IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection refused) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
უცნობი წერილები - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> უცნობი წერილები, საზოგადო მოღვაწეთა, მამულიშვილთა. გაზიარება
lingvo
პოსტი Jun 23 2009, 15:47
პოსტი #1


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



აწ განსვენებული გურამ შარაძის წიგნში "ამერიკელი ქართველები თვალის ერთი გადავლებით", გამოქვეყნებულია ჩვენი მამულიშვილების წერილები, რომლებიც ემიგრაციაში იყვნენ პირველი რესპუბლიკის დამხობის შემდეგ. ქვემოთ მოყვანილი წერილი ეკუთვნის ექვთიმე თაყაიშვილს (წმ. ექვთიმე ღვთისკაცი), რომელიც მიმართულია ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის გრიგოლ დიასამიძისადმი. წერილში ჩანს ტკივლი, გამოწვეული სამშობლოდან შორს მყოფობით, სიყვარული და იმედი მომავლისა.



26. XII. 1933

ძვირფასო გრიგოლ!

მადლობა ღმერთს, რომ ვეღირსე შენს წერილს! ამდენი ხნის სიჩუმე თუ დავიწყებას არა, არც გახსენებას გულისხმობს, მერმე ჩემს უბედურ მდგომარეობაში მას შემდეგ რაც ნინო (პოლტორაცკაია, ექ. თაყაიშვილის მეუღლე გ.შ.) დავკარგე! მაგრამ რა გაეწყობა, ამ სავალალო დროში ცოცხალი რომ ვართ ჯერ კიდევ, ისიც ნუგეშად უნდა მივიღოთ! რა თქმა უნდა, ჩვენი სამშობლო ცეცხლში იწვის, მაგრამ გადიტანს, მტკიცედ მწამს, როგორც არა ერთხელ გადუტანია განსაცდელი, კიდევ წარმოშობს, როგორც მრავალჯერ წარმოუშვია შესაფერ გმირებს, ღირსეულ შვილებს, რომელნიც მას მოუვლიან.
ჩვენ ვერ გამოვდექით ღირსეულ შვილებათ, ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნოების შემდეგ განმეორდეს. არც სამშობლოშჳ ვვარგოდით და ემიგრაციაში ხომ სულ დავიქსაქსეთ, ჯგუფები ერთმანეთს ჩასდგენიან კრიჭაში, მტრებს კი არ ებრძვიან, ერთმანეთის მოსპობა დაუსახვან თავის მიზნათ. ყველა ერთმანეთოს ლანძღვაში და გაქირდვაშჳ არის ჩაბმული. ყველა ერთმანეთს აკრიტიკებს და თავისთავად არც ერთი არ ვარგა. იმ ქაოსში, რომელშიაც ეხლა მსოფლიო იმყოფება, ყველა ქართველი რომ ერთსულოვნად ვიყვეთ, მაშინაც ძნელია დიდი შედეგების მიღწევა, თორემ ასეთ დაქსაქსულობაში რაღა სახეიროს უნდა მოველოდეთ?! რაღას უნდა მოველოდეთ იმ პირთა და ჯგუფებიდან, რომელთაც თავიანთ თავი უაღრეს პატრიოტებათ მოაქვთ და ჩვენი პარიზის ლეგაციის დახურვას, - ამ ერთად ერთ სიმბოლოს და ფაქტიურ დასაყრდნობს თავისუფლებისას, - ტაშისცემით ეგებებიან და დიდ დადებით ფაქტორად აღიარებენ საქართველოსათვის! ამ მდგომარეობაში ჩვენი მოვალეობაა ემიგრაციის ახალ თაობას მოვუაროთ, ის დავაყენოთ ჭეშმარიტ გზაზე, გამოვზარდოთ რამოდენიმე პირი მიანც, მივსცეთ მათ შესაფერი მომზადება, რომ საქმის გაკეთება შეეძლოთ და ღირსეული წარმომადგენელნი გახდნენ ერისა და მათი ბედის ხელმძღვანელნი. არც ერთ დარგში ჩვენ აქ მომზადებული კაცი არა გვყავს. ჩემი ცთა ყოველთვის ასეთი ახალგაზრდების მომზადება იყო. იქ საქართველოში მიზნათ გვქონდა ახალგაზრდობა გარუსებისაგან დაგვეცო, პატრიოტულად, ქართველად გაგვეწაფა. ამას რამოდენიმეთ მივაღწიეთ, შემთხვევითი არ არის თუ გაიხსენებ, რომ ყველა გამათავისუფლებელი კომიტეტის წევრები ჩვენი სააზნაურო სკოლის შეგიერდები იყვნენ, მაგრამ ეს საკმაო არ იყო. პოლიტიკურად დიდი მომზადებული და გამოჩენილი პირები ვერ შევქმენით, უსახსრობის და სხვა მიზეზების გამო. ეს ნაკლი უნდა გამოსწორდეს, აქ უნდა თავი მოვუყაროთ და გზა მივსცეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, მტკიცე ხასიათის პატრონთ, და ყოველ დარგში ვიყოლიოთ საკმაო უაღრესად მომზადებული პირები. ამიტომ მე სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა ალექსი მდივანის მოწვევით მისგან დაარსებულს სასტიპენდიო კომიტეტში და თუ ეს საქმე მან შესძლო და ჯეროვანად დააყენა, დიდი საქმე იქნება. კომიტეტს უკვე ჰქონდა სხდომა და 72 თხოვნაში ამოარჩია კანდიდატები, რომელნიც შეეფერებოდნენ რეგლამენტს თვით მდივნის დასწრებით და მონაწილეობით სემოშავებულს, ესე იგი წესდებას, და წარუდგინა მას ამერიკაში მისი თხოვნის მიერ. სიაში სულ 28 კანდიდატია, ამდენს, რასაკვირველია, სტიპენდიას ვერ მისცემს ჯერჯერობით მაინც, მაგრამ 15-საც რომ დაუნიშნოს, ესეც დიდ, დიდ საქმედ უნდა ჩაუთვალოთ. სტიპენდია ჯერხანად მარტო საფრანგეთის მოსწავლეთათვის არის დაწესებული და ამიტომ გერმანელი სტუდენტები სიაში ვერ მოექცნენ, მაგრამ ზოგიერთ პირთათვის, რომელთაც კურსი დაუმთავრებიათ და დოკტორატის თეზის დასაწერათ ანუ უკეთესთაგან დასაბეჭდათ თანხა არა აქვთ. ამათთვის ცალკე გამოვითხოვეთ საჭირო ფული, და დამაარსებელზეა დამოკიდებული იკისრებს თუ არა (ასეთები გერმანიიდან ოთხი კაცია: ჩხენკელი, გელაზანია, იმნაიშვილი და წულუკიძის მეუღლე). ამ რიგათ შენი კანდიდატი დიმიტრი კაკაბაძე ჯერჯერობით სიაში ვერ მოხდება და მომავალში, რა თქმა უნდა, ვიშვამდგომლებთ, საქმე სტიპენდიის დამაარსებელზე იქნება დამოკიდებული.
კარგი საქმე განგიზრახავს, - შეგროვება დიასამიძის გვარეულობის დოკუმენტებისა. ეს გვარი ხომ სამცხე - საათაბაგოდან არის მოსული. ხშირად იხსენიება ამ მხარის უკანასკნელ დრამაში, მე-XVI საუკ. ეგრეთწოდებულ მესხურ ხრონიკაში (გამოცემულია ჩემ მიერ სამს ისტორიულ ქრონიკაში ქართულად და რუსულად პოპეჩიტელის კრებულში: Сборник мат. По опис. Мест. Племен Кавказа, вып. XXVIII), ”ქართლის ცხოვრებაში”, მეორე ტომში, ”პარიზის ქრონიკაში”, ბროსეს გამოცემა (მაგრამ იქ მესხური დავითნის ქრონიკიდან არის შეტანილი), სიგელ-გუჯრებში და სხვა. რაც შეეხება მასალას, რომელნიც დეპუტუტთა საკრებულოდან არის გამოტანილი, ეს უნდა დაუბრუნდეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას, რომელსაც თავადაზნაურობამ გადასცა მთელი თავისი არქივი ჩემს დროს. ეს საზოგადოება ერთ-ერი საზოგადოება არის, რომელიც ახალ ხელისუფლებას არ მოუსპია, ივ. ჯავახიშვილია თავმჯდომარე და იქ ხშირად, როგორც ჩემს დროს, მოხსენებები იმართება. ერთი-ორი შრომა გამოსცეს კარგი და სხვა ვერა უსახსრობის გამო. მუზეუმი უნივერსიტეტიდან დიდ მუზეუმში გადიტანეს, მგონი არქივიც იქ ინახება, ან შეიძლება სპეციალურ არქივში მოათავსეს, ასეთიც არსებობს და რამოდენიმე გამოცემაც აქვს. მე აქ ვაგროვებ ხელნაწერებს სიგელ-გუჯრებს და ნივთებს მუზეუმისათვის, იქ საქმე ამ დარგში არ შეწყვეტილა, დიდი მუშაობა სწარმოობს ძველი პროფესორების და იმ ახალგაზრდათა დოცენტების მოღვაწეობით, რომელნიც ჩვენ დავსტოვეთ.
ამიტომ კარგი იქნება, თუ შენ ყველა დოკუმენტების პირებს გადიღებ შენთვის და დედნებს გამომიგზავნი, რომ აქ შეგროვილი (უცხოეთში) მასალა ერთად იყოს და მოხერხებულ დროს მივაწოდოთ ჩვენს მუზეუმს. ისე ნუ წარმოვიდგენთ, თითქოს საქართველო აღარ არსებობდეს. არა! საქართველო მაინც იქაა და მუშაობა არ შეწყვეტილა. თუ შეადარებ თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ გადაწერილს ლექსიკონს ნაბეჭდს და განსხვავებებს აღნიშნავ, კარგი საქმე იქნება. იქნებ ბედმა გაგვიღიმოს და აქ მოვახერხოთ ზოგიერთი დოკუმენტების დაბეჭდვა. მე აუარებელი მასალა მაქვს დასაბეჭდი აქაც, უმეტესი, რასაკვირველია, იქ დარჩა, და აგრეთვე ალბომები და იქნებ რამე მოვახერხო. ვგონებ, ეწყობა საქმე. დაპირება მაქვს და ვნახოთ, თუ მალე ბოლო არ მომეღო, იქნებ შევსძლო და ზოგი რამე გამოვსცე. ამის შესახებ სხვა დროს. დახმარებაზე მწერ მასალების და ცნობების მოწოდებით მაქედან და ამიტომ გავალებ: შემიტყო მაქ რომელ სამეცნიერო დაწესებულებაშია შეგროვილი ერმაკობის ფოტოგრაფიები სიძველენიდან, ზოგიერთი მაკლია და თუ გამოგზავნა არა, გადმოღება მაინც შესძლო იქნება, ნამეტნავათ შემიტყვე გელათის ხახულის ხატის და სხვა ნივთების ფოტოგრაფიები სად შეიძლება იყოს, და რა საკვირველია, სხვა ბევრიც, რაც მაქ მოიპოვება. ეს მეკელაინს ეცოდინება და შენ სია შეუდგინე თუ სად რა სურათები არის. აგრეთვე მაქ რომ გამოფენა იყო მოწყობილი გ. ჩუბინაშვილის მიერ და ჩემი ექსპედიციის (თორთუმ-ისპირში) მიერ გადაღებული გეგმები ეკლესიებისა, იქნებ ამ გეგმების ფოტოგრაფიული სურათებიმოიპოვება მაქ, ან სადმე გამოსცეს, ეს შემიტყვე და მაცნობე. მაკლია ოშკის ეკლესიის განაკვეთი, მეორე სართულის გეგმა და აღმოსავლეთის ფასადი. გ. ჩუბინაშვილს ვსთხოვე, მაგრამ ჯერ დამპირდა და შემდეგ მომატყუა. მაქ გამოვიდა რაიმე მისი შრომა? მე მწერდა მალე გამოვა ერთი ტომიო. მას აქეთ უკვე სამი წელიწადია. გაზეთის გამოცემას თავი დაანებე, სად შეგიძლია შენ ღატაკს ამის ფასი გაიღო, თუ რამე იშოვო თავს მოახმარე, იწამლე, მაქ კარგი მკურნალებია იმისი (შენ რომ ავადმყოფობას იწერები). მე ჯანზე დიდათ დასუსტებული ვარ, ვეღარც სიცივეს ვიტან და ვეღარც სიცხეს. ეხლა აქ სასტიკი ზამთარია, სამი კვირა ლოგინში ვიყავი, ეხლა უკეთ ვარ, მაგრამ სახლიდან ვერ გამოვდივარ, სახლშიც ცივა, მოწყობილი ვერ ვართ. ესაა, რომ პური არ გვაკლია ჯერჯერობით და ესეც ბედნიერებაა, შედარებით საქართველოს მდგომარეობასთან. ჩემი ძმა, ღენერალი, მწერს - შაქრით და თეთრი პურით ჩაის დალევა ჩვენთვის იდეალი არისო. იძულებული ვარ, ჩემი წვლილი ხან და ხან მას გაუყო და ეს მისთვის აღდგომის კვერცხია. ნინოს პორტრეტი დიდი არა მაქვს, აქ არ გადაუღია, ხოლო პასპორტებისათვის რომ კარტიჩკებს გვთხოვდნენ, ის მაქვს უკანასკნელი და იმას გამოგიგზავნით შენ და ლოლას. ნინოს შემდეგ სულ უპატრონოთ ვარ დარჩენილი და შენ წარმოიდგენ რა მდგომარეობა მექნება ამ მოხუცებულობაში მარტო ყოფით, მომლელი არა მყავს. აქ არ არიან ცუდი მეზობლები, მე ვერავის დავემდურები, მაგრამ ყველას თავის საქმე აქვს, ყველა დღიან-ღამიან მუშაობს. უამისოთ თავს ვერ ირჩენს, ზოგნი ავათმყოფები არიან, თავის მოვლაც უჭირთ და სხვას რა უნდა უშველონ, ყველა დიდათ შევიწროებულია მატერიალურად. ჩვენი საღსარი დღითიდღე კლებულობს; მე ვშჴნილობდი წინეთ სამუშაოს, კორრექტურას, ტექსტების გადაწერას, ლექსიკონისთვის მუშაობას და ეს მიწყობდა ხელს. ეხლა კრიზის გამო თითქმის ყველაფერი მომესპო, ხოლო ზოგჯერ იშვიათად ვშოვნილობ. ნინოს ძმა ცოცხალია, მაგრამ ახირებული კაცია, იშვიათათ მოდის ჩემთან, პარიზიდან დაძვრა ეზარება, ისე კარგათაა, ჯამაგირი აქვს და ასე თუ ისე გაჭირვებით ყოფნის. საქართველოდან მოგდის ამბავი? შენი ძმის ცოლი ზოგჯერ ღამბაშიძის ქალებს სწერს წერილს. ისინი შედარებით უკეთ უნდა იყვნენ მატერიალურად. მოკითხვა ლოლას და სხვებს ნაცნობებს და მეგობრებს. იყავით კარგათ, თავს მოუარეთ, გულს ნუ გაიტეხთ, არ არის უბედურება, რომელმაც არ გადაიაროს!

შენი ექ. თაყაიშვილი


P. S. ლადო (ახმეტელი, დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, გ. შ.) მომიკითხე, რასა იქს, როგორ არის, აქვს რაიმე სახსარი? დიდათ მინდოდა გერმანიის და ბერლინის ნახვა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იქნებ ვინმეს მაქ ქართული ბიბლია ჰქონდეს, ან მოსკოვის გამოცემა, ან მხედრული გამოცემა ტფილისისა, დიდათ ვსაჭიროებთ და აქ ვერ ვშოვნილობ, მეკელაინს რომელი გამოცემა აქვს?

ე. თ. ”


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mati
პოსტი Jul 23 2009, 11:20
პოსტი #2


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 416
რეგისტრ.: 17.10.2008
მდებარ.: Zveli Tbilisi
წევრი № 97



ციტატა
ჩვენ ვერ გამოვდექით ღირსეულ შვილებათ, ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნოების შემდეგ განმეორდეს. არც სამშობლოშჳ ვვარგოდით


ამის მეათედი თავმდაბლობა რომ ჰქონდეთ ქართველ პოლიტიკოსებს...ასე მგონია, დღევანდელ საქართველოზე წერს წმ.ექვთიმე. როგორი სიდუხჭირე და მაინც იმედი...


--------------------
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
lingvo
პოსტი Jul 23 2009, 13:38
პოსტი #3


ვახტანგი
*****

ჯგუფი: moderator
პოსტები: 1,203
რეგისტრ.: 9.10.2008
მდებარ.: თბილისი
წევრი № 69



ყოველთვის იმედიანად უნდა ვიყოთ. ამას ხშირად გვახსენებს უწმიდესი smile.gif


--------------------
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; (ფს.17,28)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
la-maria
პოსტი Jul 23 2009, 20:25
პოსტი #4


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 19.02.2009
წევრი № 189



saintereso werilia. gaixare


--------------------
უფალო მომადლე მოთმინება, სინანული, სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 20.01.2018 - 20:48