსნასო.
ეს რომ მოისმინა, დიდებულმა აბრაამმა უთხრა ძმას: შენი სიმდაბლისა და სიყვარულის გამო ღმერთმა გაჩუქაო შენი ძმის სული. ბერი გარეთ გამოვიდა და თავისი ძმა დაინახა, რომელიც სინანულით ევედრებოდა უდაბნოში წაეყვანა იგი - იქნებ, ღმერთს შეენდო მისთვის აურაცხელი ცოდვა. ძმამ მაშინვე წაიყვანა იგი იორდანეს უდაბნოში და ერთ გამოქვაბულში დააყენა. ცოდვილმა ცრემლითა და სინანულის ოხვრით მოინანია თავისი დაცემა და ასე მიიღო ღმერთმა მისი სული. მეორე ძმა, აღთქმისამებრ, სიკვდილამდე გამოქვაბულში დარჩა.

* * *
ერთი ქოზიბელი მონაზონი უდაბნოში დაეყუდა და ლოცვისა და ფსალმუნების ღვაწლს შეუდგა. ერთხელ გაიგონა, როგორ ეუბნებოდნენ ერთმანეთს ეშმაკები, მოდი, ამა და ამ სოფელში გავიქცეთ, რომ ხუცესი სიძვით დავცეთ, რადგან ნაბრძანებია, რომ ხვალ, დილის რვა საათზე მოკვდესო. ბერი გულმოწყალე იყო. ეს რომ გაიგონა, მაშინვე გაემართა იმ სოფლისაკენ, სადაც ხუცესი ცხოვრობდა. მთელი ღამე იარა და გამთენიის ხანს შევიდა სოფელში. ეკლესიის კართან ჩამომჯდარი შეწუხებული კაცი დაინახა და ჰკითხა, შენ ხომ არა ხარ ამ სოფლის ხუცესიო. მე ვარო, მიუგო მღვდელმა. ადექი, საშინელი რამ უნდა გითხრაო, სთხოვა ბერმა. ხუცესმა თავისი მწუხარების გამო არ უსმინა, მაგრამ ბერი შეევედრა, ააყენა, კუთხეში გაიხმო და უამბო, რაც ეშმაკებისგან გაიგონა. ხუცესმა ღრმად ამოიოხრა და ტირილით უთხრა: ნეტავ ერთი საათით ადრე მოსულიყავი, ძმაო; ცოტა ხნის წინ აქ ერთი ქალი მოვიდა, რომ კანდელიდან სანთელი აენთო და მასთან სიძვით დავეციო. როგორც კი ეს თქვა, დავარდა მიწაზე და სული განუტევა.
წმინდა ბერი ძრწოლამ და შიშმა შეიპყრო, როცა იხილა, როგორი გულმოდგინებით ირჯებიან ეშმაკები ადამიანის წარსაწყმედად, თუ ღმერთი ამის ნებას მისცემთ. ცხადია, ხუცესს რომ არ დაემსახურებინა, ღმერთი მას ამ განსაცდელს არ მოუვლენდა.

* * *
წმინდა დიდმოწამე თეოდორეს ეკლესიის მთავარდიაკვანი, ღვთისმოყვარე თეოდორე, გვიამბობდა: ზაქარია დიაკვნის ცოლი, სახელად ოქროვანი, იერუსალიმის პატრიარქ სოფრონთან მივიდა და სიძვაში ამხილა თავისი ქმარი. ღვთისნიერმა პატრიარქმა იხმო ზაქარია და ჰკითხა, სიმართლე იყო თუ არა, რაც მის შესახებ გაიგო. იმ საბრალომ უარყო. შეგიძლია თუ არა, შენი ნათქვამი დაამტკიცო? - ჰკითხა პატრიარქმა დედაკაცს. ქალმა უპასუხა, ბევრმა იცის ეს ამბავი, მაგრამ მაინც ვერ დავამტკიცებ, რადგან არავის უნდა ასეთ საქმეში გარევაო. პატრიარქმა შეხედა ქალის ქმარს და უთხრა: გონს მოდი, ძმაო, და ნუ გათელავ ფეხქვეშ შენს სინდისს, ნუ გგონია, რომ რამეს დაუმალავ ღმერთს, რომელიც ყველაფერს ხედავს და ჩვენი გულისთქმაც კი არ გამოეპარება; თუ რაიმე ასეთი მოხდა, ნუ გაკადნიერდები და ნუ შეხვალ წმიდა საკურთხეველში, ხოლო თუ არ გამხელს გონება, აი, წმინდა საკურთხეველი და თუ გაბედავ, შედი.
დიაკვანი უშიშრად შევიდა საკურთხეველში. მალე მას თავიდან ფეხებამდე კეთრი მოედო. ყოვლადძლიერმა ღმერთმა ამ სასწაულით აჩვენა, რომ კაცი ისე არ უნდა გაკადნიერდეს, ღვთის საქმე შეურაცხყოს.

* * *
კალამონის მონასტერში მოღვაწე მამა ელიამ გვიამბო: მონასტრის მახლობლად ერთ გამოქვაბულში ვიყავი დაყუდებული. შუადღისას ვიღაცამ დამიკაკუნა. გავედი და ქალი დავინახე. ვკითხე, რა უნდოდა. შემინდე, მამაო, - მომიგო მან, - მეც შენსავით ვცხოვრობ აქვე, ორასიოდე ნაბიჯზე, ერთ პატარა გამოქვაბულში; უდაბნოში სიარულისას მომწყურდა, ქენი სიკეთე და წყალი დამალევინეო. გამოვუტანე წყალი და დავალევინე, მაგრამ გამოქვაბულში რომ შევბრუნდი, სიძვის ძლიერი ბრძოლა დამეწყო. ეშმაკმა იმ ქალის მიმართ გულისთქმა გამიჩინა. ვერ ვძლიე გულისთქმას, გამოვედი და ქალის კვალს გავყევი. აგვისტო იყო და ძლიერი სიცხისაგან მიწა იწვოდა. სწრაფად გავიარე ორასი ნაბიჯი და უეცრად თავზარი დამეცა: დავინახე შუაზე გაპობილი მიწა, რომელიც ჩემს შთანთქმას ლამობდა. შიგ მიცვალებულთა გახრწნილი გვამები ეყარა, მატლი ესეოდა და ჩირქი სდიოდა. ვიღაც მშვენიერი მოხუცი მათზე მიმითითებდა და მეუბნებოდა: ეს დედაკაცის გვამია, ეს - მისი ბავშვის, ეს - ლამაზი ქალისა, ეს კი - მშვენიერი ჭაბუკის. მიდი, როგორც გინდა, ისე აისრულე წადილი! ჰოი, შე საბრალოვ, ერთი გულისთქმის ასრულებისთვის ამდენი ღვაწლის წყალში ჩაყრას აპირებ? ამ საძაგელი ცოდვისათვის გინდა, ცათა სასუფეველი დაკარგო? შე უბედურო, რა სუსტი ხარ და რა უსუსური გონება გაქვს, რომ ერთი ბილწი გულისთქმის გამო სულის წარწყმედაზე ფიქრობო.
სიმყრალისაგან დაბლა დავეცი. მოხუცი მომიახლოვდა, წამომაყენა და გულისთქმის ბრძოლა მომაშორა. გამოქვებულში დავბრუნდი და ღმერთს მადლობა შევწირე.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Feb 3 2009, 18:42
პოსტი #3


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



† † †

იყო ერთი წმინდა ბერი, ფრიად მშვიდი და ძვირუხსენებელი. ერთხელ მოწაფესთან ერთად სადღაც მიდიოდა, გზა აერია და უნებლიედ ვიღაცის ყანაში შევიდა. გამოვარდა ყანის პატრონი და ბერებს გინება დაუწყო: „ეს არის თქვენი მონაზვნობა და ღვთისმოშიშება? თქვენ რომ უფლის შიში გქონდეთ, ყანას არ გამითელავდითო“. ღირსმა მამამ მშვიდად მიუგო: „კეთილად იტყვი, შვილო, გაკურთხოს ღმერთმა, მაგრამ, ღვთის გულისათვის, შეგვინდე, რამეთუ შევცდით უნებლიეთ“. ყანის პატრონს გული ვერ მოულბო მისმა სიტყვებმა, განრისხებული, უარესად აყვირდა, წმინდა ბერი კი კვალადცა ლოცავდა და ეტყოდა: „მართალს ამბობ, შვილო, ჩვენ რომ ბერები ვიყოთ, ამას არ ჩავიდენდით, მაგრამ შეგვინდე ჩვენ უფლისთვის, რამეთუ ვსცოდეთ“. განაცვიფრა კაცი ბერის სიმშვიდემ, ლმობიერ-ჰყო; დავარდა ღირსი მამის ფერხთა წინაშე და უთხრა: „ჭეშმარიტად ღვთის კაცნი ხართ, შემინდეთ თქვენს შორის დამკვიდრებული ღვთის სიყვარულისთვის და მეც თქვენთან წამიყვანეთო“. მეყსეულად დაუტევა ყანა და ყოველი მონაგები, შეუდგა ნეტარ მამებს და იქმნა მონაზონი პატიოანი და ჩინებული
† † †

იყო ორი ხორციელი ძმა, ერთმანეთის მოყვარე, სიკეთის მოქმედი, მმარხველი, მლოცველი, მოწყალე და ყოველთა სათნოებათა მოსწრაფებით აღმსრულებელი. შეშურდა ეშმაკს ძმების სიყვარული და მათი გაყრა განიზრახა.
ერთხელ დადგნენ ძმები ლოცვად. უმცროსმა კანდელი აანთო, ეშმაკმა კი წააქცია იგი და გატეხა. განრისხდა უფროსი ძმა და მწარედ სცემა უმრწემესს, მაგრამ მან მშვიდად დაითმინა გვემა, გონებით მადლობდა ღმერთს, სიმდაბლით მოუდრეკდა მუხლს ძმას და ეტყოდა: „სულგრძელ იქმენ, ძმაო საყვარელო, ქრისტეს მადლით, ისევ ავანთებო სანთელს“. კაცთმოყვარე უფალმა მისი სიმშვიდისა და მოთმინების სანაცვლოდ წარმოავლონა ანგელოსი თვისი, რომელმაც განთიადამდე ტანჯა დემონი.
როცა გათენდა, ეშმაკი კერპთა ბომონს ეახლა და სატანას ყოველივე მოუთხო. იქვე იყო კერპის მსახურიც, რომელმაც გაიგონა, როგორ შესჩიოდა დემონი თავის ბატონს: „შევუჩნდებით ქრისტიანებს, ცოდვას ჩავადენინებთ, ისინი კი წავლენ, ერთმანეთს მდაბლად მუხლს მოუდრეკენ, განაქარვებენ ჩვენს ძალას და უჩინო-ჰყოფენ ჩვენს ცბიერებას; ცოდვაში ჩავარდნილნი მივლენ მღვდელთან, აღიარებენ ცოდვებს, ხოლო მეუფე მათი სახიერია - მიუტევებს და ჩვენც უჩინო ვიქმნებითო“. ეს რომ მოისმინა, ქურუმმა დაუტევა საკერპო და კეთილი ქრისტიანი შეიქმნა.
† † †

ერთხელ წმინდა მაკარი ოპტელს, რომლის ლოცვამ მრავალი ეშმაკეული განკურნა, დემონისგან საშინლად გატანჯული კაცი მიჰგვარეს. დაინახა თუ არა ავადმყოფმა ღირსი მამა, გაცოფებული მივარდა და სილა გააწნა. ქრისტეს მხედარმა, უფლის სიტყვისაებრ, მეორე ლოცა მიუშვირა ეშმაკეულს. დემონა მის სიმშვიდესა და სიმდაბლეს ვერ გაუძლო და განშორდა სნეულს. საცოდავი უგონოდ დაეცა. ასე იწვა ერთხანს, ხოლო გონს მოსულს აღარ ახსოვდა რა ჩაედინა.
† † †

მამა პავლე და მისი ძმა ტიმოთე ერთად ცხოვრობდნენ და ხშირად კამათობდნენ. ბოლოს მამა პავლემ უთხრა: „დიდხანს უნდა ვიყოთ ასე?“ ტიმოთემ უპასუხა: „ჰქმენ მოწყალება და როცა ჩხუბს დაგიწყებ, დაითმინე, ხოლო როცა შენ წამეჩხუბები, მე დავითმენო“. მართლაც ასე მოიქცნენ და დარჩენილი ცხოვრება მშვიდად განვლეს.
† † †

ერთხელ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა შეიტყო, რომ II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მამებს კამათი მოსვლოდათ - ვერ გადაწყვიტათ, კანონიერად ფლობდა თუ არა იგი კონსტანტინეპოლის საპატრიარქო საყდარს. მაშინ წმინდა გრიგოლმა ნებით დაუტევა პატრიარქის ტახტი და განაცხადა: „მე არაფრით ვარ იონა წინასწარმეტყველზე უკეთესი; გადამაგდეთ ზღვაში, რათა დაწყნარდეს ჩემს გამო ატეხილი ღელვაო“.
† † †

ერთხელ წმინდა იოანემ, ალექსანდრიის პატრიარქმა, ორი მღვდელი განაყენა მღვდლობიდან. პირველმა სიმდაბლით დაითმინა სასჯელი, მეორე კი განრისხდა. წმინდა იოანეს სურდა, თავისთან ეხმო იგი და დაეცხრო მისი მრისხანება, მაგრამ განზრახვა რატომღაც გადაავიწყდა. და აი, ერთ დღეს, წირვაზე, როცა წაიკითხეს სახარების ის ადგილი, სადაც უფალი გვასწავლის, ჯერ ძმას უნდა შევურიგდეთ და მერეღა შევწიროთ მსხვერპლი ღმერთსო, პატრიარქი შემოსილი გამოვიდა საკურთხევლიდან, მიეახლა მასზე გამწყრალ მღვდელს, მუხლებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა. განყენებულს გული შეემუსრა, მუხლი მოეკვეთა, დაეცა პატრიარქის წინ, სინანულით ატირდა და შემდგომში მისი ერთგული შვილი შეიქმნა.
† † †

ერთი ძმა მონასტერში სხვებთან ერთად ცხოვრობდა და ხშირად მრისხანებდა. ერთხელ იფიქრა, მოდი, უდაბნოში წავალ, იქ ხომ ვეღარავის განვურისხდებიო. ასეც მოიქცა, დატოვა მონასტერი და უდაბნოში დასახლდა. ერთ დღეს წყაროზე წავიდა, ჭურჭელი წყლით აავსო და იქვე დადგა. უეცრად დოქი წაიქცა და წყალი დაიღვარა. ბერმა მეორედ აავსო, მაგრამ დოქი ისევ წაიქცა. მესამედ აავსო განდეგილმა, მაგრამ წყალი მესამედაც დაიღვარა. განრისხდა ბერი, აიღო ჭურჭელი, ქვას დაჰკრა და დაამსხვრია. უეცრად გონს მოეგო - მიხვდა, რომ ბოროტმა დასცინა - და თქვა: „აი, მარტო ვარ, მაგრამ მაინც მძლევს მრსხანების ვნება; მაშ, დავბრუნდები მონასტერში. როგორც ჩანს, ყველგან საჭიროაო საკუთარ თავთან სიმშვიდითა და მოთმინებით ბრძოლა“.
† † †

ერთხელ მამა ისააკი რომელიღაც ბერს წაეჩხუბა და მრისხანება რამდენიმე დღე გაჰყვა. ერთ საღამოს, სენაკში მჯდომსა და ხელსაქმით გართულს, ის კამათი გაახსენდა და სინანულმა შეიპყრო. ფიქრობდა, რა ექნა, როგორ შერიგებოდა ძმას. ამ დროს სენაკში ერთი ყმაწვილი შევიდა და უთხრა: „შესცოდე, ახლა კი ნანობ? მე დამიჯერე და მშვიდად იქნები“. მამა ისააკი მიხვდა, რომ მის წინ ეშმაკი იდგა და შესძახა: „განმეშორე, რამეთუ არა ხარ ღვთისაგან!“ „მეცოდები, - უთხრა ეშმაკმა, - თავს იღუპავ, მაგრამ მაინც ჩემი ხარ“. „შენი კი არა, ღვთისა ვარ“, - მიუგო ღირსმა მამამ. „სამი დღეა, შენს ძმაზე ხარ განრისხებული, - უთხრა დემონმა, - წყენა ჯერაც არ დაგვიწყებია. ამიტომაც მომცა ღმერთმა შენი თავი. გეენიის ცეცხლი მოგელის!“ ეს რომ გაიგონა, მამა ისააკმა ჯვარი გადაისახა და ძმასთან წავიდა, მუხლი მოიდრიკა მის წინაშე და შეურიგდა. სენაკში დარუნებულმა დაინახა, რომ ეშმაკს, რომელსაც ვერ დაეთმინა ძმასთან მისი შერიგება, დაეწვა ხელსაქმე და ტყავი, რომელსაც მამა ისააკი ლოცვისას იატაკზე იგებდა ხოლმე.
† † †

ერთმა კაცმა დიდად შესცოდა, მაგრამ ბოლოს შეინანა და მონასტერში განმარტოვდა. მრავალი წელი გაატარა იქ და მწარედ იგლოვდა თავის ცოდვებს. შეიწყალა უფალმა მონა თვისი, ინება, ნუგეში ეცა მისთვის და ერთ დღეს დაყუდებულს მღვდელმთავრის შესამოსლით გამოეცხადა. ხელთ ბარძიმი ეპყრა. ბერმა დაინახა მაცხოვარი, დაემხო მის წინ და მოკრძალებით შეჰბედა: „უფალო, რა დგასო მაგ წმინდა ბარძიმში?!“ „ცრემლნი ცოდვილი დედაკაცისა, - ბრძანა მაცხოვარმა, - რომელიც ჩემს ფერხთით ტიროდა სიმონ კეთროვნის სახლში. მე მისი ცრემლის წვეთი შევინახე, რამეთუ სათნონი არიანო ჩემთვის“.
ხილვამ ბერი გამოუთქმელი სიხარულით აღავსო და, ნუგეშცემული, მთელი დარჩენილ ცხოვრება დაუცხრომელად ემსახურებოდა უფალს.
† † †

წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელი ერისკაცობისას ერთხანს მასწავლებლობდა. ერთხელ მოსამსახურე ბიჭმა ცეცხლზე ქვაბი დადგა, მერე კი გადაავიწყდა და ქვაბი ერთიანად ამოიწვა. გაბრაზებულმა ანასტასიმ (ასე ერქვა წმინდანს ერისკაცობაში) ბიჭს ორი სილა უთავაზა, მაგრამ წუთსაც არ გაევლო, რომ შეინანა და უფალს შენდობა სთხოვა, სასჯელად კი, შეევედრა, გემოვნების შეგრძნება წაერთმია მისთვის. შეიწირა ღმერთმა მისი სინანული, აღუსრულა თხოვნა და იმ დღისან წმინდა ნექტარიოსი ვეღარ არჩევდა საზრდელის გემოს.
† † †

წმინდა იაკობმა (ხსენება 4 მარტს) ანგელოზებრივი ცხოვრების სანაცვლოდ ღვთისგან სასწაულმოქმედების მადლი მიიღო: ეშმაკებს განდევნიდა, კეთროვნებს განწმენდდა, მკვდრებს აღადგენდა. მაგრამ ერთხელ უფალმა დიდი განსაცდელი მოუვლინა. ღამით მის სენაკს გზააბნეული მგზავრი მიადგა და ღამის გასათევი ითხოვა. მამა იაკობმა შეამჩნია, რომ მგზავრი ქალი იყო, მაგრამ შეიბრალა და სენაკში შეუშვა, ატრაპეზა და განსასვენებელი ადგილი მიუჩინა.
როცა ქალმა ტანთ გაიხადა, სძლია მამა იაკობს სიძვის ზრახვამ, ვეღარ დაითმინა, ეცა დედაკაცს და ძალით იმრუშა მასთან, მერე კი მოკლა.
გონს რომ მოვიდა, სასოწარკვეთილმა იაკობმა ბერობის დატევება გადაწყვიტა. ქალაქისკენ მიმავალი, ღვთის განგებით, ერთ ბერს შეხვდა, გაენდო მას და სინანულის ცრემლით აღიარა თავისი შეცოდება. ბერმა ანუგეშა დაცემული: „უფალს მოწყალების ზღვა აქვს, ნუთუ მხოლოდ შენთვის გამოელევაო?“ - ერთ ღრმა მღვიმეში დასახლება ურჩია და აღუთქვა, რომ საკვებს მიაწვდიდა.
ოცი წელიწადი იღვაწა მამა იაკობმა მღვიმეში. ერთხელ მხარეს, სადაც განდეგილი დასახლდა, გვალვა დაატყდა თავს. იმ მხარის ეპისკოპოსს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, რომ წვიმას მხოლოდ იაკობ მღვიმელის ლოცვა მოიყვანდა. მწყემსმთავარი მრევლითურთ მიადგა მღვიმეს, ჩვენების შესახებ უამბო მამა იაკობს და შეწევნა სთხოვა. შეწუხდა წმინდანი: „შეცდითო ალბათ, უფალი ჩემთან არ გამოგგზავნიდან, ვინაიდან დიდად ცოდვილი ვარო“, - მაგრამ ფრიად რომ შეაჭირვეს თხოვნით, დაჰყვა მათ ნებას და ილოცა. ლოცვის დასრულება ძლივს მოასწრო, რომ ზეციდან კოკისპირული წვიმა წამოვიდა. მიხვდა წმინდანი, რომ შეუნდა უფალმა შეცოდება.
† † †

„რატომ სტირიო, მამაო?“ - ჰკითხა მამა დიოსკორეს მოწაფემ. „ჩემს ცოდვებს ვიგლოვო, შვილო“, - მიუგო ღირსმა მამამ. „ნუთუ კიდევ ხედავო შენს ცხოვრებაში რაიმე ცოდვას?“ - განცვიფრდა მოწაფე. „ეჰ, შვილო ჩემო, - ამოიოხრა მამა დიოსკორემ, - ისეთ სიმაღლეს რომ ვიყო მიღწეული, ყველა ჩემს შეცოდებას ვხედავდე, ოთხი თანაშემწეც არ მეყოფოდა, რომ ღირსეულად დამეტირა საკუთარი ცოდვებიო“.
† † †

წმინდა არსენი დიდზე ამბობდნენ, რომ განუწყვეტლივ იგლოვდა თავის ცოდვებს და მუდამ თან დაჰქონდა ჩვარი, რომლითაც ცრემლებს იწმენდდა. მისი სიკვდილი რომ შეიტყო, წმინდა პიმენმა ბრძანა: „ნეტარ ხარ შენ, მამაო არსენ, რამეთუ ამასვე სოფელს დაიტირე თავი თვისი, რადგან ვინც სააქაოშივე ნებით არ გამოიგლოვს თავს, იქ, ჯოჯოხეთში იტირებს დაუსრულებელ სატანჯველთაგანო“.
† † †

„რა ვქნა, მამაო, რამეთუ დავეცი ცოდვით?“ - უკითხავს ერთხელ მამა სისოსთვის სულიერ ძმას. „აღემართე, შვილო“, - მიუგო თურმე ბერმა. „აღვემართე და ისევ დავეცი“, - უთხრა ძმამ. „კიდევ ადექი, შვილო“, - მიუგო ღირსმა მამამ. „ვიდრემდე ვიყო ასე, მამაო?“ „სანამ სული უკეთესი ან უარესი არ გახდება, რამეთუ როგორსაც იპოვის მას ღმერთი, აღსასრულის ჟამს, ისევე განსჯისო“.
† † †

უთქვამს ბერს: „მსჯელობა წმინდა სამებისა და სარწმუნოების შესახებ განაშორებს კაცთა თვალისაგან ცრემლს და გულისაგან - სინანულს, ხოლო მამათა ცხოვრების მოსმენა და კითხვა განანათლებს გონებას და სინანულიკენ მოაქცევსო მას“.
† † †

ერთ ბერს დიდად ცოდვილად მიაჩნდა თავი და განუწყვეტლივ ლოცულობდა: „ვიცი, უფალო, რომ არა ვარ ღირსი ცოდვათა მიტევებისა, რამეთუ შევცოდე შენ წინაშე მრავალგზის, მაგრამ მივენდობი შენს მოწყალებას, გევედრები, უფალო, შემინდე, და თუ ეს შეუძლებელია, დამსაჯე აქვე, რათა საიქიოში საუკუნო სატანჯველს ავცდეო“. ერთხელ ლოცვით დაღლილს მიეძინა. ძილში მაცხოვარი წარმოუდგა და ტკბილი ხმით ჰკითხა: „რა გჭირს, კაცო, რატომ ტირიო ასე მწარედ?“ „დავეცი, უფალო!“ - მიუგო ბერმა. „მაშ, წამოდექი!“ - უთხრა უფალმა. „არ ძალმიძს, უფალო!“ - შესჩივლა ბერმა, - უკეთუ არ მომცე ხელი შენი წმინდა“. მაცხოვარმა ხელი გაუწოდა და წამოაყენა, მაგრამ ის მაინც ტიროდა. „ახლა რაღად მწუხარებ?“ - შეეკითხა უფალი. „როგორ არ ვიტირო, ღმერთო, როცა მრავალგზის შეგაწუხეო!“ - შეჰღაღადა ბერმა. მაშინ მაცხოვარმა თავზე დაადო ხელი, დალოცა და უთხრა: „ნუღარ იტირებ, რამეთუ მე შეგეწევი შენ. აწ, ვინაიდან მწუხარე ხარ ჩემი შიშისთვის, მე შენს გამო აღარა ვწუხვარ. განა არ იცი, რომ ჩემს მიერ შექმნილთათვის გავწირე თავი ჩემი და სისხლი ჩემი? როგორ არ მეყვარებაო მონანული სული?!“
† † †

ერთმა კაცმა მიატოვა ერი და ნიტრიის უდაბნოში დაეყუდა. მისი სენაკის მახლობლად სხვა ბერი სახლობდა. ესმოდა იმ ბერს, რომ ახალდაყუდებული გამუდმებით ტიროდა თავისი ცოდვების გამო, მაშინ კი, როცა ცრემლი არ მოსდიოდა, აიღებდა შოლტს და ამ სიტყვებით: „რად განარისხე ღმერთი, ბოროტო ჩემო თავოო?!“ - მანამდე იცემდა ტანზე, სანამ სიმწირსგან არ ატირდებოდა. გაოცდა ბერი, ილოცა და შეევედრა უფალს, ენიშნებინა, სათნო იყო თუ არა მისთვის განდეგილის საქციელი. იმავე ღამეს სიზმრად იხილა, რომ ის ძმა მოწამეთა შორის იდგა. „ხედავ იმ მშვენიერ მოწამეს, რომელმან ქრისტეს შიშისა და სიყვარულისთვის დაიტანჯა თავი? - ჩაესმა ხმა, - და აჰა, ესერა მოწამეთა თანა გვირგვინოსან იქმნაო“.
† † †

ამბობდნენ, რომ მამა ლონგონოზი ლოცვისას მხურვალედ ტიროდა და ფსალმუნების ჟამსაც ხშირად მოსდიოდა ცრემლი. „მამაო, შეიძლებაო სულიერი მსახურებისას ტირილი?“ - ჰკითხა მოწაფემ. „ღმერთმა კაცი სიხარულისშთვის გააჩინა, შვილო, - მიუგო ბერმა, - მაგრამ რაკი ის ცოდვაში ჩავარდა და განარისხა უფალი თვისი, მარადისი ტირილი მართებსო“.
† † †

ღირს მამას ვინმე დიდებული ეახლა და ჰკითხა: „მამაო პატიოსანო, ადამიანი დიდ ცოდვაში რომ ჩავარდეს, ნუთუ ღმერთი შეუნდობს აღსარებისა და სინანულის სანაცვლოდ?“ „საყვარელო შვილო, - კითხვითვე უპასუხა ღირსმა მამამ, - ფეხსაცმელი რომ გაგეხეს, გადააგდებ?“ „რატომ, მამაო, - გავკერავ და კვლავ ჩავიცვამ“, - მიუგო აზნაურმა. „მაშ, თუკი შენ სამოსელი გენანება გადასაგდებად, განა უფალს არ შეებრალება თავის ხატად და მსგავსად შექმნილი სული? მან ხომ საკუთარი ძეც კი გაიმეტა, ცოდვათაგან რომ ვეხსენით“, - უთხრა ბერმა. „სამი წლის სინანული კი კმარა ცოდვათა გამოსასყიდად?“ - კვლავ ჰკითხა სტუმარმა. „მე მწამს, შვილო, - მიუგო ბერმა, - რომ თუ კაცი მთელი გულით შეინანებს და აღარასოდეს მიუბრუნდება თავის ცოდვებს, უფლის მოწყალებით ყველა შეცოდება სამ დღეში მიეტევება“.
† † †

ღირსი მამა ჩვენი დავითი თავიდან ავაზაკი იყო. თავის რაზმთან ერთად მრავალი ბოროტება ჩაიდინა, მრავალი გამოასალმა სიცოცხლეს. ერთხელ, უკვე ასაკოვანს, სუფრასთან მჯდომს, გაახსენდა ღვთის სასჯელი, შეშინდა, ადგა, მიატოვა ტრაპეზი და მონასტერს მიაშურა - ბერობა მწადიოო, წარუდგა წინამძღვარს.
წინამძღვარმა ხანდაზმული კაცი რომ დაინახა, გაგიჭირდებაო ძმებთან ერთად ღვაწლი და შრომა, ვერც მონასტრის კანონს აღასრულებო, უთხრა. დავითი ისევ შეევედრა, მაგრამ კვლავ უარი მიიღო. მაშინ ასე უთხრა ბერს: „უწყოდე, წმინდაო მამაო, მე ავაზაკთა მეთაური ვარ. გაფრთხილებ - მოსული ვარ გულით, რათა ვიტირო და შევინანო ჩემი ცოდვები. თუ არ მიმიღებ, გავბრუნდები უკან, მოვიყვან ჩემს ხალხს, გამოგხოცავთ და ამ სავანესასც მოვაოხრებო“. წინამძღვარმა, ეს რომ გაიგო, დავითი მყისვე შეიყვანა მონასტერში და მალე ბერადაც აღკვეცა.
განსაცვიფრებელ ღვაწლს მიეცა დავით ავაზაკყოფილი და სულ მალე ყველა ძმას წარემატა სათნოებით.
ერთხელ სენაკში იჯდა და შემუსვრილი გულით გლოვობდა თავის ცოდვებს. უეცრად წარმოუდგა მთავარანგელოზი გაბრიელი და ახარა, რომ შეუნდო ღმერთმა ყოველივე. „ვერ დავიჯერებ, - თქვა დავითმა, - რომ ასე მალე მომიტევა უფალმა ურიცხვი ცოდვა“. „ზაქარიას ურწმუნოებისთვის ენა შევუკარი, - გააფრთხილა მთავარანგელოზმა, - იცოდე, არც შენ მოგერიდებიო“. შეწუხდა ბერი, თაყვანი სცა უფლის მოციქულს და შეჰბედა: „წმინდაო, ოდეს ავაზაკი და ბოროტთა საქმეთა მოქმედი ვიყავი და მრავალი სისხლი დავღვარე, მაშინ არ შემიკარი არც ენა და არც ხელი და ნუთუ ახლა დამსჯი, როცა სინანული და უფლის ქება მწადიაო?“ „მაშ, მხოლოდ მაშინ შეგეძლოს მეტყველება, ოდეს ღმერთს ადიდებდე და ლოცვის კანონს აღასარულებდე, - ბრძანა ანგელოზმა, - სხვა დროს კი დუმდეო“.
ამ ამბის შემდეგ წმინდა დავითმა მრავალი სასწაული აღასრულა: სნეულნი განკურნა, ბრმათ თვალები აუხილა. მხოლოდ ეკლესიაში გალობდა, სხვა დროს კი ვერაფერს ამბობდა. ასე სინანულითა და სიწმინდით შეჰვედრა სული უფალს.
† † †

ერთი ახალგაზრდა ბერი სულიერი მამის კურთხევით მონასტრის ჯორებს მწყემსავდა. ერთ დღეს, ეშმაკის მანქანებით, ჯორებმა გზად ბავშვი გადათელეს. მწყემსმა გვიან შეამჩნია მკვდარი ყრმა. შეწუხდა დიდად, განეშორა იქაურობას, მთაში განმარტოვდა და უნებლიე შეცოდების გამო გლოვას მიეცა. „მე მოვკალი ეს ყრმა და სასჯელი მეკუთვნის განკითხვის დღეს! - იტყოდა გულშემუსვრილი, - მეუფეო, მე, ვითარცა კაცმა, უგუნურებით ვცოდე, მაგრამ შენ, როგორც სახიერმა ღმერთმა, შემინდე!“
იქვე, ხევში, ლომს დაედო ბინა. განდეგილი ყოველდღე მიდიოდა და სცემდა - აიძულებდა, შეეჭამა იგი, მაგრამ მხეცი არ ეკარებოდა. ბოლოს, სხვა რომ ვეღარა მოახერხა რა, განიმოსა და მის წინ გაწვა მორჩილად, მაგრამ ლომი გადაახტა და თავისი გზით წავიდა. მაშინ კი მიხვდა ბერი, რომ მიუტევა ღმერთმა შეცოდება.
† † †

ერთხელ ღირს ამონს, რომელიც ნიტრის მთაზე იყო დაყუდებული, ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი, ჯაჭვით გაკოჭილი ყრმა მიუყვანეს. აუტანელი ტკივილებისგან ბიჭი კბილებით იგლეჯდა ხორცს. წმინდა ამონმა ყმაწვილის მშობლებს, რომლებიც ემუდარებოდნენ, გვიშველეო, უთხრა: „რატომ მთხოვთ იმას, რაც არ ძალმიძს, როცა ხსნა თქვენსავე ხელთაა - მიეცით საზღაური ქვრივს, რომლის კამეჩიც მალულად დაკალით და ყმაწვილი გამოჯანმრთელდება“. მხილებით გაოცებულმა მშობლებმა სიხარულით შეასრულეს წმინდა მამის მოთხოვნა და ამონის ლოცვით ბიჭი გამოჯანმრთელდა.
† † †

ხიბლის მომაკვდინებელი ნაყოფი
ბერმა ირონმა ორმოცდაათი წელი გაატარა უდაბნოში და ანგელოზებრივი ცხოვრებით იქ მყოფ ყველა ბერს აღემატა, მაგრამ ამპარტავნებამ დაღუპა.
ირონი მიიჩნევდა, რომ მის მეზობლად მცხოვრები ბერები საჭირიებისამებრ მკაცრ ცხოვრებას არ ეწეოდნენ და აითვალწუნა ისინი. მათთან ერთად დიდ დღესასწაულებზეც კი არ იღებდა ტრაპეზს და შემთხვევით რომელიმეს რომ არ შეხვედროდა, ბრწყრვალე აღდგომას ტაძრში არ მივიდა. ეშმაკმა შეამჩნია, რომ ირონს დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე და განიზრახა, დაეღუპა გზასაცდენილი. იგი ბერს ანგელოზის სახით წარმოუდგა, ხიბლში ჩავარდნილმა მზაკვრობა ვერ შეამჩნია და მოტყუვდა. ეშმაკმა მას ჭაში გადახტომა შესთავაზა, თან არწმუნებდა, წმინდა ცხოვრების გამო არაფერი დაგიშავდებაო. ირონმა დაუჯერა... ძმებმა იგი ცოცხალ-მკვდარი ამოათრიეს ჭიდა, მესამე დღეს კი გარდაიცვალა კიდეც.
† † †

ეშმაკის მზაკვრობა
ერთ უდაბნოში დიდხანს ცხოვრობდა ვინმე ვალენტი, წარმოშობით პალესტინელი, ამაყი სულის პატრონი. იგი მძიმე სულიერ და ხორციელ ღვაწლს ეწეოდა და უდიდეს სიმაღლეს მიაღწია, მაგრამ შემდგომში უკიდურესმა ქედმაღლობამ შეიპყრო და ბოროტ ძალთა სათამაშოდ იქცა. თვითგანდიდების დამღუპველი ვნებით გაამპარტავნებულმა და ცდუნებულმა ბერმა წარმოიდგინა, რომ მას თვით ანგელოზები ესაუბრებოდნენ და ემსახურებოდნენ.
ერთხელ, გვიან საღამოს ვალენტი კალათს წნავდა და სადგისი იატაკზე დაუვარდა.
დიდხანს ეძება, მაგრამ ამაოდ - სიბნელეში არაფრი ჩანდა. უეცრად სენაკში ანთებული ლამპარი გაჩნდა და ვალენტიმაც იოლად იპოვა სადგისი. ამ შემთხვევამ მის ქედმაღლობას ახალი საზრდო მისცა - ამაყ მოსაგრეს სკუთარ „სიწმინდეზე“ კიდევ უფრო დიდი წარმოდგენა შეექმნა და საბოლოოდ თვით მაცხოვრის საიდუმლოებათა უარყოფამდეც მივიდა.
ერთ დღეს მოგზაურებმა ბერებს ხილი მიუტანეს. წინამძღვარმა, ნეტარმა მაკარიმ, ცოტ-ცოტა ყველა ძმას გაუგზავნა, მათ შორის ვალენტისაც. ხილი რომ მიუტანეს, ბერმა მიმტანი გალანძღა და სცემა, შემდეგ კი უთხრა: წადი და მაკარის გადაეცი, რითი ვარ მასზე ნაკლები, კურთხევას რომ მიგზავნისო.
როგორც კი ეს ამბავი შეიტყო, წმინდა მაკარი მიხვდა, რომ ვალენტი ხიბლში იყო ჩავარდნილი. მეორე დღეს იგი ბერს სენაკში ეწვია და უთხრა: „ძმაო ვალენტი, შენ ცთუნებული ხარ. გონს მოდი და უფალს ევედრე“. მაგრამ ვალენტიმ მის მხილებას ყურადღება არ მიაქცია. ძმის დაცემით დამწუხრებული ნეტარი მაკარი უკან დაბრუნდა. ეშმაკმა კი, რაკი დარწმუნდა, რომ ქედმაღალი მოსაგრე მთლიანად მისი სიცრუის ბადეში იყო გახვეული, ღამით მაცხოვრის სახე მიიღო და ანგელოზთა დასით გარშემორტყმული (რომელიც სინამდვილეში დემონთ ხროვა გახლდათ) ბერს გამოეცხადა. ერთ-ერთი სახეცვლილი დემონი ანთებული ლამპრით ხელში ბერს მიეახლა და უთხრა: შენი სიქველითა და ცხოვრების თავისუფლებით სათნო ეყავ უფალს და აი, იგი შენს სანახავად მოვიდა. მოშორებით დადექი და როცა ანგელოზთა დასის შუაგულში მდგარ იესოს იხილავ, დაემხე და თაყვანი ეცი, შემდგომ კი ისევ შენს სენაკს დაუბრუნდიო.
ვალტენი სენაკიდან გავიდა და ანგელოზთა ურიცხვი გუნდი იხილა, რომელთაც ხელში მოციმციმე ლამპრები ეჭირათ. ბერი მიწაზე დაემხო და ანტიქრისტეს თაყვანი სცა. მეორე დღეს კი, ეკლესიაში მისულმა, ყველას გასაგონად განაცხადა: მე ზიარება არ მჭირდება, რადგან წუხელ თავად მაცხოვარი გამომეცხადაო.
მაშინ წმინდა მამებმა ძლეული ბერი ჯაჭვებით შეკრეს და მის ამპარტავნებას ლოცვით, სხვადასხვაგგარი დამცირებთაა და სასტიკი ყოფით მანამდე ჰკურნავდნენ, სანამ კაცთა მოდგმის მტერი მისგან არ განდევნეს.
† † †

უგუნური მამა
ერთ მონასტერში მამა-შვილი ცხოვრობდა. მამას გადაჭარბებული წარმოდგენა შეექმნა საკუთარ სულიერ შესაძლებლობებზე და ხელში ჩაუვარდა ეშმაკს, რომელიც ხშირად ეცხადებოდა უფლის ანგელოზის სახით. როცა ბოროტი დარწმუნდა, რომ ბერი მთლიანად მის ხელში იყო, შესთავაზა, შვილისთვის ყელი გამოეჭრა და ამ გზით უფლისთვის შეეწირა. „სანაცვლოდ ისეთივე პატივის ღირსი გახდები, როგორიც აბრაამმა მიიღო ღვთისგანო“, - უთხრა. უგუნურმა მამამ ყურად იღო ბოროტის შეგონება და დანის ლესვა დაიწყო. კიდევ კარგი, რომ შვილი დროზე მიუხვდა ჩანაფიქრს და გაქცევთ უშველა თავს.
† † †

უბედური პტოლემეოსი
იყო სხვა მოღვაწეც, სახელად პტოლემეოსი, აუწერელი სათნოებით შემკული. ერთხანს იგი ღრმა უდაბნოში მოღვაწეობდა. იმ მიკარგულ მხარეში ვერც ერთი მოსაგრე ვერ ახერხებდა ცხოვრებას, რადგან უახლოესი ჭა თვრამეტი სარბიელის (დაახლოებით 13 კმ-ის) მანძილზე იყო. პტოლემეოსს წყალი თიხის დიდი ჭურჭლებით მიჰქონდა, ზამთრობით კი დილის ცვარს ქვებიდან ქოთანში აგროვებდა და წყურვილს იმით იკლავდა. ამგვარ ყოფაში მოსაგრეობდა თხუთმეტი წელი. მაგრამ სულიერ მოძღვარსა და ღირს მამებთან საღვთო საუბარს და უფლის საიდუმლოებებთან ზიარებას მოკლებული მოღვაწე ჭეშმარიტ გზას ასცდა და ისეთ უგუნურებამდე მივიდა, რომ ირწმუნა, თითქოს ყოველივეს შემთხვევა განაგებდა და არა ღმერთი.
ადამის მოდგმის მტერმა, როცა ბოლომდე დაეუფლა მის სულს, ბერს ასეთი აზრის ჩაგონება დაუწყო: „თუკი ეს მართალია, მაშ, თავს ამაოდ რიხთვის იტანჯავ? რა სარგებლობა გექნება შენ, პტოლომეოს, თუკი არ არსებობს მისაგებელი? და რომც არსებობდეს, რა ღირსეული ჯილდო უნდა მოგეგოს ამგვარი გმირობისა და თავდადებისთვის? ანდა რა სამსჯავროა ის, რომლის შესახებაც წმინდა წერილი გვაფრთხილებს, თუკი ყოველივე განგების გარეშე აღესრულება?“
ამგვარმა განსჯამ უბედური პტოლემეოსი ისე დაამხო და გააცამტვერა, რომ გონება სავსებით დააკარგვინა. ბერი ეგვიპტეში ხეტიალს მოჰყვა და ლოთობასა და ღორმუცელობას მიეცა.
† † †

ცრუ მცნებათა მსხვერპლი
ერთ უდაბნოში ტომით ალექსანდრიელი, ბრწყინვალე გონებითა და უბიწო ცხოვრების ნიჭით დაჯილდოებული ყმაწვილი, სახელად ერონი ცხოვრობდა. დიდი შრომის და ღვთის სათნო მოღვაწეობის მიუხედავად, ისიც უგუნური ქედმაღლობითა და ცრუ მცნებათა მსხვერპლი შეიქმნა და თავი დაიღუპა. თვით წმინდა მამებსაც კი ისე გაუთავხედდა, რომ ყველას კიცხავდა და აძაგებდა, ნეტარ ევაგრეს კი ეუბნებოდა: „შენი სწავლების მიმდევარნი ცდებიან, რადგან ვიცით, რომ იესო ქრისტეს გარდა არც ერთ მოძღვარს და მასწავლებელს არ უნდა მივდიოთ“. თავისი უგუნურების გასამართლებლად კი თვით მაცხოვრის სიტყვები მოჰყავდა: „ქრისტემ თქვა: ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღვარი თქუენი ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ“ (მთ. 23,8). „ნუცა გერქუან თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტე“ (მთ. 23,10).
გულზვიადობამ გონება ისე დაუბნელა და იმ ზომამდე დაეცა, რომ ძმებმა ჯაჭვებთი შეკრეს, რადგან სიამაყის გამო წმინდა საიდუმლოებებთან ზიარება აღარ ისურვა. არადა, თვთმხილველთა გადმოცემით, ერონი უჩვეულოდ მკაცრი და ჭეშმარიტად მოსაგრე ცხოვრებთი მოღვაწეობდა. ამბობდნენ რომ საზრდოს ხშირად მხოლოდ სამ თვეში ერთხელ იღებდა და მხოლოდ წმინდა ზიარებით საზრდოობდა. ერთხელ თურმე იგი ორ ძმასთან ერთად სკიტების უდაბნოსკენ მიემართებოდა. გზაში ბერებმა საზრდელი ორჯერ მიიღეს, წყალი კი სამჯერ დალიეს, ერონს კი არც რაიმე უჭამია და არც წვეთი წყალი დაულევია. სიარულისას მან ზეპირად წაიკითხა თხუთმეტი ფხალმუნი, შემდგომ - დიდი ფსალმუნი, ხოლო ისაიას წინასწარმეტყველებანი - მთლიანად, მერე კი - ლუკა მახარებელი და იგავნი. თანაც ისე სწრაფად მიდიოდა, რომ ძმები ძლივს ეწეოდნენ.
საუბედუროდ, ბოროტი დემონი ისე დაეუფლა ერონს, რომ ბერი თავის სენაკში ვეღარ ძლებდა. იქ ყოფნა ისე უმძიმდა, თითქოს სამყოფიდან მძვინვარე ცეცხლი ერეკებოდა. ერონი ალექსანდრიაში გაემგზავრა (რაღა თქმა უნდა, უფლის განგებულებით). იქ დოღსა და სხვადასხვა სანახაობაზე სიარული დაიწყო, სამიკიტნოებში სტუმრობასაც მოუხშირა და ნელნელა ლოთობასა და გემოთმოყვარეობაში ჩაეფლო, ბოლოს კი უწმინდური ავხორცობით და ვნებისმოყვარეობითაც დაეცა.
არაწმინდა ცხოვრებას მიცემული ერონი ავმა და უკურნებელმა სნეულებამ შეიპყრო, რომელიც მას ნახევარი წელი აწამებდა. როცა სატკივარი ოდნავ შეუმსუბუქდა, იგი სინანულმა შეძრა, ზეციური ცხოვრება გაიხსენა და ყოველივე, რაც შეემთხვა, წმიდა მამების წინაშე აღიარა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გარდაიცვალა.
† † †

ფუჭი დიდება
ერთი იერუსალიმელი ქალწული სენაკში ჩაიკეტა, ყოველგვარ ამქვეყნიურ სიამეს განერიდა და უკიდურესად თავშეკავებულ ცხოვრებას მიეცა, მაგრამ შემდგომ ყოველგვარი ბოროტების დედის - მოჭარბებული სიამაყის გამო მონაზონი უფლის მფარველობას მოაკლდა და მეძავობით დაეცა.
ქალწულს ეს იმიტომ შეემთხვა, რომ იგი სულის მოთხოვნილების ან უფლის სიყვარულის გამო კი არ მოღვაწეობდა, არამედ კაცთა დასანახად და მიწიერი ფუჭი დიდების მოსახვეჭად, რომლსაც მხოლოდ გახრწნილი ნება ეძიებს. ამპარტავნების და ქედმაღლობის დემონმა იგი წმინდა განზრახვას ჩამოაცილა და სხვათა განსჯის სურვილი გაუღვივა. როდესაც ქალწული სიამაყის სულმა დაათრო და მისით ტკბობას დაუმორჩილა, მონაზვნის უბიწოების მცველმა წმინდა ანგელოზმა იგი დაუტევა.
† † †

ცრუ მცნებათა მსხვერპლი
ღირსი ისაკი შვიდი-წელი მოსაგრეობდა განმარტოებით პეჩორის სავანეში და განუწყვეტლივ ლოცულობდა. ერთი სეფისკვერი და ცოტაოდენი წყალი იყო მისი დღიური საზრდო. ეს საოცარი მოღვაწე არასდროს წვებოდა დასაძინებლად და მჯდომარე ისვენებდა და აი, ერთ ღამეს, როცა ფსალმუნთა გალობა დაასრულა, სანთელი ჩააქრო და, ჩვებულებისამებრ, თავის ადგილზე იჯდა, ისააკმა მღვიმეში უჩვეულო შუქი დაინახა და უეცრად ნათელ ჭაბუკებად სახეცვლილი ორი ეშმაკი წარმოუდგა თვალწინ. „ჩვენ ანგელოზები ვართ და აი, თვით უფალი მოდის შენთან“, - უთხრეს დემონებმა. ბერმა არ უკუაგდო იესო ქრისტეს ხილვის მაცთუნებელი აზრი, არ დაამარცხა იგი თავისი უღირსობის განცდით და არ გარდაისხა პირჯვარი, არამედ დაუფიქრებლად დაემხო მიწაზე და თაყვანი სცა სატანას, რომელსაც ქრისტეს სახე მიეღო. როგორც კი მან ეს გააკეთა, ეშმაკებმა აღტაცებით შესძახეს: „ჩვენია ისააკი?“, - გარს შემოერტყენ ბერს, ხელი ჩაავლეს, ბობღნებზე, სალამურებზე და ბარბითებზე დაკვრა დაიწყეს, ახტუნავებდნენ და თვითონაც დახტოდნენ. ბერი ისე გასავათდა, რომ გონმიხდილი დაეცა და ამის შემდეგაც რამდენიმე წელი სულიერ და ფიზიკურ უძლურებაში იმყოფებოდა.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Dec 15 2009, 02:02
პოსტი #4


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ხშირად მსმენია ფრაზა: ”ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება”, მაგრამ არსებობს შემთხვეები, როცა ადამიანი თავისი თავისუფალი ნებით იღებს გადაწყვეტილებას, თუ მისთვის ეს სასარგებლოა, მაშინ სწორედ ისე გამოდის როგორც ეს ჩაფიქრებული ჰქონდა. არსებობს აგრეთვე შემთხვევა, რომ ადამიანზე გარკვეული განსაცდელი დაიშვება მის გამოსაფხიზლებლად. ჰოდა ასეთ შემთხვევებში როგორ ვლინდება ღვთის ნება, განგება და დაშვება?


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Dec 15 2009, 14:09
პოსტი #5


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



თუ ადამიანი განსაცდელშია ან რაიმე ისე არ გამოდის როგორც გეგმავდა, ბუნებრივია დაფიქრდება მიზეზებზე. მოძღვარსაც დაეკითხება და თხოვს დარიგებას. ღვთის ნება ყოველი ადამიანის ცხოვნებაა. ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ღვთივსათნო საქმეს ვასრულებთ, მაგრამ არ გამოგვდის. მერე დაფიქრდები, იქნებ ვცდები...ან არ მესმის ბევრი რამ... რჩევას იკითხავ. როცა შეეცდები თავის დამდაბლებას, მაშინ უფრო მიხვდები რა ესათნოვება უფალს და განსაცდელის მიზეზსაც.


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
anastasia21
პოსტი Mar 7 2010, 21:19
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 6.03.2010
წევრი № 509



icit rashia saqme albat yvelam unda gaacnobieros erti ram rac vfiqrob sadao aravistvis ar aris, gmerti ar ubizgebs adamians tu ra gaaketos an ra shechamos uxeshad rom vtqvad,.....gmerti adamians azlebs tavisufali archevanis gaketebis sashvalebas..da tu rame ise ar moxda gmerti namdvilad arafer shuashia..mizezi adamianma sakutar archevanshi unda ezebos.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
makiki
პოსტი Mar 8 2010, 13:46
პოსტი #7


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 339
რეგისტრ.: 10.07.2008
წევრი № 20



ღმერთი კი არ აკეთებინებს ადამიანს რამეს,ადამიანს მინიჭებული აქვს თავისუფალი ნება და მას იყენებს თავის შEხედულებისამებრ,უბრალოდ უფალმა შეიძლება ადამიანს შეუქმნას ისეთი პირობები,რაც მისი სულისთვის უკეთესი იქნება. იმიტომაც არის რომ ზოგი მდიდარია,ზოგი ღარიბი,ზოგი ობოლი,ზოგი ჯანმრთელი,ზოგსაც ჯანმრთველობასთან დიდიი პრობლემები აქვს. მოკლედ ყველას გვაქვს ჩვენ ჩვენი ჯვარი მოცემული უფლისგან და თვითვეულის ჯვარი არის სხვა და სხვა ჩევენი სულიერი მდგომარეობის გათვალისწინებით.
ერთ პატა მაგალითსაც დავწერ : იყო ერთი ხის ხელოსანი მოხუცი,რომელიც საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა,მაგრამ რაც გააჩნდა ცდილობდა იმითაც სულ სიკეთე ეკეთEბინა.ერთმა ბერმა რომელიც ამ მოხუცის სათნო ცხოვრებას უყურებდა უფალს სთხოვა გაემდიდრებინა ეს კაცი რათა მით უფრო ბევრი სიკეთეის კეთება შესძელებოდა. უფალმა შეისმინდა ბერის მხურვალე ლოცვა და მართლაც გამდიდრდა ეს მოხუცი,ამ სიმდიდრემ მოხუცი ისე შეცვალა სულ დაავიწყა უფალიც და სიკეთეც. ბერი მიხვდა თავის შEცდომას sad.gif ასე რომ გვილხინს თუ გვიჭირს, გვცივა თუ გვცხელა, გვშია თუ არ გვშია ეს არის ის გარეგნული მდგომარეობა და პირობები, რომელსაც უფალი გვიქმნის ჩვენი სულის გასარაჩენად. ანუ ისეთ ვითარებაში გვაყენებს სადაც ყველაზე ადვილად შევძლებთ ღვთის გზაზე სიარულს. ხოლო ჩვენ რამდენად ავირჩევთ რომელი გზით ვიაროთ, ეს უკვე ჩვენი საკუთარი ნებაა.

უფალმა ყველა თავის სწორ გზაზე გვატაროს!!!!!


--------------------
სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო.
(მათე 12,37)

იმისთვის რომ სხვებს უყვარდე ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი


შენ ნუ განიკითხავ , მოსამართლე ღმერთია!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Mar 8 2010, 18:32
პოსტი #8


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



makiki
ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანე.
მოდი მეც დავდებ ერთ ამბავს და გავარჩიოთ.

ევლოგი და სახიჩარი

კრონიოსი, ნიტრიელი პრესვიტერი, თავის შესახებ ასეთ ამბავს მიყვებოდა: ადრეულ სიჭაბუკეში, სულმოკლეობისა გამო, ერთხელ ჩემი არქიმანდრიტის სავანიდან გავიქეცი და უგზო-უკვლოდ ხეტიალის შემდეგ წმიდა ანტონის მთას მივადექი. ნეტარი მამა ბაბილონსა და ჰერაკლიას შორის გადაშლილ ვრცელ უდაბნოში მოღვაწეობდა, მდინარე ნილოსიდან ოცდაათ სარბიელ მანძილზე დაშორებულ ადგილას (თავად უდაბნო კი შავ ზღვამდე იყო გადაჭიმული). მივედი-რა მის მონასტერში, რომელიც მდინარის შორიახლოს, პირპირად წოდებულ მხარეში მდებარეობს და სადაც ღირსი ანტონის მოწაფეები - მაკარი და ამათასი იმყოფებოდნენ, მე ხუთი დღის განმავლობაში ველოდი შემთხვევას, რათა ანტონი დიდი მეხილა. შევიტყვე, რომ ნეტარი ბერი მონასტრის მოსანახულებლად ხან ათ, ხან ოც და ხან კი ხუთ დღეში ერთხელაც მოდიოდა, ისეთ დროს, როდესაც უფალი უბრძანებდა, რათა სავანეში დამხარებისათვის მოსულ შეჭირვებულ ადამიანებს სულიერი რჩევით დახმარებოდა. ამჯერად მონასტერში სხვადასხვა საჭიროებისა გამო საკმაო რაოდენობის მიმსვლელი ვიყავით შეკრებილნი. ჩვენ შორის ერთი ალექსანდრიელი ბერი, სახელად ევლოგიც იმყოფებოდა, რომელსაც თან ვინმე სახიჩარი ჰყავდა მოყვანილი. მიზეზი მათი იქ მოსვლისა შემდეგი იყო:

ევლოგიმ ყველა ის მეცნიერებანი, რომლებიც ქალაქის სასწავლებლებში ისწავლებოდა, ჩინებულად იცოდა, მაგრამ უფლის სიყვარულით აღძრულმა უკვდავებასთან ზიარყოფა მოისურვა. მთელი თავისი სარჩო-საბადებელი ღარიბ-ღატეკებსა და უპოვართ დაურიგა, ხოლო თავისთვის კი, რადგანაც მუშაობა არ შეეძლო, თანხის მცირე ნაწილი შეინარჩუნა და სოფლის ამაო ხმაურს განერიდა.

ბერად შემდგარი ევლოგი ჭოჭმანმა შეიპყრო, რადგან საერთო საცხოვრებელში (თავშესაფარში) შესვლა არ უნდოდა, ხოლო განმარტოებული ცხოვრების ღირსად კი თავი არ მიაჩნდა. მაგვარ გაურკვევლობაში იმყოფებოდა იგი, როდესაც ქალაქის ბაზრობაზე შემთხვევით ერთ ხეიბარს წააწყდა, რომელსაც ხელ-ფეხი ძირში ჰქონდა დასხეპილი. საბრალო კაცს დარჩენოდა მხოლოდღა ენა, რომლითაც გამვლელ-გამომვლელს მოწყალებას ევედრებოდა. ევლოგი შეჩერდა. სახიჩარს შეხედა, ლოცვა აღავლინა და უფალს ასეთი აღთქმა მისცა: ღმერთო! შენი სახელისთვის მე ამ საპყარს წავიყვან და სიკვდილამდე ვუპატრონებ, რათა მის გამო სული ჩემი მეც გადავირჩინო. უფალო, იესო ქრისტე, მომმადლე მე მოთმინება, რათა მასთან ერთად ცხოვრება შევიძლო. ამის შემდეგ ევლოგი სახიჩართან მივიდა და უთხრა: მეგობარო, გსურს ჩემთან სახლში რომ წაგიყვანო? იქ კი მე თავად მოგივლი და გიპატრონებ.

- ოო, ჩემო ბატონო, თუკი ამგვარ პატივს დამდებთ! - უპასუხა ხეიბარმა - მაგრამ მე ამის ღირსი არა ვარ.

- მე ახლა წავალ - უთხრა ევლოგიმ - სახედარს მოვიყვან და აქედან წავიდეთ, კარგი?

უზომოდ გახარებულმა საბრალო კაცმა ცით მოვლენილ მწყალობელს თანხმობა მისცა. მართლაც, ევლოგიმ საპყარი სახედარზე დასვა, თავის სამყოფში მიიყვანა და მის მოვლა-პატრონობას დიდი გულმოდგინებით შეუდგა.

თხუთმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ხეიბარი კაცი ევლოგისთან და ამ ხნის მანძილზე არაფერი გასჭირვებია. თავისი მზრუნველი პატრონის წყალობით მას სარჩო-საბადებელი არ აკლდა. ევლოგი სახიჩარს როგორც მშობელ მამას ისეთი სიყვარულით უვლიდა. იგი რუდუნებით ბანდა მას, სცხებდა ზეთს, აქეთ-იქით თავისი ხელით დაატარებდა და ბევრად უფრო დიდ პატივს მიაგებდა, ვიდრე იგი ამას იმსახურებდა, ხოლო ავადმყოფობის დროს კი შესაბამისადვე მკურნალობდა. მაგრამ გავიდა თხუთმეტი წელი და სახიჩარ კაცში ბოროტი სული შესახლდა, რომელსაც სურდა, რომ ევლოგი ღვთის წინაშე დადებული აღთქმისაგან გადაეცდინა, ხოლო ხეიბრისათვის კი მისი მშვიდი და უზრუნველი ყოფა, რომლისთვისაც იგი უფალს მადლობდა, დაერღვია და გაეცამტვერებინა.

სახიჩარი ევლოგის წინააღმდეგ აღდგა და თავის გადამრჩენელსა და კეთილისმყოფელს უშვერი ლანძღვა-გინება დაუწყო: უდღეურო ლტოლვილო! შენ ალბათ ვისიმე ფული მოიტაცე, ანდა, შეიძლება მონა იყავი და საკუთარი ბატონი გაძარცვე, ახლა კი ჩემით გსურს შენიღბვა. ვითომ კეთილისმყოფელის სახით სახლში მომიყვანე და ამით გინდა თავი გადაირჩინო?!

გაოგნებული ევლოგი ხეიბარს ემუდარებოდა, სთხოვდა დაწყნარებულიყო და ეუბნებოდა: არა, ჩემო მეგობარო, ნუ ამბობ ამას, უმჯობესია მითხრა, ასეთი რა გაწყენინე, მე ბოდიშს მოგიხდი და ვეცდები ამგვარი რამ აღარასოდეს ჩავიდინო... მითხარი, გთხოვ. - მაგრამ სახიჩარი კიდევ უფრო თავხედურად პასუხობდა: მე შენი ფერება აღარ მჭირდება, წამიყვანე კვლავ იქ, ბაზრობაზე, სადაც ადრე ასე მშვიდად და წყნარად ვიყავი.

დამდე პატივი, მეგობარო - ეუბნებოდა ევლოგი - დაწყნარდი და მითხარი, რა გაწუხებს? მაგრამ კიდევ უფრო დიდი მძვინვარებით შეპყრობილი ხეიბარი კი პასუხობდა: არ შემიძლია შენი ვერაგი და თვალთმაქცი ალერსის ატანა! ყელში ამომივიდა ეს მოსაწყენი და მშიერი ყოფა... მე ხორცის ჭამა მინდა!

დიდსულოვანი ევლოგი უმალ სავაჭროში წავიდა და ხორცი მოიტანა, მაგრამ სახლში შევიდა თუ არა, მის დანახვაზე ჭირვეულმა სახიჩარმა კვლავ ყვირილი დაიწყო: შენს მეტს ვერავის ვხედავ, მომბეზრდა! მინდა ბევრ ხალხს უყურო!

- მე ახლავე მოვიყვან ჩემს მრავალრიცხოვან ძმებს - უპასუხა ევლოგიმ მშვიდად, მაგრამ ხეიბარი კვლავ ზიზღით გოდებდა: ვაი, რა უბედური ვარ! შენი დანახვაც კი აღარ შემიძლია და შენ კი ამ დროს გსურს აქ შენნაირი მუქთახორები კიდევ მომიყვანო?!.. და რაღაც არაბუნებრივი ხმით შეჰყვირა: არ მინდა! დამაბრუნე ბაზრობაზე! დამაგდე იქ, საიდანაც წამომიყვანე!..

ერთი სიტყვით, ბოროტმა სულმა სახიჩარი ისე გაამძვინვარა, ხელები რომ ჰქონოდა, უსათუოდ თავს მოიკლავდა.

შეშფოთებული ევლოგი მეზობლად მყოფ მოსაგრეებთან მივიდა და რჩევა იკითხა: როგორ მოვიქცე? მივატოვო იგი?.. მაგრამ მე უფალს აღთქმა მივეცი და მისი დარღვევის მეშინია... არ მივატოვო და, მაშინ რაღა ვჰყო, რადგან იგი არც დღე და არც ღამე მოსვენებას არ მაძლევს... არ ვიცი, როგორ მოვიქცე?..

მამებმა უპასუხეს: დიდი (ასე უწოდებდნენ ისინი წმიდა ანტონის) მამა ჯერ კიდევ ცოცხალია. წადი მასთან. სახიჩარი ნავში ჩასვი, მონასტერში გადაიყვანე და იქ დაელოდე სანამ დიდი ბერი გამოქვაბულიდან გამოვა და ამ საქმეს თავად არ განსჯის. როგორც იგი გირჩევს, ისე მოიქეცი, მისი პირით კი სათქმელს თავად უფალი გამოგიცხადებს.

ევლოგიმ მოსაგრეთა რჩევა ყურად იღო. ხეიბარს დაუყვავა, მწყემსების ნავში ჩააწვინა, ქალაქიდან ღამით გაემგზავრა და სახიჩართან ერთად ანტონი დიდის მონასტერს მიაშურა.

როგორც კრონიოსი მომითხრობდა, მოხდა ისე, რომ ტყავის მოსასხამით შემოსილი ღირსი ანტონი სავანეში მეორე დღეს, გვიან ღამით მივიდა, მას ჩვევად ჰქონდა მონასტერში მისვლისთანავე თავისთან მაკარი მიეხმო და ეკითხა: ძმაო მაკარი, ხომ არ მოსულან აქ რომელიმე ძმანი?

მაკარი პასუხობდა: მოვიდნენ.

- ეგვიპტელნი თუ იერუსალიმელნი - კვლავ იკითხავდა ნეტარი მამა (საჭიროა ვიცოდეთ, რომ ანტონი დიდს წინასწარვე ჰყავდა გაფრთხილებული მაკარი: თუკი დაინახავ, რომ მონასტერში არცთუ გულმოდგინე ხალხი მოვიდა, მაშინ მიპასუხე: ეგვიპტელები არიანო, ხოლო უკეთი საკმაოდ ღვთისმოსავი და გონიერი ხალხი გვესტუმროს, მიპასუხე: იერუსალიმელები-თქო). ამგვარად, ანტონი დიდმა ჩვეულებისამებრ ჰკითხა თავის მოწაფე მაკარის: ეგვიპტელები არიან ეს ძმები თუ იერუსალიმელები? მაკარიმ უპასუხა: ერთნიც და მეორენიც.

როდესაც მაკარი იტყოდა, რომ ეგვიპტელები მოვიდნენო, მაშინ წმიდა ანტონი წვეულთა დაპურებას ბრძანებდა, ხოლო შემდეგ მათთვის ერთ ლოცვას აღავლენდა და შინ მშვიდობით ისტუმრებდა. ხოლო როდესაც მაკარი უპასუხებდა - იერუსალიმელებიო, მაშინ ღირსი მოსაგრე მათთან ერთად მთელს ღამეს სულის ცხონებაზე საუბარში ათენებდა.

იმ საღამოს - ამბობდა კრონიოსი - ნეტარ ანტონი დაჯდა და ყველა სტუმარი თავისთან მოიხმო. უკვე ძალიან გვიან იყო, როდესაც მან დაიწყო ძახილი: ევლოგი, ევლოგი, ევლოგი! - თუმცა მისთვის არავის უთქვამს რა ერქვა სახიჩართან ერთად მასთან მისულ ალექსანდრიელ სწავლულს. ბერმა ეს სახელი სამგზის წარმოსთქვა, მაგრამ ევლოგი არ გამოეხმაურა, რადგან ფიქრობდა, რომ ნეტარი ანტონი სხვას უხმობდა და არა მას. მაშინ ანტონიმ კვლავ დაიძახა: შენ გეუბნები, ევლოგი, რომელიც ალექსანდრიიდან მოხვედი.

მაშინ ევლოგიმ ხმა ამოიღო და ღირს მამას უპასუხა: რა გნებავთ, აბბა?

წმიდა მოსაგრემ იკითხა, - რატომ მოსულხარ აქ?

ევლოგიმ უპასუხა: იგი, ვინც ჩემი სახელი გაგიცხადა, იმასაც გაუწყებს, თუ რა მიზეზით მოვედი აქ, ამ სავანეში.

- ვიცი რაზედაც მოხვედი, - თქვა დიდმა ანტონიმ - მაგრამ იგი მთელი საძმოს წინაშე მოჰყევი, რათა მათაც მოისმინონ.

დაემორჩილა-რა ღირსი მამის კურთხევას, მონამ ღვთისამ ევლოგიმ ყველას გასაგონად თავისი ამბის თხრობა დაიწყო: ეს სახიჩარი მე ბაზრობაზე ვიპოვნე. იგი იქ ყოველგვარი ჩივილისა და დრტვინვის გარეშე იწვა. შემებრალა და უფალს შევთხოვე, რათა მას ჩემთვის ხეიბრის მსახურებისათვის მოთმინება და ძალა მოემადლებინა. საპყარი ჩემთან წავიყვანე და ღმერთს აღთქმა მივეცი, რომ მას აღარასოდეს დაუტევებდი, რათა მისით ჩემი სული გადამერჩინა, ხოლო მას კი ჩემგან სიმშვიდე და მოსვენება მიეღო. აგერ, უკვე თხუთმეტი წელია, რაც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ: თქვენთვის, ღირსო მამაო, რა თქმა უნდა, ყოველივე ცნობილია, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ, არ ვიცი ჩემი რა დანაშაულისა გამო, იგი უკიდურესი სახით შეურაცხმყოფს და ამიტომ მისი მიტოვება გადავწყვიტე, რადგან იგი თავად მაიძულებს ამას. აი, ამ მიზეზით მოვედი შენს უწმინდესობასთან, რათა ილოცო ჩემთვის და მირჩიო, როგორც მოვიქცე, რადგან იგი საშინელი სიტყვებით მლანძღავს მე.

ანტონი დიდმა ევლოგის უჩვეულოდ მკაცრი და შეუვალი ხმით მიმართა: ევლოგი, მაშ შენ გსურს მიატოვო სახიჩარი? მაგრამ ის, ვინც იგი შექმნა, მას არასოდეს დაუტევებს. შენ მიატოვებ სახიჩარს, ღმერთი კი სხვას, შენზე ბევრად უმჯობესს აღძრავს და მას კვლავაც შემწეობას აღმოუჩენს.

ამის მოსმენისას ევლოგი ძრწოლამ შეიპყრო და დადუმდა.

ანტონი დიდი ახლა ხეიბარს მიუბრუნდა და ხმამაღლა უთხრა: შენ, ბინძურო სახიჩარო, უღირსო მიწისა და ცისაო, შეწყვეტ თუ არა ამბოხს უფლის წინაშე და ძმის გაღიზიანებას? ნუთუ არ უწყი, რომ თავად უფალი იესო ქრისტე გემსახურება? როგორ კადნიერდები ასე მიმართო მაცხოვარს? განა ქრისტეს სახელით არ გადადო მან თავი შენდამი სამსახურად?.. ამგვარი მკაცრი მხილებით წმიდა მამამ სახიჩარიც დაადუმა და დაამშვიდა.

ღირსმა ანტონიმ სხვა ძმათა სატკივარიც ცალ-ცალკე, გულდასმით მოისმინა და შემდეგ კვლავ ევლოგის და მის ხეიბარს მიუბრუნდა. შეწყვიტეთ მტრობა, შვილებო, და ვიდოდეთ მშვიდობით. ნუ განეშორებით ერთმანეთს. განაგდეთ ყველა წყენა, რომელიც ბოროტ სულს თქვენს შორის დაუთესია და წმიდა სიყვარულით აღვსილნი თქვენს სენაკს დაუბრუნდით, სადაც ამდენი ხანი ერთად გიცხოვრიათ. მოკლე ხანში ორივეს უფალი მოგიხმობთ. ეს ცდუნება კი თქვენ სატანის ძალით გეწვიათ, რადგან მან უწყის, რომ მალე თქვენი სოცოცხლის გზა დასრულდება და უხრწნელ გვირგვინებს თავად უფალი იესო ქრისტეს ხელით მიიღებთ, გვირგვინებს ერთმანეთისა გამო. ასე რომ, სხვა ნურაფერზე იფიქრებთ. უკეთუ უფლის მიერ თქვენთვის წარმოგზავნილი ანგელოზი ორივეს ერთად, ერთსა და იმავე ადგილას ვერ გიხილავთ, იცოდეთ ზეციურ გვირგვინებს დაკარგავთ.

ევლოგი ხეიბარ კაცთან ერთად გზას დაადგა და ურთიერთსიყვარულით აღვსილნი კვლავაც თავის სენაკს დაუბრუნდნენ.

არ გასულა ორმოცი დღე, რომ ნეტარი ევლოგი აღესრულა და სასუფეველში წარსდგა. მისი გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ კი სხეულით სახიჩარმა, მაგრამ სულით განმტკიცებულმა კაცმაც ევლოგის ხვედრი გაიზიარა.

კრონიოსი, რომელმაც რამდენიმე ხანი თებაიდაში გაატარა, ალექსანდრიის მონასტერშიც იმყოფებოდა და იმ დროს შეესწრო, როდესაც ძმები ნეტარ ევლოგის ორმოცს, ხოლო ხეიბარს კი პანაშვიდს უხდიდნენ. კრინიოსს მაშინვე გაახსენდა ნეტარ ანტონისთან მყოფი ევლოგი და მისი დავრდომილი და ძალზედ გაოცდა. მან ბერებს სახარების მოტანა სთხოვა, რათა ძმებს მისი სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არ შეჰპარვოდათ და ყოველივე წვრილად მოუთხრო, თუ როგორ უწინასწარმეტყველა ანტონი დიდმა გარდაცვლილებს მომავალი და როგორ მალე აღესრულა მისი სიტყვები. კრონიოსმა ძმების წინაშე ფიცით დაადასტურა: მე თავად ვიყავი მათი საუბრის თარჯიმანი, რადგან ნეტარმა ანტონიმ ბერძნული ენა არ იცოდა, ხოლო მე ორივე ენას ვფლობ (ბერძნულსაც და ეგვიპტურსაც), ამიტომ ბერძნულად მე ვუთარგმნიდი ამჟამად უკვე უფლის ნებით ნეტართ - ევლოგისა და სახიჩარს, ანტონი დიდის სიტყვებს, ხოლო წმიდა, ნეტარ და დიად ანტონის კი ეგვიპტურად ორთა მათ საუბარს.


აბა ამაზე რას იტყვით?


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Apr 18 2010, 16:25
პოსტი #9


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



კარგი. რადგან პირადი გამოცდილებიდან ვერ ვიხსენებთ მაგალითებს, სახარებიდან გავიხსენოთ. ალბათ ყველას გვახსოვს იესომ ბრმად შობილი რომ განკურნა. მოციქულებმა ჰკითხეს, ვინ სცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, რომ ბრმა იშვაო, იესომ კი უპასუხა, არც მან და არც მისმა მშობლებმა, არამედ რათა განცხადდეს ღვთის ნება მასზეო. განვიხილოთ ეს მაგალითი და ვნახოთ სად გამოვლინდა ღვთის ნება, განგება და დაშვება. აბა რას იტყვით?


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Apr 19 2010, 12:04
პოსტი #10


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



ლამარა თუ არც მან ცოდა და არც მისმა მშობლებმა ეს დასამდაბლებლად მოუვლინა?


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Apr 19 2010, 15:29
პოსტი #11


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



ციტატა(la-maria @ Apr 19 2010, 12:04) *

ლამარა თუ არც მან ცოდა და არც მისმა მშობლებმა ეს დასამდაბლებლად მოუვლინა?


დასამდაბლებლად? როდის გაამპარტავნდა, სანამ გაჩნდებოდა? ბრმა გაჩნდა.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Apr 20 2010, 11:00
პოსტი #12


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



არამედ გაცხადდეს ღვთის ნება მასზეო და იმიტომ გაჩნდა ბრმა. მგონია, რომ ღვთის ნება გამოვლინდა როცა ბრმა გაჩნდა და როცა განკურნა. და რატომ დაუშვა - ამაზე ვერ გპასუხობ და იქნებ შენ დაწერო. ახლა რაც გამიელვა თავში ესაა , რომ ალბათ ღვთის რწმენის გამოსაცდელად დაუშვა


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Apr 20 2010, 11:22
პოსტი #13


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



მე კი ვფიქრობ, რომ იმიტომ დაიშვა მასზე ეს განსაცდელი, რომ 1) ღმერთმა იცოდა, რომ ის შეძლებდა ეს დანსაცდელი უდრტვინველად დაეთმინა და სულით არ დაეცემოდა
2) ეს საჭირო იყო სხვების მოსაქცევად, ვინც ამ სასწაულს იხილავდა.


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
madonna-mariami
პოსტი Apr 20 2010, 15:26
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 12.04.2010
წევრი № 534



მეც ვეთანხმები ლამარას აზრს, ღმერთმა კიდევ ერთი სასწაული, ბრმა ადამიანის სახით სწორედ იმიტომ მოავლინა, რომ ამის შემხედვარე სხვა ხალხი გონს მოსულიყვნენ, მიმხვდარიყვნენ რომ სწორედ ის არის ძე ღვთისა და აერჩიათ სწორი გზა, ანუ ერწმუნათ იესო ქრისტესი.... "საუკუნითგან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმად დაბადებულისთვის თვალები აეხილოს. ეს რომ ღვთისგან არ ყოფილიყო, ვერაფერს გახდებოდა"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Apr 21 2010, 07:41
პოსტი #15


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



ვთქვათ თვლი რომ გაქვს კონკრეტლი ვაკანსიის შესაბამისი ცოდნა და შეგიძლია ამ საქმის შესრულება. მაგრამ არ გიღებენ სამსახურში. ეს ხომ არის განსაცდელი და უფლის დაშვება რაღაცის მისახვედრად. მე ვფიქობ რომ არის ღვთის სასჯელი ადამიანზე, ან დასამდაბლებლად(თუ ამპარტავანია), ან რწმენაში გამოსაცდელად. ან როგორც ლამარა დაწერა იმ შმთხვევებსაც ვფიქრობ. თქვენ რას ფიქრობთ?


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Apr 21 2010, 12:36
პოსტი #16


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



la-maria
ციტატა
ვთქვათ თვლი რომ გაქვს კონკრეტლი ვაკანსიის შესაბამისი ცოდნა და შეგიძლია ამ საქმის შესრულება.

შენ ხომ არ იცი საჭიროა თუ არა ეს სამუშაო შენთვის რეალურად? შესაძლებელია სამუშაომ მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესოს, სულიერი კი გაგიუარესოს. მე მქონდა ეგ შემთხვევა როცა უსინათლოთა კავშირში ვმუშაობდი. თავიდან არც მიმიღეს და ძალიან განვიცდიდი, მერე დამიძახეს. ახლა ვხვდები, რომ ის სამსახური ჩემთვის არ ყოფილა საჭირო და ამას დავასაბუთებ. საქმე იმაშია, რომ უფროსი ადრე წასვლის ნებას არ მაძლევდა, ყველანაირად ხელს მიშლიდა ამაში, მიუხედავად იმისა, რეალურად სასწრაფო საქმე არ იყო გასაკეთებელი, ადრე წასვლა კი ტაძარში წასასვლელად მჭირდებოდა, როგორც იცი მგალობელი ვარ, ჰოდა ათასგვარი ოინის მოფიქრება მჭირდებოდა, როგორმე რომ გამეღწია სამსახურიდან,ამის გამო ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი სულიერად, მერე ისე მოხდა, რომ დავდექი არჩევანის წინაშე ან გუნდი, ან სამსახური და მე პირველი ავირჩიე. ახლა სხვაგან ვმუშაობ. კერძო ფირმაში, ბუღალტრად. დირექტორი ხელს არ მიშლის მსახურებაზე როცა ვარ წასასვლელი უპრობლემოდ მიშვებს. smile.gif


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Apr 21 2010, 12:49
პოსტი #17


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



me maqvs eg problema ro verc ertma samsaxurma ver momaniWa sulieri simshvide.


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-ma-ra
პოსტი Apr 21 2010, 13:05
პოსტი #18


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 30.03.2009
წევრი № 219



la-maria
ციტატა
me maqvs eg problema ro verc ertma samsaxurma ver momaniWa sulieri simshvide.

მე უმუშევარი ვიყავი 3,5 წელი დაახლოებით, სამსახური მას მერე გამოჩნდა, რაც გალობა დავიწყე, მატერიალურზე წინ სულიერს ვაყენებდი ყოველთვის, მაგრამ რაღაც აკლდა ჩემს მცდელობას, ამიტომ მომევლინა განსაცდელი როგორც ჩანს პირველ სამსახურშიც, მერე კი ყველაფერი მოგვარდა. იქნებ შენც გეცადა გალობის, ან მედავითნეობის შესწავლა, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, რომელიც შეიძლება შეგხვდეს ახლობლებისგან და მერე გამოსწორდეს მდგომარეობა?


--------------------
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
animani
პოსტი Apr 21 2010, 17:13
პოსტი #19


ანა
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,352
რეგისტრ.: 15.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 89



ციტატა(la-maria @ Apr 21 2010, 13:49) *

me maqvs eg problema ro verc ertma samsaxurma ver momaniWa sulieri simshvide.

ო, ეგ ძალიან ნაცნობი პრობლემაა ჩემთვის. სამსახური , მეგობრები და ოჯახი თუ ყველაფერი მოწესრიგებულია ზედმეტად აღარ გაგაღიზიანებს, მაგრამ სულს მაინც ვერ დაგიმშვიდებს.
ბევრს აღარ გავაგრძელებ, მაგრამ ცოტა ჩემს გამოცდილებას შემოგთავაზებ ამასთან დაკავშირებით.
როდესაც ძალიან მიჭირს ყოველთვის ჩემს თავს ვეუბნები, რომ ეს ღვთისგანაა და უნდა გავუძლო. რომ ასეთია ალბათ უფლის ნება და უფალს ვთხოვ არ მიმატოოს. წარმოიდგინე ასეთ წუთებში ეს ძალიან მშველის.
მაგრამ რაც ყოველდღიურად მოძღვრის კურთხევით თითო კანონის კითხვა დავიწყე, უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს.


--------------------
უფალო გებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ANA
პოსტი Apr 25 2010, 22:02
პოსტი #20


Profi
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 492
რეგისტრ.: 26.09.2008
მდებარ.: tbilisi
წევრი № 64



la-maria მოვა დრო და შენც ნახავ ჩემო კარგო კარგ სამსახურს. გულით თხოვე უფალს. მე დიდ წარმატებებს გისურვებ


--------------------
ღმერთსს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება (მამა ათანასე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

8 გვერდი V  1 2 3 > » 
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 18.09.2019 - 13:33