დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ფარმაკოგნოზიის ისტორია
წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი > საერო ფორუმი > ხალხური მედიცინა
animani
ფარმაკოგნოზიის ისტორია




ფარმაკოგნოზია განვითარდა მას შემდეგ, რაც შემოიღეს დამწერლობა. მანამდე კი ზეპირსიტყვაობით გადაეცემოდა თაობიდან თაობას, ამა თუ იმ სამკურნალო მცენარეთა თვისებები. ადამიანები აკვირდებოდნენ მცენარეებს , აკეთებდნენ მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს, ხოლო მე-11 საუკუნიდან შეიქმნა კარაბადინები. ( ზაზა ფანასკერტელის , ციციშვილის ”სამკურნალო კარაბადინი”.).

ფარმაკოგნოზია მჭიდრო კავშირშია ბოტანიკასთან. ფარმაკოგნოზიის განვითარებაში დიდი როლი მიუძღვის მეცნიერებს: ჩირხი, მურავიოვა, გამერმანი, ტუროვა, ორეხოვი, ქუთათელაძე, შოთაძე, ქემერტელიძე, ერისთავი.
ფარმაკოგნოზიის შესწავლისათვის უნდა ვიცოდეთ სამკურნალო ნედლეულის შეგროვება, შეგროვების წესების დაცვა, გაშრობის ტიპები, ტემპერატურული რეჟიმები, სამკურნალო ნედლეულის შეფუთვა, ეტიკეტირება, ტრანსპორტირება. ფარმაკოგნოზიაში მნიშვნელოვანია ნედლეულის გარეგნული ფორმა, სუნი, გემო, ზომა და მიკროსკოპული ანალიზი.



animani
ფარმაკოგნოზია (განმარტება)



ფარმაკოგნოზია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მცენარეთა მიღებას, მოშენებას, მისგან სამკურნალო პრეპარატების მიღებას და გამოყენებას მედიცინაში.
ფარმაკოგნოზია ლათინური სიტყვაა, ”ფარმაკო”- ნიშნავს წამალს, ”გნოზის”- შესწავლას. ე. ი. ფარმაკოგნოზია არის მოძღვრება წამლების შესახებ.

ფარმაკოგნოზია კავშირშია ისეთ დისციპლინებთან, როგორიცაა ბოტანიკა, ლათინური, ორგანული და არაორგანული ქიმია.


სამკურნალო მცენარეების აგებულება



ფარმაკოგნოზია შეისწავლის ბოტანიკის ელემენტებს. ბოტანიკა თავის მხრივ სწავლობს მცენარეებს.
მცენარე იბადება, იზრდება, მრავლდება და კვდება. განვიხილოთ ყვავილოვანი მცენარის აგებულება.
ყველა მცენარე შედგება: ფესვის, ღეროს, ფოთლის, ყვავილის, ნაყოფისა და თესლისგან.
ყვავილის აგებულება: ყვავილი შედგება ყვავილსაჯდომისაგან, ჯამის ფოთლებისაგან, გვირგვინის ფურცლებისაგან და ბუტკოსაგან.
ბუტკო შედგება: მტვრიანას ძაფისა და სამტვერესგან.
ნაყოფი შეიძლება იყოს კენკროვანი და კურკიანი.
მცენარეები არის სამი ჯგუფის: ხეები, ბუჩქები და ბალახი.
ასაკის მიხედვით მცენარეები არის: ერთწლიანი, ორწლიანი და მრავალწლიანი.
ერთწლიანი მცენარეებია: ფეტვი და შვრია.
ორწლიანი მცენარეებია : ჭარხალი,კომბოსტო, ბოლოკი. მათ პირველ წელს უვითარდებათ ფესვი, ღერო და ფოთლები. მეორე წელს იძლევიან ყვავილს, ნაყოფსა და თესლს.
animani

სამკურნალო ნედლეულის მიღების წყაროები



სამკურნალო ნედლეულს გვაძლევს:
--ველურად მოზარდი მცენარეები;
--კულტივირებადი მცენარეები;
--იმპორტული მცენარეები.


1. ველურად მოზარდია ის მცენარეები, რომლებიც ბუნებაში იზრდებიან ადამიანის ჩარევის გარეშე.

2. კულტივირებადია მცენარეები, რომლებიც მოჰყავთ პლანტაციებში ადამიანის დახმარებით. მაგ: ჩაი, დაფნა, გოგრა, ხახვი, ნიორი და სხვ...

3. იმპორტულია მცენარეები, რომლებიც არ ხარობენ ჩვენს პირობებში და შემოგვაქვს საზღვარგარეთიდან. ზოგიერთი მცენარე გადაშენების პირასაა. ამიტომ 1975 წელს შემოღებული იქნა სპეციალური წიგნი, წითელი წიგნი და აქ შეტანილია ყველა ის მცენარე, რომელიც გადაშენდა, ან გადაშენების პირასაა.

სამკურნალო მცენარეებს შეისწავლიან სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში. საქართველოში ასეთია: ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, ბოტანიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კათედრა, ქობულეთის მცენარეების შემსწავლელი მეურნეობა...

მცენარე შედგება: წყლისა და მშრალი ნივთიერებისაგან. წყალი არის არე, სადაც მიმდინარეობს სასიცოცხლო პროცესები. ცოცხალი მცენარე შეიცავს 65-85% წყალს, ხოლო მშრალი კი-10-12%-ს.. მშრალი ნედლეული 110 გრადუსზე , რომ გამოვაშროთ მასში მაინც დარჩება 2 % წყალი. აბსოლიტურად მშრალი მცენარე კარგავს აღმოცენების უნარს.


ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს 21 ელემენტს, აქედან 16-აუცილებელია. მათ შორისაა: წყალბადი, ნახშირბადი, ჟანგბადი, აზოტი, გოგირდი, სპილენძი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა.
5 ელემენტი კი ზოგში არ არის. მაგ: იოდი.
გარდა ამისა მცენარე შეიცავს 20 ამინომჟავას.







animani
სამკურნალო ნედლეულის კლასიფიკაცია




1. პოლისაქარიდების (ლორწოების) შემცველ სამკურნალო ნედლეულს გვაძლევს შემდეგი მცენარეები: ტუხტი, მრავალძარღვა, დედა და დედინაცვალი, ზღვის კომბოსტო, სელი, მოლოქა....



2. ტერპენოიდების შემცველ სამკურნალო ნედლეულს ვღებულობთ შემდეგი მცენარეებისგან: სალბი, პიტნა, ევკალიპტი, გვირილა, აბზინდა, კატაბალახა, ცერეცო, ანისული, კამა, თავშავა, ფიჭვი....



3.გლიკოზიდების შემცველ სამკურნალო ნედლეულს გვაძლევს: შროშანი, დევსურა, ღვედკეცა, ერიზიმი, ოლეანდრი, სტროფანტი .



4.საპონინების შემცველ ნედლეულს გვაძლევს: ძირტკბილა, თირკმლის ჩაი, ჟენშენი, კავკასიური დიოსკურია.


5.ფენელოგლიკოზიდების შემცველ სამკურნალო ნედლეულს გვაძლევს მცენარეები: დათვის ყურა, სელშავი, მდოგვი.


6.ფლავონიდების შემცველ სამკურნალო ნედლეულს გვაძლევს მცენარეები: კუნელი, მინდვრის შვიტა, უკვდავა, შავბალახა, ცაცხვი, ასფურცელა, სამფერა ია, ზაფრანა, ანწლი და სხვ....


7.ალკალოიდების შემცველ სამკურნალო ნედლეულს გვაძლევს მცენარეები: შმაგა, ლემა, ლენცოფა, ქრისტესისხლა, საძილე ყაყაჩო, ფითრი, კოწახური და სხვ...


8. მთრიმლავ სამკურნალო ნედლეულს გვაძლევს მცენარეები: მოცვი, შოთხი, მუხა, შინდი, ბროწეული და სხვ...


9.ვიტამინების შემცველ სამკურნალო ნედლეულს გვაძლევს მცენარეები: ასკილი, ქაცვი, მაყვალი, სიმინდის ულვაში, მატიტელა, ჭინჭარი, შავი მოცხარი და სხვ...


10. ცხოველური წარმოშობის სამკურნალო ნედლეულია: ფუტკრის შხამი, გველის შხამი, წურბელები...


11. სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველი ნედლეულია: კალანხოე, გოგრა, ნიორი, ხახვი, ტყის მარწყვი და სხვ...
animani
გლიკოზიდები




გლიკოზიდები არის, მარტივი და რთული შაქრების შენაერთები არაშაქრულ გლიკოზიდებთან.
მათ სხვადასხვა აღნაგობა აქვთ და ადვილად იშლებიან. მათ აქვთ კრისტალური აღნაგობა და იხსნებიან წყალში. უმეტესობა მომწაროა და ტოქსიკურია. გლიკოზიდები მოიპოვება ფოთლებში და მიწისქვედა ნაწილში სამარაგო ნივთიერებების სახით. მათ დაშლას ხელს უწყობს უჯრედში არსებული მჟავეები.


საგულე გლიკოზიდები, ანუ კარდენოლიდები



გვხვდებიან ერთეულ მცენარეებში. მაგ: შროშანში. მათ შემადგენლობაში მრავალი შაქრული და არაშაქრული შემადგენლებია. ერთსადაიმავე მცენარეში შესაძლოა მრავალრიცხოვანი გლიკოზიდები იყოს, რომელთაგანაც მხოლოდ ზოგიერთს გააჩნია სამკურნალო თვისება. ეს ნივთიერებები ადვილად იშლებიან და გადადიან მეორად გლიკოზიდებში. ყველა კარდენოლიდები მოქმედებს გულის კუნთზე და გამოიყენება გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. ისინი ძლიერი და სწრაფად მომქმედი ნივთიერებები არიან და ახასიათებთ ორგანიზმში დაგროვება, ანუ აკუმულაცია.
დიდ დოზებში კი იწვევენ მოწამვლას, რადგან ყველა საგულე გლიკოზიდი შხამიანია.



ფენელო გლიკოზიდები


ესენი ის გლიკოზიდებია, რომლებშიც შაქრები შეერთებულია ფენოლი წარმოებულებთან, მცენარის სხვადასხვა ორგანოებში ფენოლური შენაერთები ნაირგვარია, რომელთაგანაც მხოლოდ ზოგიერთს აქვს სამკურნალო თვისება. ცნობილია არბუტინი და მეთილარბუტინი, სალიცილი და კოპულინი.
მარტივი ფენელოგლიკოზიდები , მაგ:სალიცილი წყალში ადვილად იხსნება.



საპონინები



საპონინები ის გლიკოზიდებია, რომლებიც რამდენიმე მარტივი შაქრისგან შედგება. ასევე ზოგი A გლიკოგენისგან, რომლებიც ე. წ. საპოგენური ნაწილის შემადგენლობაში შედიან, რომელსაც ტრიტონპენოიდული ხასიათი უნდა ჰქონდეს.
საპონინები თავიანთი თვისებებით იწვევენ სისხლის გათხელებას და დაშლას, ანუ ფენოლიზს. საპონინების წყალხსნარი ქაფდება, არიან ტოქსიურები და არასასიამოვნო გემოსი. ისინი კარგად იხსნებიან წყალსა და სპირტში. საპონინებით მდიდარ მცენარეებში არ მოიპოვება ალკალოიდები, ეთერზეთები და ფისები.
საპონინები და გლიკოზიდები აღიზიანებენ ლორწოვან გარსს და გამოიყენებიან ამოსახველებელ საშუალებად. მათ აქვთ შარდმდენი ეფექტი და ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას. მათი უმეტესობა შხამიანია. დიდი დოზები იწვევს ღებინებას.



მწარე გლიკოზიდები




მწარე გლიკოზიდები, მწარე გემოს მქონე სხვადასხვა აღნაგობის, ქიმიური ნივთიერების შემცველი ნაერთებია. ამ ნივთიერებს მწარე, მწვავე გემო აღიზიანებს პირის ღრუში არსებულ ნერვულ დაბოლოებებს იწვევს ნერწყვისა და კუჭის წვენის გამოყოფას. ამის გამო უმჯობესდება მადა და მონელების პროცესი. უმადობისას გამოიყენება და საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლისას.



ალკალოიდები




ალკალოიდები, ტუტე ბუნების შენაერთებია, რომელთა შემადგენლობაში აზოტთან ერთად გვხვდება ნახშირწყლები, წყალბადი, ჟანგბადი, გოგირდი, კალიუმი. მცენარეებში ისინი კრისტალების სახითაა. მათ წყალხსნარს აქვს მწარე გემო. ორგანულ მჟავებთან ქმნიან მარილებს, ლიმონმჟავას, ვაშლისმჟავას და სხვა
სახის მჟავებს, რომლებიც იხსნებიან წყალში და ეთილის, ანუ ღვინის სპირტში.
ალკალოიდები გვხვდება მცენარის სხვადასხვა ნაწილში, გროვდება სხვადასხვა ორგანოში, ჩვეულებრივი უჯრედის წვენსა და მცენარის რძისფერ წვენში, ზოგიერთი ალკალოიდი იწვევს აღგზნებას, ზოგი კი–პირიქით ამუხრუჭებს ნივთიერების მდგომარეობას. გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლად, ნარკოტიკულად, შარდმდენად. იწვევენ ღებინებას და აქვთ ამოსახველებელი და პარაზიტების საწინააღმდეგო მოქმედება.

ალკალოიდები იყოფა რამოდენიმე ჯგუფად:
1. ტროპანული ალკალოიდები. ––––გვხვდება შმაგას ფოთლებში. გავრცელებულია მათ შორის: ატროპინი,
სკოპოლამინი, ნიკოტინი. ისინი რამოდენიმე საათში იწვევენ თვალის გუგების გაფართოებას, გლუვი კუნთების შეკუმშვას და დამუხრუჭებას.
ზღუდავს ოფლის, ნერწყვის და კუჭის წვენის გამოყოფას. ინიშნება სტენოკარდიის, სანაღვლე გზების სპაზმის დროს.

2. ოპიუმის ალკალოიდები–––მოიპოვება სამკურნალო ყაყაჩოს რძისფერ წვენში. ეს ალკალოიდები ორი ჯგუფისაა:
ა) პაპავერინი და ნარკოტიკი;
ბ) მორფინი და კოდეინი.

პაპავერინი ხსნის ნერვული სისტემის სპაზმს დაზიანების გარეშე.
მორფინი ძლიერ მოქმედებას ახდენს ნერვულ უჯრედებზე, ის ეკუთვნის ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ პრეპერატებს. გამოიყენება, როგორც საძილე და ნარკოტიკული საშუალება. მისი ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ფსიქიურ დეგენერაციას. ნერვულ და ფიზიკურ მოშლას, ზოგჯერ კი ნაადრევი სკვდილის მიზეზიც ხდება.
კოდეინი უფრო ნაკლები სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. ის გამოიყენება ხველების შესაჩერებლად.




მთრიმლავი ნივთიერებები



მთრიმლავი ნივთიერებები სხვადასხვა ქიმიური აღნაგობის შენაერთებია და იყოფა ორ ჯგუფად:
ჰიდროლიზური და არაჰიდროლიზური.
მთრიმლავი ნივთიერებები მოიპოვება მცენარის პარაქინულ უჯრედებში. ჩვეულებრივად ისინი ხეების ქერქს აძლევენ ფერს და ნაწილობრივ იცავენ მცენარეს ინფექციისაგან. მათ შემადგენლობაში შემავალ შენაერთებს ერთნაირი თვისებები გააჩნია: აქვთ მწკლარტე გემო, იხსნებიან წყალსა და სპირტში, ადვილად იჟანგებიან, მეტალების იონებთან იძლევიან შემფერადებელ რეაქციებს, ცილებთან ქმნიან მყარ შენაერთებს. უფრო ხშირად გვხვდება ტანინი, რომელიც გამოიყენებასუფთა სახით. მთრიმლავი ნივთიერებების შემცველი ნედლეული გამოიყენება გასტრიტების, კუჭის აშლილობის, ფარული სისხლდენების დროს. ისინი ანეიტრალებენ ალკალოიდებითა და მძიმე მარილებით მოწამვლას.


ეთერზეთები



ეთერზეთები სხვადასხვა ნახშირწყლების რთული ნარევია, რომელთაგან ერთ–ერთი დომინანტია და დამახასიათებელ სურნელებას სძენს მათ. ეთერზეთების შემცველი ქიმიური შენაერთები შეიცავენ ნახშირბადს, წყალბადს, ჟანგბადს, ზოგჯერ აზოტს და გოგირდს, მათში გვხვდება სპირტები, ალდეჰიდები, მჟავები, ფენოლები. ეთერზეთებს ახასიათებს აქროლადობა და არომატული სურნელება, ისინი ნაკლებად მდგრადი ნივთიერებებია, ზეთოვანია და მგრძნობიარენი არიან სინათლისა და ჰაერისადმი.
მათი უმეტესობა წყალში არ იხსნება, ძირითადად ისინი უფერულია, ზოგს კი აქვს მოყვითალო, ან მომწვანო ფერი, იშვიათად კი –––– მწვანე, ან მტრედისფერი.
ეთერზეთები გროვდება მცენარის ფოთლებში, ზოგჯერ ღეროებსა და ქერქში. ისინი გროვდებიან სპეციალურ ორგანოებში, ჯირკვლოვან ბუსუსებში, უჯრედებში, ან ზეთსავლებში.



ფლავონოიდები



ფლავონოიდები სხვადასხვა ფერის შენაერთებია და მცენარის სხვადასხვა ორგანოების უჯრედის წვენშია გახსნილი. მათგან გავრცელებულია ფლავონები და ანტოცინები.

ფლავონები ყვითელი ფერის პიგმენტებია, რომლებიც გვხვდება მცენარის ყვავილებსა და ფოთლებში.

ანტოცინები გვხვდება ყვავილებსა და ნაყოფების უჯრედის წვენში, ზოგჯერ ფოთლებსა და მიწისქვეშა ნაწილშიც, მათ შეფერილობა იცვლება პირობების მიხედვით მტრედისფერიდან წითლამდე.
ანტოცინები ფლავონიდებთან ერთად არ გვხვდება არასოდეს. ფლავონები ანტოციდებად გარდაიქმნება ფოთლებში შემოდგომაზე. ორივე მათგანს აქვს მსგავსი თვისებები და წარმოადგენენ საგულე საშუალებებს. ხელს უწყობენ ორგანიზმში C ვიტამინის დაგროვებას.



კუმარინები


კუმარინები ფლავონოიდების მსგავსი შენაერთებია. ხშირად არომატული ბუნების. მცენარეების შრობის პროცესში კუმარინები იშლებიან და გამოყოფენ აგლიკონებს, აქროლად ნივთიერებებს. ისინი დამამშვიდებელი მოქმედებისაა და გამოიყენება თრომბების მკურნალობისთვის.
nino nergadze
ძალიან კაი და საინტერესო თემააა...ჩვენს ირგვლივ არსებულ თითქმის ყველა მცენარეს სასარგებლო დანიშნულება აქვს.....კაი იქნებოდა დიაბეტის შესახებ თუ რამეს გავიგებდი........
animani
ნერვულ სისტემაზე მოქმედი მცენარეები,მასტიმულირებელი მცენარეები



ნერვულ სისტემაზე მოქმედი მცენარეები შეიძლება იყოს, როგორც მასტიმულირებელი მოქმედების, ასევე სპაზმოლიტური თვისებების მქონე .



თავკომბალა


თავკომბალა – Echinops sphaerocephalus L.-мордовник шароголовый
დასახელება წარმოსდგება ბერძნული სიტყვიდან echinops -ზღარბი, ops -გარეგნობა
ლათინური sphaerocephalus წარმოსდგება ბერძნული სიტყვიდან sphaira-ბურთი, kephale-თავი



IPB-ს სურათი[/url]
ლეო მიჩელსონის ფოტო. http://www.imagines-plantarum.de/
(ნებადართულია კოპირებისთვის, გავრცელებისა და ნებისმიერი მიზნით შეცვლისთვის. რეკომენდირებულია ავტორის და წყაროს ციტირება)


ზოგადი ცნობები.

რთულყვავილოვანთა ოჯახიდან.


თავკომბალა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, იზრდება მშრალ ველებში. თავკომბალა – Echinops sphaerocephalus L. გავრცელებულია აფხაზეთში, ქართლში, კახეთში, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, თრიალეთში. მცენარე ყვავილობს ივლის-აგვისტოში.
მცენარე ეკლიანია. სამედიცინო მიზნით აგროვებენ ნაყოფებს, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ზეთსა და სხვა ორგანულ ნაერთებს. მათში ალკალოიდები 2%-მდეა. ერთ-ერთი ალკალოიდის , ექსინოფსიდის ნიტრატი გამოიყენება: კუნთების ატროფიის, ჰიპოტონიის, პერიფერიული დამბლის და სხვადასხვა შემთხვევების დროს. დოზების გადამეტება არ შეიძლება.
სამედიცინო პრეპარატის "ეხინოპსინი" დასამზადებლად, ნედლეულად გამოიყენება თავკომბალას ნაყოფი.

გამოყენება მედიცინაში.
თავკომბალას მედიცინაში იყენებენ ჰიპოტონიური სინდრომით მიმდინარე მდგომარეობების დროს, კუნთოვანი ატროფიების, პერიფერიული დამბლების, გაფანტული სკლეროზის, ასთენიური მდგომარეობების დროს, მხედველობის ნერვის ატროფიისას. ეფექტი ვლინდება დაავადების, არაუმეტეს 2 წლის ხანგრძლივობის შემთხვევებში.

ხალხურ მედიცინაში , თავკომბალას ნაყოფით ინკურნება თავის ტკივილები, ეპილეფსიური გულყრები, დამბლები, პლექსიტები, მიოპათიები, სხივური ზემოქმედების შედეგები და პოლიომიელიტები.
თავკომბალას ასევე იყენებენ კანის ზოგიერთი დაავადებებების დროს, გარეგანი ხმარებისთვის.


შხამიანი მცენარეა!
გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;
.

p.s. წყარო გამოყენებულია БИБЛИОТЕКА ПРИРОДЫ http://www.golkom.ru/price/group/4112.html
animani
ჩაის ბუჩქი



ჩვენთვის ცნობილი ჩაის ბუჩქი- Tea siensis(შავი ჩაი), thea viridis (მწვანე ჩაი) – Чайный куст китайский-ელიფსური ფორმის, ტყავისებრფოთლებიანი მარადმწვანე ბუჩქია.

IPB-ს სურათი

ზოგადი ცნობები

ჩაისებრთა ოჯახიდან.
მრავალწლოვანი, მარადმწვანე ბუჩქია 10მ-მდე სიმაღლის, მაგრამ პლანტაციებში მისი სიმაღლე დაახლოებით 1მ.-ია. მისი ფოთლები ოვალურია, ან მოგრძო-ოვალური ფორმის, ტყავისებური. ზემო მხრიდან ფოთლები მუქი მწვანე ფერისაა, ქვედა მხრიდან კი ღიამწვანე ფერის.
სამკურნალო მიზნით გამოიყენება ჩაის ბუჩქის ფოთლები.

ჩაის ფოთლები მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით (15-30%)%-მდე. ალკალოიდებიდან შეიცავს კოფეინს 2-5%-მდე, შეიცავს თეოფილინს, ადენინს, ცილოვან ნივთიერებებს (16-25 %), თავისუფალ ამინომჟავებს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, პექტინურ ნივთიერებას, ნახშირწყლებს, მდიდარია B1, B2, PP,C და K ვიტამინებით, ეთერზეთებით(0,02 %).
P ვიტამინის შემცველობის მხრივ ჩაის ბადალი არა ჰყავს.
განსაკუთრებით მასტიმულირებელი ეფექტი აქვს შავ ჩაის, ამიტომ მისი გამოყენება მიზანშეწონილია დაბალი წნევის დროს, ხოლო მწვანე ჩაის აქვს დიურეზული (შარდმდენი) ეფექტი. 3/4 ჭიქა მწვანე ჩაის ყოველდღიური მიღებისას ორგანიზმის სიჯანსაღე უზრუნველყოფილია , P ვიტამინის ხარჯზე. მწვანე ჩაიში C ვიტამინი 10-ჯერ მეტია ვიდრე შავ ჩაიში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კოფეინი, რომელსაც შეიცავს ჩაი აღაგზნებს თავის ტვინის ქერქს, აძლიერებს რეფლექტორულ მოქმედებას , აძლიერებს გულის მოქმედებას, მაღლა წევს დაბალ არტერიულ წნევას, აფრთოებს გულის, თირკმლების და თავის ტვინის სისხლძარღვებს , ხელს უწყობს ნაღვლის წვენის გამოყოფას.

გამოყენება მედიცინაში

გამოიყენება ორგანიზმის დაუძლურების შემთხვევაში, რომელსაც თან ახლავს სუნთქვის დაბრკოლებისა და გულის მოქმედების შესუსტების მოვლენები. გამოიყენება დაბალი არტერიული წნევების დროს, მწვავე ინფექციური დაავადებებების დროს, ფიზიკური და ფსიქიკური გადაღლისას.
ცაის იყენებენ ჰიპოტონიისა და ათეროსკლეროზის დროს, ნარკოტიკებით, სტრონციუმ-90-ით და ალკოჰოლით მოწამვლისას. ეს იზოტოპი სტრონციუმ-90 ხვდება ადმიანის ორგანიზმში უსუალოდ ხვდება არამარტო რადიაქტიული ჰაერიდან, არამედ რძისა და ბოსტნეულის საშუალებით და იწვევს კიბოს. გამოკვლევებმა დაადასტურა , რომ მწვანე ჩაი შთანთქავს ამ იზოტოპის 90%-ს.
ასევე დადგენილია, რომ შავი ჩაი ანადგურებს ბაქტერიებს პირის ღრუში და ამცირებს სიმსივნეების ზრდის რისკს.

სამკურნალო პრეპარატები:
2 ჩ. კ. ჩაის დავასხათ 1ჭ (200მლ.) მდუღარე. გავაჩეროთ 20-30 წთ.


იშვიათ შემთხვევებში დადგენილია კოფეინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, რაც გამოიხატება აღგზნებადობაში, უძილობასა და გულის მოქმედების გაძლიერებაში!

p.s. წყარო გამოყენებულია БИБЛИОТЕКА ПРИРОДЫ http://www.golkom.ru/price/group/5202.html?hn=0125
animani
ჯორისძუა


ჯორისძუა - Ephedra equisetina Bunge-Эфедра хвощевая


IPB-ს სურათი

ზოგადი ცნობები
ეფედრათა ოჯახიდანაა.
ჯორისძუა ბუჩქოვანი მცენარეა, იზრდება მშრალ ქვაღორღიან ნიადაგზე. ყვავის მაისს-ივნისში. ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში. აქვს მომცეო ზომის, ერთისქესის ყვავილები. გვხვდება სამხრეთ ოსეთში, ქართლში, მთიულეთში, კახეთსა და მესხეთში.
მისი მონაცრისფრო ყლორტებისაგნ ამზადებენ-ეფედრინს. მასში არის ალკალოიდები და მთრიმლავი ნივთიერებები-ტანინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ეფედრინი აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და სასუნთქ ცენტრს. ეფედრინი მაღლა წევს არტერიულ წნევას , ავლენს დადებით ინოტროპულ მოქმედებას გულზე, აძლერებს გულის შეკუმშვათა რიტმს და პერიფერიული სისხლძარღვების ტონუსს, აღრმავებს სუნთქვას.


გამოყენება მედიცინაში
ეფედრინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება ბრონქული ასთმის, ჭინჭრის ციების, ალერგიული დაავადებების დროს. ასევე რინიტის, ტრამვების, ინფექციური დაავადებების დროს. მას ფართოდ იყენებენ ბრონქული ასთმის შეტევის მოსახსნელად 5%-იანი ხსნარის ინექციით. მკაცრად უნდა იყოს დაცული დოზები, არ შეიძლება ეფედრინის გამოყენება ჰიპერტონიული დაავადებების დროს, ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის ინფექციების დროს.

ჯორისძუა ხალხურ მედიცინაში გამოიყენებულია სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ.

ფარმაკოქიმიური წარმოება უშვებს ეფდრინ ჰიდროქლორიდს 0,025გრ. ფხვნილისა და აბების სახით. თეოფედრინს აბებში დოზით 0,02 გრ. ამპულებში, 5%-იანი ხსნარის 1მლ.-იან ამპულებს, როგორც შიგნით მისაღებად, ასევე საინექციოდ. ეფედრინს იყენებენ აეროზოლის სახით, რომლის დროსაც 1მლ. ეფედრინს ამზადებენ ნატრიუმქლორიდის იზოტონურ ხსნართან შეფარდებით 1:3, ან 1:5 განზავებით. (ფიზიოლოგიურიხსნარი, იზოტონური ეწოდება Na Cl-0,9%-იან ხსნარს).

ჯორისძუა შხამიანი მცენარეა!
პრეპარატი ინახება ”ბ” სიის მიხედვით, აბებსა და ამპულებს ინახავენ სინათლისგან დაცულ სათავსოებში.


p.s. წყარო გამოყენებულია БИБЛИОТЕКА ПРИРОДЫ http://www.golkom.ru/price/group/5503.html?hn=all
animani
კავკასიური სოჭი


კავკასიური სოჭი - Abies nordmanniana (stev.) Spash.-Caucasican fir-Пихта кавказская(Нордманна)

IPB-ს სურათი

( სურათი გადმოკოპირებულია საიტიდანhttp://www.google.ge/imgres?imgurl=http://...ved=0CBcQ9QEwAQ)

ზოგადი აღწერა
წიწვოვანი, 60-70მ. სიმაღლის ხეა, დიამეტრი 2მ.-ს აღწევს. ხის ყლორტები 2-3 სმ. სიგრძის წიწვებითაა დაფარული.
მისი ბრტყელი წიწვები ქვედა მხრიდან თეთრი ზოლიანია, ზედა მხრიდან მწვანე ფერისაა. ტოტზე ორმწკრივადაა განლაგებული. მოყვითალო მწვანე მამრობითი ყვავილები თავთავისებრ ყვავილებადაა შეკრებილი წიწვების იღლიებში და გასული წლის ტოტების კენწერულ ნაწილშია განლაგებული. მდედრობითი აღმამდგომი გირჩები, რომლებიც მწვანე, ან მოწითალო-იისფერია, გასულიწლის ყლორტების კენწეროებზე ზის. სოჭი მსხმოიარობს 70 წლის ასაკიდან. ქერქი მუქ-წაბლისფერია, თხელი, ფისის სათავსებით. თესლი მწიფდება სექტემბერ-ოქტომმბერში, გირჩის დაშლა და თესლის გადმობნევაც ამ დროს ხდება.

სამკურნალო მიზნით გამოიყენება სოჭის ქერქი, კვირტები, წიწვები და ახალგაზრდა ყლორტები.
ქერქიდან გამოიმუშავებენ ფისს-სოჭის ბალზამს, რომელიც შეიცავს 30% ეთერზეთს და 70% ფისს. მისგან მიიღება სკიპიდარი, სპირტი.
მიღებული ეთერზეთებისგან ამზადებენ სინთეზურ ქაფურს. ქაფური მედიცინაში გამოიყენება, როგორც აღმგზნები საშუალება, გულის გასამაგრაბლად და სხვადასხვა დაავადებებისათვის. მათ შორის საძილე , ნარკოტიკული ნივთიერებებით და მხუთავი აირებით მოწამვლისას. გარეგან საშუალებად იყენებენ კუნთების და ნერვის ანთების დროს.

ხალხურ მედიცინაში წიწვებისა და კვირტების ნახარშს და ნაყენს იყენებენ , როგორც რევმატიული ტკივილების დროს, ასევე სურავანდის საწინააღმდეგო საშუალებად. გირჩებს კი რევმატიზმებისა და სახსრების ანთებების სამკურნალოდ.

სოჭის წიწვის აბაზანა გამოიყენება რევმატიზმების სამკურნალოდ და პირადი ჰიგიენისათვის.
სოჭის ზეთს კი გააჩნია მატონიზირებელი, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული თვისებები. გამოიყენება ოსტეოქონდროზის, სტენოკარდიის, ფსორიაზის, გლაუკომის სამკურნალოდ.

ორგანიზმში მოხვედრისას სოჭის ზეთს დაგროვების უნარი გააჩნია!
სოჭის პრეპარატების მიღება არ შეიძლება თუ მიდრეკილება გაქვთ კრუნჩხვებისადმი!
სოჭის ზეთმა და მისმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები და დამწვრობა!
სოჭის პრეპარატებთან ერთად არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.


p.s. წყარო გამოყენებულია ” ჯანმრთელობის ენციკლოპედია”. თ. არევაძე
animani
დამაწყნარებელი და ტკივილგამაყუჩებელი მცენარეები


კატაბალახა


კატაბალახა - Valeriana officinalis L. - Валериана

IPB-ს სურათი

(ტ. მიუერის ფოტო http://www.floraweb.de/pflanzenarten/foto.xsql?suchnr=6178)


ზოგადი ცნობები
მათ ეკუთვნის კატაბალახა, რომელიც1,5 მ.-მდე სიმაღლის მრავალწლოვანი მცენარეა. ფოთლები ღეროზე მოპირისპირედაა განლაგებული. ღეროს ძირში ფოთლები გრძელყუნწიანია.. ღეროზე განლაგებული ფოთლები კენწეროსკენ პატარავდება; ქვედა ფოთლები-ყუნწიანია, ზედა-მჯდომარე, ნაპირებში-დაკბილული ან კიდემთლიანი.
ყვავილები კი სურნელოვანია, წვრილი, ღია-ვარდისფერი. ღერო სწორია, ღრუიანი, ყვავილედთან დატოტვილი, კენტფრთართული ფოთლებით. ფესურა მცირე ზომისაა 1-1,5 სმ.
კატაბალახა ივნის-აგვისტოში ყვავილობს, ნაყოფი ივლის-სექტემბერში მწიფდება. იზრდება ტყისპირას ბუჩქნარებში, მდელოებზე, მშრალ და ნესტიან ადგილებში.


ფარმაკოლოგიური თვისებები
კატაბალახას ფესვები და ფესურები შეიცავენ 3%-მდე ეთერზეთს. მათში გვხვდება აგრეთვე სხვადასხვა მჟავები, სპირტები, მთელი რიგი ალკალოიდები, გლიკოზიდური შენაერთები, მთრიმლავი ნივთიერებები და სხვ...
ამ ნივთიერებათა კომპლექსს გააჩნია თერაპიული მოქმედება, რომლის შედეგადაც კატაბალახა არეგულირებს გულის მოქმედებას, ამცირებს დაძაბულობას, შიშის გრძნობას, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლოვან სეკრეციას. გალენურ სამკურნალო ფორმებს აქვთ ჰიპოტენზიური და გულის ვენების გამაფართოებელი თვისება. კატაბალახას პრეპარატებს ავადმყოფები ადვილად იტანენ.

გამოყენება მედიცინაში
კატაბალახა სამკურნალო ზემოქმედებას ავლენს სისტემატიური გამოყენების შემთხვევაში, ამიტომ მას ნიშნავენ ხანგრძლივი დროით, კურსებად. კატაბალახას პრეპარატებს იყენებენ, როგორც დამამშვიდებელ სა შუალებას ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული ფუნქციური მოშლილობის დროს, ნევროზების, ისტერიის, უძილობის და შაკიკის დროს.


წამლის ფორმები---- კატაბალახას წყალზე ნაყენი. 10 გრ. დაქუცმაცებულ კატაბალახას ვასხამთ 200 მლ., ანუ 1 ჩ. ჭ. მდუღარე წყალს, ვადუღებთ წყლის აბაზანაზე 15 წთ. და მივიღებთ 1 ს. კ. ჭამამდე, დღეში 3-4-ჯერ.

კატაბალახას სპირტზე ნაყენი---მზადდება 70%-იან სპირტზე შეფარდებით 1:5-თან. ინიშნება 20-30 წვ. 3-4-ჯერ. გამოდის 30მლ. ფლაკონებში. არსებობს ქაფურ-კატაბალახას წვეთები. მისი შემადგენლობაა: 10გრ კამფორა და კატაბალახას სპირტზე ნაყენი 100გრ.-მდე. მიიღება 15-20 წვ. 3-ჯერ დღეში.


კატაბალახას დიდი დოზით ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა!

p.s. წყარო გამოყენებულია ” ჯანმრთელობის ენციკლოპედია”. თ. არევაძე
animani
ამორფა


ამორფა - Amorpha fruticosa L -

IPB-ს სურათი
laspilitas.com

ზოგადი ცნობები

ამორფა 2მ. სიმაღლის ბუჩქოვანი მცენარეა, ჩრდილოეთამერიკიდან. საქართველოში კულტივირებულია.
ამორფის თესლი შეიცავს გლიკოზიდებს, რომელთაგანაც ძირითადია ამორფინი, რომელიც ჰიდროლიზით იშლება აგლიკონ ამორფინებად, გლუკოზად და არაბინოთეზად.


გამოყენება მედიცინაში.

მედიცინაში ამორფინის საფუძველზე დამზადდა პრეპარატი ”ფრუტიცინი”, რომელიც გამოდის აბებში დოზით 0,25 გრ. მიიღება თითო აბი 2-3-ჯერ 20 დღე.

ამორფინი თავის ტვინის ქერქის ბიოელექტრულ აქტივობას აქვეითებს. მისი გულზე მოქმედება კარდიოტონურია, ამიტომ გამოიყენება, როგორც დამაწყნარებელი საშუალება ნევროზებისა და ტაქიკარდიების დროს.
animani
ხაშხაში (საძილე ყაყაჩო)


ხაშხაში (საძილე ყაყაჩო)-- Papaver somniferum L.-Мак снотворный


IPB-ს სურათი
ვიკიპედია http://ka.wikipedia.org/wiki/ხაშხაში

ზოგადი ცნობები

1-1,5 მ. სიმაღლის, ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ყაყაჩოსებრთა ოჯახიდან.
ხაშხაში კულტივირებადი მცენარეა. ხაშხაშის კოლოფები 20 სახეობის ალკალოიდურ შენაერთებს შეიცავს, დაახლოებით 2% -ის ოდენობით. მათ შორის ბიოლოგიურად აქტიური ალკალოიდებია მორფინი, კოდეინი და პაპავერინი.

გამოყენება მედიცინაში.
ხაშხაშში აღმოჩენილია ორგანული მჟავეები, რომლებიც მედიცინაში გამოიყენება. სწორაედ ეს ნივთიერებებია მორფინი, კდეინი და პაპავერინი.

მორფინი----მიეკუთვნება ნარკოტიკული ანალგეტიკების ჯგუფს. მისი მოქმედებით სუსტდება ტკივილის შეგრძნება და არ იცვლება სხვა, მაგ: მხედველობითი, სმენითი და სხვა შეგრძნებები. მას აქვს კარგად გამოხატული დამაწყნარებელი და ძილის მომგვრელი გავლენა, რაც დაკავშირებულია ცენტრალური ნერვული სისტემის შესუსტებასთან. მორფინი აგრეთვე გამოიყენება ოპერაციების დროს.

დიდ დოზებში იწვევს დიურეზის შემცირებას და ტემპერატურის შემცირებას!
ის მოქმედებს სუნთქვისა და ხველების ცენტრებზე და დიდ დოზებში იწვევს სიკვდილს!




კოდეინი---მორფინისგან განსხვავებით, აქვეითებს ხველების ცენტრის მოქმედებას.
უმეტესად, სწორედ ამ მიზნით გამოიყენება მედიცინაში . მორფინთან შედარებით, მას ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება სუსტად აქვს გამოხატული.
კოდეინს ძირითადად იყენებენ ხველების დროს და საძილე, დამაწყნარებელი საშუალებების ეფექტის გასაძლიერებლად.


პაპავერინი---ფართოდ გამოიყენება, როგორც საპაზმოლიტური საშუალება: ჰიპერტონიის, სტენოკარდიის, წყლულოვანი დაავადებების, ჰოლეცისტიტის და სხვა სპაზმების დროს, ასევე ბრონქული ასთმის შემთხვევაში.


წამლის ფორმები: წამლის ფორმები:
კოდეინი ეძლევა მოზრდილებს დოზით 0,01-0,02.
პაპავერინი გამოდის აბების და ამპულების სახით. კუნთში კეთდება 1-2%-იანი ხსნარის 1-2 მლ.
პაპავერინი გამოდის კომბინირებული აბების სახით.

p.s. დამატებითი მასალა იხილეთ http://www.golkom.ru/price/group/4101.html?hn=0156
animani
შავბალახა


შავბალახა-LEONURUS CARDIACA L.- пустырник сердечный

IPB-ს სურათი

ვიკიპედია http://en.wikipedia.org/wiki/Motherwort



ზოგადი ცნობები

60-120 სმ. სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან. აქვს 1 ან რამდენიმე სწორმდგომი, დატოტვილი ღერო. ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული ყუნწიანი ფოთლები, რომლებიც წვეროსკენ პატარავდება. ფოთლები კაშკაშა მწავნეა, ქვემოდან მონაცრისფრო, მომრგვალო ფორმის და 6-12 სმ. სიგრძის. ყვავილები ვარდისფერია და თავთავისებრ ყვავილედებს ქმნის. ნაყოფში 4, სამწახნაგოვანი, მუქი ყავისფერი თესლია მოთვსებული.
ყვავილობს ივნისს-სექტემბერში, ნაყოფი მწიფდება ივლისს-აგვისტოში.
გავრცელებულია მთელ საქართველოში, როგორც სარეველა.


მედიცინაში სამკურნალო მიზნით გამოიყენება მიწისზედა ნაწილები ყვავილობის ფაზაში. შავბალახა შეიცავს შაქრებს, გლიკოზიდებს, ალკალოიდებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ასევე ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ და მღებავ ნივთიერებებს, მწარე ნივთიერებებსა და მინერალურ მარილებს, პროვიტამინ A-ს.

გამოყენება მედიცინაში.

შავბალახას პრეპარატებს გააჩნიათ სედატიური თვისებები, ამცირებს არტერიურ წნევას და ანელებს გულის კუმშვათა რიტმს.
გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი საშუალება ნერვიული აღგძნების, უძილობის ისტერიის, გულსისხლძარღვთა ნერვოზის, მიოკარდიტის, გულის მანკის, გაძლიერებული გულის ცემის დროს.


ხალხურ მედიცინაში შავბალახას იყენებენ შარდის ბუშტის დაავადებების თავის ტკივილის, ასევე ეპილეფსიის ნევრალგიის, ბაზედოვის დაავადებების სამკურნალოდ და სისხლის შემდედებელ საშუალებად.

შავბალახას ნაყენი წყალსა და სპირტზე 70 %-იანი, კარგად გამოხადული ნეგატიური თვისებებით ხასიათდება. ის 3-ჯერ უფრო ძლიერმომქმედია, ვიდრე კატაბალახა. მას აქვს ასევე ჰიპოთეზიური და კარდიოტონური თვისებები.


წამლის ფორმები:

წყალზე ნაყენის მოსამზადებლად 15 გრ. შავბალახას ათავსებენ მინანქრიან ჭურჭელში. ასხამენ 200 მლ. მდუღარე წყალს და ადუღებენ წყლის აბაზანაზე 15 წთ. გააგრილებენ, გაწურავენ და შეავსებენ გადადუღებული წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღება 1/3 ჩაის ჭიქა 2-ჯერ დღეში, ჭამამდე 1 სთ-ით ადრე.
აფთიაქში იყიდება 100 გრ.-იან კოლოფებში.

სპირტზე ნაყენის მოსამზადებლად 70 %-იან სპირტს იყენებენ, 1:5-თან შეფარდებით და მიიღება 20-50 წვეთი 3-4 ჯერ დღეში.



p.s. დამატებითი ინფორმაცია http://mag.org.ua/rast/trava199.html
animani
სვია


სვია - Humulus lupulus - Хмель обыкновенная

IPB-ს სურათი

ზოგადი ცნობები

სვია, მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა, კანაფისებრთა ოჯახიდან.
ფესურა მხოხავია. ღეროები 5-6 მ. სიგრძისაა, 4-6 წახნაგოვანი, ეკლიანი. ეკლების საშუალებით მცენარე ხეებზე, მიწასა და ბუჩქებზე მაგრდება. ფოთლები მსხვილია, გრძელყუნწიანი, მრგვალი ან კვერცხისებრი, ზედა მხრიდან-მწვანე, ქვევიდან-უფრო ღია ფერის და ხაოიანი. მდედრობითი, ან მამრობითი ყვავილები სხვადასხვა მცენარეზეა განლაგებული.(მცენარე ორსახლიანია).
მამრობითი ყვავილები წვრილია, უსუნო. მდედრობითი ყვავილები ღია მწვანე გირჩისებრ ყვავილედებადაა შეკრული.
მრავალწლიანი, ხორცოვანი ფესვი მიწაში ( 3მ.)ღრმადაა გამჯდარი, შიგნიდან თეთრია, გარედან ღია-წაბლისფერი. ნაყოფი-მრგვალი, ერთთესლიანი, მოთეთრო-მონაცრისფრო კაკალია.
ყვავილობს ივნის-ივლისში, ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გირჩაკები შეიცავენ მწარე ნივთიერებებს ლუპულინს, გუმულონს, ლუპულონს, ტრიმეთილამინს და ეთერზეთს. მათში ნაპოვნია ალკალოიდი და ჰორმონები, ფლაონები, გლიკოზიდები, კუმარინები, საღებავი და ფისოვანი შენაერთები, ვიტამინები B1, B3, B6 PP და სხვ....

გამოყენება მედიცინაში.

ხალხურ მედიცინაში იყენებენ სვიის გირჩს. მას ყუნწთან ერთად აგროვებენ, როდესაც მომწვანო ფერი აქვს.. გადამწიფებული-მოყვითალო-მურა და დაუმწიფებელი-ხასხასა მწვანე-სამკურნალოდ არ გამოდგება. სწორად დამზადებული ნედლეული დრეკადია, ძლიერი არომატული სუნით, მწარე. ხმელ გირჩებს საცერში ცრიან, რომელის ჯირკვლებიდან ცვივა ყვითელი, ან ოქროსფერი ფხვნილი---ლუპულინი (სვიის ფქვი;ი). იგი მწებავია, ძალიან არომატული, მწარე.

სვიისგან დამზადებულ პრეპარატებს გააჩნია დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ნაღველმდენი, ტკივიგამაყუჩებელი, ჭრილობის შემხორცებელი მოქმედება, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
გალენურ პრეპარატებს აქვთ ტკივილდამაყუჩებელი და ანტიალერგიული თვისებები. გირჩაკების წყალზე ნაყენს ნიშნავენ მადის მოსაგვრელად. მას აქვს აგრეთვე ნეგატიური ეფექტი. სვიის ზეთი შედის ვალოკორდენის შემადგენლობაში.
გირჩაკების გალენურ პრეპარატებს აქვთ ნეიტროპული მოქმედება. გირჩაკების ექსტრაქტი გამოიყენება კოსმეტილოგიაში.


წამლის ფორმები: წამლის ფორმები:
წყალზე ნაყენის მოსამზადებლად 1 ს. კ. დაქუცმაცებულ გირჩაკებს ვასხამთ 200 მლ. მდუღარეს და ვადუღებთ წყლის აბაზანაზე. მივიღებთ 1/4 ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში.


სვიის პრეპარატები მიიღეთ მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ!
ზედმეტი დოზის დროს შეიძლება გაჩნდეს ტკივილი მუცლის არეში, სისუსტე, გულისრევა, პირღებინება!
სვიის პრეპარატების მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს!



p.s. წყარო გამოყენებულია ” ჯანმრთელობის ენციკლოპედია”. თ. არევაძე
animani
ნერვულ სისტემაზე მომქმედი სპაზმოლიტური თვისებების მქონე სამკურნალო მცენარეები


ლენცოფა


ლენცოფა - Hyoscyamus niger - Белена черная

IPB-ს სურათი

(ვიკიმედია, ფაილების თავისუფალი მოხმარების ბაზა)
http://commons.wikimedia.org/wiki/File:Hyo..._niger_0002.JPG

ზოგადი ცნობები
ორწლიანი მცენარეა ძალყურძენოსანთა ოჯახიდან. პირველ წელიწადს ვითარდება ფესვთან მდებარე კვერცხისებრი ან წაგრძელებული ფოთლები. მეორე წელიწადს იზრდება 50-150 სმ. სიმაღლის ღEრო. ღეროს ფოთლები წაგრძელებულ კვერცხისებრია, ამოკვეთილდასერილი, რბილი და მოთეთღო ბუსუსებითაა დაფარული, არასასიამოვნო გამაბრუებელი სუნი აქვს. ყვავილები საკმაოდ მსხვილია და ფოთლების იღლიებში სხედან. ნაყოფი 21-32მმ. სიგრძის კოლოფაა. თესლი მურა-ნაცრისფერია.
ყვავილობს თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში, ნაყოფი ივნის-აგვისტოში მწიფდება.
გავრცელებულია საცხოვრებელი სახლების მახლობლად, იზრდება, როგორც სარეველა.
მცენარე შეიცავს ალკალოიდებს.
ფოთლებში არის ალკალოიდების გარდა, სკოპოლამინი და ატროპინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლენცოფას პრეპარატებს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიტური ეფექტი.


გამოყენება მედიცინაში
მცირე დოზით არ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. სკოპოლამინის შემცველობის გამო, მაქსიმალური დოზის მიღEბისას მცენარე იწვევს ნეგატიურ გავლენას.
მედიცინაში ლენცოფას გალენური პრეპარატები შეზღუდულად გამოიყენება. უფრო ხშირად ის განოიყენება შმაგას ექსტრაქტებთან შერევით, რაც იწვევს სპაზმოლიტურ და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.

სამედიცინო მიზნით გამოიყენება ლენცოფას ფოთლები

წამლის ფორმები---- ლენცოფას მშრალი ექსტრაქტი.წამალი ინახება"ბ" სიით.

მცენარე ძლიერ შხამიანია!
ლენცოფას პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით შეიძლება!
მოწამვლისას აუცილებელია დაუყონებლივ კუჭის ამორეცხვა წყლით და აქტივირებული ნახშირის მიღება.


p.s. წყარო გამოყენებულია ” ჯანმრთელობის ენციკლოპედია”. თ. არევაძე
animani
შმაგა


შმაგა - atropa caucasica kreyer - Белладона кавказская

IPB-ს სურათი
ზოგადი ცნობები

ძალყურძენასებრთა ოჯახიდან.
მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა. ღერო ძლიერია 2მ.-მდე სიმაღლის. მსხვილი ფოთლების სიგრძეა -7,5მ, ხოლო სიგანე-3,5მ. ფესურა წარმოდგენილია მრავალი მსხვილი ფესვისგან.
თავჩაქინდრული ყვავილები საკმაოდ მსხვილია და ფოთლების იღლიებშია განლაგებული. ნაყოფი შავი ფერისაა, მბრწყინავი და მრავალთესლიანი, მუქი იისფერი წვენით. კენკრას მოტკბო-მომწარო გემო აქვს. კენკრა და მთელი მცენარე შხამიანია, განსაკუთრებით კი თესლი.
ყვავილობს ივნისიდან შემოდგომამდე, ნაყოფი დამწიფებას ივლისიდან იწყებს.
გავრცელებულია ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, იზრდება წიფლნარ ტყეებში და ნაკადულების პირას.


ფარმაკოლოგიური თვისებები
მედიცინაში გამოიყენება ფოთლები, რომლებიც შიცავენ ჰიოსციამინს, სკოპოლამინს, ატროპინს და სხვ...
ფოთლებში ალკალოიდების შემცველობა 0,3%–ზე ნაკლები არ უნდა იყოს. შმაგას ფარმაკოლოგიურ თვისებას განსაზღვრავს ატროპინი.
ატროპინი აფართოებს თვალის გუგას, თრგუნავს საოფლე ჯირკვლებისა და კუჭ–ნაწლავის ჯირკვლების სეკრეციას.
დიდი დოზებით იწვევს მოძრაობით და ფსიქიკურ აღგზნებას.


.
გამოყენება მედიცინაში
შმაგას პრეპარატებს აქვთ სპაზმოლიტური და ტკივილგამაყუცებელი ეფექტი

წამლის ფორმები---- ატროპინის სულფატი, უსუნო, თეთრი კრისტალური ან მარცვლოვანი ფხვნილია, ადვილად იხსნება წყალსა და სპირტშ.ინიშნება, როგორც შიგნით მისაღებად, კანქვეშ ინექციის სახით და თვალში წვეთების სახით.
ატროპინი გამოდის ფხვნილის, ამპულების სახით.
აბები არის 0,5 მგ.–იანი. გამოდის შპრიცწულიკები 1მლ. 1&–იანი ხსნარით.
შმაგას სპირტზე ნაყენი მზადდება 40%–იან სპირტზე 1:10 შეფარდებით.
არსებობს შმაგას შესქელებული ექსტრაქტი და სველი ექსტრაქტი, რომელიც შედის კომბინირებული წამლების ფორმებში.

სოლუტანი––კომპლექსური პრეპარატია, რომლის 1მლ. 0,01 გრ. შმაგას თხევად ექსტრაქტს შეიცავს.

ბეჰასარის–––აბები შეიცავს 0,012 გრ. შმაგას ექსტრაქტს სხვა კომპონენტებთან ერთად.

–––ასთმის საწინააღმდეგო ნაკრები შეიცავს 2 წილ შმაგას, 1 წილ ლენცოფას, 6 წილ ლემას, 1 წილი ნატრიუმის ნიტრატს. გამოიყენება სიგარეტის სახით.

–––ბელასტესინის––აბები კომპლექსური პრეპარატია.შეიცავს 0,015 შმაგას ექსტრაქს.

–––ანეზოლის–––სანთლები სხვა კომპონენტებთან ერთად 0,02 გრ. შმაგას ექსტრაქტს შეიცავს.


შმაგას ყველა ნაწილი ძლიერ ტოქსიკურია!
შმაგას პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით შეიძლება!
ატროპინი უკუჩვენებას იძლევა გლაუკომის დროს. მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დროებითი დარღვევა, ეს გათვალისწინებული უნდა იქნას მისი დანიშვნისას !
ატროპინის დიდი დოზით მიღება იწვევს ტოქსიკურ მოვლენებს!


p.s. წყარო გამოყენებულია ” ჯანმრთელობის ენციკლოპედია”. თ. არევაძე
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ http://medkarta.com/?cat=article&id=15327
animani
ხარისშუბლა


ხარისშუბლა - Senecio platyphylloides Somm. et Lev - Крестовник плосколистный

IPB-ს სურათი

ზოგადი ცნობები

მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა, რთულყვავილოსანთა ოჯახიდან.
სიმაღლით 50-70 სმ. ფესურა მსხვილი, ჰორიზონტალურად გაწოლილი. ღერო სწორმდგომია, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფესვთან ფოთლები გრძელყუნწიანია, ღეროს ფოთლები კენწეროსთან პატარავდება.

ყვავილები კაშკაშა-ყვითელია და 10-15 ცალის რაოდენობითკალათა ყვავილებშია შეკრული.
ნაყოფი წაგრძელებული, 4-5 მმ. სიგრძის.
ყვავილობს ივლის-სექტემბერში, ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება.
გავრცელებულია ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, ნაკადულების პირას. საქართველოში გვხვდება აჭარასა და სვანეთში.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კავკასიური ენდემია- მედიცინაში გამოიყენება ფოთლები და ღეროები. ადრე მხოლოდ ფოთლებს იყენებდნენ. ხარისშუბლა შეიცავს ალკალოიდებს, პლატიფილინს.
პლატიფილინი ნეგატიურად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, მას იყენებენ, როგორც სპაზმოლიტურ საშუალებას.

.
გამოყენება მედიცინაში

მედიცინაში გამოიყენება სტენოკარდიის, ბრონქული ასთმის, ჰიპერტონიის სტადიებში, თვალის გულის გასაფართოებლად.


წამლის ფორმები

პლატიფილინის ჰიდროტარტრატი, შეჰყავთ კანქვეშ 0,2 %-იანი ხსნარის სახით 1-2 მლ.
გამოიყენება შიგნით მისაღებად 0,5%-იანი ხსნარის 10-15წვ. 2-3-ჯერ დღეში.
გამოიყენება სანთლების სახით.
პლატიფილინის აბები, შეიცავს პლატიფილინის ჰიდროტარტრატს .

ხარისშუბლას პრეპატრატებით მოწამვლისას ვლინდება: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, პირღებინება, ტკივილი კუჭის არეში , კოლაფსი და სუნთქვის გაჩერება!

პლატიფილინის დიდმა დოზამ შიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნება, კანკალი და კრუნჩხვა!
სენეციფილინი ტოქსიკურია!

p.s. დამატებითი მასალა http://www.herbarius.info/special/alkaloids/senecio_platyphylloides/
Mesiis_maxvili
ანიმანი ძალიან საინტერესო და საჭირო თემააა და იქნებ გააგრძელო.
ფოტინე
მართლა ძალიან საინტერესო თემაა.. დიდი მადლობა animani smile.gif
animani
ციტატა(ფოტინე @ Apr 10 2011, 22:01) *

მართლა ძალიან საინტერესო თემაა.. დიდი მადლობა animani smile.gif

აუცილებლად გავაგრძელებ, ცოტა მოგვიანებით.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.