IPB WARNING [2] fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 80.84.53.130:80 (Connection refused) (Line: 11 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fwrite(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 36 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] stream_get_contents() expects parameter 1 to be resource, boolean given (Line: 37 of /retail/alocate.php)
IPB WARNING [2] fclose(): supplied argument is not a valid stream resource (Line: 51 of /retail/alocate.php)
უნდა გვახსოვდეს - წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი

მოგესალმებით ( შესვლა | დარეგისტრირება )



 
Reply to this topicStart new topic
> უნდა გვახსოვდეს გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 20 2008, 21:11
პოსტი #1


Masters
****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 282
რეგისტრ.: 14.05.2008
მდებარ.: საქართველო
წევრი № 4



იუნკერთა გმირობის საიდუმლო


დღეს, ისე როგორც არასდროს, ქვეყნისათვის აუცილებელია საკუთარი გმირების გახსენება. ღვთისა და ქართული მებრძოლი გენის წყალობით, სამშობლოსათვის თავდადებულთა სიმცირე საქართველოს არასდროს განუცდია, მაგრამ ალბათ, უდავოა, რომ ამ სათაყვანო ადამიანთა ჩამონათვალში განსაკუთრებული ადგილი იუნკრებს უკავიათ. დიახ, ამ ლეგენდად ქცეულმა ბიჭებმა, გასული საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში თბილისის მისადგომებთან რამდენიმედღიანი ბრძოლების შედეგად ნამუსი მოწმინდეს ფეხშიშველა, მე-11 წითელი არმიის მიერ სამარცხვინოდ განდევნილ მენშევიკთა მთავრობას. მიუხედავად ბევრჯერ თქმულისა, გვსურს კიდევ ერთხელ შევახსენოთ მკითხველს კოჯორ-ტაბახმელას გმირთა სახელები.

პირველი ნაბიჯები


ქართველ იუნკერთა სასწავლებლის, უფრო ზუსტად კი, ქართული სამხედრო სკოლის შექმნის იდეა, მენშევიკური მთავრობის სამხედრო სამინისტროს ეკუთვნოდა. ამ იდეის განხორციელება იმ დროის ბრწყინვალე მხედართუფროსს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს დაევალა. მისი ენერგიისა და გარჯის შედეგად, სამხედრო სკოლაში პირველი მეცადინეობები უკვე 1919 წლის სექტემბერში დაიწყო. სახელი "იუნკრები" სკოლის კურსანტებს რუსული არმიიდან ინერციით გადმოჰყვა. სასწავლებელში მოხვედრა გასაუბრებისა და ფიზიკური შემოწმების შედეგად ხდებოდა. როგორც ირკვევა, სამხედრო სკოლაში მოხვედრის მსურველთა რიცხვი თავიდანვე გაცილებით აღემატებოდა შტატით განსაზღვრულ რაოდენობას. სწავლების კურსი ორ წელს მოიცავდა – პირველ წელს საერთო სამხედრო საქმეს, ხოლო მეორე წელს სპეციალიზებულ საგნებს ასწავლიდნენ. სწავლების დონეზე იუნკრებს სამხედრო დისციპლინებში მეფის რუსეთის არმიის საუკეთესო ოფიცრები ამზადებდნენ, ხოლო ისტორიას, ქართულ ლიტერატურასა და სხვა საგნებს ერის საუკეთესო წარმომადგენლები: ივანე ჯავახიშვილი, სარგის კაკაბაძე, ვასილ ბარნოვი ასწავლიდნენ. აღსანიშნავია, რომ ლექტორები ფაქტობრივად, უფასოდ მუშაობდნენ, რადგან, როგორც გიორგი კვინიტაძე იგონებს, სამხედრო სკოლაში მიღებული გასამრჯელო მათ ტრამვაით მგზავრობისათვისაც კი არ ჰყოფნიდათ. მიუხედავად მატერიალური სიდუხჭირისა, სამხედრო სკოლა ენერგიული და პატრიოტი ხელმძღვანელების წყალობით, დემოკრატიული საქართველოს ქაოტური შეიარაღებული ძალების სამაგალითო შენაერთად იქცა. ჟორდანიას მენშევიკურ ხელისუფლებას იუნკერთა სასწავლებლით არაერთხელ მოუწონებია თავი უცხოელი სტუმრებისა და ჟურნალისტების წინაშე. სამხედრო სკოლის სახელი და მისი მნიშვნელობა არ გამოჰპარვიათ საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც. ამის დასტურია 1920 წლის მაისის დასაწყისში განხორციელებული თავდასხმა. აზერბაიჯანის იოლი გასაბჭოებით გათამამებული ბოლშევიკები წითელი დროშის აღმართვას საქართველოშიც ესწრაფვოდნენ. წითელ ხიდზე წამოწყებული იერიშის პარალელურად დაგეგმილი იყო ამბოხის მოწყობა თბილისშიც. გეგმის თანახმად, ბოლშევიკთა რაზმებს პირველ რიგში, სამხედრო სკოლა უნდა განეიარაღებინათ, შემდეგ კი, ხელში ჩაეგდოთ მთავრობა. ამ გაბედული გეგმის განხორციელება თავზეხელაღებულ ბოლშევიკს, სამეგრელოს წითელი რაზმების მეთაურს, საშა გეგეჭკორს ჰქონდა დავალებული. თავდასხმა 2 მაისს, ღამით მოხდა. რამდენიმე ათეულმა ბოლშევიკმა თავდაპირველად მოახერხა მძინარე იუნკრების დატყვევება და იარაღის საცავის ხელში ჩაგდება. თუმცა პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის გამბედავი ქმედების შედეგად იუნკრებმა მალევე მოახერხეს გუშაგთა განიარაღება და კონტრიერიშზე გადასვლა. საბოლოოდ, სკოლამ თავდასხმა ღირსეულად მოიგერია. შეტაკების შედეგად მოკლეს 3 თავდამსხმელი, სამი დატყვევებული ბოლშევიკი კი, მეორე დღეს სკოლის ეზოში საჯაროდ დახვრიტეს. იუნკერთაგან დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი კურსანტი. რამდენიმე საათის შემდეგ იუნკერთა სიმამაცეზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. თავდასხმის მოგერიება სამხედრო სკოლას მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ პირადად მიულოცა. თუმცა, ნამდვილი დიდება ახალგაზრდა ოფიცერთა ქართულ სასწავლებელს ავადსახსენებელი 1921 წლის თებერვლის მიწურულს ელოდა.

კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლები


სამხედრო სკოლამ საბრძოლო დავალება ახლად დანიშნული მთავარსარდლის, გენერალ კვინიტაძისაგან 17 თებერვალს მიიღო. დავალების მიხედვით, ორ ათეულამდე ოფიცერს, იუნკერთა ასეულსა და ნაცვალთა ათასეულს, მოწინააღმდეგე კოჯორსა და შავნაბადას მონასტერს შორის არსებულ ფრონტზე უნდა შეეკავებინა. მებრძოლთა ეს რაოდენობა ამ მონაკვეთის ეფექტურად დასაცავად აშკარად მცირე იყო, მაგრამ გენერალ კვინიტაძეს არანაირი რეზერვი არ გააჩნდა. ყველაფერი იუნკერთა სიმამაცესა და უნარზე იყო დამოკიდებული (სამი დღის დაგვიანებით, იუნკრებს გვარდიის ათასეული და თბილისელ მოხალისეთა რაზმი მიაშველეს, თუმცა, ისინი პირველივე იერიშის დროს უკუიქცნენ. ცნობილი ფაქტია, რომ კოჯრის სიმაღლეზე მყოფი გვარდიის სარდალი, ვალიკო ჯუღელი ცრემლს ვერ იკავებდა, როდესაც უცქერდა, როგორ ერეკებოდნენ სანგრებისკენ ფრონტის ხაზიდან პანიკურად გაქცეულ 'სახელოვან' გვარდიელებს იუნკრები).

იუნკრები საბრძოლო დავალების შესასრულებლად და თბილისის მისადგომების დასაცავად 17 თებერვალს დილითვე გაეშურნენ. თბილისის ქუჩებში ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილ, მწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს. პირველი 'წითელი' იერიშების მოგერიება მამაც იუნკერებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. ქართველი მეომრები სალი კლდესავით აღიმართნენ კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში. ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები გამოჰგლიჯეს ხელიდან. ამ ბრძოლების დროს, იუნკერები ენითაუწერელ გმირობებს სჩადიოდნენ. სამწუხაროა, რომ დღემდე არ გახმაურებულა ერთ-ერთი იუნკერის, შალვა ერისთავის გმირობა, რომელმაც წითელარმიელ მატროსოვამდე ოცი წლით ადრე საკუთარი სხეულით დაფარა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ლულა. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ავადმოგრიალე 'მაქსიმისაკენ'. მოიერიშეებს მალევე გამოეყო მაშინდელ თბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი, 22 წლის შალვა ერისთავი. მან თვალის დახამხამებაში აირბინა აღმართი, ტყვიითა და ხიშტით განგმირა შემოგებებული მტერი და საკუთარი სხეულით დაადუმა 'მაქსიმის' ლულა. შალვა ერისთავის ეს გმირობა იმ დღეებში მთელ საქართველოს მოედო. მოგვიანებით კი მას მხოლოდ ქართული ემიგრაციის წრეებში იგონებდნენ. საბჭოთა პროპაგანდამ ოცი წლის შემდეგ მთელ მსოფლიოს მოსდო წითელარმიელ მატროსოვის ანალოგიური თავდადება.

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა. იუნკრები მცხეთისაკენ დახეული ჯარების არიერგარდს იცავდნენ. ბათუმამდე უკან დახევისას ისინი არაერთხელ ჩაერთვნენ ბოლშევიკებთან შეტაკებაში. საბოლოოდ, მარტის მიწურულს, ბათუმიდან გემით სტამბულში ჩავიდნენ, იქიდან კი საბერძნეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო სასწავლებლებში გადანაწილდნენ. ბევრმა მათგანმა გმირული ბრძოლის მაგალითები ჩაწერა უცხო ქვეყნების ისტორიაში.

26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ ჭაბუკთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. 'ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესიისათვის ხელი შეეშლა' იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე. დღევანდელი პარლამენტის შენობის ქვეშ დღემდე განისვენებენ კოჯორ-ტაბახმელაზე დაღუპული ათი იუნკერი და 20 წლის მოწყალების და მარო მაყაშვილი. მათგან ერთ-ერთი, ტყვიამფრქვევისაგან დაფლეთილი შალვა ერისთავის სხეულიცაა.

და მაინც, რა იყო ამ ახალგაზრდა მებრძოლების გმირობის საიდუმლო? რატომ მოხდა, რომ სხვა ათასობით ჯარისკაცისათვის სამაგალითო გახდა 118 ახალწვერულვაშამოღერილი მებრძოლის საქციელი? ვფიქრობთ, პასუხი მარტივია იუნკრებს სხვა, არანაკლებ მამაცი ჯარისკაცებისგან ქართველებისათვის ზოგადად რთულად საგუებელი რკინის დისციპლინა განასხვავებდა. ბრძოლას რომ მხოლოდ სიმამაცით ვერ მოიგებ, ამის მაგალითები დღესაც უხვად გვაქვს. იუნკრებს კი კოჯორ-ტაბახმელასთან არც სანგრების გათხრა დაზარებიათ (მათი კვალი ალაგ-ალაგ დღესაც შეიმჩნევა), არც საგუშაგოზე დგომა და არც ბრძანების შესრულებაზე უთქვამთ უარი. მოკლედ რომ ვთქვათ, იუნკრები პროფესიონალი მეომრები იყვნენ. სწორედ ამიტომაც იდგნენ ისინი რამდენიმე თავით მაღლა მაშინდელი ქართული ჯარის სხვა შენაერთებზე. 'ტაბახმელაზე იგივე ქართველები იდგნენ, მაგრამ ნორმალურად აღზრდილნი, ბრძოლისათვის განსწავლულნი!' წერდა მოგვიანებით გენერალი კვინიტაძე.

დასასრულ, გულისტკივილით უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის იუნკერთა გმირობა და თავდადება ჯეროვნად არ არის დაფასებული. რამდენიმე საგაზეთო პუბლიკაციისა თუ სატელევიზიო გადაცემის იქით საქმე არ წასულა. კოჯრის გზაზე საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება მათ პატივსაცემად აღმართული მემორიალი. არაერთი ცდის მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა იუნკერთა ნივთების შეგროვება და მცირე სამუზეუმო ექსპოზიციის მოწყობა. თუმცა ამას, ალბათ, აზრიც არა აქვს, ვინაიდან ერთადერთი სამხედრო მუზეუმი გაპარტახებულია, ვაიპატრიოტების ბრიყვული მეცადინეობის შედეგად, მუზეუმის შენობა თავის დროზე სხვადასხვა ორგანიზაციას გადაეცა (მათი საწინააღმდეგო, ბუნებრივია, არაფერი გვაქვს), მუზეუმის ფონდის დიდი ნაწილი დაკარგული და განიავებულია, დარჩენილი კი სავალალო მდგომარეობაშია. ერთი რამ უდავოა, წინა ხელისუფლებას გმირებისათვის არ ეცალა. ახალი ხელისუფლება გარკვეულ იმედს ბადებს, რომ ადრე თუ გვიან, იუნკერთა სახელის განდიდებისთვისაც მოიცლის.

ჟურნალი "არსენალი"





"სიკვდილზე ნუ დაფიქრდები, ყველა იქ მიმავალია"

IPB-ს სურათი
ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი დაიბადა 1888 წლის 14 ივლისს სოფელ მატანში. სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 21 წლის ასაკში ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჯარში გაიწვიეს, მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში. 1913 წელს ცოლად შეირთო ნინო მეღვინეთუხუცესი.
პირველი მსოფლიო ომი
1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ქაიხოსრო ჯარში გაიწვიეს. 1914 წელს იგი ავსტრიის ფრონტზე დაიჭრა, ამის შემდგომ იგი კავკასიის ფრონტზე იქნა გადაყვანილ. აქ იგი ბრძოლას ოსმალების წინააღმდეგ აგრძელებს და სრულად გამოჯანმრთელების შემდგომ ერთ-ერთი პირველი ეწერება ქართულ ცხენოსანთა რაზმში. თავისი ასეულით ჩოლოყაშვილი ასრულებს დიდებულ სამხედრო რეიდს და მესოპოტამიის უდაბნოს გავლით უერთდება ინგლისელებს. ამასობაში საქართველო აცხადებს დამოუკიდებლობას და ქაიხოსრო უკვე თავის საამაყო სამხედრო კარიერას სუვერენული სამშობლოს ჯარში აგრძელებს. სამწუხაროდ, მას დიდხანს არ დასცალდა მამულისადმი მსახური.
რევოლუციის შემდგომ
ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს ბათუმს ნავსადგურიდან გადის გემი, რომელშიც პრაქტიკულად საქართველოს მთელი მთავრობა სრული შემადგენლობით იმყოფება. გემს არ გაჰყოლია ერთგული მამულიშვილი ქ. ჩოლოყაშვილი, რომელიც ამ დროისთვის სამეგრელოში იმყოფება და ადგენს გეგმებს საქართველოს გასათავისუფლებლად. ამ პერიოდიდან იწყება გულანთებული მამულიშვილის ბრძოლა ბოლშევიკების წინააღმდეგ. 1922 წლის 12 მარტს ქ. ჩოლოყაშვილი თავის შეფიცულებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გადის და იწყებს პარტიზანულ ბრძოლას.

1922 წლის ივნისში სიღნაღთან მოხდა პირველი შეტაკება წითელი არმიის ნაწილებთან. 1922 წლის ზაფხულს ამბოხებამ იფეთქა ხევსურეთში, რომელიც რუსის ჯარმა სისხლში ჩაახშო. უამრავი ადამიანი იქნა გაჟლეტილი, მაგრამ მტარვალებმა ქაქუცას კვალს მაინც ვერ მიაგნეს. ამასობაში იგი ჩეჩნეთში იმყოფება იმ მიზნით, რომ აგრესორის წინააღმდეგ იბერო-კავკასიელებმა ერთობლივი და კოორდინირებული ბრძოლა აწარმოონ. შემოდგომით ქაქუცა საქართველოს უბრუნდება. 1924 წლის 17 აგვისტოსთვის დანიშნული იქნა უმთავრესი ამბოხება, რომელშიც მონაწილეობა დასავლეთ საქართველოსაც უნდა მიეღო. ანტიბოლშევიკური აჯანყება 29 აგვისტოსთვის გადაიდო.

1924 წლის 29 აგვისტოს, ჩოლოყაშვილის მცირერიხცოვანმა რაზმმა მთლიანად აიღო მანგლისი. 1924 წლის 3 სექტემბერს, დალაშქრა დუშეთი. 1924 6 სექტემბერს, სვიმონიანთ-ხევში მოხდა სახელგანთქმული ხევ-გძელას ბრძოლა, სადაც ქ. ჩოლოყაშვილმა თავისი უბადლო სამხედრო ტალანტი გამოავლინა და ასეულობით რუს ჯარისკაცს ერთმანეთი დაახოცვინა. ამ ბრძოლის მრავალ სახელოვან მხედართმთავარს შეშურდებოდა.

ემიგრაცია
მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ქაიხოსრო მიხვდა რომ, ამგვარი ბრძოლებით იგი საწადელ მიზანს ვერ მიაღწევდა და 1924 წლის სექტემბერში მან თანამებრძოლებთან ერთად ტრაპიზონიდან გეზი საფრანგეთისკენ აიღო. დიადმა პატრიოტმა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ქვეყნის საკეთილდღეოდ, სამშობლო გულმოკლულმა დატოვა. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, უბადლო რაინდმა და ვაჟკაცობის ზოგადსაკაცობრიო ეტალონმა თავისი ერთგულებით იმდენი შესძინა თავის მრავალჭირნახად ერს, რომ მისი საქმეებით მარად იამაყებს მადლიერი ქართველი ერი.

1930 წლის 27 ივნისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა საქართველოში ლეგენდად ქცეული ადამიანი. იგი დაკრძალეს სენტ-უანის (პარიზის მახლობლად) სასაფლაოზე. მოგვიანებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. თუმცა, ამ იდეას მრავალი დევნილობაში მყოფი პატრიოტი ეწინააღმდეგებოდა იმ მოსაზრებით, რომ ლევილის სასაფლაოზე დაკრძალული იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.

სამშობლოში რეაბილიტაცია
კომუნისტების მმართველობის ჟამს სასტიკად იკრძალებოდა ჩოლოყაშვილის სახელის ხსენებაც. მრავალი ათეული წლის მანძილზე დიდი მებრძოლის ნათესავები, ახლობლები და მეგობრები დევნა–შევიწროებას განიცდიდნენ საბჭოთა საქართველოს მესვეურთაგან. რეპრესიული ქმედებები ჩოლოყაშვილის თანამოაზრეთა წინააღმდეგ არ შემწყდარა მეოცე საუკუნის 80–იან წლებამდე. და მხოლოდ, 1988 წლის შემოდგომაზე, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა ზ.გამსახურდიამ და მ.კოსტავამ თბილისის იპოდრომზე გამართულ მიტინგზე, შინდისფერ დროშებთან ერთად ააფრიალეს დიდი ქართველის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათები.
1989 წლის 14 ივლისს, სოფელ მატანში ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ფართო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნეს სამშობლოს სიყვარულით დაფერფლილი რაინდის დაბადებიდან 101 წლისთავი.
მხოლოდ 75 წლის შემდეგ ახდა საქართველოს ეროვნული გმირის ოცნება და მისი სხეული მშობლიურ მიწას მიაბარეს. 2005 წლის 20 ნოემბერს პარიზიდან სპეციალური ავიარეისით ჩამოაბრძანეს ქ.ჩოლოყაშვილის ნეშტი. დღის 15:23 საათზე მისი სასახლე დაასვენეს თბილისის ზ. გამსახურდიას სახ. საერთაშორისო აეროპორტში. დილიდანვე პარიზის რეისს ათასობით ადამიანი ელოდა. თუმცა აეროპორტის ტერიტორიაზე მხოლოდ ჩოლოყაშვილის ნათესავები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაუშვეს. ეროვნული გმირის ნეშტს აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი დახვდა. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. გაიმართა მასშტაბური და სანახაობითი მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრამდე. ავლაბრის მოედნამდე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშთს კავალერია და მოტოციკლისტების ესკორტი მიყვებოდა. ხოლო ავლაბრის მოედნიდან ეროვნული გმირის ცხედარი სამების საკათედრო ტაძარში ელიას მთაზე (ავლაბარი), სადაც მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ, ჩოხოსნებმა მიაბრძანეს. გმირი ტაძრამდე ჩოხოსნებთან ერთად უამრავმა ადამიანმა მიაცილა.
მეორე დღეს, 21 ნოემბერს, ათიათასობით ადამიანმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, რომლის ცხედარიც ჯერ მამადავითის მონასტერში დაასვენეს, ხოლო პანაშვიდის გადახდის შემდეგ იგი დაკრძალეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. დაკრძალვის ცერემონია ყველა ქართულმა ტელეკომპანიამ პირდაპირ ეთერში გადასცა.

ჩვენი სახელოვანი წინაპარნი - ჩოლოყაშვილები
ჩოლოყაშვილთა გვარის წარმომავლობაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ერთი რამ კი ცხადია, რომ ეს გვარი წარმოსდგება ,,ჩოლოხას” ანუ ,,ჩოლოყას” სახელისაგან. ხევსურეთში გახეიბრებულ კაცს დღესაც ,,ჩოლეხის” ეძახიან. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შესახებ ი. მაისურაძე წერს: ,,ჩოლოყაშვილი, საკ. სახ. ჩოლოყა, ხოლო კახეთის ჩოლოყაშვილი და მაყაშვილი იტყვიან ირუფაქიძობას”. ელ. მეტრეველს კი მიაჩნია, რომ ჩოლოყაშვილთა ფუძემდებელი შეიძლება ყოფილიყო XVI ს. დამდეგით დათარიღებული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში მოხსენიებული ჩოლოყა.

პ.იოსელიანი წერს, რომ ისტორიაში უცნობია ამ გვარის მოძრაობა ძველი საწყისიდან, მაგრამ გვაროვნული გადმოცემები გვატყობინებს, რომ მეფის დრომ და არეულობამ ისინი ხევსურეთის მთებში გადაისროლა, შემდეგ კი მუცოდან, ხევსურეთის ადგილიდან, კვლავ გადასულან მატნის ხეობაში, კახეთში, სადაც არსებობს ეკლესია და ხატი ღვთისმშობლის ცხრაკარას სახელწოდებით. პ.დოლგორუკის მიხედვით, თავად ჩოლოყაშვილთა წინაპრები 1320 წლამდე დაღესტანში, გიმრის ოლქის მფლობელები იყვნენ. ლეკების განუწყვეტელი, შემაშფოთებელი და ხშირი თავდასხმების გამო, მათ მიიღეს მართლმადიდებლური სარწმუნოება და საქართველოში გადასახლდნენ.

მეფე გიორგი V მათ უბოძა კახეთში არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამქრალი თავადური გვარის ირუფაქიძეების მფლობელობა. ერთი შტო კი თავადი ჩოლოყაშვილების გვარისა ისლამური დარჩა და ელისუის სულთანების სახელწოდებით ელისუის ოლქს ფლობდნენ 1843 წლამდე. აქ მოკლედ უნდა შევნიშნოთ, რომ დაღესტნის გარკვეული ნაწილი ამ პერიოდისათვის საქართველოს ემორჩილებოდა, ბუნებრივია, შესაბამისი ოლქების მფლობელები გარკვეული აზრით ქართველები იქნებოდნენ, ისიც მთის მოსახლეობიდან, გარდა ხევსურობისა ჩოლოყაშვილთა სხვა ქართველობას გამორიცხავს გადმოცემები, სათანადო ფოლკლორული მასალა, მათი მუცოში ცხოვრება, ავბედითობის ჟამს ხევსურეთში ყოფნა და ა.შ. რაც შეეხება მე-19 საუკუნეში ჩოლოყაშვილთა ერთი შტოს კიდევ დაღესტანში თავადურ არსებობას, ეს დაკავშირებული უნდა იყოს მუცოს რეზიდენციასთან. იგი ამ დროისათვის ფლობდა დაღესტნის ტერიტორიას, რომელსაც ხევსურები განაგებდნენ. ესეც რომ არა, ზოგიერთი ლიტერატურული წყაროსა და სათანადო მასალების მიხედვით ჩოლოყაშვილთა გვარის წარმომავლობა ხევსურეთიდან მომდინარეობს, რასაც, გარკვეული გაგებით, არც ზემოთ დასახელებული ლიტერატურა ეწინააღმდეგება.

ხევსურეთში შემორჩენილი ზეპირი ინფორმაციის თანახმად, ჩოლოყაშვილთა გვარი კახეთში მუცოდან გადასახლებულმა ერთი ხეიბარი კაცის შთამომავლებმა შეჰქმნეს. ამ კაცის ბარში გადასახლება გარკვეულად გამოიწვია ობიექტურმა პირობებმაც. გადმოცემის მიხედვით, მას ჰყავდა ძმები, რომლებსაც მიწების სიმცირის გამო უკმაყოფილება მოსდიოდათ მამულის განაწილებაზე. ხევსურეთში სხვა დასასახლებელი ადგილიც არ იყო, ამდენად არსებობის გარკვეული პირობების დასაკმაყოფილებელი საშუალება რომ ეშოვა და ძმებს შორის უკმაყოფილებაც არ ყოფილიყო, ამ ხეიბარ კაცს გადაუწყვეტია კახეთში გადასახლება - მატნის ტერიტორიაზე, რომელიც მეფეს ხევსურებისათვის ჰქონდა ნაბოძები, გადასახლებულა კიდეც. მას სახელად ,,ჩოლოყას” ეძახდნენ და მისმა შთამომავლობამაც ჩოლოყაშვილთა გვარი მიიღო.

აღნიშნული ინფორმაციის ჭეშმარიტებას ადასტურებს ქ. ჩოლოყაშვილის მეგობრისა და თანამებრძოლის ალ. სულხანიშვილის ნაშრომი ,,მოგონებები შეფიცულთა რაზმზე”, სადაც წერია: ,,ხევსურეთი კარგად იცნობდა ჩოლოყაანთ გვარს მამა-პაპიდან. იქ დღემდე ლეგენდად არის შემორჩენილი, რომ ჩოლოყაშვილები ხევსურთა ჩამომავალნი არიან. ამ ლეგენდის თანახმად ბრძოლაში დაჭრილი ერთი სახელგანთქმული ხევსური დაკოჭლებულა; ამიტომ ,,ჩოლოხა” დაურქმევიათ მისთვის, ხოლო მეფეს კი თავადობა უბოძებია ქველობისათვის და ის ბარში დაუსახლებია, იქ, სადაც ჩოლოყაანთ ციხეა სოფელ მატანში.

ამგვარად, როგორც ჩანს, ჩოლოხა ხალხს გადაუკეთებია ჩოლოყაშვილად.” თვით ჩოლოყა კი ირუფაქიძეთა გვარის მფლობელი იქნებოდა, რადგან ჩოლოყაშვილთა წინაპრებს მეფემ ირუფაქიძეთა გვარი და ადგილ-მამული უბოძა. ჩოლოყაშვილთა ხევსურულ წარმომავლობაზე მეტყველებს ისიც, რომ მუცოში არსებობს ჩოლოყაანთ ნაციხარი, ამასთან ერთად, როგორც ახმეტის რაიონის სოფ. ბუღაანის მემკვიდრეებისაგან მომისმენია, ჩვენი ამ მთიან და მწირ მიწაზე დასახლება განაპირობა ჩოლოყაშვილთა წინააღმდეგობამო, რომლის შინაარსი ჩვენს წინაპრებს დროზე არ სცოდნიათო.

როცა მეფის მთავრობას მათთვის ბარში ჩამოსახლების უფლება დაურთია (კერძოდ, მატნის მიმდებარე ტერიტორიაზე), ჩოლოყაშვილები წინააღმდეგი წასულან.. მიზეზი კი ის ყოფილა, რომ მათ შეშინებიათ, ჩამოსახლებულებმა რომ გაიგონ ეს მიწები მეფის მიერაა ხევსურებისათვის ნაბოძები, მამულებს მოგვეკიდებიანო. უფრო მეტიც, ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, ძირითად დასაყრდენად ხევსურეთს მიიჩნევდა. Iგი როდესაც სოფ. ხახმატის ჯვარში მივიდა, ერთ-ერთი მოხუცი ქაქუცას მიუახლოვდა, ხელი ჩამოართვა ახედ-დახედა და უთხრა: ,,შენ ქაქუცაო იმად ხარ კარგი ვაჟკაცი, რომ ჩვენი სისხლისა ხარო”.

ბიძინა და ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილთა გვარის სახელოვანი წარმომადგენლები არიან. ბიძინა XVII საუკუნეში ცხოვრობდა, ქაქუცა- XX-ში. ბიძინა ახმეტიდანაა. ახმეტაში, ჯვარპატიოსნის ეკლესიასთანაა მათი საძვალე, საგვარეულო კოშკი და ნანგრევებად ქცეული სასახლე. ქაქუცა კი მატნიდან იყო. იქ არის მათი საგვარეულო ეკლესია და ციხე-სიმაგრე. ჩოლოყაშვილები ცხოვრობდნენ ასევე ლალისყუში, ბაკურციხეში, ხაშმში და სხვაგან. ბიძინა და ქაქუცა იმ კუთხიდან იყვნენ, რომლის შესახებაც თქმულა ,,ომი და ლხინი კახისა, მოსაწონია კაცისა”.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ჩოლოყაშვილი და მაყაშვილი ირბაქიძეობას იტყვიანო. 1625 წელს მარაბდის ბრძოლას სხვებთან ერთად შვიდი ძმა ჩოლოყაშვილიც შეეწირა. ჩოლოყაშვილებიდან ზოგიერთებს დავასახელებთ: XVI საუკუნე, გარსევანი-– პოემა ,,ხილთა ქების” ავტორი. მის სახელს უკავშირდება რუსთაველის ლექსის მეტრის შეცვლა. გარსევანმა ავ გიორგი II- ის შვილი ლევანი გახიზნა და 1618 წელს გაამეფა. შერმადინი კი ქეთევან წამებულმა თავის შვილს-– თეიმურაზს შაჰ-აბასთან გააყოლა. საქართველოში დაბრუნებისას შერმადინის ხელის შეწყობით 1621 წელს თეიმურაზ I-მა და ლუარსაბ II-მ დაიწყეს ბრძოლა ირანის წინააღმდეგ. ნიკოლოზი (ნიკიფორე ირბახი) თეიმურაზ I-მა დიპლომატიური მისიით ევროპაში მიავლინა. 1629 წელს ნიკიფორემ იტალიაში დაამზადებინა ქართული შრივტი და დააბეჭდინა თავის მიერ შედგენილი ,,ქართულ-იტალიური ლექსიკონი” და ,,ლოცვანი. იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტრის წინამძღვრობისას ნიკიფორემ მონასტერში შოთა რუსთაველის პორტრეტი მოახატინა.

არაგვის საერისთავოს გამგებელი ჯიმშერი 1747 წელს ერეკლე მეორესთან ებრძოდა აბდულა ბეგს, რის შედეგადაც ყიზილბაშებისაგან გაათავისუფლეს თბილისის ციხეები. პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი დავითი ერეკლე მეორის მდივანბეგი იყო. XX საუკუნეში მოღვაწეობდა ცნობილი აგრონომ- მევენახე სოლომონი - ,,მევენახეობის”, ,,მევენახეობა-ამპეროლოგრაფიისა და სხვათა ავტორი. ჩოლოყაშვილებიდან, განსაკუთრებით გამოირჩევა წმინდანად შერაცხული ბიძინა ჩოლოყაშვილი. mან თეიმურაზ I აიძულა, რომ იგი ერწოს ასაღებად გაეგზავნა. 1648 წელს ერწოს აღებით ,,საცა იყო ბრძოლა ცემითა თოფითა ძლიერი, ვიდრე უკუდრეკენცა იგინი”, ბიძინამ მეფეს თიანეთიც შეუნარჩუნა, თეიმურაზ I ერწო-თიანეთის გამგებელი გახდა. ეს მხარე იყო პლაცდარმი, საიდანაც ქართლის სამეფო პოლიტიკურ და კულტურულ ზეგავლენას ახდენდა კავკასიის მთიანეთზე. 1660 წელს გადაწყდა კახეთში 150 ათასი კომლი ელი ჩაესახლებინათ. 80 ათასი ოჯახის ჩასახლების შემდეგ მათზე ამბობდნენ:

ახმეტას სხედან თათრები,
სიტყვას ამბობენ ძვირსაო:
,,ახმეტას ჩავჭრით ვენახსა,
შიგ ჩავასახლებთ/ელსაო”.

ვენახის ჩაჭრა და შიგ ელების ჩასახლება კახეთის მოსპობას ნიშნავდა. სახლთუხუცესმა და სუფრაჯმა ბიძინამ თურქმან-ელებისაგან კახეთის განთავისუფლებისთვის აღმოსავლეთ საქართველოს მთა და ბარი ფეხზე დააყენა. აჯანყებაში ერისთავების ჩასართველად ბიძინამ თავისი სიმამრი - არაგვის ერისთავი ზაალი აჯანყების მეთაურად დაასახელა, ქსნიდან - შალვა და ელიზბარ ერისთავები, თუშ-ფშავ-ხევსურეთიდან - ზეზვა გაფრინდაული, ნოდარ ხოშარაული და გოგოლაური. 1660 წლის კახეთის აჯანყებას ბიძინა ხელმძღვანელობდა.

მისი სამხედრო ნიჭის გაბრწყინება იყო ის, რომ თავდასხმა ბახტრიონსა და ალავერდზე ისეთი სიზუსტით ჩატარდა, ციხე-სიმაგრეში გამაგრებული დამპყრობლები ბახტრიონიდან ალავერდისკენ, ხილო ალავერდიდან ბახტრიონისკენ გარბოდნენ. გზააბნეულნი ერთ ადგილას მიიმწყვდიეს. ა.საბინინის ნაშრომებში ,,საქართველოს სამოთხე” მოთავსებულ სურათზე ელიზბარი და შალვა თუ ჯვრებით არიან გამოსახული, ბიძინა ჯვართან ერთად შუბითაა დახატული. 1660 წლის აჯანყებით კახეთი გადაურჩა გადაშენებას. აჯანყებაში გამარჯვებული კახეთის მხსნელი გმირები, თავისი ერის აწიოკებისგან გადარჩენის მიზნით, სასიკვდილო განაჩენისთვის წავიდნენ ყარაღაჯში, მურთაზალ-ყულიხანთან. მან მძევლები ყაენს გაუგზავნა. წესის მიხედვით, ყაენმა აჯანყების მეთაურები კახეთში დაღუპულ ელთა ოჯახის წევრებს გადასცა.

მგლოვიარეებმა აღუთქვეს, მუსულმანობის მიღების შემთხვევაში სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ, რაზეც სასტიკი უარი მიიღეს. ,,მაშინ დიდი მხნეობა გამოიჩინეს სამნივე ესე მოწამენი, უმეტესად ბიძინა ჩოლოყაშვილი, შეურაცხყო მაჰმადის რჯული და განამხნეობდა შალვასა და ელიზბარს და ეტყოდა, ნუ შეშინდებით, არამედ მივსცეთ თავი ჩვენი ქრისტესათვის სიკვდილსა. რამეთუ სიკვდილი უნებლიედ თანაგუაც და ვერავინ წიააღუდგების სიკვდილსა. აჰა, ჟამი ესე არს შესლვად სასუფეველსა შინა”. ელებმა ისინი საშინელი წამებით დახოცეს. ,,მახვილითა დაჭრეს იგინი ასოებად და დახვრიტეს, რომელიმე თოფითა და მახვილითა დაჭრეს”.
ბიძინა სპარსეთში მყოფ ევროპელ კათალიკოსებს დაუკრძალავთ. შემდეგ მადლიერმა ქართველებმა კახეთის აჯანყების მეთაურები საქართველოში - იკორთის ეკლესიაში გადმოასვენეს და მათი სახელები შარავანდედით შემოსეს – წმინდანებად შერაცხეს.


--------------------
"ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყველა გვლოცავდეს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
gnomchika
პოსტი Oct 28 2008, 21:04
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 28.10.2008
წევრი № 108



კარგი ნამუშევარია ..... მადლობთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
მამა დავითი
პოსტი Nov 19 2008, 20:16
პოსტი #3


Profi
*****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 477
რეგისტრ.: 17.05.2008
წევრი № 6



კარგ საქმეს აკეთებდი გიორგი და რატომ შეწყვიტე?


--------------------
უფალო შეგვიწყალენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
გიორგი
პოსტი Nov 20 2008, 16:48
პოსტი #4


Masters
****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 282
რეგისტრ.: 14.05.2008
მდებარ.: საქართველო
წევრი № 4



დიდი ქართველები-სარგის ჯაყელი


1260 წელს მონღოლებს განუდგა დავით-ულუ და თავი სამცხის სპასალარს, სარგის ჯაყელს შეაფარა. ქართული მხედრობა მონღოლთა მოთხოვნისამებრ, მორიგ ლაშქრობაში გასამგზავრებლად შეკრებილიყო. დავით-ულუმ ერისთავებს განუცხადა, რომ ის აღარ აპირებდა მონღოლთა შეურაცხმყოფელი მითითებით ცხოვრებას და აღარ ეახლებოდა ყაენს. მით უმეტეს, რომ რიცხოვნობით რამდენადმე აჭარბებდა მონღოლურს. მეფემ ერისთავებში მხარდაჭერა ვერ ჰპოვა.

დიდებულები თავიანთი მხედრობით ილხანთან შესაერთებლად გაეშურნენ. მარტოდ დარჩენილ მეფეს კი მხარი მხოლოდ სარგის ჯაყელმა ციხისჯვარელმა დაუჭირა. მირიან ბაჰლაუნდის, გიორგი ჩორდანელის, სულა კალმახის ერისთავის ღირსეული შთამომავალი, სარგისი მეფისთვის მარტოდმარტო აჯანყდა მონღოლების წინააღმდეგ. დავით-ულუს დასასჯელად მონღოლური მხედრობა გამოეშურა.

სარგისის ჯარი 8000 ცხენოსნისაგან შედგებოდა, ხოლო მონღოლური სადამსჯელო კორპუსი 20 000 მხედარს ითვლიდა, რომელთაგანაც 18 000 ქართველი იყო და საერთოდაც, მონღოლურ ჯარს სარდლობდა მართლმადიდებელი ერისთავთ-ერისთავი, კახა თორელი. ბრძოლები თანამედროვე ბორჯომის ტერიტორიაზე გაიმართა. პირველ ომში სარგისმა იმარჯვა. მტერმა ტაშისკართან უკან დაიხია და გაშლილ ველზე გავიდა. პირველი წარმატებით შეგულიანებული სარგისი უკან გაედევნა. გაშლილ მინდორზე რიცხობრივმა სიჭარბემ თავისი როლი ითამაშა. სარგისზე არანაკლებ გამოცდილმა კახა თორელმა უკან დახეული თანამებრძოლები შეაჩერა, შეაგულიანა და ხელახლა შეება ორნახევარჯერ მცირერიცხოვან სამცხელებს. გამარჯვება მონღოლებს დარჩათ. არადა, ფაქტიურად, მონღოლობა საქართველოში ვირტუალური მოვლენა იყო. უბრალოდ, განდიდებულ ქართველ ერისთავთა უდიდეს ნაწილს აღარ სურდა ბაგრატიონთა ქვეშევრდომობა.

სარგის ჯაყელმა მეფე მაინც არ ჩაუგდო ხელში მონღოლებს. მან დავით-ულუს დიდი სიმდიდრე უბოძა და პატივით გააცილა დასავლეთ საქართველოში, დავით-ნარინთან. ნარინმაც მეფური პატივით მიიღო ბიძაშვილი, მაგრამ მალე გაირკვა, რომ დავით-ულუ მოკვლას უპირებდა დავით-ნარინს... ამასობაში ქმრისგან ბედის ანაბარად მიტოვებული გვანცა დედოფალი (მეუღლე დავით-ულუსი) მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს... როდესაც დავით-ულუ სარგის ჯაყელთან გარბოდა, არც კი გახსენებია თანამეცხედრე, რომელიც მტერს ხელში შეატოვა. მასპინძლის ღალატში მხილებულ დავით-ულუს სხვა გზა აღარ რჩებოდა, გარდა იმისა, რომ ჰულაგუ ყაენს ხლებოდა პატიების სათხოვნელად. დავით-ულუს ჰულაგუსთან თან გაჰყვა და აჯანყებისთვის მთელი პასუხისმგებლობა იკისრა ჯაყელმა ციხისჯვარელმა.

სარგის ჯაყელის მარცხის მიზეზი 1260 წელს, ქართველ ერისთავთა ღალატი იყო, რომლებიც თავად წარმოუძღვნენ პირველ ბრძოლაში სასტიკად დამარცხეუბულ მონღოლებს. მაგრამ ამან ვერ გატეხა სამცხის სპასალარი, რომელიც მთელი 1261 წლის მანძილზე სრულიად მარტო განაგრძობდა ბრძოლას მონღოლთა თუ მოღალატე ქართველთა წინააღმდეგ. 1262 წელს, გმირი სარგისი ჰულაგუ ყაენის წინაშე წარდგა და დავით-ულუსთვის წაყენებული ბრალი მთლიანად თავის თავზე აიღო.

სარგისი ვერ გადაურჩებოდა სიკვდილის დასჯას, მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც ჰულაგუ ყაენს მისთვის მსჯავრი უნდა გამოეტანა, ილხანთა სამეფო დარბაზში მაცნე შეიჭრა და ყაენს ოქოს ურდოს შემოსევის შესახებ მოახსენა. ქართველებსა და სასიკვდილოდ განწირულ სარგისს, შესაძლებლობა მიეცათ ბრძოლის ველზე გამოესყიდათ"დანაშაული". XIII ს.-ის საქართველოში, მეფისა და სამშობლოს ერთგულებმა დანაშაულად ქცეულიყო. ოქროსა და ილხანთა ურდოებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხდა. არნახული გმირობა ჩაიდინა ჯაყელმა, რომელმაც, პრაქტიკულად, სარდლობა იკისრა, წაგებული ბრძოლის ბედი ილხანთა სასარგებლოდ შემოატრიალა, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და თვით ჰულაგუ ყაენი ბრძოლის ველზე სიკვდილისგან იხსნა. მონღოლთა სახელმწიფომ პაპა სარგისს (ასე ეძახდნენ ჯაყელს ასაკის გამო) კარნუ ქალაქი (არზრუმი) უბოძა. ამ ფაქტმა შურითა და ეჭვით აავსო დავით-ულუ, რომელმაც შემდეგი სიტყვებით მიმართა ყაენის ვეზირს: "უკუეთუ ყაენი სარგისს კარნუ ქალაქს მისცემს, მეფობაცა მისცეს" (საინტერესოა, რომ ამ დროისათვის კარნუ ქალაქი საქართველოს იურისდიქციაში არ შემოდიოდა. ამაზე მონღოლმა დავით-ულუს ასე უპასუხა: "თქვენ ქართველნი არა კეთილს უყოფთ მხნედ მებრძოლთა წყობათა შინა", თქვენ ქართველნი ვერ აფასებთ და ბოროტებით უხდით სამაგიეროს გმირებსო.

ველური მონღოლის ეს სიტყვები საუკუნო განაჩენია ჩვენი გაუტანლობის და შურიანობის გამო, რაც, თავის მხრივ, მუდამ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო საქართველოს დაცემისა. სარგისს ჩამოართვეს არზრუმი, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდა დავით-ულუ, რომელმაც ქვეყნის მოღალატე ერისთავების შემწეობით დააპატიმრა და მოკვლა დაუპირა გმირ მამულიშვილს სარგისს ჯაყელს... სარგისი სიკვდილს გადაურჩა იმის წყალობით, რომ ჰულაგუ ყაენმა არ დაივიწყა მისი გმირობა, გაათავისუფლა დავით-ულუს ტყვეობიდან და საბრძანებლად დაუმტკიცა მესხეთი. ამიერიდან, ვიდრე გიორგი ბრწყინვალემდე, სამხრეთ საქართველო ერთიან საქართველოს გამოეყო და ნომინალურად ყაენის ქვეშევრდომად ითვლებოდა. სხვათა შორის, გიორგი ბრწყინვალე სარგისის შვილთაშვილი იყო და გიორგი V-ს აღზევებასა და საქართველოს გაერთიანებაში სწორედ ჯაყელების ოჯახმა ითამაშა დიდი როლი.

დავით-ულუმ ახალი ცოლი შეირთო, მონღოლი ნოინის ასული, ესუქნი. საქართველოს მიწები უცხოტომელ მევახშეებს უვარდებოდათ ხელში, ეკლესია გარყვნილი ხუცესებით აივსო, მაგალითად, ისეთებით, როგორიც იყო ბასილი მწიგნობართხუცეს-ჭყონდიდელი, საყვარელი დავით-ულუს ცოლის, ესუქნი დედოფლისა.

1254 წლიდან მოყოლებული, სრულ საგადასახადო შეუვალობას ფლობდა საეკლესიო მამულები. პარადოქსია, მაგრამ კანიბალი ჩინგიზ-ყაენის ბრძანების თანახმად, მონღოლები ერიდებოდნენ საკულტო ქონების ხელყოფას, მათ შორის, ქრისტიანული ეკლესიებისაც. მეფის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის წყალობით განიავებული მიწის ფონდის შევსება დავით-ულუმ და მისი ცოლის საყვარელმა, ბასილმა საეკლესიო მიწების უკან გამოწირვით დაიწყეს. ისინი არად დაგიდევდნენ არც ანათემას და არც იმას, რომ ეკლესიისთვის ჩამორთმეული და განსახელმწიფოებული მიწა კვლავ მონღოლურ გადასახადებს ექვემდებარებოდა და, შესაბამისად, მასაც და მასზე მომუშავე გლეხსაც, ისეთივე გაღატაკება და სომეხ-თათარი მევახშის ხელში ჩავარდნა ემუქრებოდა, როგორც მანამდე იავარქმნილ მამულებს. დავით-ულუმ მაქსიმალურად გამოაწირვინა საეკლესიო მიწები ბასილ ჭყონდიდელს და შემდეგ, ცოლზე ეჭვიანობის მიზეზით, მოკლა.

1270 წელს, დავით-ულუ მუცლის ავადმყოფობით გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, დავითი, ბასილ ჭყონდიდელის მკვლელობით განაწყენებულმა ცოლმა, ესუქნი დედოფალმა მოწამლა. ქართველთა უმდიდესი ნაწილი ზნეობრივად სრულიად გარყნილიყო. XIII ს.-ის ქართველებს კანიბალი ჩინგიზ-ხანი, რომელიც, სხვათაშორის, თვალითაც კი არ უხილავთ, ქრისტეს რჩეულ, მადლმოსხმულ ზეკაცად მიაჩნდათ. საქართველოს სამეფო კარმა ერთადერთი გმირი მთავარი, სარგის ჯაყელ-ციხისჯვარელი სულმოკლეობით, გაბოროტებითა და უზნეობით მტრად მოიკიდა, მაგრამ სარგის ჯაყელი ის კაცი არ იყო, რომელიც ხმალს აღმართავდა სამშობლოს, თუნდაც გადაგვარებული მეფის მორჩილი სამშობლოს წინააღმდეგ. XIII ს-ის 80-იან წლებში, თითქმის 100 წელს მიღწეული სარგის ჯაყელი ციხისჯვარელი, სპასალარი სამცხისა, კიდევ ერთხელ აუჯანყდა მონღოლებს...


--------------------
"ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყველა გვლოცავდეს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
გიორგი
პოსტი Nov 20 2008, 17:02
პოსტი #5


Masters
****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 282
რეგისტრ.: 14.05.2008
მდებარ.: საქართველო
წევრი № 4



ფერეიდნელ ქართველებზე :http://fereidani.ge/39_shavi/39_shavi.html


--------------------
"ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყველა გვლოცავდეს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
გიორგი
პოსტი Nov 20 2008, 17:40
პოსტი #6


Masters
****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 282
რეგისტრ.: 14.05.2008
მდებარ.: საქართველო
წევრი № 4



ქართველი პარტიზანები იტალიაში და ფორე მოსულიშვილი


მეორე მსოფლიო ომის წლებში იტალიის ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში 5000-ზე მეტი საბჭოთა მებრძოლი მონაწილეობდა. ოფიციალური მონაცემებით 425-ზე მეტმა სიცოცხლე გასწირა და განისვენებს იტალიის მიწაზე. ჩრდილოეთ იტალიაში, განსაკუთრებით ნოვარის პროვიანციაში პარტიზანულ რაზმებში 300-ზე მეტი ქართველი მეომარი ირიცხებოდა, რომლებმაც ბევრ წარმატებულ ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა.


პარტიზანთა 42-ე ბრიგადის შემადგენლობაში მოქმედებდა ქართველთა 50 კაციანი რაზმი ვლადიმერ გაბისონიას მეთაურობით. სოფელ სტიმასთან გამართული ბრძოლისას რაზზმა ტყვედ ჩაიდგო 180 გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი. საპასუხო სადამსჯელი ოპერაციისას რაზმი გამაგრდა ბალმაფოლის მთაზე და უკუაგდო გერმანელთა ყველა შემოტევა. ეს რაზმი საუკეთესოდ ითვლებოდა გარიბალდელთა მე-3 დივიზიაში.

სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ გრაველონისთვის ბრძოლაში ”ბელტრამის”, ”სერვადეის” ქვედანაყოფებმა და ქართულმა რაზმმა დაიკავა ქალაქის გარეუბანი. კონტრიერიშზე წამოსული გერმანელების ჯავშანტრანსპორტიორი უცნობმა ქართველმა მეომარმა ააფეთქვა ხელყუმბარების შეკვრით და გადაწყვიტა კიდეც ბრძოლის ბედი. გერმანელთა 300 კაციანი გარნიზონი განადგურდა, მაგრამ ბრძოლაში რამდენიმე ქართველი დაიღუპა.

რამდენიმე იტალიელ თანამებრძოლთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში დაეცა გიორგი ვარაზაშვილი, იგივე ”კაპიტანი მონტი”, იგი უკანასკნელ ვაზნამდე ეწინააღმდეგებოდა მტერს, როცა ტყვია-წამალი გამოელია ტყვეობას სიკვდილი არჩია ... მის საფლავზე ასეთი წარწერაა: ”გამვლელო, გაჩერდი, ამ ადგილას განისვენებს პატრიოტი, რომელმაც სისხლი დაღვარა შენი განთავისუფლებისათვის, მან შენ თავისუფალი იტალია გაჩუქა”.

1945 წლის 16 მარტს ქ. ბორგოსეზიაში დაიღუპა პარტიზანი მეგონა ღურწკაია. როდესაც გერმანელებმა შეძლეს პარტიზანთა შეტევის შეფერხება, მან მარტომ შეუტია სახლში გამაგრებულ გერმანელებს და გმირის სიკვდილით დაეცა.



ფორე მოსულიშვილიიტალიის მთავრობამ მხოლოდ ორ საბჭოთა ჯარისკაცს მიანიჭა იტალიის ეროვნული გმირის საპატიო წოდება, რუს პოლეტაევს და ქართველ ფორე მოსულიშვილს. ფორე დაიბადა 1919 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში. 1939 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. მისი უკანასკნელი წერილი ოჯახმა 1941 წლის მაისში მიიღო ბალტიისპირეთიდან. ერთერთ ბრძოლაში ფორე დაიჭრა და უგონოდ მყოფი ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა. 1943 წლის დამლევს ტყვეთა ნაწილი პოლონეთიდან საფრანგეთში გადაიყვანეს. ფორე იმ ბანაკში მოხვდა, რომლის კომენდანტიც სიმკაცრით განთქმული ობერშტურმფიურერი ჰანს ფონ ფალკენშტაინი იყო. ერთერთი შემოვლისას მისი ყურადღება ფორემ მიიპყრო, ალბათ მისი ახოვანი აღნაგობის და წვერების გამო.



- სადაური ხარ? - ჰკითხა ოფიცერმა.

- ქართველი

- აჰა, ქართველი, ქართველი ... - გაიმეორა კომენდანტმა და უცებ იყვირა: დაიჩოქე! ფორე კიდევ უფრო გაიმართა წელში და თვალი თვალში გაუყარა. კომენდანტმა ერთხანს უყურა ფორეს, მერე მათრახი მოიმარჯვა და გადაუჭირა.

ფორე არც შერხეულა, მოულოდნელად მოუქნია მკლავი და სახეში გაარტყა ... კომენდანტი მოცელილივით დავარდა მიწაყრილზე. მისი დაცვა და ტყვეები გაოგნებისგან გაშეშდნენ ...

კომენდანტი ძლივს წამოდგა, ყურიდან და ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. ჯარისკაცებს ანიშნა უკან დაიხიეთო და აკანკალებული ხელით ამოიღო პარაბელუმი ... შეტრიალდა და წავიდა ...

საღამოს ფორემ თავის მეგობარ ისაკ ძამსაშვილს უთხრა: ”ეს კაცი მართლა ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა!” ისაკი იგონებს: ”თავიდან ვერ გავიგე რა იგულისხმა ფორემ, მერე მივხვდი, რომ უიარაღო ტყვის საჯაროდ დახვრეტა სახეში გარტყმის გამო საკუთარი უღირსობის დემონსტრაცია და შიშის აღიარება იქნებოდა. ბოლოსდაბოლოს კომენდანტი ბარონი იყო”.



1944 წელს სამხედრო ტყვეთა ერთი ნაწილი, რომელშიც ფორეც იყო ქალაქ სტრეზაზეში აღმოჩნდა. ერთ საღამოს გერმანელები დათვრნენ და დაცვაში მხოლოდ ერთი ჯარისკაცი დატოვეს. ფორემ განაიარაღა მცველი, ყოფილ ტყვეებს არც დარჩენილი გალეშილი გერმანელების დატყვევება გასჭირვებიათ. სოფელ ჯენეზიას ტყეში ფორეს რაზმი იტალიელ პარტიზანთა რაზმს შეხვდა, რომელსაც ედო დელგრატო მეთაურობდა. ფორე 70-ზე მეტი ქართველით შეუერთდა მათ.

პირველი საბრძოლო ოპერაცია რაზმმა 14 სექტემბერს ჩაატარა, როცა დაბა ომენიის ჰოსპიტალიდან გამოიხსნა ჯენეზიას მახლობლად ტყვედ ჩავარდნილი ძმები გოგიშვილები და ედო დელგრატო. ამ შეტაკებისას ფორემ უხმაუროდ მოხსნა დაცვა და საშუალება მისცა რაზმს დაეკავებინა შენობა. მალე ფორეს დიდი შენაერთის მეთაურობა შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა: ადგილმდებარეობას არ ვიცნობ კარგად და არც იტალიური ვიციო ...



სექტემბრის ბოლოს მისი რაზმი იბრძოდა დაბა დომოდოსოლოს რაიონში, სადაც მოსპეს 30 გერმანელი ჯარისკაცი, ხოლო ფორემ დაცვის ცხვირწინ ააფეთქა ხიდი, რომელიც რაიონს ნოვარას პროვინციასთან აკავშირდებდა. ერთხელ მოენის შოვნა იყო საჭირო, ფორემ გადაიცვა გერმანელი ოფიცრის ფორმა და თამამად შევიდა ქ. სტერზას ლუდხანაში, ერთერთი ოფიცერს ჩუმად იარაღი დაადო და ასე მიიყვანა პარტიზანთა ბანაკში. გერმანელი ისე დაფეთდა, კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა.



გერმანელებმა გადაწყვიტეს გაენადგურებინათ პარტიზანები და ფართომაშტაბიანი შეტევა განახორციელეს ”რემო სერვადეის” 181-ე ბრიგადაზე, რომლის მე-2 ბატალიონ ”პეპინოში” იბრძოდა ფორე და 27 სხვა ქართველი პარტიზანი. 1944 წლის 3 დეკემბერს სოფელ კოლონიის ბოლოს, რაზმი, რომელიც ქ. არონედან ეშელონის აფეთქების შემდეგ ბრუნდებოდა, გერმანელთა ალყაში აღმოჩნდა. თექვსმეტი პარტიზანიდან 7 ქართველი იყო: ფორე მოსულიშვილი, მიხეილ საყვარელიძე, ბაგრატ ესართია, შალვა კვირიკაშვილი, შოთა ბექაია, ვლადიმერ ჭეჟია და ზაქარია თომაშვილი. გააფთრებულ შეტაკებაში ბევრი გერმანელი დაიღუპა, მაგრამ პარტიზანთა დიდი ნაწილი დაიჭრა და ვაზნებიც ილეოდა. გერმანელებმა მეთაურის დანებება მოითხოვეს და სხვებს სიცოცხლის შენარჩუნებას დაპირდნენ. მარიო ძენონი იხსენებს: ”ერთმანეთს გადავხდეთ, ვერც რაზმის მეთაური ედო დელგატო და ვერცერთი ჩვენთაგანი ადგილიდან დაძვრას ვერ ვბედავდით. გერმანელებთან გასვლა წამებით სიკვდილს ნიშნავდა. როცა ჩვენს დახოცვამდე ალბათ წამები იყო დარჩენილი, სისხლით შეღებილი ფორე მოსულიშვილი კართან მივიდა, გამოაღო და გერმანელებს შესძახა: ”მეთაური მე ვარ, თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია! გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს თავისუფლებას!” და თავი მოიკლა. მისმა თავგანწირვამ 16 კაცს შეგვინარჩუნა სიცოცხლე”.



იტალიის მთავრობამ სათანადოდ დააფასა ფორეს თავგანწირვა და მას იტალიის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.



სტატია მომზადებულია ედუარდ სიხარულიძის წიგნის ”იტალიის ეროვნული გმირი”-ს (”საბჭოთა საქართველო” 1973) მიხედვით.

პაატა გიგაური


--------------------
"ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყველა გვლოცავდეს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
მამა დავითი
პოსტი Nov 20 2008, 21:49
პოსტი #7


Profi
*****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 477
რეგისტრ.: 17.05.2008
წევრი № 6



გაიხარე გიორგი, ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებ!


--------------------
უფალო შეგვიწყალენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
გიორგი
პოსტი Nov 20 2008, 23:09
პოსტი #8


Masters
****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 282
რეგისტრ.: 14.05.2008
მდებარ.: საქართველო
წევრი № 4



ციტატა(მამა დავითი @ Nov 20 2008, 21:49) *

გაიხარე გიორგი, ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებ!

დიდი მადლობა მამაო, აუცილებლად გავაგრძელებ შეძლებისდაგვარად, მინდა ყველასთვის საინტერესო მასალა მოვძებნო


--------------------
"ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყველა გვლოცავდეს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
გიორგი
პოსტი Nov 21 2008, 10:35
პოსტი #9


Masters
****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 282
რეგისტრ.: 14.05.2008
მდებარ.: საქართველო
წევრი № 4



ლეონტი მროველი - ქართველების წინაპრები




ვიწყო მითხრობად ცხოვრებასა ქართუელთა მეფეთასა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა


ამბავი რვათა ძმათა

პირველად ვაჴსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა – ამათ თჳისთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონს გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველსა ქუეყანასა. და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით, და დაემკჳიდრა ორთა მათ მთათა შუა კაცშეუვალთა, არარატსა და მასისსა. და იყო ნათესავი მისი დიდი და ურიცხჳ, რამეთუ ესხნეს ცოლმრავალ ძენი და ასულნი, და შვილნი და შვილისშვილნი ძეთა და ასულთა მისთანანი, რამეთუ ცხოვნდა იგი ექუსას წელ. და ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა ....
ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდის კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნეს გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმჴნითა.
ხოლო ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა, განუყო თარგამოს ქუეყანა და ნათესავი თჳსი რვათა ამათ გმირთა: ნახევარი ნათესავისა მისისა და ნახევარი და უმჯობესი ქუეყანისა მისისა მისცა ჰაოსს, ხოლო შჳდთა ამათ მისცა ხუედრი მათი არძანგებისაებრ მათისა: წარმოიყვანნა შჳიდნი იგი ჩრდილოთ კერძო და განუყვნნა ქუეყანანი ღირსებისაებრ მათისა. ....

ამბავი ქართლისა

... და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისისა თჳისია ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპო არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანიდან ვიდრე ზღუამდე სპერისა.
შემდგომად ამისსა ამანვე ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქვიან სამშჳლდე. და კუალად აღაშენა მტუერის ციხე, რომელსა აწ ჰქჳან ხუნანი. ცხოვნდა იგი მრავალთა წელთა და განმრავლდა ნათესავი მისი.
ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს ხუთნი გმირნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა მცხეთოს, მეორესა გარდაბოს, მესამესა კახოს, მეოთხესა კუხოს, მეხუთესა გაჩიოს. ესე ხუთნივე იყვნეს გმირნი. არამედ მცხეთოს უგმირე იყო სხუათა მათ.



--------------------
"ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყველა გვლოცავდეს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mati
პოსტი Nov 21 2008, 16:03
პოსტი #10


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 416
რეგისტრ.: 17.10.2008
მდებარ.: Zveli Tbilisi
წევრი № 97



ნეტავი დღევანდელი გენერლებიც იხსენებდნენ ხშირად ქართველთა საგმირო საქმეებს.


--------------------
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
გიორგი
პოსტი Nov 21 2008, 18:46
პოსტი #11


Masters
****

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 282
რეგისტრ.: 14.05.2008
მდებარ.: საქართველო
წევრი № 4



ციტატა(mati @ Nov 21 2008, 16:03) *

ნეტავი დღევანდელი გენერლებიც იხსენებდნენ ხშირად ქართველთა საგმირო საქმეებს.

ნამდვილად სწორი შენიშვნაა smile.gif


--------------------
"ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყველა გვლოცავდეს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
mati
პოსტი Nov 25 2008, 14:07
პოსტი #12


Profi
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 416
რეგისტრ.: 17.10.2008
მდებარ.: Zveli Tbilisi
წევრი № 97



პოლიტიკას არ შევეხოთ და შეადარე აგვისტოს "ომი" ჩვენი წინაპრების ომს.ჯერ მხედართმთავრები რომ იბრძოდნენ წინა ხაზზე,აქ კი,პირველები გამორბოდნენ.რას იტყვი გიორგი?


--------------------
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
ფოტინე
პოსტი Jun 1 2009, 17:04
პოსტი #13


Masters
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 31.05.2009
მდებარ.: საქართველო
წევრი № 268



წმიდა დიდმოწამე არგვეთის მთავარნი
დავით და კონსტანტინე მხეიძენი

IPB-ს სურათი


მეექვსე საუკუნეში არაბმა დამპყრობლებმა მურვან-ყრუს მეთაურობით განიზრახეს მთელი საქრისტიანო აეოხრებინათ. არაბები ჯერ საბერძნეთს დაესხნენ თავს, შემდეგ სომხეთს და ბოლოს ამ მიზნით საქართველოსკენ დაიძრნენ. არგვეთის ერისმთავრებმა, დავითმა და კონსტანტინემ რომ გაიგეს, თუ რა დიდი განსაცდელი ელოდა ქვეყანას, შეკრიბეს ლაშქარი და საბრძოლველად გაემზადნენ. ორივე მთავარი ქრისტესმოყვარე და კეთილმორწმუნე იყო. დავითი ასაკით უფრო დიდი იყო, ვიდრე კონსტანტინე, ორივე გამოცდილი მეომარი და ახოვანი ადამიანები იყვნენ.

როდესაც წარმართნი სამცხეს შემოესივნენ, მათი ლაშქარი ლოცვითა და მახვილით დახვდა მტერს და საშინლად დაამარცხა. უკან გაქცეულმა მტრებმა ყველაფერი თავიანთ მთავარს მოახსენეს. განრისხებულმა მურვან-ყრუმ ახლა აბულ-კასიმი ჩაუყენა სათავეში მრავალათასიან ლაშქარს, რომელიც არგვეთში შევიდა და ქვეყანა მიწასთან გაასწორა, დავითი და კონსტანტინე ტყვედ ჩაიგდეს და სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს. ამაზე მტკიცე უარი მიიღეს. წმიდანები დილეგში დაამწყვდიეს. მურვან-ყრუმ იქაც მიუგზავნა ტყვეებს თავისი კაცი და მათი მოსყიდვა სცადა. უამრავ განძსა და სახელს ჰპირდებოდნენ არაბები წმიდანებს, მაგრამ ისინი მაინც მტკიცედ იცავდნენ სარწმუნოებას და ამბობდნენ: ჩვენი დიდება და სიმდიდრე ქრისტეა, ჩვენ ერთ რჯულსა და ერთ სარწმუნოებას ვაღიარებთ, ჩვენ განათლებულნი ვართ ქრისტეს რწმენით და გვწამს მამა, ძე და სულიწმიდა და მისთვის მოვკვდებით. როცა მტერი ვერაფერს გახდა, მთავრები ცემეს და ხელფეხშეკრულნი რიონში გადაყარეს. სიკვდილის წინ წმიდანები შეევედრნენ უფალს, რომ მათი გვამები მტერს არ წაებილწა; ხოლო ვინც უფლის სახელით შეეხებოდა, მათ კურნება და ცოდვათა მიტევება მიეღოთ. მართლაც, ღამით სამი ნათლის სვეტი დაადგა წყალს, მისმა ცეცხლმა შეხსნა წმიდათა სხეულებს ბორკილები და ჩამოხსნა ლოდები, მტერი კი წყალში დაინთქა. წმიდანების უხრწნელი სხეულები მსახურებმა იპოვეს და წყალწითელას კლდეზე დანგრეულ ტაძარში დაასვენეს. ეს ამბავი 730 წელს მოხდა.

IPB-ს სურათი


დავით და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები დღემდე მონასტერში განისვენებს, რომელსაც მოწამეთა ეწოდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არგვეთის მოწამე მთავრების - დავითისა და კონსტანტინეს ხსენებას 15 ოქტომბერს (ძველი სტილით 2 ოქტომბერს) აღნიშნავს.

„საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№11. 2003 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page

Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

> სწრაფი პასუხის ფორმა
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?

   

 




Untitled Document

free counters


ახლა არის: 20.01.2018 - 20:46