დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: წმინდანთა ცხოვრება
წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმი > საეკლესიო ფორუმი > თემები რელიგიური საკითხების გარშემო
გვერდი: 1, 2
ANA
წმიდა ნიკოლოზი - მირონ - ლუკიის მთავარეპისკოპოსი

IPB-ს სურათი

წმიდა ნიკოლოზი - მირონ - ლუკიის მთავარეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი (+დაახლ.345) ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა. მის კეთილმსახურ მშობლებს - თეოფანესა და ნონას - შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს Fუფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. წმიდანმა დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული: მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განიკურნა. ახალშობილი ყრმა ნათლისღებისას ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად. წმიდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით მხოლოდ ერთხელ ღებულობდა დედის რძეს, მას შემდეგ, რაც მშობლები საღამოს ლიცვით კანონს აღასრულებდნენ.
ნიკოლოზი სიყრმიდანვე საღვთო წერილით იწვრთნებოდა; დღისით ტაძარში იყო, ღამით კი ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. წმიდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც მეტად ახარებდა ძმისწულის სულიერი წინსვლა და ღვთისმოშიშება, ჯერ მედავითნედ დაადგინა იგი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის დღეს სულიწმინდის მადლით აღსილმა მღვდელთმთავარმა სამწყსოს წმიდა ნიკოლოზზე მიუთითა და თქვა: "ძმანო! მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქმნება".
ბიძამ ნეტარი ნიკოლოზი მხარში ამოიყენა და მრევლის წინაშე ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. საოცარი სარწმუნოებითა და გონიერებით გამორჩეული ჭაბუკი მორწმუნეებში ღრმა პატივისცემას იწვევდა.
წმიდა ნიკოლოზი მეტად გულმოწყალე იყო: მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი მთელ ქონებას გლახაკებს ახმარდა. ერთხელ ერთმა მეტად შეძლებულმა კაცმა მთელი ქონება დაკარგა და უკიდურესი გაჭირვებიდან თავი რომ დაეღწია, გადაწყვიტა, სამი მოწიფული ასული საროსკიპოში მიეცა. ამის შესახებ რომ შეიტყო, შეძრწუნებულმა მღვდელთმთავარმა მას ღამით, ფარულად, ფანჯრიდან სამი ქისა ოქროშეუგდო და ოჯახი დაცემისა და სულიერი დაღუპვისაგან იხსნა. წმიდა ნიკოლოზი ცდილობდა, კეთილი საქმეები მუდამ უჩუმრად ეკეთებინა. სურდა, რომ ისინი მხოლოდ უფლის წინაშე ყოფილიყო გაცხადებულ;ი.
ერთხელ პათარის ეპისკოპოსი იერუსალიმის მოსალოცად გაემგზავრა და სამწყსოზე ზრუნვა ნეტარ ნიკოლოზს გადააბარა. უფლის რჩეულმა სიყვარულით აღასრულა მორჩილება, მღვდელთმთავრის დაბრუნების შემდეგ კი გამოითხოვა კურთხევა წმიდა მიწის მოლოცვაზე.
იერუსალიმში ჩასულმა ნიკოლოზმა უპირველესად გოლგოთას მიაშურა, შემდეგ კი ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა წმიდა ადგილებიც მოილოცა. სიონის მთაზე ღამით ასული მამის წინაშე ტაძრის დახშული კარები თავისით გაიღო. ბოლოს ნეტარმა გადაწყვიტა, უდაბნოში გასულიყო სამოღვაწეოდ, მაგრამ ზეციურმა ხმამ შეაჩერა და სამშობლოში დაბრუნება უბრძანა. განმარტოების მაძიებელი ღირსი მამა ლუკიაში წმიდა სიონად წოდებული სავანის ძმობაში შევიდა, მაგრამ უფალმა ისევ მიანიშნა, რომ ეს არ იყო მისთვის გამზადებული სამკალი და ერში გასვლა უბრძანა. საღვთო ხილვაში მაცხოვარმა ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება გაუწოდა ნეტარს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა კი - ომოფორი.
იმჟამად ქალაქ მირონში მთავარეპისკოპოსი გარდაცვლილი იყო და ახალი მღვდელთმთავრის არჩევა მიმდინარეობდა. სხვადასხვა ქალაქებიდან შემოკრებილი ეპისკოპოსები მკაცრ მარხვასა და გაძლიერებულ ლოცვას მისცემოდნენ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის წინ. ამ დროს ერთერთ მათგანს უფალი გამოეცხადა და უბრძანა, რომ ღამით ტაძრის კარებთან დამდგარიყო: "პირველი, ვინც შემოვა, ჩემი რჩეულია, მას ნიკოლოზი ჰქვია". ამასობაში ნეტარი ნიკოლოზი მირონში ჩავიდა და ღამითაც, ჩვეულებისამებრ, ტაძარში წავიდა ცისკრის ლოცვების მოსასმენად. როცა კარებთან მდგარმა ეპისკოპოსმა საყდარში პირველად შემოსულის სახელი შეიტყო, ხელი ჩასჭიდა მას და უფლის რჩეულის მოლოდინში იქვე თავმოყრილ სხვა მღვდელთმთავრებს შორის ჩააყენა. ხმა მომხდარის შესახებ სწრაფად გავრცელდა ქალაქში და სულ მალე ურიცხვი ხალხი მოაწყდა ტაძარს. "მიიღეთ, ძმებო, თქვენი მწყემსთმთავარი, რომელიც თავად სულიწმიდამ სცხო და თქვენს სულებზე ზრუნვა მიანდო; რომელიც ადამიანთა კრებულის მიერ კი არა, თვით ღვთის განგებულებითაა დადგენილი!" - მიმართა შეკრებილებს ზეციური ხილვით ჩაგონებულმა ეპისკოპოსმა.
მირონ-ლუკიის ეკლესიის მესაჭედ დადგინების შემდეგაც განაგრძობდა წმიდა ნიკოლოზი მოსაგრე ცხოვრებას და სამწყსოს სიმდაბლის, სიმშვიდისა და კაცთმოყვარეობის მაგალითს აძლევდა. ამასობაში იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. წმიდა ნიკოლოზი არ შემდრკალა - კვლავ ახოვნად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, რისთვისაც შეიპყრეს და სხვა მართლმორწმუნეებთან ერთად საპყრობილეში ჩააგდეს. აქ იგი კარგა ხანს იყო გამომწყვდეული, მოთმინებით იტანდა სატანჯველებს და განამტკიცებდა თანაპყრობილებს. ბოლოს დევნა შეწყდა. ტახტზე წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდი (306-337) ავიდა, რის შემდეგაც ნეტარი მწყემსთმთავარი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.
325 წელს წმიდანი მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო მიიღო. გადმოგვცემენ, რომ არიოზთან საღვთისმეტყველო კამათში ჩაბმულმა წმიდა ნიკოლოზმა ვერ გაუძლო ერეტიკოსის ღვთისმგმობელი სიტყვების მოსმენას და მთელი თავყრილობის თანდასწრებით კვერთხი ჩაარტყა ბილწ ერეტიკოსს. ამისთვის წმიდანს ხარისხი აჰყარეს, მაგრამ კრების რამდენიმე მამამ საღვთო ჩვენებით იხილა, რომ ნეტარს ერთ მხარეს მაცხოვარი ედგა სახარებით ხელში, მეორე მხარეს კი - ღვთისმშობელი ომოფორით და, საღმრთო ჩვენებით, კვლავ მღვდელთმთავრის პატივში აღადგინეს უფლის რჩეული.
მწმიდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. მათგან ნეტარს განსაკუთრებით გაუთქვა სახელი ვერცხლისმოყვარე ქალაქის თავის მიერ უსამართლოდ სიკვდილმისჯილი სამი კაცის გადარჩენამ. სულიწმიდის მადლით გაძლიერებული მღვდელთმთავარი გაბედულად მიეჭრა ჯალათს, უკვე ამართული მახვილი ხელიდან გამოსტაცა და მიწას დაანარცხა. წმიდა ნიკოლოზის მიერ უმსჯავრობაში მხილებული ქალაქის თავი სინანულში ჩავარდა და შენდობა ითხოვა. ამ ამბებს იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ფრიგიაში შფოთის ჩასაცხრობად გაგზავნილი მხედართმთავრები: ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანიც შეესწრნენ. მაშინ მათ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ მალე თავადაც დასჭირდებოდათ წმიდა ნიკოლოზის შეწევნა. ფრიგიიდან გამარჯვებით დაბრუნებულ სარდლებს მათდამი შურით აღძრულმა სხვა მხედართუფროსებმა სამეფო ტახტის წინააღმდეგ შეთქმულების მზადება დასწამეს და იმპერატორთან დაასმინეს. განრისხებულმა კონსტანტინემ ბრძანა, ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანა დაუყონებლივ შეეპყროთ და სიკვდილით დაესაჯათ. საკანში გამომწყვდეულ სასოწარკვეთილ მსჯავრდებულებს მირონ-ლუკიის წმიდა მღვდელთმთავარი მოაგონდათ და მხურვალე ლოცვით მეოხეობა გამოითხოვეს მისგან. წრფელი გულით აღვლენილი ვედრება უპასუხოდ არ დარჩენილა: წმიდა ნიკოლოზი სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადა კონსტანტინეს და უბრძანა, გაენთავისუფლებინა უსამართლოდ პყრობილი მხედართმთავრები.
მღვდელთმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა 345-351 წლებში. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმიდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს (იხილეთ 9 მაისის საკითხავი).
წმიდა ნიკოლოზი მიცვალების შემდეგაც ურიცხვ სასწაულს აღასრულებს: "ვერავინ შემძლებელ არს აღრაცხად მათა: რავდენნი სნეულნი განკურნნა, ანუ რავდენნი ეშმაკეულნი განათავისუფლნა და რავდენთა ჭირვეულთა მსწრაფლ შეეწია და საპყრობილესა შინს შეწყდომილნი და მწუხარენი მყის განარინნა და რავდენთა ზღუასა მიწყუდეულთა და განწირულთა მსწრაფლ მხნე ექმნა და განმარინებელ და რავდენთა უდაბნოს მხადელთა მისთა გამოეცხადა და მოგზაურთა თანა-მავალ ექმნა და მცველ"..
ANA
წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+444)
9 (22) ივნისი


IPB-ს სურათი

წმიდა კირილე ალექსანდრიელი დაიბადა ალექსანდრიაში, დიდგვაროვანი ქრისტიანების ოჯახში IV საუკუნის მეორე ნახევარში. მას 412-444 წლებში ეპყრა მღვდელმთავრის ტახტი. ნეტარი მამა თავმჯდომარეობდა 431 წელს ეფესოში მოწვეულ III მსოფლიო კრებას, რომელმაც ანათემას გადასცა ნესტორი და მისი ცრუსწავლება. 444 წელს წმიდანმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მან მრავალი ზნეობრივი და საღვთისმეტყველო ხასიათის თხზულება დაგვიტოვა.



წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი (+დაახლ. 348)
12 (25) დეკემბერი


IPB-ს სურათი

წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი (დაახ. 348)
წმიდა სპირიდონი III საუკუნის ბოლოს დაიბადა კუნძულ კვიპროსზე. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ. სპირიდონი მწყემსი იყო და ცოლ-შვილი ჰყავდა. იგი წმიდა და ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა და მთელ თავის ქონებას გაჭირვებულ ახლობლებსა და მწირ-ობოლთ ახმარდა. ამისათვის უფალმა მას სასწაულთქმედების ნიჭი მიჰმადლა - იგი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხამდა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ (იმპერატორ კონსტანტინე დიდის ზეობისას 306-337 წ.წ.) სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მას ეპისკოპოსობაშიც არ შეუცვლია ცხოვრების წესი, ძველებურად მწყემსავდა პირუტყვს და კვლავ მრავალ სასწაულს აღასრულებდა.

ერთხელ კვიპროსზე საშინელი გვალვები დაიჭირა, რაც მოსახლეობას შიმშილობას უქადდა. წმიდა სპირიდონმა, წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად, ლოცვით მოიყვანა წვიმა, რომელიც შემდგომ მხოლოდ მისი ლოცვითვე შეწყდა. რამდენიმე წლის შემდეგ ერის ცოდვის გამო კვლავ შიმშილობა ჩამოვარდა, რამაც პურის ვაჭრების სიხარული გამოიწვია, რადგან მათ პურის მაღალ ფასებში გაყიდვა შეეძლოთ.

იმ დროს ტრიმიფუნტში ერთი ძალზე ძუნწი პურით მოვაჭრე ცხოვრობდა, რომელმაც სხვა ქვეყნებში დიდძალი პური შეიძინა, გემებით მშობლიურ ქალაქში ჩამოიტანა, ბეღლებში შეინახა და პურის კიდევ უფრო გაძვირებას დაელოდა. მან პურის გაყიდვა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია.

ამ დროს მასთან ერთი ღარიბი კაცი მივიდა პურის სათხოვნელად, რათა ის და მისი ცოლ-შვილი შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ხარბი ვაჭარი კი უფულოდ არაფერს იძლეოდა. ღარიბმა წმიდა სპირიდონს მიმართა. ეპისკოპოსმა იგი დაამშვიდა და უთხრა: ნუ ტირი, სახლში წადი, სულიწმიდამ მაუწყა, რომ ის ვაჭარი მალე თვითონ მოგადგება პურის სათხოვნელადო. მართლაც, იმავე ღამეს საშინელი წვიმა წამოვიდა, ნიაღვარმა ბეღლებიდან პური ქალაქის ქუჩებში გაიტანა და იქ ღარიბმა ხალხმა მისი შეგროვება დაიწყო. პურის ვაჭარი კი თავისი სახლეულით ქუჩაში დარბოდა და ხალხს ევედრებოდა, დახმარებოდნენ, რათა ღატაკად არ ქცეულიყო. ბოლოს იგი იმ ღარიბ კაცსაც მიადგა, რომელსაც დახმარების ხელი არ გაუწოდა და პური სთხოვა. თუმცა ამ შემთხვევამ ჭკუა ვერ ასწავლა - მას სხვა ბეღლებიც ჰქონდა.

ერთხელ მასთან ერთი მიწათმოქმედი მივიდა პურის სასესხებლად იმ პირობით, რომ მოსავლის აღების დროს ჩაასესხებდა. ვაჭარმა ფული მოსთხოვა. მიწათმოქმედი ატირებული მიადგა წმიდა სპირიდონს, რომელმაც იგი დაამშვიდა და სახლში გაგზავნა. მეორე დილას კი მთელი ზოდი ოქრო თავად მიუტანა და უთხრა: „წაუღე ეს ოქრო ვაჭარს და გამოართვი იმდენი პური, რამდენიც გსურს, ხოლო რაცა მოსავალს აიღებ, პური ჩაასესხე და ოქრო უკან მოიტანეო“. როდესაც მიწათმოქმედმა მას ოქრო დაუბრუნა, წმიდა სპირიდონმა მიუგო: „წავიდეთ, ძმაო, და ეს ოქრო კვლავ მას დავუბრუნოთ, ვინ იგი გვიბოძა“. ისინი ბაღში შევიდნენ. წმიდანმა ოქრო მიწაზე დადო და ილოცა: „უფალო ჩემო, იესო ქრისტე, რომელმან ყოველივე შენი ნებით ქმენ, რომელმან ფარაონის თვალწინ მოსეს კვერთხი გველად აქციე, ინებე, რათა ეს ოქრო ისევ იმ ცხოველად იქცეს, რომელიც შენ ოქროდ გარდაჰქმენ“. ამ სიტყვებზე ზოდი შეინძრა და გველად იქცა, რომელიც სწრაფად გასრიალდა. ამის შემხედვარე მიწათმოქმედმა კანკალი დაიწყო, მიწაზე დაეცა და იძახდა: მე ამ სასწაულის ხილვის ღირსი არა ვარო.

ერთხელ წმიდანთან ერთი ქალი მივიდა, რომელსაც მკლავებზე მკვდარი ჩვილი ესვენა და შემწეობა სთხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა.

ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთ მეგობარს უსამართლოდ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად მან ქრისტეს სახელით შეაჩერა კალაპოტიდან გამოვარდნილი მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაულის შესახებ, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარი გაათავისუფლა.

წმიდანის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაცაა ცნობილი: ერთხელ იგი ცარიელ ტაძარში შევიდა, სანთლებისა და კანდელის ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როდესაც წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა“, მას და დიაკონს დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ: „და სულისაცა შენისა თანა.“ შემდეგ კი კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო, შეგვიწყალე!“ ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისაკენ გაეშურნენ. მაგრამ როცა შიგნით შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამდენიმე მღვდელმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა.

წმიდა სპირიდონს ადამიანთა ცოდვების ხილვაც შეეძლო. ერთხელ მან უარი უთხრა ცოდვილ ქალს, რომელსაც სურდა, მისთვის, როგორც სტუმრისათვის, ფეხები დაებანა. და შემდეგ, როდესაც სიყვარულით ამხილა იგი, დედაკაცმა მოინანია ცოდვები და წყლის ნაცვლად ცრემლით დაბანა ფეხები წმიდა მღვდელმთავარს.

წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი - ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერელი - სტუმართმოყვარეობით მას პატრიარქ აბრაამს ადარებს. სოზომენი კი თავის საეკლესიო ისტორიაში წერს: დიდი მარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა წმიდა სპირიდონის სახლს მწირი მოადგა. მეუფემ ასულს მიმართა: „სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე“. მარხვის გამო საკვები მომარაგებული არ იყო, რადგან მღვდელმთავარი საზრდელს მხოლოდ გარკვეულ დღეებში იღებდა, ამიტომაც ქალიშვილმა მიუგო, არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მიუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძებზე უარი თქვა; მასპინძელმა მიუგო: „მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა: „რამეთუ ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის“ (ტიტე 1, 15).

წმიდა სპირიდონს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისათვის დაერიგებინა, ნაწილი კი სესხად გაეცა. თავად მღვდელმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ ხელს გაიშვერდა ხოლმე ბეღელისაკენ, საიდანაც ვისაც რამდენი უნდოდა, იმდენს იღებდა, ხოლო შემდეგ ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე აბრუნებდა.

ერთხელ ქურდებმა წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განიზრახეს, მაგრამ უჩინარმა ძალამ ისინი იქვე შებოჭა. დილით მეუფე ფარასთან მივიდა, გაკოჭილი ავაზაკები იხილა, ლოცვის ძალით გაათავისუფლა ისინი და დიდხანს შეაგონებდა, დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით ეშოვნათ. ბოლოს უძილო ღამისათვის ორივეს თითო ცხვარი აჩუქა.

წმიდა სპირიდონი მონაწილე იყო 325 წელს ნიკეაში გამართული პირველი მსოფლიო კრებისა, რომელზეც არიოზის ცრუსწავლება დაიგმო. კრების დაწყებამდე ეპისკოპოსები ხშირად იკრიბებოდნენ და არიოზს მწვალებლობის დაგმობისკენ მოუწოდებდნენ ხოლმე; მათ შორის იყო ერთი ფილოსოფოსი, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. მასთან პაექრობაში წმიდა სპირიდონიც ჩაერთო, რომლის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახვა კაცობრივი ამაობრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე. „მისმინე, ფილოსოფოსო, - მიუგო წმიდა სპირიდონმა, - რას გეტყვი: ჩვენ გვწავს, რომ ყოვლადძლიერმა უფალმა თავისი სიტყვით არაფრისაგან შექმნა ცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა ჩვენი ხსნისათვის და შემდეგ აღდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა კაცთა მთელი მოდგმა; გვწამს, რომ იგი ერთარსი და თანასწორია მამისა“. ამ სიტყვების შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე დამცველი გახდა. მან თავის მეგობარს უთხრა: „ვიდრე არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლურ იქმნა, რადგან ადამიანს არ ძალუძს წინ აღუდგეს ღმერთს. თუ რომელიმე თქვენგანს შეუძლია, ისევე იფიქროს, როგორც მე ვფიქრობ, ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად შეუდგეს ამ ბერს, ვისი პირითაც თვით უფალი მეტყველებდა“.

კრების მსვლელობისას წმიდა სპირიდონმა უფრო დიდი სასწაული მოახდინა. იმისათვის, რომ თვალნათლივ, მაგალითის სახით ეჩვენებინა მოწინააღმგებისათვის (არიანელთათვის), თუ როგორაა ყოვლადწმიდა სამება ერთიც და სამიც, ანუ სამპიროვანი და ერთარსი, ნეტარმა მღვდელმთავარმა აიღო აგური, ხელი მოუჭირა და ყველამ დაინახა, როგორ ავარდა აგურიდან მაღლა ცეცხლი, ხოლო წყალი ქვემოთ ჩამოიღვარა, აგური კი უცვლელი დარჩა. „აქ სამი სტიქიაა (ცეცხლი, წყალი და თიხა), აგური კი ერთია; ასევე ყოვლადწმიდა სამებაც - სამი პირი და ერთი ბუნება, - განუცხადა მოწინააღმდეგეებს სპირიდონმა.

კრების დამთავრებისთანავე, სხვა მღვდელმთავრების მსგავსად, წმიდა სპირიდონმაც საკუთარ ქალაქს მიაშურა. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა მისი ქალიშვილი ირინე, რომელმაც თავისი სიყმაწვილე უბიწო და ღვთივსათნო ცხოვრებაში გაატარა. ირინეს დაკრძალვამდე წმიდა სპირიდონთან ერთი დედაკაცი მივიდა და შესჩივლა: თქვენს ასულს ოქროს სამკაული ჩავაბარე შესანახად და ახლა მას ვიღა დამიბრუნებსო. მეუფემ მთელ სახლში ეძება სამკაული, მაგრამ ვერსად მიაგნო. მაშინ იგი მივიდა განსვენებულთან და უთხრა: „შვილო, ირინე, სად არის ამ დედაკაცის მიერ მობარებული სამკაული?“ ქალიშვილი თითქოს ძილიდან გამოერკვაო, ალაპარაკდა და დაასახელა ის ადგილი, სადაც სამკაული ინახებოდა. შემდეგ წმიდა სპირიდონმა მიუგო: „ახლა კი იძინე, შვილო, ვიდრე უფალი მეორედ მოსვლის ჟამს არ გამოგაღვიძებს“. ამის მხილველნი განცვიფრდნენ, წმიდა სპირიდონმა კი სამკაული მოძებნა და დედაკაცს გადასცა.

იმპერატორ კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ძე, კონსტანცი ავიდა (337-361 წ.წ.). ერთხელ ანტიოქიაში ყოფნისას იგი მძიმე სენმა შეიპყრო. ექიმებმა ვერაფერი იღონეს მეფის განსაკურნებლად, რის გამოც მან ისინი დაითხოვა და საშველად უფალს მიმართა. ღამით მან სიზმარში ანგელოზი იხილა, რომელმაც მღვდელმთავართა მთელი გუნდი წარუდგინა, შემდეგ ორ მათგანზე მიუთითა და უთხრა, რომ მისი განკურნება მხოლოდ მათ შეეძლოთ. მათგან ერთ-ერთი ჯერ ეპისკოპოსი არც იყო. მეფემ ახლომახლო ოლქების ყველა ეპისკოპოსი შეაკრებინა, მაგრამ მათ შორის ხილვისას ანგელოზის მიერ დასახელებულნი არ იყვნენ. ისინი არც ხელმეორე შეკრებაზე ჩანდნენ. მაშინ იმპერატორმა მთელი იმპერიის ეპისკოპოსთა შეკრება ითხოვა. როცა ტრიმიფუნტში მეფის ბრძანებამ ჩააღწია, წმიდა სპირიდონს უფლისაგან უკვე ყოველივე ნაუწყები ჰქონდა. მან წაიყვანა თავისი მოწაფე ტრიფილი (შემდგომში ლევკუსიის ეპისკოპოსი, ხსენება 13 ივნისს) და ანტიოქიაში ჩავიდა. სპირიდონს ფინიკის კვერთხი ეჭირა და იმდენად უბრალოდ ეცვა, რომ სასახლის კარისკაცმა იგი შენობაში არ შეუშვა, მეტიც, ხელიც კი გაარტყა. წმიდანი მაცხოვრის შეგონების მიხედვით მოიქცა და მეორე ლოყაც მიუშვირა. კარისკაცი მიხვდა, რომ მის წინაშე ეპისკოპოსი იდგა, შეიგნო საკუთარი შეცოდებაც და შენდობა ითხოვა.

მეფემ შესვლისთანავე იცნო ხილვაში ნანახი ეპისკოპოსი და მისი მოწაფე. მიუახლოვდა, დაუჩოქა და ტირილით სთხოვა კურნება. მღვდელმთავარმა თავზე ხელი შეახო თუ არა, კონსტანცი მეყსეულად განიკურნა. იმპერატორის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მთელი დღე მან წმიდა სპირიდონთან გაატარა, რომლისაგან მრავალი საჭირო დარიგება მიიღო - როგორც მონარქმა და როგორც უბრალო მოკვდავმა. ამასთან, წმიდანმა შეაგონა მეფე, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო არაფერი ჩაედინა (ცნობილია, რომ კონსტანცი მანამდე არიანელებს თანაუგრძნობდა). იმპერატორს სურდა, უხვად დაეჯილდოვებინა წმიდა სპირიდონი, მაგრამ მან მიუგო: „არ ეგების სიყვარულის საზღაური სიძულვილით იქნას გადახდილი, რამეთუ ის, რაც მე მოვიმოქმედე, სიყვარულია, ხოლო ოქრო კი ყოველგვარი სიავისა და სიძულვილის წყაროა“.

მხოლოდ მეფის უკიდურესი დაჟინების შემდეგ დათანხმდა წმიდა მამა ოქროს აღებას, მაგრამ ის მაშინვე უპოვართ დაურიგა. წმიდა სპირიდონის დარიგების თანახმად, იმპერატორმა მღვდლები, დიაკვნები და სხვა საეკლესიო მსახურები გადასახადებისაგან გაათავისუფლა.

წმიდა მღვდელმთავარი ზოგჯერ სიმკაცრესაც იჩენდა. განსაკუთრებით ამპარტავნებისა და ცუდმედიდების მიმართ. ერთხელ იგი ქალაქ ერითრას ტაძარში შევიდა და იქ მყოფ ერთ-ერთ დიაკონს მოკლე ლოცვის აღსრულება სთხოვა. მკის ჟამი იყო და ძალზე ცხელოდა. გარდა ამისა, მეუფე მგზავრობით იყო დაღლილი, დიაკონმა კი საკუთარი ხმისა და გალობის უნარის წარმოჩინების მიზნით განგებ გააგრძელა ლოცვა. მაშინ წმიდა სპირიდონმა მკაცრად შეხედა დიაკონს და უბრძანა, დადუმებულიყო. დიაკონი იმავე წუთს დამუნჯდა. ყველას შიშის ზარი დაეცა. ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო და ყველა სასწაულის სანახავად გამოეშურა. დიაკონი ფეხებში ჩაუვარდა წმიდა სპირიდონს და ხელებით ანიშნა, მისთვის მეტყველების უნარი დაებრუნებინა. იგივეს ევედრებოდნენ წმიდა მღვდელმთავარს დიაკვნის ახლობლები და მეგობრებიც. ბოლოს მეუფემ დიაკონს დაუბრუნა მეტყველება, მაგრამ იგი სამუდამოდ ენაბრგვილი დარჩა და ხმაც დაუსუსტდა, რათა შემდგომში კვლავ არ ეამპარტავნა თავისი ნიჭით.

ალექსანდრიის პატრიარქმა ეპისკოპოსთა კრება მოიწვია, რათა ერთობლივი ლოცვით დაემხოთ ქალაქში ჯერ კიდევ მრავლად არსებული წარმართული კერპები. მღვდელმთავართა ლოცვით მართლაც ყველა კერპი დაინგრა, გარდა ერთისა, რომელიც წარმართთა შორის განსაკუთრებით პატივდებული იყო. პატრიარქი ბევრს ლოცულობდა და უფალს კერპის შემუსვრას სთხოვდა. ერთ ღამესაც მას ხილვა ჰქონდა, რომლითაც ეუწყა, რომ სპირიდონ ტრიმიფუნტელი უნდა მოეწვია. როდესაც წმიდა სპირიდონს ამის თაობაზე აცნობეს, იგი გემით გაემგზავრა ალექსანდრიისაკენ. როგორც კი ხომალდიდან გადმოვიდა და მიწას ფეხი დაადგა, კერპი მაშინვე დაინგრა. როდესაც ამის შესახებ პატრიარქს შეატყობინეს, მან წამოიძახა: „მეგობრებო, სპირიდონ ტრიმიფუნტელი გვიახლოვდება“.

მთელი ქალაქი სიხარულით შეეგება წმიდა საკვირველთმოქმედ მღვდელმთავარს.

სიცოცხლის უკანასკნელ დღეს წმიდა სპირიდონი სამკალად წავიდა. პაპანაქება სიცხეში მკის დროს ყველამ დაინახა, როგორ დაეშვა ზეციდან ცვრის ღრუბელი და წმიდანს თავზე დაადგა. შემდგომ მას თმის ნაწილი გაუყვითლდა, ნაწილი გაუშავდა და ნაწილი გაუთეთრდა. მეუფემ თავზე ხელი გადაისვა, უკანასკნელად დამოძღვრა იქ მყოფნი და უთხრა, რომ დადგა მისი სულისა და სხეულის გაყრის დრო. წმიდა სპირიდონი ლოცვით აღესრულა. იგი ტრიმიფუნტის წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დაკრძალეს. აქ წმიდანის ნეშტი VII საუკუნემდე განისვენებდა. შემდეგ იგი არაბების თავდასხმის გამო კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, რომლის დაცემის შემდგომ, 1453 წლის 29 მაისს მღვდელმა გიორგი კალოხერეტმა წმიდანის ნეშტი ჯერ სერბიაში წააბრძანა, ხოლო იქიდან 1460 წელს კუნძულ კორფუზე წაასვენა, სადაც იგი დღემდე უხრწნელად ინახება მისსავე სახელზე აგებულ ტაძარში. წმიდანის მარჯვენა ხელი რომშია დაცული.




თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა
თბილისი, 2004 წელი
ANA
წმიდა დიდმოწამე ბარბარე და მოწამე იულიანა (+დაახლ. 306)
4 (17) დეკემბერი


IPB-ს სურათი

უსჯულო კეისარ მაქსიმიანეს (IV ს.) დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იყო იგი წარმართი და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა.

გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.

ცხოვრობდა ბარბარე გოდოლში დამწყვდეული, შვებას ოდენ ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა. გრძნობდა იგი, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებპდა სიბრძნით, სიკეთით, სათნოებით და სურდა გაეგო, ვინ იყო დასაბამი და მიზეზი ყოვლისა. გული უკარნახებდა, რომ სამყაროს შემქმნელი უნდა იყოს ერთი და არა მრავალი, როგორც მისი წარმართი აღმზრდელები ასწავლიდნენ.

ერთხელ, როდესაც მისი არსება მოიცვა განსაკუთრებით ძლიერმა სურვილმა შემოქმედის ხილვისა, იგრძნო, როგორ მოეფინა შეუცნობელი, გონებისა და გულის განმანათლებელი ღვთიური მადლი და ბარბარემ შესძახა: „არა! ერთი უნდა იყოს ღმერთი, ხელთუქმნელი, თავად კი ყოველივეს შემოქმედი“.

კოშკში დამწყვდეულს სულით და გულით ეწადა, გვერდით ჰყოლოდა ვინმე ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, მაგრამ მის გარშემო ასეთი არავინ იყო და თავად ღმერთი, რომელიც „შორს როდია თვითოეული ჩვენგანისაგან“ (საქმე 17, 27) გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი. ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული - ღვთის სიყვარული, და არ ფიქრობდა არც გათხოვებაზე, არც ძვირფას ჩასაცმელსა და მოსართავზე და საერთოდ მიწიერ კეთილდღეობაზე.

მაგრამ დიოსკორეს დიდად სურდა ქალიშვილის გათხოვება; ერთხელაც ამ საკითხზე ჩამოუგდო მას საუბარი, შესთავაზა თავის სურვილისამებრ აერჩია მისი ხელის თხოვნის მრავალრიცხოვან მსურველთაგან ვინმე გულისწორი. ქალწულმა კი მკაცრად მიუგო: „არა გიცნობიესა მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე“.

ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას. დიოსკორემ ბრძანა ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა.

ცოტა ხანში დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა.

ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი.

ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. ბარბარე მივიდა, თითით გამოსახა ჯვარი მარმარილოზე და აი, სასწაული! ამოხეთქა იქ წყალმა, რომელმაც შემდგომ მრავალი სნეული განკურნა, მრავალი სასწაული მოახდინა. ჯვარი მარმარილოში ამოკვეთილივით დარჩა, ასევე დარჩა ბარბარეს ნატერფალიც.

ბარბარემ დაინახა ორი სარკმელი და მშენებნლებს მოსთხოვა მესამეც გაეჭრათ, რათა ადამიანის ნახელავში ღმერთის სამგვამოვნება აღბეჭდილიყო. მაგრამ მათ თავდაპირველად უარი უთხრეს, რადგან ეშინოდათ დიოსკორესი. მაშინ ბარბარემ ასე დაარიგა: „რომელი მე გარქუ, ყავთ ეგრეთ და ოდეს მოვიდეს მამაჲ ჩემი იგი, და ოდეს გკითხას თქუენ რაჲსათვის განაღეთ მესამე სარკუმელი, მიუგეთ და არქუთ მას: ასულმან შენმან ესრეთ ინება ყოფაჲ სარკუმელთა სამთაჲ“. ამის შემდეგ მშენებნლებმა მესამე სარკმელიც გაჭრეს. ბარბარე თავის კოშკში დაბრუნდა. გზად მიმავალმა თვალი მოჰკრა კერპებს, რომლებსაც მამამისი თაყვანს სცემდა. სული წმიდით აღვსილმა ქალწულმა თქვა: „მსგავს თქუნდა იყვნენ მოქმედნი თქუენნი და ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს თქუენი“.

რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა. როდესაც აბანო მოინახულა, მშენებლებს გულისწყრომით ჰკითხა მიზეზი მესამე სარკმლის გაჭრისა. მათ კი შიშით მიუგეს, რომ ეს ბარბარეს დაჟინებული მოთხოვნით გააკეთეს.

დიოსკორეს გაუკვირდა და ქალიშვილს სთხოვა აეხსნა, რას გულისხმობდა სამ სარკმელში. მანაც მიუგო: „ორნი არიან ერთისა მისგან და მათგან მოველით ცხოვრებასა, წყალობასა და შენდობასა ცოდვათასა“. „გამოგიცხადო შენ, მამაო და გასწაო სამართალი უსამართლოისაგან და გამოგიყვანო შენ ბნელისაგან ნათლად“. ...„ მე მნებავს მოქცევაჲ შენი ჭეშმარიტებად; არა გიცნობიესა, რამეთუ იგი სამნი სარკუმელნი იგი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, „ესე სამნი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, „ესე სამნი არიან მამაჲ, ძეჲ და სული წმიდაჲ“.

დიოსკორეს ფერი ეცვალა, განრისხდა, გამძვინვარდა, ეშმაკი შეუჩნდა, ხმალი იშიშვლა და ქალიშვილისთვის თავი უნდოდა მოეკვეთა. ბარბარემ მოასწრო გაქცევა, ილიოპოლი დატოვა და ქალაქის მახლობლად გამოქვაბულს შეეფარა. მამამისი ყველგან დაეძებდა. ბოლოს მიადგა იმ მთას, სადაც ბარბარე იმყოფებოდა.

დიოსკორემ თმით ჩამოათრია ქალიშვილი მთიდან, ჩაკეტა სახლში და მცველებიც მიუჩინა, რათა არავინ შესულიყო მასთან. თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონებადაბინდულმა მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირეს, თავის რჯულზე მოაქციეს და ამდენად ის ღირსი იყო წამებით სიკვდილისა.

მარკიანემ ბრძანა მასთან მოეყვანათ ბარბარე. როდესაც ბარბარემ შეიტყო, რომ მმართველთან მიჰყავდათ, ღმერთს შესთხოვა შეწევნა.

მოიყვანეს ბარბარე მარკიანესთან. ქალწულის სილამაზით გაკვირვებულმა მმართველმა სცადა ტკბილი სიტყვით მისი გადაბირება; დაუყვავა და ურჩია მოენანიებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მსხვერპლი შეეწირა მათთვის. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ იგი უმკაცრესად დაისჯებოდა.

მიუგო მას ბარბარემ: „არა გიცნობიესა, ჰეი უღმერთოო, რამეთუ მე სჯულსა ზედა ქრისტესა ვარ და ღმერთნი შენნი ვითარცა წინასწარმეტყველმან დავით თქუა: პირ ათქს და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ. ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ“.

მარკიანე ამ პასუხმა განარისხა, ბრძანა ქალწული ცემა ტყავის შოლტებით. ბარბარეს ნაკადულივით სდიოდა სისხლი. მარკიანეს ეგონა, რომ იგი მოკვდა. შემდეგ შეაგდეს საპყრობილეში და მცველები დაუყენეს.

შუაღამისას გამობრწყინდა ნათელი, საკანი განათდა, ქრისტე ღმერთი ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა წმიდა ასულს, განკურნა მისი ნაგვემი სხეული, მოურჩინა წყლულები და უთხრა: „ბარბარე, მოწამეო ჩემო, რამეთუ დიდად უხარის ცასა და ქუეყანასა დღესასწაული შენი, ხოლო შენ შეძრწუნდები უსჯულოისა მისგან მსაჯულისა, რომელნი განუძლიერებიეს ეშმაკსა. არამედ მე თანა დაგიდგე და გიხსნე შენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელ შეგემთხუეოდის შენ“.

სიხარულით აღივსო წმიდა ბარბარე, ჯანმრთელმა და უვნებელმა ილოცა და უფალს მადლობა შესწირა. დილით მარკიანემ ბრძანა ქალწული საკაცით მოყვანა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბარბარე სიარულს ვერ შესძლებდა. მივიდნენ მსახურები მის წამოსაყვანად და ნახეს, რომ ფეხზე დგას იგი და ლოცულობს. განცვიფრებულებმა ერთხმად შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ და არა არს სხუაჲ ღმერთი უდიდეს მისა, რომელმან განაძლიერა ესე“.

მარკიანეც ფრიად გაოცებული დარჩა, როდესაც იხილა თავისი ფეხით, სხვის დაუხმარებლად მისკენ მიმავალი ბარბარე. უსჯულო და უგუნურმა მმართველმა ეს სასწაული თავის კერპ-ღმერთთა დიდ მოწყალებას მიაწერა და ურჩია წმიდა ქალწულს, ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი ღმერთებისათვის, რომელნიც ასე მოწყალედ მოექცნენ მათ მგომებელს და გვემული განკურნეს.

ეს უგუნური შეგონება რომ მოისმინა, ქალწულმა შეჰნერწყვა მმართველს და უთხრა: „ჰეი, უსჯულოო ბილწო ეშმაკისაო, აჰა, ხარ შენ ბრმა და ღმერთნი შენნი ბრმა არიან, ვითარცა შენ, რომელნი ვერ შემძლებელ არიან ხედვად, არცა შეწევნად მოსავთა მათთა. ვითარ შემძლებელ არიან შეწევნად ჩემდა, რომელნი თავთა თვისთა ვერშემძლებელ არიან შეწევნად, არამედ ქრისტე, რომელი ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა თქუეს წიგნთა და ჯუარითა მისითა ცხოველითა განმაძლიერა მე შენ ზედა“.

მსახურებმა, რომლებმაც ბარბარე სტანჯეს, ამ სიტყვების გაგონებისას ერთხმად შესძახეს: „ჩეუნცა გურწამს იესუ ქრისტე ნაზარეველი, რაჲთა არა არს სხუაჲ ღმერთი მისსა გარეშე“.

მარკიანემ ბრძანა დაუყოვნებლივ თავები მოეკვეთათ მათთვის. მართლაც, გაიყვანეს იგინი ქალაქგარეთ და სიკვდილით დასაჯეს. ამ მოწამეობრივი აღსასრულით დაიმკვიდრეს მათ ზეციური ცხოვრება საუკუნო.

შემდეგ მარკიანემ ბრძანა ქალწულის გაშიშვლება და ქალაქში ასე ტარება.

ღვთის შეწევნით წმ. ბარბარეს გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც სპეტაკი სამოსით დაფარა მისი წმიდა სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა.

მარკიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო ქალწულს, შეეშინდა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს სჯულზე, და ამიტომ დიოსკორეს, წმიდა ბარბარეს მამას, უბრძანა, რომ გაეყვანა ქალიშვილი ქალაქგარეთ და თავი მოეკვეთა მისთვის.

წაიყვანა დიოსკორემ თავისი ასული. როდესაც მიაღწიეს ადგილს, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯა, წმიდა ქალწულმა შესთხოვა მამას, უკანასკნელად გაეწია ანგარიში ერთადერთი ასულისათვის და მცირე ხნით ლოცვა-ვედრების საშუალება მიეცა. უსჯულო დიოსკორემ სიცილით და კიცხვით მიუგო: „რაჲ ხარ შენ? ანუ ვინ არს ღმერთი შენი? უხმობდ რაიზომ შემძლებელ ხარ, რაჲთა ვიხილო უკუეთუ მოვიდეს დღეს და გიხსნეს შენ ხელთაგან ჩემთა“. მაშინ წმიდა ბარბარემ ზეცისაკენ აღაპყრო ხელები.

დაასრულა თუ არა ლოცვა, ზეციდან ხმა გაისმა: „მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა ივლიანეს თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროჲსი ამისსა მიგცე შენ“.

ძლიერ გააკვირვა ამის გაგონებამ დიოსკორე და სხვებიც, ვინც იქ იყვნენ, წმიდა ბარბარე კი სიხარულით აღივსო, თავი მოუდრიკა მახვილს და მამას უთხრა: „აწ აღასრულე ბრძანებული შენდა მიმართ, ჰეი, უღმერთოო“.

დიოსკორემ დასცა მახვილი და წარკვეთა წმიდა ბარბარეს პატიოსანი თავი. იმავე წამს დაატყდა მას საშინელი ცეცხლი ციდან და ერთიანად დასწვა, ამოვარდა ფიცხელი ქარი და გაფანტა ფერფლი.

ასევე დაისაჯა მარკიანეც, სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა, მისგან მტვერიც კი აღარ დარჩენილა.

წამებულის წმიდა სხეული ერთმა ღვთისმოსავმა მოქალაქემ, ვალენტიანემ ჩამოასვენა ილიოპოლში, შესაფერისი პატივით დაკრძალა და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო.

დიდმოწამე ბარბარე ღირსი იქმნა იესო ქრისტეს სასუფევლისა დეკემბრის მეოთხე დღეს (ახალი სტილით 17 დეკემბერს).

დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები შემდეგ ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა - ბარბარემ კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. ამჟამად წმიდა ნაწილები იმყოფება ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.

წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.

გაზეთი „მადლი“ №24, 1991 წ.
მამა დავითი
ყოჩაღ ანა ძალიან კარგად აკეთებ ამ თემას, ასე გააგრძელე, ღმერთმა დაგლოცოს!
ლეონი
ღირსი მამა საბა განწმენდილი
IPB-ს სურათი
ღირსი საბა განწმედილი V საუკუნეში დაიბადა კაბადოკიაში, კეთილმსახური ქრისტიანების, იოანესა და სოფიას ოჯახში. წმიდანის მამა მხედართმთავარი იყო. ერთხელ იგი სამსახურის საქმეებზე ალექსანდრიაში გაგზავნეს და მეუღლეც თან წაიყვანა. ხუთი წლის ძე ბიძას დაუტოვეს აღსაზრდელად.
გავიდა ხანი. წმიდანის სანათესაოში მისი მამის ქონების გამო შფოთი და მტრობა ჩამოვარდა, სიყრმიდანვე უფლისგან შეყვარებულმა საბამ კი ყოველივე ამაოდ შერაცხა და მახლობლად მდებარე ფლაბიანოსის მონასტერს შეეხიზნა. ამ დროს იგი რვა წლისა იყო. ნათესავები ბევრს ეცადნენ, საერო ცხოვრებისკენ მოებრუნებინათ ყრმა, მაგრამ ამაოდ.
გულისხმიერმა ყრმამ სწრაფად შეისწავლა წმიდა წერილი „და ყოველი წესი მონაზონებისაჲ“, ჩვიდმეტი წლისა ბერად შედგა, „სული თჳსი დაიმდაბლა მარხვითა. ჴორცნი შრომითა დააჭნვნა“, ყველა მოწესეს გარდაემატა სიმდაბლით, მორჩილებითა და ღვთისმსახურებით. წმიდა ცხოვრებისთვის საბას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა.
ფლაბიანოსის მონასტერში გატარებული ათი წლის შემდეგ საბა იერუსალიმში გაემგზავრა, აქედან კი ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) ლავრას მიაშურა. ღირსმა ექვთიმემ წმიდანს ამბა თეოქტისტეს სავანეში წასვლა ურჩია. უფლის რჩეულმა მდაბლად მიუგო: „ვითარცა მიბრძანო, ეგრეცა ვყო“.
წმიდა საბა ოცდაათი წლის ასაკამდე ამ მონასტერში იმყოფებოდა მორჩილად, წინამძღვრის - თეოქტისტეს გარდაცვალების შემდეგ კი სავანის მახლობლად, გამოქვაბულში დამკვიდრდა. კვირაში ხუთი დღე იგი არაფერს ჭამდა. გამუდმებით ლოცულობდა და შრომობდა, შაბათ-კვირას კი საძმოსთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა და მათთან იყოფდა ტრაპეზს. რამდენიმე ხანში წმიდანს ნება დართეს, დაყუდებიდან საერთოდ არ გამოსულიყო და ასე, სრულ მარტოობაში დაჰყო ხუთი წელი.
ღირსი ექვთიმე ყურადღებით ადევნებდა თვალს ახალგაზრდა ბერის მოღვაწეობას. ექვთიმეს გარდაცვალების შემდეგ კი (+473), წმიდა საბა ნეტარი გერასიმეს (+475; ხს. 4 მარტს) სავანის სიახლოვეს დამკვიდრდა და „გამობრწყინდა, ვითარცა მთიები, იორდანისა უდაბნოსა“.
ერთხელ უფლის ბრწყინვალე ანგელოზი წარდგა ნეტარი საბას წინაშე და უბრძანა, სილოამის ხევთან მდებარე გამოქვაბულში დამკვიდრებულიყო. მოსაგრე დამორჩილდა ზეციურ კურთხევას. საბას ახალი სენაკი ძნელად მისასვლელი იყო: იგი საბლით ადიოდა და ჩამოდიოდა. თანდათან წმიდანის ირგვლივ მოწაფეები მომრავლდნენ. ჯერ მცირე ეკვდერი ააგეს, შემდეგ კი ცეცხლოვანი სვეტით უფლისგან სასწაულებრივ მინიშნებულ მღვიმეში მცირე ტაძარიც მოაწყვეს; აშენდა სენაკებიც. ასე წარმოიშვა დიდი ლავრა. საბამ ამ სავანისთვის შექმნა პირველი წეს-განგება, „იერუსალიმის“ სახელით ცნობილი, რომელიც შემდეგ პალესტინის ყველა სავანემ მიიღო.
წმიდა საბას არ სურდა მღვდლად კურთხევა, მაგრამ უფლის ნება სხვაგვარი იყო: მთავარეპისკოპოსმა თითქოს რაღაც სხვა გარეშე მიზეზით იერუსალიმში მოუწოდა წმიდანს და ხუცესად დაასხა ხელი.
ექვთიმე დიდის მიბაძვით წმიდა საბაც დიდმარხვაში უდაბნოში გადიოდა ხოლმე. ერთხელ მან მკვდარ ზღვაში მცირე კუნძულს მოჰკრა თვალი და გადაწყვიტა, აქ გაეტარებინა მარხვის დღეები, მაგრამ, როგორც კი მისკენ გაიწია, ეშმაკის მანქანებით, „შთავარდა. ადგილსა ერთსა მის ზღჳსასა, ბნელსა და ცეცხლსა, და გამოჴდა მიერ ალი და შეწუა პირი და წუერი“ და რამდენიმე დღე უგონოდ ეგდო, შემდეგ უფალი შეეწია და განაძლიერა, მაგრამ მოტრუსული წვერი ამის შემდეგ არ წამოზრდია - უწვეროდ დარჩა. „ქუეყანისა ანგელოზი. და ზეცისა კაცი, ბრძენი და სარწმუნო მოძღუარი“, წმიდა საბა დაუცხრომელი მოღვაწე იყო. მან „უდაბნოჲ ქალაქ ყო მონაზონთა სიმრავლითა“: გარდა დიდი ლავრისა, კიდევ ექვსი სავანე დააარსა.
უფლის რჩეული ახოვნად იბრძოდა მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმიდის დასაცავად. ასე მაგალითად, მწვალებელმა სევერუსმა დიდი კადნიერება ჰპოვა უსჯულო მეფის, ანასტასის წინაშე და ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ეს რომ წმიდა საბამ გაიგო, იერუსალიმში ჩავიდა უდაბნოში მოღვაწე ბერების თანხლებით და საჯაროდ შეაჩვენა სევერუსი და მისი მწვალებლური მოძღვრება: „შე-მცა-ჩუენებულ არს სევერი და რომელნი მას ეზიარებიან!“
ანასტასიმ მხედართა რაზმი გაგზავნა იერუსალიმში, იქაური მართლმადიდებელი მღვდელმთავარი ელია გადააყენა და მის ნაცვლად მწვალებლობისკენ მიდრეკილი იოანე დაადგინა. საბა და სხვა მეუდაბნოე მამები კვლავ შეიკრიბნენ იერუსალიმში და ისევ საჯაროდ შეაჩვენეს ერეტიკოსები. ანასტასიმ გადაწყვიტა, ქალაქიდან გაესხა მართლმადიდებლობის მოსარჩლე მამები, მაგრამ „ყოველნი მონაზონნი უდაბნოჲსანი“ აღსდგნენ წინამძღვრების დასაცავად და უღმრთო ხელისუფალი აიძულეს, რისხვა დაეცხრო.
ნეტარი საბა მეტად ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. ახოვანი მოსაგრე გამოცდილი მოძღვარიც იყო. ერთხელ იგი ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად იერიქონიდან იორდანისკენ მიდიოდა, როცა მათ ერისაგანნი, და მათ შორის ერთი მშვენიერი ქალი შემოხვდათ. წმიდანმა მოწაფის გამოცდა მოისურვა და უთხრა: „ვითარ შუენიერ არს ქალი ესე, რომელ გარე-წარგუჴდა, და არს იგი ერთთუალი“. მოწაფემ მიუგო: „არა, მამაო, ორნივე თუალნი ასხენ“. ბერმა გაიმეორა: „სცეთ, შვილო, ერთთუალი არს“, მოწაფემ კი თავისი დაიჟინა: „არა ერთთუალი არს, არამედ დიდად ხოლო თუალითა შუენიერ არს“. მაშინ საბამ თქვა: „და სადა წერილ არს, რაჲთა შენ თუალნი მიადგნე მას და წამითა შენითა იხილო იგი? რამეთუ, ვითარცა ცეცხლი შემწუველი, ეგრე არს“. თვალდაუჭერლობისთვის ნეტარმა დასაჯა მოწაფე, სენაკიდან გააძევა და მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნა, რაც მან გულწრფელი სინანულით აღვსილმა, „თავი თჳსი დიდად დაიტანჯა“.
წმიდა საბა მკაცრი მმარხველი იყო: მთელი მარხვის მანძილზე პურს არ ღებულობდა, მოუძლურება კი ოდნავადაც არ ეტყობოდა; „შურებინ სიცხესა მრავალგზის და ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა შჳდეულთა მარხვით აღასრულებდა“, მაგრამ თუ სტუმარი მოვიდოდა და გაიხსნილებდნენ, „დღესა ორჯერ ჭამის და განძღის და გარდაერიის, და სიყვარულითა სტომაქსა არა ევნის“. ერთხელ, იოანე მთავარეპისკოპოსთან სტუმრობის დროს, საბა თურმე, ჩვეულებისამებრ, წრფელი გულით ღებულობდა ყველაფერს, რასაც აწვდიდნენ, და „ღმრთისა მიერ არარას განიკითხავდა“. მაშინ თეოდოსი დიდი იოანესა და მის ძმას, ასკალონის ეპისკოპოს ანტონის სიყვარულით გახუმრებია: „თქუენ ორთავე, რომელთა შემდგომად ღმრთისა თავადი პალესტინა გამოჰზარდეთ ჟამსა სიყმილისასა, მიკჳრს თუ ეგე გან-ვითარ-აძღოთ საჭმლითა“. პასუხად მთავარეპისკოპოსს უთქვამს: „შემინდვეთ, მამანო, რამეთუ ჩუენ ვერცა შიმშილსა დაუთმობთ, ვერცა სიმაძღრესა, ხოლო ამას ღმრთისა კაცსა მოციქულთაჲ იგი აქუს მადლი, იცის დამდაბლებაჲცა და აღმაღლებაჲცა. იცის მაძღრობაჲ და სიმშილი, გარდამეტებაჲ და ნაკლულევანებაჲ და ყოველივე განძლიერებულ არს ძლიერებითა ქრისტჱსითა“.
უფლისაგან საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა საბა მრავალ სასწაულს აღასრულებდა: მისი ლოცვით უდაბნოში წყარო აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა გარდამოხდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა, ბევრი გადაურჩა სასიკვდილო საფრთხეს. ნეტარ მამას მხეცებიც უდრტვინველად ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ, ხშირად ისინიც ღებულობდნენ მისგან კურნებას.
წმიდა საბამ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება: დასნეულებულმა, ოთხი დღე „არარაჲსაჲ გემოჲ იხილა, არცა ვის თანა ზრახვიდა“, შაბათ საღამოს კი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა და 532 წლის 5 დეკემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
http://www.orthodoxy.ge/tveni/dekemberi/05-saba.htm
lingvo
წმიდა დიდმოწამე გიორგი (+303)

23 (06.05) აპრილი 23 (10.11) ნოემბერი


IPB-ს სურათი IPB-ს სურათი


წმიდა, დიდებული, დიდმოწამე, ძლევაშემოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი (+303) მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა.

ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.

კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და თავის მხრივ მხარდაჭერაც აღუთქვა.

წმიდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება: „მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენს წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისათვის“. - „რა არის ჭეშმარიტება?“ - ჰკითხა ერთ-ერთმა წარჩინებულმა. „თავად ქრისტეა ჭეშმარიტება, დევნული თქვენ მიერ“, - იყო პასუხი.

თავისი საყვარელი მხედართმთავრის ამ კადნიერი სიტყვით თავზარდაცემულმა დიოკლეტიანემ სცადა დაერწმუნებინა იგი, განდგომოდა ქრისტეს და მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა აღმსარებელმა მტკიცედ მიუგო: „ვერავითარი ამსოფლიური დიდება ვერ შეანელებს ჩემს სურვილს ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს“. განრისხებული მბრძანებლის განკარგულებით მეომრები შეეცადნენ შუბის კვრით გაეყვანათ იგი დარბაზიდან, მაგრამ წმიდანის სხეულზე შეხებისას რკინა რბილდებოდა და იდრიკებოდა. საპყრობილეში მას ფეხებზე ხუნდები, მკერდზე კი დიდი ლოდი დაადეს და დილამდე ასე ამყოფეს.

მეორე დღეს ნაწამები წმიდა გიორგი ისევ იმპერატორს წარუდგინეს: „უმალ შენ მოუძლურდები ჩემი ტანჯვით, ვიდრე მე, შენს მიერ გვემული“, - ასე პასუხობდა იგი დიოკლეტიანეს ყოველ შეკითხვას. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ყველაზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ იგი. დიდმოწამე მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილებიანი ძელები დაედოთ. სხეულდასერილმა წმიდანმა ჯერ ხმამაღლა ჰხადა უფალს,: შემდეგ კი დადუმება არჩია. დიოკლეტიანემ იფიქრა, უკვე აღესრულაო, უბრძანა ჩამოეხსნათ სხეული ბორბლიდან. თვითონ კი აპოლონის ბომონს მიაშურა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად.

მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა ქვეყანა, ცოტა ხნის შემდეგ მაღლიდან მოისმა ხმა: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ!“ ბორბალთან უჩვეული ნათლითმოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს, უთხრა: „გიხაროდენ!“ და გაუჩინარდა, წმიდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა ბორბლიდან და თაყვანი სცა ჭეშმარიტ ღმერთს.

ამის მხილველმა განცვიფრებულმა მეომრებმა წმიდა გიორგი მაშინვე საკერპოში წაიყვანეს, იმპერატორთან. დიოკლეტიანემ თვალებს არ დაუჯერა, როცა საღ-სალამათი მოწამე იხილა, ვერც მისანმა ათანასემ დამალა გაოცება. მომხდარი სასწაულით გამხნევებულმა საიმპერატორო კარის ორმა წარჩინებულმა მოხელემ - ანატოლიმ და პროტოლეონმა, რომლებიც მანამდე მალავდნენ ქრისტიანობას, საჯაროდ აღიარეს სარწმუნოება და იმწამსვე დიოკლეტიანესაგან თავის მოკვეთაც მიესაჯათ. თვით დიოკლეტიანეს მეუღლე ალექსანდრაც ხმამაღლა განადიდებდა ქრისტეს და მზად იყო გაეზიარებინა მის თვალწინ წამებულ დიდებულთა ხვედრი, მცველებს სასწრაფოდ, ძალით რომ არ წაეყვანათ სასახლეში.

ამის შემდეგ იმპერატორი კიდევ უფრო სასტიკი გახდა. მისი განკარგულებით წმიდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი გახურებული კირი დააყარეს, ხოლო როცა სამი დღის შემდეგ კირი ამოყარეს და წმიდანი სრულიად უვნებელი იხილეს, იმპერატორისავე ბრძანებით მას წვერწამახული ლურსმნებგაჩრილი რკინის გავარვარებული ჩექმები ჩააცვეს და ცემით წაიყვანეს საპრყობილემდე.

მეორე დღეს, როცა დიოკლეტიანემ კვლავ ისურვა წმიდა გიორგის ნახვა, წამებულმა დაუზიანებელი ფეხი უჩვენა და ღიმილით უთხრა, ჩექმა ძალიან მომეწონაო. ამის გამო ისე ცემეს ხარის გამხმარი ძარღვებით, რომ წმიდანის სისხლი და ხორცი მიწას შეერია, მაგრამ მისი სიმტკიცე მაინც ვერ გასტეხეს. იმპერატორმა დასახმარებლად წარმართ მოგვს ათანასეს უხმო. ათანასემ შეზავებული სითხით სავსე ორი თასი მისცა მოწამეს, პირველს მორჩილი უნდა გაეხადა იგი, მეორეს კი უნდა მოეკლა. მოწამემ მშვიდად შესვა ორივე და კვლავ ადიდა ღმერთი.

მისნის რჩევით დიოკლეტიანემ წმიდა გიორგის უბრძანა, ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მიცვალებული აღედგინა მკვდრეთით. წმიდანი საფლავთან მიიყვანეს. მან უფალს შეჰღაღადა: „უფალო იესო! წინაშე შენსა წარმომდგართ უჩვენე, რომ ერთი ღმერთი ხარ მთელი ქვეყნისა, რათა გიცნან შენ, ყოვლადძლიერი მეუფე ჩვენი“.

მიწა იძრა, საფლავი გაიხსნა და მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. ამ სასწაულის მოწმეებმა ერთხმად ადიდეს ღმერთი, თვით იმ წამსვე აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება, წმიდა გიორგის დაუჩოქა და სთხოვა, ცოდვები მიეტევებინა მისთვის. გამძვინვარებულმა დიოკლეტიანემ სიკვდილით დასაჯა ათანასეც და მკვდრეთით აღმდგარი კაციც, წმიდა გიორგი კი კვლავ საპრყობილეში ჩააგდო, რათა მეორე დღესვე სიკვდილით დაესაჯა იგი, თუკი საბოლოოდ არ უარყოფდა ქრისტეს.

იმ ღამეს წმიდა გიორგის თავად მაცხოვარი ეჩვენა. უფალმა გვირგვინით შეუმკო თავი მოწამეს და უთხრა: „ნუ გეშინინ, მხნე იყავ, განძლიერდი. მალე მიხილავ და მიიღებ შენთვის განკუთვნილ ადგილს“.

დილით დიოკლეტიანემ კიდევ ერთხელ შესთავაზა წმიდა მოწამეს, თაყვანი ეცა კერპებისთვის. წმიდა გიორგი დათანხმდა მბრძანებელს აპოლონის ბომონში გაყოლაზე, ხოლო როცა გახარებულმა იმპერატორმა პატივით შეიყვანა იგი სამსხვერპლოში, წმიდანი მიუახლოვდა კერპს, ჯვარი გადასახა ყველა კერპი თავისით დაიმსხვრა.

ხალხი აბობოქრდა. ქურუმები წმიდანის მოკვდინებას მოითხოვდნენ. ხმაურზე წმიდა დედოფალი ალექსანდრა მოვიდა. როცა ნახა, რომ წმიდა გიორგი სასიკვდილოდ მიჰყავდათ, თვითონაც აღიარა ქრისტიანობა და დიოკლეტიანესაგან სიკვდილმისჯილი, სიხარულით გაჰყვა გვერდით საყვარელ წმიდანს.

დასჯის წინ წმიდა გიორგიმ მთელი გულით შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის, რომელთაც არა უწყოდნენ, რას იქმოდნენ და სთხოვა, ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი, შემდეგ კი მორჩილებით მოუდრიკა ქედი ჯალათის მახვილს. იგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს. ანდერძისამებრ, წმიდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი გადაასვენეს წმიდანის სახელზე აშენებულ დიდ ტაძარში, ქალაქ ლიდაში.

წმიდა გიორგი ეწამა 30 წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას დღესასწაულობს ორჯერ: 23 აპრილს (6 მაისს) - წმიდანის აღსრულების დღეს და 10 (23) ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. (ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან საქართველოდან გადავიდა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში. ამის შესახებ იხ. 10 (23) ნოემბრის საკითხავში).


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

http://www.orthodoxy.ge/tveni/aprili/23-giorgi.htm
ANA
ციტატა(მამა დავითი @ Dec 18 2008, 03:25) *

ყოჩაღ ანა ძალიან კარგად აკეთებ ამ თემას, ასე გააგრძელე, ღმერთმა დაგლოცოს!


მადლობთ მამაო ვეცდები ყველანაირად
მამა დავითი
ციტატა(ANA @ Dec 22 2008, 16:24) *

მადლობთ მამაო ვეცდები ყველანაირად



ღმერთმა დაგლოცოს!

ველოდებით თემის გაგრძელებას.
ANA
ღირსი სერაფიმე საროველი 2 (15) იანვარი

IPB-ს სურათი

ღირსი სერაფიმე საროველი ( ერობაში _ პროხორე მოშნინი)_რუსეთის ეკლესიის ერთერთი უდიდესი წმინდანი
დაიბადა კურსუკში 1754 წლის 19 ივლისს.მამა_ისიდორე ადრე გარდაიცვალა და მცირეწლოვანი ყრმა დედის _აღათიას ,ზრუნველობის ქვეშ დარჩა, ბავშობიდანვე უფრთხილდებოდა უფალი თავის რჩეულს. ერთხელ ყრმა მშენებარე ტაძრის მაღალი სამრეკლოდან ჩამოვარდა,მაგრამ უვნებლად გადარჩა.. შემდეგ სასიკვდილოდ დაავადდა მაგრამ ძილში ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც მონახულება და განკურნება აღუქთვა.მარტლაც, მალე მისი ეზოს წინ პროცესიამ ჩაიარა ჯვრებით და ღვთისმშობლის ხატით. დედამ ხელში აყვანილი ბავშვი გამოარბენინა და ხატს შეახო, რის შემდეგაც მან სწრაფად დაიწყო გამოჯანმრთელბა.
1778 წლის 20 ნოემბერს იგი საროვში ჩავიდა , ბერი პახუმი წინამძღვრობდა. მან თბილად მიიღო პროხორე და მოძღვრად ბერი იოსები მიუჩინა. ამ წლებშივე პროხორემ, სხვა მოღვაწე ბერების მიბაძვით, ტყეში განმარტოებასა და ლოცვაზე აიღო კურთხევა. ორიწლის შემდეგ ახალგაზრდა მორჩილი წყალმანკით დაავადდა, მთელი სხეული გაუსივდა და საშინლად იტანჯებოდა.სამი წელი ისე ავადმყოფობდა,ექიმები არც გაიკარა. '''მე სულისა და ხორცის ჭეშმაროტ მკურნალს_ჩვენს უფალს, იესო ქრისტესა და მის ყოვლადწმინდა დედას ვარ მინდობილი'' უთხრა მან მამა პახუმს და ზიაება მოითხოვა.. მაშინ მას ღვთისმშობელი გამოეცხადა პეტრე მოციქულისა დაიოანე ღვთისმეტყველის თანხლებით. ღვთისმშობელი კვერთხით შეეხო სნეულის ფერდს. და სნეული გამოჯანმრთელდა.
პროხარე სავანეში 8 წელი დაჰყო მორჩილად, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და სერაფიმე ეწოდა.
ღირსი მამა მკაცრ ღვაწლში იყო: თავისი ტიპიკონი მან ძველ უდაბნოთა სავანეების ტიპიკონების მიხედვით შეადგინა. მას განუშორებლად თან დაჰქონდა წმიდა სახარება. კვირის განმავლობაში ახალ აღთქმას ჩაიკითხავდა ხოლმე. გარდა ამისა, კითხულობდა წმიდა მამათა თხზულებებს და საღვთისმსახურო წიგნებსაც. სერაფიმემ მრავალი საგალობელი შეისწავლა ზეპირად და ტყეში მუშაობის დროს გალობით აღავლენდა ლოცვებს. კელიის მახლობლად მან ბოსტანი მოაწყო, ფუტკარიც მოიშენა; ლუკმა-პურს საკუთარი შრომით მოიპოვებდა, მაგრამ ძალიან ცოტას ჭამდა, დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა საზრდოს, ოთხშაბათს და პარასკევს კი საერთოდ არაფერს იხმევდა. დიდმარხვის პირველ კვირიაკეს შაბათამდე არაფერს ჭამდა, შაბათს კი წმიდა საიდუმლოს ეზიარებოდა.
წმიდა სერაფიმესთან რჩევისა და ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად სიარულს მოუხშირეს არა მხოლოდ მონასტრის ძმებმა, არამედ ერისკაცებმაც. ეს არღვევდა მის მყუდროებას, ამიტომ, წინამძღვრის კურთხევით, წმიდანმა თავისთან მოსვლა აუკრძალა ჯერ ქალებს, შემდეგ კი – ყველა დანარჩენს. სერაფიმეს ლოცვით მის კელიასთან მისასვლელი გზა ასწლოვანი ფიჭვების მსხვილი ტოტებით გადაიხლართა. ახლა მხოლოდ ფრინველები და მხეცები თუ აღწევდნენ წმიდა მამამდე. იგი საკუთარი ხელით აჭმევდა დათვს, როცა მისთვის პური მოჰქონდათ მონასტრიდან.ღირსმა მამამ გადაწყვიტა, კიდევ უფრო გაემკაცრებინა ღვაწლი, – ყოველ ღამით ის ერთ უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით ლოცულობდა: „უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი.” დღისით კელიაში აგრძელებდა ლოცვას. აქაც ტყიდან მოტანილ ქვაზე იდგა, საიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა. ასე ლოცულობდა წმიდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში. ერთხელ ყაჩაღები თავზე დაადგნენ უდაბნოში მომუშაკე ბერს და ფული მოსთხოვეს. ყაჩაღებმა სასტიკად გვემეს ღირსი მამა, თავი გაუტეხეს, ნეკნები ჩაუმტვრიეს, შემდეგ კი შეკრეს და მდინარეში უპირებდნენ გადაგდებას, მაგრამ, როცა მისი ღარიბული კელიის საფუძვლიანი გაჩხრეკის შემდეგ შიგ ხატისა და რამდენიმე კარტოფილის მეტი ვერაფერი იპოვეს, სირცხვილულნი განერიდნენ იქაურობას. წმიდანი საშინელი ჭრილობებისაგან ღვთისმშობელმა განკურნა გამოცხადებით. ამის შემდეგ სერაფიმე მუდამ წელში მოხრილი დადიოდა, კვერთხზე ან ნაჯახზე დაყრდნობილი, მაგრამ შეურაცხმყოფელებს გულით შეუნდო შეცოდება და ითხოვა, არ დაესაჯათ ისინი.
1793 წელს 39 წლის ასაკში, სერაფიმესმღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი
1810 წლის გაზაფხულზე თხუთმეტ წლიანი განდეგილობის შემდეგ წმ სერაფიმი სავანეში დაბრუნდა. უფალმა ბერს ხანგრძლივი და გულმოდგინე მოღვაწეობისთვის სასწაულმოქმედების ნიჭი მიმადლა.
1825 წლის 25 ნოემბერს ღვთისმშობელმა გაამოცხადებიტ მოუწოდა მას ხალხის სამსახურისკენ. და იმ დღიდან წმინდანის სენაკის კარები ღია იყო ყველა მსურველისთვის, წმინდანი ღვთისადმი აღვლენილი ლოცვებიღ კურნავდა ხალხს სულიერ და ხორციელ სნეულებატგან.
სიცოცხლის უკანასკნელ წელს წმ.სერაფიმე საროველი საგრძნობლად დასუსტდა, იგი ხშირად საუბრობდა მოახლოვებული ახსასრულის შესახებ. იმ ხანებში მას ხშირად ხედავდნენ სენაკის კარებთან მდგარ კუბოსთან, რომელიც საკუთარი ხელით მოემზადებინა თავისთვის.. ( იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებულიც უხილავთ)
ღირსმა მამამ ითხოვა, მიძინების ტაძრის საკურთხეველთან დაეკრძალათ, მის მიერ წინასწარ მონიშნულ ადგილას.
1833 წელს 1 იანვარს უკანასკნელად ეზიარა. 2 იანვარს დილის 6 საათისთვის, წმინდანის მორჩილმა პავლემ მისი სენაკიდან გამომავალი დამწვრობის სუნი იგრძნო.. წმინდანი ყოველთვის ანთებდა სანთლებს , მაგრამ აბმომდა. '' სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს სენაკში ხანძარი არ Gაჩნდება, ჩემი სიკვდილი კი ხანძრით გაცხადდება''. როცა კარები გააღეს დაინახეს რომ წიგნებსა და სხვა ნივტებს ცეცხლი მოსდებოდა, მამა სერაფიმეს კი ღვტისმშობლის ხატის წინ მუხლმოყრილს,სული უფლითვის შეევედრებინა


მართლმადიდებლური ენციკლობედია ( წმინდათა ცხოვრება)
ANA
წმიდა ნინო მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი (IV)
14 (27) იანვარი


IPB-ს სურათი

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთასწორის - წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა, როდესაც სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ

წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა - ზაბულონი, კეთილმორწმუნე და დიდგვაროვანი კაცი, იმპერატორ მაქსიმიანესთან მსახურებისთვის კაბადოკიიდან რომში წავიდა. ახოვანი და ბრძოლებში განთქმული ზაბულონი იმპერატორმა მალე მხედართმთავრად დაადგინა. ამ დროს მაქსიმიანეს ფრანგები განუდგნენ; ზაბულონმა ღვთის შეწევნით დაამარცხა ისინი და მათი მთავარი და წარჩინებულნი იმპერატორთან შეპყრობილნი მიიყვანა. მაქსიმიანემ უხვად დაასაჩუქრა ზაბულონი, ხოლო განდგომილთ სიკვდილი მიუსაჯა. ტყვეები ტირილით შეევედრნენ ზაბულონს: შეგვიყვანე შენი ღმერთის ტაძარში, მოგვნათლე მისი სახელით, ვისაც შენ ემსახურები და ჩვენს სიკვდილში ბრალი არ გექნებაო.

მან რომის პაპს აუწყა ტყვეთა სურვილი, რომელმაც მონათლა ისინი და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა.

მეორე დღეს სიკვდილმისჯილთ სამკვდრო სამოსელი შეიმოსეს და წმიდა ნათლისღებით აღბეჭდილნი უშიშრად მოელოდნენ სიკვდილს. ზაბულონმა შეხედა მათ ცხვრებივით მოდრეკილ თავებს, ატირდა და მაქსიმიანესგან მათი სიცოცხლე გამოითხოვა. განთავისუფლებული ფრანგები შეევედრნენ, რომ გაჰყოლოდა და მათი ერი ქრისტიანობის ნათელს ეზიარებინა. ზაბულონმა პატრიარქისაგან მღვდლები ითხოვა და თან გაჰყვა. ათი დღის განმავლობაში მდინარეში ინათლებოდა ხალხი; შემდეგ კარვები აღმართეს, უსისხლო მსხვრპლი შეწირეს და ყველანი წმიდა საიდუმლოს აზიარეს.

სამშობლოში დიდძალი ძღვენით დაბრუნებულმა ზაბულონმა გადაწყვიტა, იერუსალიმში წასულიყო, მოელოცა წმიდა ადგილები და თავისი სიმდიდრე იქაური გლახაკებისთვის დაერიგებინა. იერუსალიმში იგი პატრიარქ იუბენალს დაუახლოვდა. ბავშვობაში დაობლებულმა იუბენალმა და მისმა დამ - სოსანამ გაყიდეს მშობლების ქონება, დატოვეს თავისი სამშობლო - კაბადოკია და იერუსალიმში მაცხოვრის საფლავს ემსახურებოდნენ. კეთილად ქცევისა და წესიერებისთვის პატივითი-პატივად აღყვანილი იუბენალი პატრიარქობამდე მიიწია, ხოლო სოსანა - მაცხოვრის საფლავის მომვლელ წარჩინებულ ქალს - სარა ბეთლემელს მორჩილებდა. სწორედ მისი რჩევით მიათხოვა პატრიარქმა სოსანა ვაჟკაცობით, სიბრძნითა და ღვთისმოშიშებით განთქმულ ზაბულონს და ახალშეუღლებულნი კაბადოკიაში გააგზავნა. ამათგან იშვა წმიდა ნინო - „ხეთა კეთილთაგან ნაყოფი კეთილი“.

თორმეტი წლის რომ შესრულდა წმიდა ნინო, მისმა მშობლებმა გაყიდეს მთელი ქონება, თავის ასულთან ერთად იერუსალიმში წავიდნენ და მონაგები იქაურ გლახაკებს გაუნაწილეს. საღმრთო შურით აღძრული ზაბულონი ცრემლებით გამოეთხოვა შვილს და მოუწოდა, სამარადისოდ დაენერგა გულში ღვთის შიში და სიყვარული და მენელსაცხებლე დედებისა და ლაზარეს დებისთვის მიებაძა. უკანასკნელად ეამბორა მას და ამა სოფელს განშორებული იორდანის მიღმა უდაბნოში განმარტოვდა. პატრიარქმა სოსანა, მისივე სურვილისამებრ, უძლური დედების მომვლელად განაწესა, ხოლო წმიდა ნინო სარა ბეთლემელს მისცა აღსაზრდელად. ხედავდა რა წმიდა ნინოს დიდ სულიერ ძალას, იგი ასე უწინასწარმეტყველებს მას: „ვხედავ შვილო, შენში დამკვიდრებულ ძუ ლომის ძალას, რომელიც ყველა ოთხფეხზე ბატონობს. დედალი ორბი მამალზე უფრო მაღლა ადის ჰაერში; იქიდან მთელ ხმელეთს მცირე მარგალიტივით თვალის გუგაში მოიქცევს და შენიშნავს რა თავის საკბილოს, დაეშვება და ზედ დააცხრება. ამგვარივე იქნება შენი ცხოვრება სულიწმიდის წინამძღვრობით“.

ამ ღვთისმოშიშმა ქალმა ზედმიწევნით იცოდა ძველი და ახალი სჯული და წმიდა ნინო ყველაფერში კეთილად განსწავლა. წმიდანმა მისგან ისიც შეიტყო, რომ მაცხოვრის კვართი წარმართთა სამეუფო ქალაქ მცხეთაში იყო დაკრძალული.

ერთხელ, როდესაც წმიდა ნინო ღვთისმშობლის ხატთან ლოცულობდა, საღმრთო ძალით ღვთისმშობლის სენაკთან იქნა აღტაცებული. მას ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: „აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი სიმხნით და უშიშად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე“. შეძრწუნებულმა წმიდანმა მიუგო: „დედოფალო, როგორ შევძლებ ამას სუსტი და უსწავლელი დედაკ???იშნად და წინამძღვრად?“ მაშინ ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის რტო, რომლისგანაც ჯვარი შექმნა, მისცა და უთხრა: „ამით დაძლევ ეშმაკის ყველა მანქანებასა და წარმართავ ქადაგებას, ხოლო მე შეგეწევი და არ დაგტოვებ“.

ჩვენების შემდგომ წმიდა ნინომ იხილა, რომ ხელში ვაზის ჯვარი ეპყრა და შეძრწუნებულმა ადიდა უფალი და ღვთისმშობელი. მან პატრიარქს მოუთხრო ყოველივე ეს და ამ სასწაულის ნიშანი - ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ჯვარი აჩვენა.

მალე ეფესოდან ერთი წარჩინებული ქალი მივიდა მაცხოვრის საფლავის მოსალოცად. როდესაც სახლში დაბრუნება დააპირა, წმიდა ნინომ პატრიარქს სთხოვა, მისთვის გაეყოლებინა იქ, სადაც უფალმა მოუწოდა. პატრიარქმა აღსავლის კართან დააყენა დისშვილი, აკურთხა და უფალს შეავედრა.

ეფესოში ჩასული წმიდა ნინო ერთ წარჩინებულ ქალს - რიფსიმეს შეხვდა, რომელიც მისი სწავლების შემდგომ თავის გამზრდელ გაიანესა და სახლეულთან - ორმოცდაათ ქალწულთან ერთად მოინათლა. წმიდანი ორი წელიწადი ცხოვრობდა მათთან.

ამ დროს ქრისტიანთა სასტიკმა მდევნელმა დიოკლიტიანემ მშვენიერი რიფსიმეს ცოლად შერთვა მოინდომა, რისთვისაც რიფსიმემ, მისმა სახლეულმა და გაიანემ საბერძნეთი დატოვეს. მათთან ერთად წამოვიდა წმიდა ნინოც. ლტოლვილებმა სომხეთამდე მიაღწიეს და თავი სამეფო ბაღს შეაფარეს. დიოკლიტიანეს ბრძანებით ისინი სომხეთის მეფემ თრდატმა მოძებნა და სასტიკად აწამა.

ღვთის განგებით დაფარული წმიდა ნინო ხედავდა ანგელოზებს, რომელთაც დიდებით აჰყავდათ ზეცაში წმიდა მოწამეთა სულები. დავარდა მიწაზე და უფალს შეჰღაღადა: „უფალო ღმერთო ჩემო, ნუ დამტოვებ ასპიტთა და იქედნეთა შორის“. ამის პასუხად ზეციურმა ხმამ მოუწოდა, აღმოსავლეთით წასულიყო და ის საქმე აღესრულებინა, რისთვისაც უფალმა დაიფარა.

ზაფხულის დამდეგს წმიდა ნინო ჯავახეთის მთებით შემოვიდა საქართველოში. ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა: „ეს წერილი წარმართთა მეფეს მიართვი, რადგანაც აქ ამისთვის მოივლინე“. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი:


„1. სადაც ეს სახარება იქადაგება, იქ ითქვას ამ დედაკაცის შესახებ (მათე 26,13).
2. არც მამაკაცებაა, არც დედაკაცება, არამედ თქვენ ყველანი ერთნი ხართ (გალ. 3,28)
3. წადით და მოიმოწაფეთ ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა (მათე 28,19).
4. ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა დიდებად ერისა შენისა ისრაელისა (ლუკა 12,32).
5. იქადაგეთ სახარება სასუფეველისა ყოველსა სოფელსა (მარკ. 16,15).
6. რომელმაც თქვენი ისმინოს და შეგიწყნაროთ, მე შემიწყნარა, და რომელმაც მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს ჩემი მომავლინებელი (მათ. 10,40).
7. ძალიან უყვარდა უფალს მარიამი, რამეთუ მარადის მის ჭეშმარიტ სიტყვას ისმენდა.
8. ნუ გეშინიათ მათგან, რომელთაც მოსწყვიტონ ხორცნი თქვენნი, ხოლო სულთა მოწყვეტა არ ძალუძთ (მათ. 10,20).
9. უთხრა მარიამ მაგდალინელს იესომ: წადი, დედაკაცო, და ახარე დათა ჩემთა (იოანე 20,17).
10. ყველგან იქადაგეთ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“.


ჩვენების შემდეგ წმიდა ნინომ დიდხანს ილოცა. მხურვალედ შეევედრა ღვთისმშობელს და შემწეობა სთხოვა.

მრავალი ჭირითა და იწროებით, ძნელი და ფიცხელი გზებით მიიწია ქართლის სანახებამდე და ქალაქ ურბნისში შეჩერდა. აქ უცხო ღმერთთა მსახური ხალხი იხილა, რომელნიც ცეცხლს, ქვასა და ხეს სცემდნენ თაყვანს. რადგანაც ებრაული ენა კარგად იცოდა, ებრაელთა სინაგოგაში მივიდა საცხოვრებლად და ქართველთა ზნე-ჩვეულებას აკვირდებოდა.

ერთი თვის შემდეგ ურბნისიდან ურიცხვი ხალხი წავიდა მცხეთას სავაჭროდ და არმაზის კერპის თაყვანისსაცემად. მათ წმიდა ნინოც თან გაჰყვა. მცხეთაში მისულიმა იხილა რა მტრისგან დაბნელებული ერი, წმიდანი ატირდა, მცირედ მოშორდა იმ ადგილს და უფალს შეევედრა, გამოევლინა თავისი ძლიერება, რათა ხალხს ჭეშმარიტი ღმერთი ეცნო.

ლოცვის დასრულებისთანავე ჭექა-ქუხილი ატყდა და საშინელი ქარი ამოვარდა. შეშინებული ხალხი სწრაფად განეშორა იქაურობას. უეცრად მოიწია რისხვის ღრუბელი, ეკვეთა სეტყვა და სრულიად დაილეწა და განადგურდა კერპები.

როდესაც დამშვიდდა იქაურობა და ჰაერი გაიწმინდა, წმიდანმა ძველ ნაციხართან მდგარ აკაკის ხეზე ჯვარი გამოსახა და ღმერთს შეცდომილი ერის ხსნას ევედრებოდა..

დედოფლის სეფექალმა შროშანამ ხესთან წმიდა ნინო დაინახა, მასთან ბერძნულად მეტყველი ქალი მიიყვანა და ვინაობა და იქ ყოფნის მიზეზი გამოჰკითხა. წმიდანმა ყველაფერი მოუთხრო, ოღონდ დაფარა, რომ განთქმული ოჯახის შვილი იყო და თავის თავს “ტყვე” უწოდა. შროშანას შეეცოდა უცხოობაში მყოფი ქალი და სასახლეში გაყოლა შესთავაზა. სამი დღის შემდეგ მცხეთაში ჩასული წმ. ნინო სამეფო ბაღში შევიდა. ბაღის მცველის მეუღლემ ანასტომ თბილად მიიღო, ფეხები დაბანა, ზეთი სცხო და დააპურა. ამ კეთილმა ოჯახმა ცხრა თვე შეიფარა წმიდა ნინო. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყავდათ, რასაც ძალიან წუხდნენ. ერთ ღამეს წმიდანმა ნათლითმოსილი კაცი იხილა, რომელმაც ბაღში მიუთითა ადგილი, საიდანაც მიწა უნდა აეღო და მათთვის შესაჭმელად მიეცა (ამ ადგილას იდგა მშვენიერი კვიპაროსი, რომელიც საოცარ სურნელებას გამოსცემდა). წმიდა ნინოს ლოცვით მათ შვილები ეყოლათ და ამ სასწაულით ქრისტე ირწმუნეს.

წმიდა ნინომ სამგზის იხილა ჩვენება: თითქოს მოფრინ-დებოდნენ ფრინველები, შავ ფრთებს მტკვარში განიბანდნენ და მშვენიერ კვიპაროსზე შემოკრებილნი წმიდანს შეჰღაღადებდნენ.

მან ეს ხილვა ებრაელი მღვდლის - აბიათარის ასულ სიდონიას მოუთხრო, რომელიც წმიდანის ფარული მოწაფე იყო. მან კარგად იცოდა მოსეს სჯული და სულიწმიდით აღძრულმა უთხრა: „ტყვეო და ტყვეთა მხსნელო, შენ მიერ ეგულება შემოქმედს სულთა ჩვენთა განათლება და შენ მიერ იცნობს წარმართთა სიმრავლე ჭეშმარიტ ღმერთს“.

წმიდა ნინომ განმარტოებით ცხოვრება მოისურვა. სამეფო ბაღის მახლობლად, კარვის მსგავსად გარდართხმულ მაყვლოვანში დასახლდა, იქ აღმართა ვაზის ჯვარი და დღე-დაღამ ევედრებოდა უფალს წარწყმედული ერის მოქცევას.

ექვსი წელიწადი იცხოვრა ფიცხელი მოღვაწეობით: ცრემლითა და მოუკლებელი ლოცვით. მისი საშვებელი მარხვა იყო, სამოსელი - უხეში ქსოვილისა, ხოლო განსასვენებელი სარეცელი - მიწაზე დაგებული ძაძა. იგი ნელ-ნელა თესავდა ქართველებში მაცხოვნებელი სარწმუნოების მარცვლებს და მისი მოწაფეების რიცხვი თანდათან იზრდებოდა.

წმიდა ნინომ მრავალი უძლური მოარჩინა. მისი ლოცვით განიკურნა მძიმე სენით შეპყრობილი დედოფალი ნანა, რომელმაც ამ სასწაულით ირწმუნა ქრისტე. წმიდანის მოძღვრებით განათლებულმა დედოფალმა მირიანს აუწყა თავისი სასწაულებრივი განკურნება მირიანმა არ დაიჯერა, ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ჯვარცმულის მოსავნი, მათ შორის თავად ნანა დედოფალიც, თუ ის არ დატოვებდა ქრისტეს სჯულს. ნადირობისას მოულოდნელად მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მირიან მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს. როცა იმედი გადაუწყდა, ქრისტეს შეევედრა: „ღმერთო ნინოსაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყვანის-ვსცე მას, აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა”. მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმიდა ნინო და აუწყა განზრახვა.
.
მირიანმა ბრძანა, მის ბაღში მდგარი კვიპაროსი მოეჭრათ და ტაძრის სვეტად აღემართათ. ამ კვიპაროსთან წმიდა ნინომ მრავალი სასწაული მოახდინა და უფალმა მისი მოკვეთისას ინება დაფარული საიდუმლოს გაცხადება.

წმიდა ნინო მცხეთაში მოსვლისთანავე ეძებდა მაცხოვრის კვართს. აბიათარმა მას წინაპართაგან გადმოცემული ამბავი მოუთხრო: როდესაც ებრაელები უფალ იესო ქრისტეს წინააღმდეგ აღიძრნენ, თვისტომთ ყოველი მხრიდან მოუწოდეს. მცხეთის მკვიდრ ებრაელებს იერუსალიმიდან მოწერეს: „იმ კაცისაგან, რომელსაც იესო ჰქვია, განქარდა მოსეს სჯული, დაირღვა ჩვენი ყოველი წესი და ლამის მთელი ქვეყანა მას შეუდგეს. მოდით და შეგვეწიეთ, კაცნო ბრძენნო და სჯულისმეცნიერნო და აღვასრულოთ მცნება ღვთისა და მოსესი“. ებრაელებმა სამღვდელო ტომის შთამომავალი ელიოზ მღვდელი და ლონგინოზ კარსნელი გააგზავნეს იერუსალიმში.

მოხუცებულმა დედამ წასვლის წინ ამცნო ელიოზს, რომ არ მიეღო მონაწილეობა მართალი კაცის სიკვდილში, რამეთუ იგი წინასწარმეტყველთაგან მოსწავებული მესიაა, ხოლო მისი ღვთისმოშიში და - ქალწული სიდონია შეევედრა ელიოზს, მისთვის იესოს ხელშენახები რაიმე ნივთი ჩამოეტანა.

როდესაც ებრაელებმა მაცხოვრის ჯვარცმა გადაწყვიტეს, ელიოზი და ლონგინოზი არ ეზიარნენ მათ განზრახვას. ისინი ჯვარცმის შორიახლოს იდგნენ.

მცხეთაში დაბრუნებულმა ელიოზმა შეიტყო, რომ იმ დროს, როდესაც გოლგოთაზე მცხოვრის წმიდა ხელები ჯვარს მიამსჭვალეს, სულიწმიდით აღძრულმა ელიოზის დედამ ხმამაღლა დაიძახა: ამიერიდან მშვიდობით, მეუფებაო ურიათაო, რამეთუ განხორციელებული ღმერთი მოაკვდინეთო - და ამ სიტყვებით მიიცვალა.

მაცხოვრის ჯვარზე ვნების შემდგომ უფლის კვართი მცხეთელებს ხვდათ წილად. იერუსალიმიდან წამოსულმა ელიოზმა თან წამოიღო უფლის კვართი. მცხეთაში მოსულს ქალწული სიდონია მიეგება. ძმას გამოართვა მაცხოვრის კვართი, გულში ჩაიკრა და მყის სული განუტევა.

მცხეთელები შეშფოთდნენ ამ უცხო სასწაულის ხილვით. ელიოზმა შიშით და ძრწოლით კვართიანად დაკრძალა საყვარელი და, რადგანაც ვერ შეძლეს მის ხელთაგან უფლის სამოსლის გამოღება.

სწორედ მაცხოვრის კვართზე იყო ამოსული ის მშვენიერი კვიპაროსი, რომლის მოჭრაც ბრძანა მირიანმა.

მოკვეთილმა ხემ გამოუთქმელი სურნელება გამოსცა. მისგან სვეტი შეამზადეს და როდესაც აღმართვა დააპირეს, ვერაფრით ვერ დაძრეს ადგილიდან, რამეთუ საღმრთო ძალა აჩერებდა მათ. ამასობაში დაღამდა და ამ საოცრებით გაკვირვებული და შეწუხებული მეფე და ხალხი სახლებში წავიდა.

იმ ღამეს წმიდა ნინო თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად სვეტის მახლობლად ლოცულობდა. შუაღამისას კაცთა მოდგმის მტერმა, რომლის მეუფებაც ირღვეოდა ქართლში, დასაბრკოლებლად მათ ამგვარი ჩვენება მოუვლინა: თითქოს ჩამოირღვა არმაზისა და ზადენის მთები, რომელთაც მტკვრისა და არაგვის დინება შეაჩერეს. დაგუბებულმა მტკვარმა ნაპირებიდან გადმოხეთქა და ქალაქი წალეკა. ატყდა გრგვინვა და საშინელი გოდებისა და ვაების ხმები გაისმა. შეშინებულმა დედებმა გაქცევა დააპირეს. წმიდა ნინომ შეაჩერა ბოროტის მზაკვრებით მოტყუებულნი და უთხრა: „ნუ გეშინიათ, დებო, მთები იქვე დგანან და წყალნიც იქვე დიან; მთების ჩამოქცევა ნიშანია იმისა, რომ ურწმუნოების მთები დაირღვევა ქართლში, წყლის შეჩერება - ეშმაკთა მიმართ შეწირულ ყრმათა სისხლის შეწყვეტისა, ვაების ხმები - ეშმაკთა გოდებაა, რომელნიც ჯვრის ძალით აქედან განდევნილნი თავის თავს იგლოვენ. დაბრუნდით და ილოცეთ“. მეყვსეულად ჩაცხრა ხმები და ყველაფერი გაქრა. წმიდა ნინო ხელაღპყრობით ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა, არ დაბრკოლებულიყო საქმე სარწმუნოებისა, რასაც წადიერებით შეუდგა მეფე და ერი.

ცოტა ხნის შემდეგ გამძვინვარებულმა ბოროტმა სხვა შემაძრწუნებელი ჩვენება მოუვლინა მათ: თითქოს ძლიერმა ლაშქარმა დალეწა ქალაქის სამივე კარიბჭე და მცხეთა სპარსთა ლაშქრით აივსო. ატყდა საშინელი ხოცვა და სისხლი მდინარესავით მიდიოდა ქუჩებში. გაისმა საშინელი ძახილი: „ამას ბრძანებს სპარსთა მეფე ხუარა და მეფეთ-მეფე ხუარან-ხუარა: - ყოველი ურია განარიდეთ მახვილს“. შეშინებულ დედებს შეიარაღებულნი მიუახლოვდნენ. ამ დროს ვიღაცამ ძლიერად დაიძახა: მირიან მეფე შეიპყრესო. წმიდა ნინომ ირგვლივ მიმოიხედა და თქვა: „ვინც ყვირის, ვიცი, ახლა ძალიან უჭირს და ვმადლობ უფალს, რომ ეს მათი წარწყმედის, ქართლის ხსნისა და ამ ადგილის დიდების ნიშანია“. ნუგეშისცა დედებს და გაამხნევა. შემდეგ მიუბრუნდა მხედრებად გარდასახულ ეშმაკებს და უთხრა: „სად არიან სპარსთა მეფენი - ხუარა და ხუარან-ხუარა? - საბასტანით გუშინ წამოხვედით? - მალე მოსულხართ. დიდი ლაშქარი ხართ და ძლიერად დალეწეთ ქალაქი, მახვილი დაეცით ქართა და ნიავთ. წადით ჩრდილოეთის წყვდიადში, აჰა, მოვიდა, ვისაც თქვენ გაურბიხართ!“ ჯვარი გადასახა იქაურობას, უცბად გაუჩინარდა ყველაფერი და სიმშვიდე ჩამოვარდა.

ცისკრის ჟამს ღამის ჩვენებებით გადაღლილ დედებს ჩაეძინათ. მხოლოდ წმიდა ნინო და სიდონია იყვნენ მღვიძარედ და ლოცულობდნენ. ამ დროს წმიდანთან ნათლითმოსილი ჭაბუკი მივიდა და სამი სიტყვა უთხრა. წმიდა ნინო მიწაზე დავარდა; ჭაბუკმა ხელი მოჰკიდა სვეტს და მაღლა წაიღო. მალე სვეტი ცეცხლივით დაეშვა, ჰაერში ორი კაცის სიმაღლეზე შეჩერდა და ბრწყინვალებასა და საოცარ სურნელს გამოსცემდა.

გამთენიისას სვეტის ვერშეძვრით დაღონებული მეფე ბაღში მიმოდიოდა. დაწყებულ ეკლესიას თვალი შეავლო და იხილა, რომ ნათელი ელვასავით აღიწეოდა ცამდე. მთელი ქალაქი შეიკრიბა ამ სასწაულის სანახავად. მირონმდინარე ნათლის სვეტი ნელ-ნელა ქვემოთ დაეშვა და ხელშეუხებლად თავისსავე ძირს დაემყარა. შიშითა და სიხარულით აღვსილი მეფე და ერი ნინოს ღმერთს ადიდებდა.

სვეტიცხოვლის მიერ ურიცხვი სასწაული აღესრულებოდა. ხალხი თვალს ვერ უსწორებდა მის შემაძრწუნებელ ღვთაებრივ ნათელს. მისი ბრწყინვალება რომ დაეფარა, მეფემ საბურევლი შეუქმნა. სნეულნი საბურველს ეხებოდნენ და განიკურნებოდნენ. სვეტიცხოვლის ტაძარს „წმიდა წმიდათა“ ერქვა და შიშით იქ შესვლას ვერავინ ბედავდა.

ეკლესიათა დასრულების შემდეგ, წმიდა ნინოს ბრძა-ნებით, მეფე მირიანმა საბერძნეთში მოციქულები გააგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან და მოძღვარნი და ღვთისმსახურების მასწავლელნი ითხოვა. იმპერატორმა კონსტანტინემ ისინი სიყვარულითა და დიდი პატივით მიიღო და საქართველოში ნიკეის კრების მონაწილე, მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი - ანტიოქიის პატრიარქი ევსტათი მიავლინა.

ქართლი ჯეროვანი პატივით მიეგება პატრიარქს. მან წმიდა ნინოს ელენე დედოფლისგან გამოგზავნილი ძელი ცხოვრების ნაწილი, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები და ქებითა და შესხმით შემკული წერილი გადასცა.

მირიანის ბრძანებით სამეფოს მკვიდრნი მცხეთას შემოიკრიბნენ. მოამზადეს სანათლო, სადაც წმიდა ნინომ ჯვარი აღმართა და პატრიარქის ხელით მეფე-დედოფალი, დიდებულნი და უამრავი წარმართი მოინათლა. ამ ადგილს „მთავართა სანათლო“ ეწოდა. პატრიარქმა ეკლესიები აკურთხა და საკურთხეველნი დაამყარა. მთავარეპისკოპოსად იოანეს დაასხა ხელი; აკურთხა მღვდელ-დიაკონნი და მეფე და ერი საღმრთო სწავლებით განამშვენა. მან მონათლა, აგრეთვე, ურიათა მღვდელთმოძღვარი აბიათარი, მისი ნათესავნი, ელიოზის სახლ-ტომი და სხვა ორმოცდაათი მოქცეული ებრაელი. ებრაელები აღსდგნენ აბიათარის წინააღმდეგ, დაარღვიეს სინაგოგა და გაიფანტნენ. მონათლულ ებრაელებს მეფემ დაბა ციხედიდი უბოძა.

წმიდა პატრიარქმა ევსტათიმ ქვეყანა მართალ სარწმუნოებაზე დაამტკიცა, განუწესა ეპისკოპოსნი, მღვდელნი და დიაკონნი, საეკლესიო და საღვთისმსახურო წესები ასწავლა, რის შემდგომ დიდი პატივით გააცილეს თავის ქვეყანაში.

ამავე დროს ფრანგმა დიაკონმა წმიდა ნინოს რომის პაპისგან წერილი ჩამოუტანა. პატრიარქი ლოცავდა მეფესა და ერს, წმიდა ნინოს ქებას ასხამდა და მისგან ლოცვას ითხოვდა. დიაკონს თან ჰქონდა წერილი ფრანგი მთავრისა, რომელიც წმიდანის მამას - ზაბულონს მოენათლა. ქართლში ქრისტიანობის ნათლის მიფენა და წმიდა ნინოს სასწაულები მათ ყურამდეც იყო მიწევნილი. დიაკონმა, მთავრის ბრძანებით, თვალით ხილული და მოსმენილი ყველაფერი ჩაიწერა და თავის ქვეყანაში წაიღო.

წმიდა ნინო არაგვის გადაღმა, მცხეთის პირისპირ მდგომარე მთაზე ავიდა და ღამეებს ლოცვაში ათევდა. მისი ლოცვით კლდის ძირას სასწაულებრივი წყარო აღმოცენდა, რომელსაც კურნების ძალა ჰქონდა. ამ კლდის სიახლოვეს უხსოვარი დროიდან ზამთარ-ზაფხულ ფოთოლმსხმოიარე სურნელოვანი ხე იდგა, რომელსაც კაცის ხელი არ შეხებოდა. ეს ხე საკვირველი იყო იმითაც, რომ სასიკვდილოდ დაჭრილი ნადირი მის ფოთოლს ან თესლს თუ შეჭამდა, გადარჩებოდა. როდესაც ეპისკოპოსს ამ ხის ამბავი აუწყეს, მან თქვა: ღმერთმა დასაბამიდანვე თავის სამსახურად განამზადა ეს ქვეყანა. და ეს ხეც ამ ჟამისა-თვის აღმოაცენა. რადგანაც ახლა მოეფინა ღვთის მადლი ქართლს, ჯვარცმული უფლის სადიდებლად ჯვრები მისგან შევქმნათო.

ხარებობას - 25 მარტს ეპისკოპოსისა და მეფისწულის თანხლებით რტოებიანად ჩამოიტანეს მოკვეთილი ხე, რომელიც ტაძრის სამხრეთ ნაწილში - სვეტიცხოველთან დაასვენეს. მის ფოთლებს 37 დღის განმავლობაში ფერიც კი არ შეუცვლია. ამ ხისგან სამი ჯვარი გამოკვეთეს და 7 მაისს მეფეთა ხელისდადებით ეკლესიაში აღმართეს.

რამდენიმე ღამის განმავლობაში მცხეთელებმა საკვირველი სასწაული იხილეს: ზეციდან ჩამოსული ვარსკვლავების გვირგვინით შემკული ცეცხლოვანი ჯვარი განთიადამდე ეკლესიის თავზე ჩერდებოდა; შემდეგ მისგან გამოყოფილ ორ ვარსკვლავთაგან ერთი აღმოსავლეთით მიდიოდა, მეორე - დასავლეთით. თვითონ ჯვარი კი ნელ-ნელა არაგვის გაღმა გადიოდა და წმიდა ნინოს წყაროსთან მცირე ხნით შეჩერებული ზეცად მაღლდებოდა.

მეფემ წმიდა ნინოსგან შეიტყო, რომ ამ სასწაულით უფალი ჯვრების აღსამართავ ადგილებს მიანიშნებდა. წმიდანის რჩევით მან ამ ადგილების გამოსაძიებლად ხალხი გააგზავნა და შეიტყო, რომ ერთი ვარსკვლავი თხოთის მთაზე ჩერდებოდა, სადაც მირიანმა ქრისტე ირწმუნა, მეორე კახეთში - დაბა „ბოდისში“, რითაც უფალი წინასწარ განადიდებდა თავისი სათნომყოფელის განსასვენებელ ადგილს.

წმიდა ნინომ უწყოდა, რომ ბოდბეში დასრულდებოდა მისი ამქვეყნიური ცხოვრება და ამიტომ უბრძანა: „წაიღეთ ერთი ჯვარი და თხოთს აღმართეთ, სადაც უფალმა თავისი ძალა გამოგიცხადათ, ხოლო მეორე - მეფეთა ქალაქ უჯარმაში, რადგანაც ბოდბე წინ არ აღუდგება ხალხმრავალ მეფეთა ქალაქს, ხოლო ბოდბეს, ღვთის სათნო ადგილს, თვითონ ვიხილავ“.

მესამე ჯვარი წმიდა ნინომ, ეპისკოპოსმა, სამეფო კარმა და ურიცხვმა ხალხმა დიდი პატივით წააბრძანეს და წმიდა ნინოს წყაროსთან მთელი ღამე ლოცვაში გაათენეს. მეორე დღეს წმიდა ნინომ ხელი დაადო ერთ ქვას და ეპისკოპოსს უთხრა, რომ ჯვარი გადაესახა მისთვის. იმ ადგილას, ბორცვზე დიდებით აღმართეს ჯვარი და მის წინაშე მუხლი მოიდრიკეს. მრავალი სასწაული აღესრულებოდა ამ ჯვართან: სნეულნი განიკურნებოდნენ, უშვილოთ - შვილი ენიჭებოდათ. ამ სასწაულებით მრავალი წარმართი მოიქცა. ერი ყოველწლიურად აღასრულებდა მასთან მსახურებას.

და, ბოლოს, უფალი მიუძღვა მისთვის განმზადებულ ადგილზე - კუხეთის დაბა „ბოდისში“, სადაც დაასრულა მოციქულებრივი მოღვაწეობა. აქ მისი ქადაგებით მოინათლა დედოფალი სუჯი, მისი მთავრები, მხედრები და მონა-მხევალნი.

სრულყო რა ქადაგება ჭეშმარიტებისა, ღვაწლით დამაშვრალ დედა ნინოს სულიწმიდისგან ეუწყა, რომ ამა სოფელს დატოვებდა. მან მირიანთან წერილი გაატანა დედოფალ სუჯის, რომელშიც ლოცავს მეფესა და ერს და ატყობინებს, რომ ქრისტეს სახარება ყველამ შეიწყნარა, შემუსრეს კერპები და წმიდა სამების სახელით მოინათლნენ. მეფეს მოუწოდა, რომ მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება და წმიდა ნათლისღების ბეჭედი. შემდეგ ითხოვს, რომ მასთან იოანე ეპისკოპოსი გააგზავნოს - რათა წარმგზავნოს და საუკუნო საგზალი მომცესო.

სუჯი მხლებლებით წავიდა მცხეთაში და მთელი გზა ფეხშიშველმა გაიარა. როდესაც სვეტიცხოვლის პირისპირ მიიწივნენ, ვერვინ გაბედა უზომოდ ადიდებულ არაგვში შესვლა. დედოფალმა ილოცა, პირჯვარი გამოისახა და სახედრით შევიდა მდინარეში. მდინარე შუაზე გაიპო და დედოფალი უვნებლად გავიდა ნაპირზე.

მირიანმა ცრემლებით დაალტო წმიდა ნინოს წერილი. მეფე-დედოფალი უამრავი ხალხით წავიდა ბოდბეში. იქ ჩასულთ მოიკითხეს წმიდანი და მისგან კურთხევა აიღეს. ეპისკოპოსმა იოანემ წირვა აღასრულა და წმიდა ნინო ქრისტეს განმაცხოველებელ სისხლსა და ხორცს აზიარა, რომელიც წაიღო საუკუნო საგზლად და უფალს შეჰვედრა სული. „ტალანტთა სიმრავლით წარმოუდგა წმიდა სამებას და პატიოსან ძღვნად სულიწმიდით შობილი ერი მიართვა“.

მთელი ერი შეიკრიბა მისი წმიდა სხეულის თაყვანისსაცემად. მირიანმა ძლივს დააცხრო ხალხი, რომელიც ერთმანეთს თელავდა, მის ღვაწლითშემოსილ გვამს რომ შეხებოდა.

მეფემ მთავარეპისკოპოსსა და მთავრებთან ერთად წმიდა ნინოს სვეტიცხოველში დაკრძალვა გადაწყვიტა, მაგრამ ორასმა კაცმა ადგილიდანაც ვერ დაძრა მისი სარეცელი. მირიანმა გულისხმაჰყო, რომ სწორედ ეს იყო მის განსასვენებლად ღვთისგან მოსწავებული ადგილი და დიდი პატივითა და დიდებით იქვე დაკრძალა. ოცდაათი დღე წმიდა ნინოს საფლავთან დარჩნენ და ერის დაობლებას იგლოვდა მეფე და ერი.

წმიდანის საფლავზე მეფემ მშვენიერი ტაძარი ააგო და საეპისკოპოსოდ განაჩინა. სიკვდილის სარეცელზე მყოფმა მირიანმა დედოფალს ანდერძი დაუტოვა: „შენ, ნანა, თუ დაგცალდება, ჩემი სიკვდილის შემდეგ სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმიდა ნინოს საფლავს შეწირე, რათა ჟამთა სიგრძემ და ცვალებამ არ შეარყიოს ეს ადგილი და უკუნისამდე შეუძვრელად იყოს... ასევე ვევედრები მთავარეპისკოპოსს, განადიდოს ეს ადგილი, რადგანაც პატივის ღირსია“.

წმიდა ნინოს საფლავთან ურიცხვი სასწაულები აღესრულებოდა და დღესაც სულიერად დაკნინებულსა და დაუძლურებულ ერს მანვე უნდა აღმოუცენოს ცხოველი წყარო კურნებისა და შემუსროს ურწმუნოების კერპები.


წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1(19) ივნისს აღინიშნება მისი საქართველოში შემოსვლა, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება
ANA

წმიდა და ყოვლადქებული მოციქული ანდრია პირველწოდებული

IPB-ს სურათი


წმიდა და ყოვლადქებული მოციქული ანდრია პირველწოდებული, საქართველოში ქრისტეს პირველი მქადაგებელი(+62) მოციქულთაგან პირველი შეუდგა ქრისტეს. ანდრია ბეთსაიდაში დაიბადა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი, ჭეშმარიტ სწავლებას ეძიებდა და, როცა ისრაელში გაისმა წმიდა წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. იესოს გამოჩენისას წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: "აჰა ტარიგი ღმრთისაი". ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ მაცხოვარს და "მის თანა დაადგრეს მას დღესა შინა". შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა და ისიც იესოსთან მიიყვანა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას ეწეოდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მათ მოუწოდა:"მოვედით და შემომიდექით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა", რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც შეიქმნენ. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, " რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა", ღვთისმშობელს საქართველოს მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, " დაიბანა პირი, და დაიდუა პირსა ზედა თვისსა". ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა.
ნეტარმა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა. ქალაქ ტრაპიზონში, "რომელ არს სოფელი მეგრელთა", წმიდანმა იხილა ადგილობრივ მკვიდრთა "უგუნურებაი პირუტყუებრივი", აქ "დაყო ჟამი მცირედი", შემდეგ კი "შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების" და უფლის სიტყვის ქადაგება დაიწყო. ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, "ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა, და მოიყუანნა სარწმუნოებად". იმ ადგილას სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, "ფრიად შუენიერი და დიდი" წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება, "შემოკრიბეს ყოველნივე ყოვლით კერძო მკვიდრნი მის ქუეყანისანი", და წმიდა ანდრიამ "ნათელ-სცა ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა". ნეტარმა ახალმოციქულებს დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები, "დაუდგა წესი, და საზღუარი სარწმუნოებისა", აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა "რკინის ჯუარი" - ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდა მთას "რკინის ჯვარი); ბორჯომის ხეობაში, სოფელ აწყურში მან ქვრივი დედაკაცის, სამძივარის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღადგინა. "ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკვირველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით-კერძო, და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი". მოვიდნენ არტემისა და აპოლონის საკერპოს მღვდლებიც და შურით აღვსილებმა, "იწყეს ცილობად და წინააღმდგომად მოციქულისა". შემოკრებილთაგან ზოგი იძახდა:" ჯერ არს თაყუანის-- ცემად რომელმან ესე-ვითარი სასწაული აღასრულა", სხვები კი კვლავ ამტკიცებდნენ:"აპოლონ და არტემი არიან დიდნი ღმერთნი". შფოთი რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარები დაეხშოთ და ელოცათ: მაცხოვრის მსასოებლებს - ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი - თავიანთი ღვთაებების მიმართ და ვისი ღმერთიც სძლევდა, მისთვის ეცათ თაყვანი. ასეც მოიქცნენ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარები გააღეს, ყველამ იხილა "კერპნი... ქუეყანად დათხეულნი, და სახედ მტუერისა შემუსვრილნი, ხოლო ხატი ყოვლად - წმიდისა ღვთის-მშობლისა ბრწყინავდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა". მაშინ სირცხვილეულმა წარმართმა კერპთმსახურებმა შენდობა სთხოვეს მოციქულს და მათთან ერთად მთელმა ერმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი.
წმიდა ანდრიამ რამდენიმე ხანი ხანი კიდევ დაჰყო აწყურში ღვთის სიტყვის ქადაგებით, აქაც მოაწყო ეკლესია , ტაძარი ააგო, მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნეოლი ხატი დაასვენა, შემდეგ კი მესხთა მხურვალე ვედრების მიუხედავად, განეშორა ახალმოქცეულ სამწყოსს და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაან-კოლაში, სომხითში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.
იერუსალიმადან ნეტარი ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად დაბრუნდა ჩვენს ქვეყანაში. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა, აქედან დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს "ტაოს კერძი ქუეყანა ვიდრე მდინარედ ჭოროხამდე", იყვნენ სამეგრელოში და სვანეთში. მატათა აქ დარჩა, სვიმონი და ანდრია კი აფხაზეთში წავიდნენ, სადაც სვიმონი მიიცვალა. ამის შემდეგ ანდრიამ ჯიქეთშიც იქადაგა.
წმიდა მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა, მდინარე დნეპრს აჰყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად კიევი მდებარეობს. თანმხლები მოწაფეებისთვის უთქვამს: "ხედავთ ამ მთებს? აქ ღვთის მადლი გაბრწყინდება, დიდი ქალაქი აღმოცენდება და მრავალი ტაძარი აშენდება".
უფლის რჩეული თავისი მქადაგებლური მოღვაწეობის დროს მრავალ ჭირსა და განსაცდელს ითმენდა. უკანასკნელი ქალაქი, სადაც მან იქადაგა, იყო პატრასი (საბერძნეთში). აქ უფალმა მისი მეოხეობით მრავალი სასწაული აღასრულა. წმიდანის ლოცვით განიკურნენ: მძიმედ დასნეულებული წარჩინებული მოქალაქე სოსი, პატრასის მმართველის მეუღლე მაქსიმილა და მისი ძმა სტრატოკლე. ქალაქში ძალიან ცოტა წარმართი დარჩა. მათ შორის იყო ქალაქის თავი ეგაეტი. წმიდა ანდრიამ არაერთხელ უქადაგა მას ღვთის სიტყვა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. ანდრია სიხარულით შეხვდა განაჩენს. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ, დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შემოკრებილთა წინაშე. ბოლოს წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, წმიდა მოციქული ჯვრიდან ჩამოეხსნათ. ამბოხით შეშინებულმა ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხცოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას - ხელები არ ემორჩილებოდათ. ჯვარცმულმა მოციქულმა ადიდა უფალი და აღმოხდა: "უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი". მაშინ ჯვარსა და მასზე გაკრულ წმიდანს ღვთაებრივი ნათელი დაადგა თავს. როცა ბრწყინვალება დაცხრა, ნეტარი ანდრია უკვე აღსრულებული იყო(+62), ქალაქის მმარღველის ცოლმა, მაქსიმილამ მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას.
კონსტანტინე დიდის (306 - 337) ზეობისას, წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს კონსტანტინოპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს, ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

http://www.orthodox.ge/index.php?id=cminda.../docs/doc30.php
ANA
წმიდანი: მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველი (I)
3 (16) თებერვალი


IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

ღირსი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი იერუსალიმში ცხოვრობდა. ლუკა მახარებლის მოწმობით, „კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაჲ და მოელოდა ნუგეშისცემასა ისრაელისასა; და სული წმიდაჲ იყო მის ზედა” (ლკ. 2,25). მისდა უწყებულ იყო სულისგან წმიდისა, რომ არ მოკვდებოდა მანამ, სანამ აღთქმულ მესიას – განკაცებულ ღმერთს იესო ქრისტეს არ იხილავდა.

ძველი ისტორიკოსები გვაუწყებენ, რომ ეგვიპტის მეფემ პტოლემეოს II ფილადელფოსმა (285-247 ქრისტეს შობამდე) ისურვა, თავისი ცნობილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა წმიდა წერილის წიგნებით შეევსო. ამ მიზნით, მან მწიგნობრები მოიწვია იერუსალიმიდან. წმიდა წერილის ბერძნულ ენაზე სათარგმნელად ალექსანდრიაში ჩასულ 72 სწავლულს შორის იყო მართალი სვიმეონიც. იგი ესაია წინასწარმეტყველი წიგნს თარგმნიდა. როცა მივიდა ადგილამდე: „აჰა ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუილ” (7,14), მან ჩათვალა, რომ დედანში შეცდომა იყო გაპარული და აპირებდა, „ქალწულის” ნაცვლად „დედაკაცი” ჩაეწერა, მაგრამ ამ დროს ანგელოზი გამოეცხადა, ხელი დაუჭირა და უთხრა: „ირწმუნე ამ სიტყვების და თავად დარწმუნდები მაგ ჭეშმარიტებაში. არ მოკვდები მანამ, სანამ არ იხილავ ყოვლადწმიდა ქალწულისაგან შობილ ქრისტე მაცხოვარს”. ამ დღიდან მოყოლებული, სვიმეონი მესიის მოლოდინით ცხოვრობდა.

და აი, ერთხელ, სულიწმიდამ აუწყა: „აღდეგ, მოხუცებულო! რად ჰზი? აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი!” და ისიც „ესე მართალი უკუანაჲსკნელი. პირველიცა და უკუანაჲსკნელიცა; დასასრული შჯულისაჲ და დასაბამი მადლისაჲ; ნათესავით ჰურიაჲ, არამედ მადლითა ქრისტიანე; მწიგნობარ კითხვით და ანგელოზ ცნობით; ფარისეველთა, მათ შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან განშოვრებულ” – ტაძრისაკენ გაეშურა. მრავალ დედას შორის წმიდა მოხუცმა გამოარჩია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ხელში აიყვანა ყრმა იესო და შეჰღაღადა: „აწ განუტევე, მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემითა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაÅლისა (ლკ. 2,29-32). შემდეგ აკურთხა მართალი იოსები და ღვთისმშობელს წინასწარმეტყველურად მიმართა: „აჰა, ესერა, ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაÅლსა შორის და სასწაულად სიტყჳსსაგებლად; და თვით შენსაცა სულისა განვიდეს მახვილი, რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი” (ლკ.2,34-35).

წმიდა და მართალმა სვიმეონ ღვთისმიმრქმელმა 360 წელი იცხოვრა. VI საუკუნეში მისი უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.

წმიდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო „ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელს სიქალწულითგან თჳსით. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხი წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა დღე-ღამე” (ლკ .2,36-37). უფლის ნებით, „ესე მასვე ჟამსა მოიწია”, ჩვილში შეიცნო მაცხოვარი და გამოხსნის მოლოდინით მცხოვრებ იერუსალიმელებს ახარებდა მის განკაცებას.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
beni
მოკლედ რაღაც ორი წუტის დარეგისტრილებული ვარ და კითხვები ლამის ყველგან დავტოვე რა, იმედია მაპატიებთ...

აქ მოყვანილია წმინდა მამების ცხოვრება და ასე შემდეგ.... მაგრამ რამდენად სწორია მათზე ლოცვა, ასევე არის რომ მათ დახმარებას ვთხოვთ, მკურნალობაზე, ასევე ცოდვაში შემწეობას და ეს რამდენად სწორია როცა თავად ღმერთს არ ვთხოვთ და წმინდანებისგან მოველით დახმარებას....
ლევანი
ციტატა(beni @ Apr 13 2009, 03:21) *

აქ მოყვანილია წმინდა მამების ცხოვრება და ასე შემდეგ.... მაგრამ რამდენად სწორია მათზე ლოცვა, ასევე არის რომ მათ დახმარებას ვთხოვთ, მკურნალობაზე, ასევე ცოდვაში შემწეობას და ეს რამდენად სწორია როცა თავად ღმერთს არ ვთხოვთ და წმინდანებისგან მოველით დახმარებას....


ra tqma unda gmerts vtxovt upirvelesad shewevnad!...
wmindanebs vtxovt meoxebas gvtis winaSe da Sewevnasac, radgan mat aqvt kadniereba gvtis winashe, vedrebad sulta chventatvis....
ai, yofiti magaliti rom moviyvanot- didi tanamdebobis pirtan gaqvs satxovari, da shen ver kadnierdebi rom mixvide, edzeb vinme shuamdgomels- rom sheni satxovari mas miawvdinos da daakmayofilos ...
beni
ციტატა(ლევანი @ Apr 13 2009, 17:20) *

ra tqma unda gmerts vtxovt upirvelesad shewevnad!...
wmindanebs vtxovt meoxebas gvtis winaSe da Sewevnasac, radgan mat aqvt kadniereba gvtis winashe, vedrebad sulta chventatvis....
ai, yofiti magaliti rom moviyvanot- didi tanamdebobis pirtan gaqvs satxovari, da shen ver kadnierdebi rom mixvide, edzeb vinme shuamdgomels- rom sheni satxovari mas miawvdinos da daakmayofilos ...


პასუხისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო smile.gif

მაგრამ ჩემი აზრით ეგთი რამე ბიბლიაში არსად არა ჩანს, რომ წმინდანს საშვალებით მივიდეთ ღმერთთან!
იესოს სიტყვებს გაგახსენებთ სადაც ის ამბობს რომ: მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემს მიერ (იოანე 14:6)
ასევე ის არის შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალი 1ტიმოთე 2:5. იახოველი არ გეგონოთ ამ მუხლს რო ვციტირებ
ჩვენ უბრალოდ ვერ მივალთ წმინდანების თხოვნით ღმერთთან! ებრაელთა 11 თავი მთლიანად დათმობილია რწმენაზე თუ როგორ შესწირა აბელმა ღმერთს კაენზე უკეთესი მსხვერპლი და მანდედან მოყოლებული პავლე მოციქული წერს თავის დრომდე თუ როგორ აკეთებდნენ დიდებულ საქმეებს აბრაამი, მოსე და ასე შემდეგ, პავლე რატომ არ წერს რომ მათი დახმარებით მივიდოდით ღმერთთან? ასევე არ წერს რომ მათზე ვილოცოთ, ანუ წმინდანებზე!!!!!!!!!!!!!! რა აბრაამზე დიდი წმინდანი ვინ იყო? მას ხომ ღმერთის მეოგბარი ეწოდა! პავლეს კი ამით ის უნდოდა ეთქვა რომ მათ რწმენას შეხედეთო და მაგალითად აიღეთო, ხოლო მათ თაყვანი სცეთო ეგ არსად არ წერია! ............
ასე რომ ჩემი აზრით, მე ბიბლიას ვკითხულობ და ეგეთი რამე რუმეები არსად არ წერია და რატომ უნდა გავაკეთოთ? ისმის საკმაოდ ლოგიკური კითხვა და პასუხიც უნდა გაიცეს მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიური მუხლებით და არა წმინდა მამათა გადმოცემით huh.gif
ლევანი
'მაგრამ ჩემი აზრით ეგთი რამე ბიბლიაში არსად არა ჩანს, რომ წმინდანს საშვალებით მივიდეთ ღმერთთან!
იესოს სიტყვებს გაგახსენებთ სადაც ის ამბობს რომ: მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემს მიერ (იოანე 14:6)
ასევე ის არის შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალი 1ტიმოთე 2:5. იახოველი არ გეგონოთ ამ მუხლს რო ვციტირებ' -- eg citata rom sul sxva konteqstitaa, amas bevri ganmarteba rat schirdeba? smile.gif tanac , mtlianad rom wavikitxot, tavisi konteqstit, me mgoni sheni azris sawinaagmdego citata ufroa smile.gif


ჩვენ უბრალოდ ვერ მივალთ წმინდანების თხოვნით ღმერთთან! ებრაელთა 11 თავი მთლიანად დათმობილია რწმენაზე თუ როგორ შესწირა აბელმა ღმერთს კაენზე უკეთესი მსხვერპლი და მანდედან მოყოლებული პავლე მოციქული წერს თავის დრომდე თუ როგორ აკეთებდნენ დიდებულ საქმეებს აბრაამი, მოსე და ასე შემდეგ, პავლე რატომ არ წერს რომ მათი დახმარებით მივიდოდით ღმერთთან? ასევე არ წერს რომ მათზე ვილოცოთ, ანუ წმინდანებზე!!!!!!!!!!!!!! რა აბრაამზე დიდი წმინდანი ვინ იყო? მას ხომ ღმერთის მეოგბარი ეწოდა! პავლეს კი ამით ის უნდოდა ეთქვა რომ მათ რწმენას შეხედეთო და მაგალითად აიღეთო, ხოლო მათ თაყვანი სცეთო ეგ არსად არ წერია! ............ -gana mose ar loculobda gvtis winashe mteli eristvis da mteli eri mas ar stxovde, evedre gmerts chventvis rom shegvindoso? gana elias da elises ar stxovdnen gvtis winashe vedrebas adamianebi? gana pavle ar swers, ulocevdit ertmanetso? abraami, loti, noe....uamravi magalitia, sadac wmindad mcxovrebi adamianebi(wmindanebi, visi cxovrebac gmerts esatnoveboda) shuamdgomlobdnen adamianebs gvtis winashe, da loculobdnen mattvis...aseve chvenc vtxovt mat shuamdgomlobas gvti winashe, da es wm. werilshi weria!!! wmindanta tayvaniscemaze- feriscvalebas ras eubneba petre macxovars? -vqmnet aq sam talavar, shentvis, mosestvis da eliastvis...es talavrebi gankutvnili iyo msaxurebistvis, mogvianebit, am adgilas(taborze), agimarta sami tazari, sami talavaris Sesabamisad...

ასე რომ ჩემი აზრით, მე ბიბლიას ვკითხულობ და ეგეთი რამე რუმეები --auf??? mad.gif

არსად არ წერია და რატომ უნდა გავაკეთოთ? ისმის საკმაოდ ლოგიკური კითხვა და პასუხიც უნდა გაიცეს მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიური მუხლებით და არა წმინდა მამათა გადმოცემით -- wminda mamebi sheni xelwamosakravia?? mad.gif meramdened wer ukve ese agdebulad, jer dafiqrdi, da mere dawere...
isini iyvnen zustadac wminda werilis zedmiwevnit shemsruleblebi da gvtis kacebi, ცჰესჰმარიტად გვტის მსახურები...
ANA
პეტრე-პავლობა

IPB-ს სურათი

ქრისტეს მოწაფეთა - მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან - წმ. პეტრე და პავლე, რომელნიც წმ. მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს... პეტრე - დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა... პავლე - ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“.

წმ. მოციქული პეტრე, უფროსი ძმა ანდრია მოციქულისა, უფლის ხმობამდე გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზე იყო. სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. „შენ ხარ სვიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდე“ ასე უთხრა მას იესო ქრისტემ (იოანე 1.42), როდესაც მიჰხედა. რამოდენიმე ხნის შემდეგ, ვლიდა რა ქრისტე გალილეის ტბის ნაპირთან, კვლავ იხილა პეტრე და ანდრია, რომელნიც ბადეს აგდებდნენ ტბაში. „მოვედით და შემომიდექით მე და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა“ (მათე 4.19) (კონდაკი 2) - ამ სიტყვებმა, რომლებიც უბრალო მეთევზეებისადმი იყვნენ მიმართულნი, გადაწყვიტეს მათი ბედი. მგზნებარე პეტრე, მხურვალედ მოყვარული უფლისა იესოსი, მაშინვე შეუდგა მას. მალე თვით უფალმა მოინახულა პეტრეს სახლი და მხურვალებისაგან განკურნა მისი სიდედრი (მარკოზი 1.29-31).

ჰქონდა რა უდიდესი რწმენა და ერთგულება, პეტრე, - ერთი მხოლოდ ქრისტეს მოწაფეთაგან - გაკადნიერდება სთხოვოს უფალს: „უფალო... მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა“. უფლის სიტყვისაებრ იგი ნავიდან წყალზე გადმოვიდა და როგორც ხმელეთზე ისე გაეშურა მისკენ. მაგრამ შეეჭვდა რა ღვთიურ შეწევნაში, დანთქმა იწყო. „უფალო, მიხსენ მე!“ შესძახა პეტრემ. და ღვთიურმა მოძღვარმაც არ დაახანა, მეყვსეულად განართხო ხელი და კვლავ უკან, ნავში, აიყვანა (მათე 14.28-32) (იკოსი 3). მაგრამ არა მარტო ქარბორბალასა და ქარისაგან იხსნა უფალმა, არამედ მცირედმორწმუნეობისგანაც, ეტყოდა რა „მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“ (ლუკა 22, 32) (კონდაკი 4).

თაბორის მთაზე პეტრე იაკობსა და იოანესთან ერთად გახდა მოწმე უფლის ღვთიური დიდებისა. დაინახა რა უფალი იესო ქრისტე ფერიცვალებით და ესმა ხმა მამაღმერთისა „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ“, პეტრემ განიხარა და წამოიძახა „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ“ (მარკოზი 9.2-7) (იკოსი 5). ამაზე მოგონება მის ერთ-ერთ ეპისტოლეშია შემორჩენილი (2 პეტრე 1.17-19).

მოახლოვდა რა ჟამი მაცხოვრის მხსნელი ვნებებისა, იერუსალიმისაკენ მიმავალი დაეკითხა იგი თავის მოწაფეებს „თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?“ პეტრემ, მოციქულთა შორის პირველმა, სთქვა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი“, რისთვისაც უფლისაგან უდიდესი შექება დაიმსახურა: „ნეტარ ხარ შენ, სვიმონ ბარ იონა“ („იონა“ ქართულად მტრედს ნიშნავს, „ბარ“ კი „ძე“-ს, ხოლო მტრედი სულიწმიდის სახეა, ანუ პეტრეს მადლმოსილების გამო სულიწმიდის ძე, შვილობილი უწოდა)... „შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 16.15-18) (იკოსი 1.7). პეტრესეულმა აღმსარებლობამ თავისი გამოძახილი ჰპოვა მოციქულთა სადღესასწაულო საკითხავებში „ქრისტემან შენ პირველი გამოგაჩინა, პეტრე, და საფუძველად სარწმუნოებასა გვირგვინოსან-გყო შენ“. საიდუმლო სერობის უწინარეს სიონის ქორედზე მაცხოვარმა „...მოიღო არდაგი და მოირტყა იგი... და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა“. „უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა?“ შეეწინააღმდეგა პეტრე. „უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს შენ ნაწილი ჩემ თანა“ - განუმარტა მას უფალმა. და მაშინ პეტრემ, შიშითა და სიყვარულით მოცულმა, შეჰღაღადა: „უფალო ნუ ხოლო ფერხნი ჩემნი, არამედ ხელნიცა და თავიცა ჩემი“ (იოანე 13.3-9) (იკოსი 9).

მოწაფეთაგან მხოლოდ ერთი, პეტრე, გამოექომაგა უფალს გეთსიმანიის ბაღში. აღმოიხადა მახვილი და ერთ იქ მოსულთაგანს მოჰკვეთა ყური, მაგრამ მაცხოვარმა თვით თავისი სიკვდილის წინაც კი იზრუნა და განკურნა ყურმოჭრილი. პეტრე გაჰყვა უფალს კაიაფა მღვდელთმთავრის სახლამდის, მასთან ერთად შევიდა ეზოში და იდგა იქ ცეცხლთან და თბებოდა. მაგრამ სამგზის უარჰყო თავისი ღვთიური მოძღვარი, როცა მასაც ხელს ადებდნენ, როგორც ქრისტეს მოწაფეს: „არა ვიცი კაცი ესე“ (მარკოზი 14.71) და როდესაც მესამედ უარჰყოფდა დაინახა რომ უფალი უმზერდა მას და „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“ (ლუკა 22.62) (კონდაკი 10). ერთ-ერთი წმინდა გადმოცემით, მას მერე ყოველთვის, როცა კი მოესმოდა მამლის ყივილი პეტრე თურმე მწარედ ატირდებოდა ხოლმე, მომგონებელი თავისი ამ შეცოდებისა, ისე რომ ხშირი ტირილისაგან თვალის უპესთან სისხლიანი ღარები გაუჩნდა.

მაგრამ არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც გულმოწყალე უფალი არ ჰპატიებდეს. პეტრეს სინანული იმდენად ძლიერი და ღრმა იყო, რომ აღდგომის შემდეგ უფალი პირველს, მოწაფეთა შორის, პეტრეს ეჩვენა. სამჯერ დაეკითხა პეტრეს: გიყუარ მეა? და სამგზის მიიღო პასუხად: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ (იოანე 21.15-16). იესო ქრისტემ აღადგინა იგი მოციქულის ღირსებაში, ანდო მას დასამწყსველად თავისი სიტყვიერნი ცხოვარნი (იკოსი 11).

უფლის ამაღლების შემდგომ პეტრეს რჩევისაებრ ათორმეტ მოციქულთა შორის შეირაცხა მატათა (საქმე 1.15-26). ამას შემდეგ, სულთმოფენობისას, პეტრე პირველქრისტიანული თემის წინამძღოლი შეიქმნა. მკვდრეთით აღმდგარი უფლის მგზნებარე სიყვარულით შთაგონებული მისი ქადაგება იმდენად ცხოველსმყოფელი ზემოქმედების იყო, რომ ათასობით ადამიანს მოაქცევდა ქრისტეს სარწმუნოებაში (საქმე 2.41; 4.4). საოცარი ნიშები ახლდა პეტრესეული აღმსარებლობის ქრისტესმიერ რწმენას. მკვდრები აღსდგებოდნენ (საქმე 9.40), მკელობელნი და განრღვეულნი განიკურნებოდნენ (საქმე 3.1-8; 9.32-34), დანაშაულში მხილებულნი სულს განუტევებდნენ (საქმე 5.5-10).

ცნობილია წმ. პეტრე მოციქულის ორი კათოლიკე ეპისტოლე (დაახლ. 63 და 67 წწ.). მეორე ეპისტოლეში წერს „უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფელისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა - იგი უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან მაუწყა მე“ (2 პეტრე 1.14), ანუ უფლის სიტყვისაებრ წინასწარმეტყველებს თავის მოახლოებულ აღსასრულს. იმპერატორ ნერონის ბრძანებით პეტრე მოციქული შეიპყრეს და განაჩენად ჯვარცმა გამოუტანეს. სთვლიდა რა უღირსად თავს მიეღო ისეთივე მოწამეობრივი სიკვდილი, როგორც მის მასწავლებელს ჯალათებს სთხოვდა თავქვე ეცვათ ჯვარს, სურდა რა სიკვდილის დროსაც დაეხარა თავი უფლისთვის.

წმ. მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენის ტომიდან იყო და თავის მოციქულებრივ მსახურებამდის სახელად სავლე ერქვა. კილიკიის ქ. ტარსუში დაბადებული „განსწავლულ ზედმიწევნით მამულითა სჯულითა; მოშურნე ვიყავ ღმრთისათვის“, როგორც თვითონვე ამბობდა საკუთარ თავზე, - „ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილამდე, შევჰკრებ და მივსცემდ საპყრობილედ მამათა და დედათა“ (საქმე 22.3-4). იგი იწონებდა მთავარდიაკონ სტეფანეს წამებას და მის ქვით ჩამქოლავთა სამოსელსაც კი სდარაჯობდა (საქმე 7.58). 34წ. მღვდელთმთავართა დავალებით იგი ქ. დამასკოში გაემგზავრა რათა იქ თავშეფარებული ქრისტიანები საწამებელად გადაეცა. გზაში ერთი მოვლენა შეემთხვა, რამაც ძირეულად შეცვალა სავლეს ბედი.

როდესაც იგი დამასკოს მიუახლოვდა, იგი ღვთიურმა ნათელმა მოიცვა. ყველა მისი მხლებელი მხედარი ცხენებიდან ქვე ჩამოვარდა, ხოლო სავლეს ესმა ხმა, რომელიც იტყოდა: „საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ“. სავლე დაეკითხა: შენ ვინ ხარ, უფალო? ხმამ უპასუხა: მე ვარ იესო, რომელსა შენ მდევნი. არამედ აღდეგ და დადეგ ფერხთა შენთა ზედა, რამეთუ ამისთვის გეჩვენე შენ, რა თა დაგადგინო შენ მსახურად და მოწამედ, რომელი იხილე და რომელი გიჩუენო შენ (საქმე 26.13-16).

სავლეს მხლებლებს ხმა ესმოდათ, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდნენ. ღვთიური ნათებისაგან სავლე დაბრმავდა და უფლის მითითებით გაეშურა დამასკოსაკენ, სადაც ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანი ანანია ცხოვრობდა. ამ უკანასკნელს კი გამოცხადებით ემცნო: აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას, რომელსა ჰრქვიან მართალი, და მოიძიე ტაძართა მათ იუდასთა სავლე სახელით, ტარსელი (საქმე 9.11). ანანიას მისთვის ხელი უნდა დაესხა და თვალი აეხილებოდა. აღასრულა რა ბრძანებული სავლეს მყის აეხილა თვალი, ნათელს-იღო და ეწოდა სახელად პავლე (იკოსი 2).

მოიღო რა პავლემ უფლისაგან ბრძანება, ეხარებინა სასუფეველი, იწყო მქადაგებლობა იუდეველებსა და წარმართებში, მონებს შორის და თავისუფლებში, რისთვისაც თავს იდო ხანგრძლივი მოგზაურობები და წარგზავნიდა ეპისტოლეებს. პალესტინასა და მცირე აზიაში, საბერძნეთსა და იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე გაისმოდა მოციქულის მგზნებარე სიტყვა (კონდაკი 3, იკოსი 4, კონდაკი 5). კუნძულ კვიპროსზე მოგზაურობისას აღივსება რა წმ. პავლე სულითა წმიდითა დაუშლის მოგვ ელვიმას ანთვიპატ სერგი პავლეს „გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა“. პავლე მოციქულის სიტყვისაებრ მოგვი დაბრმავდა და „მიმოვიდოდა და ეძებდა მძღუარსა“ (საქმე 13.8-11) (იკოსი 6). დაახლოებით 51წ. პავლე მონაწილეობდა მოციქულთა კრებაში იერუსალიმს. შეკრებილთ პავლემ ამცნო: „რავდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ“ (საქმე 15.12). კრებამ გადაწყვეტილება მიიღო წარმართებისათვის არ დაეძალებინათ მოსეს სჯულის აღსრულება, ხოლო „კეთილსა იქმოდეთ“-ო (საქმე 15.29).

თავის განუწყვეტელ ღვაწლში მრავალი ჭირთათმენა უწევდა წმ. პავლეს. „ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემა მოვიღე. სამგზის კუერთხითა ვიეც, ერთ გზის ქვითა განვიტვინე, სამგზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ“ (2 კორინთელთა 11.24-25) (იკოსი 10). ფილიპპესა და მაკედონიაში ქადაგებისას შეპყრობილ იქნა და საპყრობილეში ჩაგდებულ. მაგრამ ბორკილდადებულიც განაგრძობდა ლოცვასა და ღვთის დიდებას და შუაღამისას დიდი ძრვა იყო, კარნი განეხვნეს და ბორკილები დასცვივდა (საქმე 16.22-26) (იკოსი 8).

ათენში ქრისტეს ახარებდა „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“ (საქმე 17.28). ამ ქადაგებამ არეოპაგში ახალმოქცეულები შესძინა საქრისტიანოს, მათ შორის მომავალი დიდი ღვთისმეტყველი დიონისე არეოპაგელი. როდესაც მესამე მისიონერული მოგზაურობიდან ბრუნდებოდა პავლე მოციქული კესარიაში შეხვდა აგაბო წინასწარმეტყველს, რომელმაც აიღო პავლეს სარტყელი, „შეიკრა ხელნი და ფერხნი და სთქვა: ამას იტყვის სული წმიდა: კაცი, რომლისა არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალიემს“ (საქმე 21.11) (კონდაკი 11). ამით აგაბომ ბორკილები უწინასწარმეტყველა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ეტარებინა. იერუსალიმში დაბრუნებისას პავლე მოციქული შეიპყრეს და როგორც რომის მოქალაქე კეისრის სამსჯავროზე გაგზავნეს.

აქ, რომში წმ. პავლე პეტრე მოციქულს შეეწეოდა მოქალაქეთა ქრისტიანულ განათლებაში. ერთ-ერთი გადმოცემით მან მოაქცია იმპერატორის მეღვინეთუხუცესი, რისთვისაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

ზოგიერთი მოწმობით პეტრე და პავლე მოციქულები ერთ დღეს აღესრულნენ მოწამეობრივად, სხვა გადმოცემით - პავლეს სრული ერთი წლის შემდეგ მოკვეთეს მახვილით თავი პეტრეს ჯვარცმის შემდგომ. მათი ხსენების დღესასწაული იმთავადვე დაწესდა, ხოლო დაკრძალვის ადგილი წმინდა იყო პირველქრისტეანთათვის. IVს. წმ. მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა რომსა და კონსტანტინეპოლში აღმართა ტაძრები წმ. თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე.

რუსულიდან თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
natia...
ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე:
აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი (VI)
7 (20) მაისი





IPB-ს სურათი




ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს.

ღირსმა იოანე ზედაზნელმა სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დატოვა მაცდური წუთისოფელი, მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. მისი სიმდაბლე, მარხვა და მღვიძარება, ცრემლი და ვედრება სათნოეყო უფალს და ერთგულ მსახურს მიჰმადლა სენთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი. ღირსმა იოანემ სახელი გაითქვა წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით. მის სანახავად უამრავი ხალხი მიდიოდა, ამიტომ წმიდა მამამ საჭიროდ ჩათვალა მოშორებოდა იქაურობას, წაიყვანა ზოგიერთი მოწაფე, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი, ააშენა სენაკები და დაიწყო მოღვაწეობა.

ერთხელ ღირს იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეთა შორის თორმეტი ბერი აერჩია და მათთან ერთად საქართველოში წასულიყო, რათა ქრისტეს სჯული განემტკიცებინა. წმიდა იოანემ ღვთისმშობლის ბრძანება თავის მოწაფეებს გამოუცხადა. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ ღვთის მინიშნებით მოწაფეთაგან თორმეტი გამოარჩია: შიო, დავითი, ანტონი, ისე, იოსები, თადეოზი, სტეფანე, ისიდორე, მიქაელი, პიროსი, ზენონი და აბიბოსი. უდაბნოში დარჩენილებს თავის ნაცვლად მოძღვრად ბერი ექვთიმე დაუტოვა, თვითონ კი ძმებთან ერთად საქართველოში წამოვიდა.

საქართველოს მეფეს და კათოლიკოსს ანგელოზისგან ეუწყათ შუამდინარეთს აღმობრწყინებულ წმიდა მამათა საქართველოში მობრძანების შესახებ. მცხეთას მოახლოებულ მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ.

ევლავიოს კათოლიკოსის კურთხევით წმიდა იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა. მოღვაწეები უბადრუკ სენაკებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდნენ.

ხალხმა გაიგო წმიდა იოანეს სასწაულები. ბევრს აღეძრა მონაზვნური ცხოვრების წრფელი სურვილი, ბევრმა დატოვა სოფლის ამაო, შფოთიანი ცხოვრება და ზედაზენს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამგვარად, ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფელი გახდა.

ერთ ღამეს წმიდა იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გაეგზავნა საქადაგებლად. მეორე დღეს მან შეკრიბა ისინი, უამბო, რაც იხილა და უთხრა: „სარგებლისათვის ამის ქუეყანისა წარმოგუავლინნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან იესუ ქრიტემან, რამეთუ ახალ ნერგ არიან კაცნი ესე ამის სოფლისანი, ამისათჳსცა ჯერ არს, რაჲთა წარხჳდეთ კაცად-კაცადი და განამტკიცებდეთ ძმათა, რომელთა აღუარებიეს ქრისტე, უფალი ჩუენი“.

მოწაფეების გასტუმრების შემდეგ წმიდა იოანე ზედაზენზე დარჩა, დატოვა თავისთან ილია დიაკონი (ხს. 4 იანვარს) და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. მოძღვარმა და მოწაფემ მრავალი წინააღმდეგობა და განსაცდელი დაითმინეს. ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. ილია დიაკონი ყოველდღე შორი მანძილიდან ეზიდებოდა წყალს. მოწაფის ფიცხელი შრომის შემხედვარე წმიდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა. სახიერმა უფალმა ისმინა ვედრება წმიდისა ბერისა და მთის მწვერვალზე მაკურნებელი წყარო აღმოცენდა.

წმიდა იოანეს ლოცვით აღმოცენებულ წყაროს დათვი შეეჩვია. წმიდა იოანეს ლოცვით მხეცი მოთვინიერდა. ამის შემდეგ ზედაზნის ტყის ბინადარი ნადირები კაცთაგან არავის აწყენდნენ. ღირსი იოანეს ლოცვით, დიდი ხნის დავარდნილი სნეული და დამუნჯებული ადამიანი განიკურნა. წმიდა იოანე თავისთან იბარებდა მოწაფეებს, ხანაც თვითონ მიაკითხავდა ხოლმე და ამოწმებდა, თუ სულიერების რა საზომს იყვნენ მიღწეულნი.

ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმიდა იოანეს უფლისაგან გამოეცხადა აღსასრულის მოახლოება. ღირსმა მამამ იხმო თავისი მოწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად დაიბარა, დაესაფლავებინათ იმ მღვიმეში, სადაც მოღვაწეობდა.

მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა ზედაზნის ძირას მდებარე მონასტერში წაასვენეს მოძღვარი. მოულოდნელად მიწა იძრა და არ დაწყნარებულა მანამ, სანამ არ გაიხსენეს წმიდა მამის ანდერძი და არ გულისხმაჰყვეს, რომ ეს მიწისძვრა ზეციური ნიშანი იყო. წმიდა იოანეს მოწაფენი მღვდლებისა და დიაკვნების თანხლებით მოძღვრის საფლავთან მივიდნენ, პატივით აღმოიყვანეს წმიდა ნაწილები და ანერძისამებრ დაასაფლავეს. წმიდა ნაწილთა აღმოყვანების ჟამს მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა.

X საუკუნეში, კათოლიკოს კლიმენტის (908-923) დროს, მღვიმის სამხრეთით წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. წმიდა იოანე ზედაზნელის საფლავი არის ტაძრის სამკვეთლოსთან.

წმიდა მღვდელმოწამე აბიბოსი მეფე ფარსმან VI-ის და ევლავიოს კათოლიკოსის თხოვნით ნეკრესის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. იმ დროს აღმოსავლეთ საქართველოში სპარსელი მოგვები თავისუფლად ავრცელებდნენ თავიანთ ცრუსწავლებას და მძლევრობით მრავალს გარდადრეკდნენ ჭეშმარიტებისაგან. ერთხელ ცეცლხთაყვანისმცემელთა მზაკვრობის სამხილებლად წმიდა მღვდელმთავარმა აბიბოსმა წყალი დაასხა სამსხვერპლოზე დანთებულ ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა სპარსელებმა წმიდა აბიბოსი შეიპყრეს და სასტიკად გვემეს, შემდეგ კი ქვებით ჩაქოლეს. მარზპანის ბრძანებით წმიდანის გვამი ღია ცის ქვეშ დააგდეს მხეცთა საჯიჯგნად, მაგრამ წმიდა მოწამის გვამს არ შეხებია არც მხეცი და არც ფრინველი.

ღამით რეხში მცხოვრების ქრისტიანები მივიდნენ და დიდი პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმთავრის ცხედარი სამთვისის მონასტერში. მოგვიანებით ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზმა წმიდა აბიბოსის უხრწნელი ნაწილები სამთავისიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენა და წმიდა ტრაპეზის ქვეშ დაფლა.

წმიდა ანტონ მარტყოფელი მუდამ თან ატარებდა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს, რომელიც ედესიდან ჩამოასვენა. განმარტოების მოყვარულმა წმიდა მამამ მადლმოსილი ლოცვითა და სასწაულებით მრავალი ქრისტიანი მიიზიდა. წმიდა ანტონმა თანამოსაგრეებისთვის მონასტერი ააშენა, ხოლო თვითონ ჯერ ალაზნის გაღმა წავიდა, შემდგომ კი აკრიანის მთას შეაფარა თავი. მარტომყოფელ ბერს, რომელიც ბალახებითა და ხის ქერქით იკვებებოდა, უფალმა საზრდოს მისაცემად ირმები გაუგზავნა. წმიდა ანტონმა მთის მწვერვალზე ააშენა სვეტი, დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა თვრამეტი წელი. ღირს მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. გარდაცვალების დროს მამა ანტონი მაცხოვრის ხატის წინ იყო დაჩოქილი და ლოცულობდა. ღირსი ანტონის გვამი მოწაფეებმა სვეტიდან ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს, ღვთისმშობლის ხატის წინ.

წმიდა დავით გარეჯელი საქართველოს ახალ დედაქალაქში, თბილისში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ქალაქის განაპირას აღმართულ მთაზე დაყუდებულმა ბერმა თავისი საკვირველი ქადაგებითა და წმიდა ცხოვრებით მრავალი ადამიანი მიიზიდა და ბევრი ცეცხლთაყვანისმცემელი მოაქცია. განრისხებულმა მოგვებმა ფეხმძიმე როსკიპი დედაკაცი მოისყიდეს და მამა დავითს მასთან მრუშობა დასწამეს. წმიდანმა კვერხი შეახო დედაკაცის მუცელს და წარმოთქვა: „შენ, ჩვილო, გიბრძანებ სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რათა გვაუწყო ჩვენ, ვარ თუ არა მე მამა შენი“. ჩვილმა დედის მუცლიდან უპასუხა წმიდანს და სხვაზე მიანიშნა. განრისხებულმა ხალხმა დედაკაცი ქვებით ჩაქოლა. შეძრწუნებულმა დავითმა, რომელმაც გამძვინვარებული ბრბო ვერ შეაჩერა, მდინარე მტკვარზე გაფინა მოსასხამი, თავის მოწაფესთან, წმიდა ლუკიანესთან ერთად ზედ შედგა და, მიუხედავად თბილისელების მხურვალე ვედრებისა, ქალაქი დატოვა.

მამა დავითი და ლუკიანე გარეჯის უდაბნოში დასახლდნენ. მოსაგრეებს უფალმა სასწაულებრივ საზრდელი გაუჩინა. მათთან ყოველდღე, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, ირმები მიდიოდნენ, ლუკიანე წველიდა, მამა დავითი რძეს ჯვარს გადასახავდა და იგი ყველად იქცეოდა. გარეჯელ მამათა სასწაულები მთელმა ქვეყანამ გაიგო და მალე იქ „დაემკვიდრნეს სიმრავლენი მამაკაცთანი, უდაბნოებითსა ცხოვრებასა შემატკბობელნი“.

ნინოწმიდიდან ღირს დავითთან მივიდა სათნოებით შემკული ბერი დოდო (ხს. ამაღლების შემდგომ ოთხშაბათს), რომელმაც მოძღვრის ბრძანებით კლდის რქაზე ააშენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი.

რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი დავითი იერუსალიმის მოსალოცად წავიდა. ბერმა თავისი უღირსების გამო წმიდა ქალაქში შესვლა არ ინება, კარიბჭესთან დიდხანს და მხურვალედ ილოცა, შემდეგ იმ ადგილიდან აიღო სამი ქვა და სიწმიდეებად წამოიღო საქართველოში. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს, ელიას, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ საქართველოდან მოსულ მამა დავითს თავისი სარწმუნოებით იერუსალიმის მთელი მადლი მიჰქონდა. პატრიარქის გაგზავნილმა კაცებმა ორი ქვა გამოართვეს მამა დავითს, მესამე კი წმიდა ბერმა საქართველოში ჩამოიტანა.

ხანგრძლივი და ღვთივსათნო ცხოვრების შემდეგ აღსრულებული მამა დავითი იქვე, გარეჯის სავანეში დაკრძალეს.

წმიდა ისე წილკნელი მამა იოანეს რჩევით ევლავიოს კათოლიკოსმა წილკნის ეპისკოპოსად აკურთხა. ღირსმა მამამ „ფრიადი ურწმუნონი სწავლითა მოაქცივნა, მოძღურება და ქადაგება განფინა სამწყსოსა თვისსა“. ერთხელ ღირსმა იოანემ გადაწყვიტა, სათნოებაში და სულიერებაში გამოეცადა თავისი მოწაფეები. წმიდა ისე მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა, ჯვარი გადასახა მდინარეს, შემდეგ კვერთხი შეახო და თქვა: „სახელითა უფლისათა გიბრძანებ, ჩემ მიერ კსინვით ვიდოდე და შემომიდეგ, ვიდრეცა ვიდოდე“. მდინარეს წყლის ნაკადი გამოეყო და ღირსი ისეს კვერთხს შეუდგა. ღირსმა მამამ წილკნის საყდრამდე მოიყვანა წყალი. ამ სასწაულმა მრავალი ხალხი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.

წმიდა ისემ უფლისაგან წინასწარ შეიტყო ხორცთაგან განსვლის დღე, ეზიარა წმიდა საიდუმლოს და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა მამა იქვე, წილკნის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.

წმიდა იოსებ ალავერდელი განუშორებლად ატარებდა მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ხისგან გაკეთებულ ჯვარს. წმიდა იოანე ზედაზნელის კურთხევით იგი კახეთის სხვადასხვა ადგილას ქადაგებდა, ბოლოს ალავერდის უდაბნო აირჩია და იქ დაიწყო მოღვაწეობა. ერთხელ სრულიად მარტო მყოფი ბერი შეხვდა მონადირე დიდებულს, რომელსაც ღვთის სიტყვა უქადაგა. მამა იოსების მადლიანი სწავლებით გახარებულმა დიდებულმა საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს. ხალხმა გაიგო მოღვაწე ბერის ამბავი და იწყო სიარული, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. ბევრი იქვე დარჩა. დროთა განმავლობაში მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა.

დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით მოუძლურებულმა აბბა იოსებმა მოწაფეებს წინამძღვარი დაუდგინა და ღვთივ მიისვენა. იგი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ ალავერდის ტაძარში. აბბა იოსების საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.

წმიდა შიო მღვიმელი სარკინეთის კლდეთა შორის მდებარე მღვიმეში მოღვაწეობდა. უდაბურ ადგილას მოღვაწე ბერი თვით ყოველადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა. ეს ნახა სარკინეთის მთაზე სანადიროდ მყოფმა ციხედიდის მთავარმა ევაგრემ (ხს. 4 თებერვალს), მოინახულა საკვირველი ბერი და დაემოწაფა მას. მალე იქაურობა მეუდაბნოე მამებმა აავსო. წმიდა შიომ სარკინეთში სავანე დააარსა და ორი ათას ბერს მოუყარა თავი. წმიდა შიომ აღთქმა დადო, რომ დარჩენილ სიცოცხლეს მღვიმეში გაატარებდა. მღვიმე თავისსავე მონასტერში გათხარა და შიგ ჩავიდა. ღირსი შიო თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა მღვიმეში.

წმიდა ისიდორე სამთავნელი მოძღვრის კურთხევით დიდხანს ქადაგებდა ქართლში. შემდეგ რეხულას აღმოსავლეთით დააარსა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის სამთავისის მონასტერი, ღირსი მამა მოწაფეებმა მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს.

წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე.

წმიდა სტეფანე ხირსელი თანამოსაგრეებთან ერთად ქადაგებდა კახეთში. დაკრძალულია წმიდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში, სამკვეთლოსთან.

წმიდა ზენონ იყალთოელი ქადაგებდა კახეთის მთიანეთში, შემდეგ იყალთოში დააარსა მონასტერი და იქ მოღვაწეობდა სიკვდილამდე. დაკრძალულია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში.

წმიდა პიროს ბრეთელმა, „ღვთაებრივმან ხატმან სინანულისამან“, მდინარე ჯვარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ბრეთში დააარსა სავანე. მისი წმიდა ნაწილები ამ მონასტერშია დაკარძალული.

წმიდა მიქაელ ულუმბოელი ქადაგებდა ზემო ქართლსა და ოსეთში. ულუმბოს ახლოს დააარსა დიდი სავანე. იქვე განისვენებს მისი სასწაულთმოქმედი წმიდა ნაწილები.

წმიდა ასურელ მამათა დაარსებულ ლავრებსა და სავანეებში იწვრთნებოდნენ ქართველთა შვილები გონებით და ზნეობით, ამ უდაბნოებიდან ეფინებოდა ქართველობას მადლი და კურთხევა. ეს სავანეები და მათი დამაარსებელი წმიდა მამები გახდნენ ქართველთა მფარველნი და მათი დამცველნი უსჯულოებისა და ბიწიერებისაგან.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ


წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (I)
29 (12.05) აპრილი, 30 (13.12) ნოემბერი





IPB-ს სურათი



წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ“. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა“. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა“ საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების“.

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, „ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად“. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, „ფრიად შუენიერი და დიდი“ წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. „დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა“, აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდა ამ მთას „რკინის ჯვარი“). მოციქული შემდეგ სოფელ აწყურში მივიდა, რომელიც ადრე სოსანგეთად იწოდებოდა. ამ დროს ამ მხარის გამგებელი იყო ქვრივი სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. სწორედ ამ დროს მას შვილი მოჰკვდომოდა. ქვრივს შეატყობინეს, რომ იქ იყო ერთი ადამიანი, რომელიც უცნობ ღმერთზე ლოცულობდა. ამ ცნობამ მას გულში იმედი ჩაუსახა და მოციქული თავისთან იხმო. წმიდა ანდრიამ ქვრივი დედაკაცის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა ქალმა მადლობით ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, თავის შვილთან ერთად მოინათლა და სამცხის მთავრებს წერილი მისწერა, ამ ამბავს ატყობინებდა და ყველას თავისთან იხმობდა. „ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკვირველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით კერძო და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი“. მოვიდნენ საკერპოს მსახურნიც. ხალხი ორად გაიყო; ნაწილი იძახდა, „ჯერ არს თაყუანის-ცემად, რომელმა ესე ვითარი სასწაული აღასრულა“, სხვები კი კვლავ ცრუ ღმერთების ერთგულნი რჩებოდნენ. ცილობა რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარი დაეხშოთ. მაცხოვრის მსასოებლებს - ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი - თავიანთი ღვთაებისადმი უნდა ელოცათ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარი გააღეს, ყველამ იხილა „კერპები ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა“. წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

იერუსალიმთან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა და „დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს ტაოს კერძო ქვეყანა ვიდრე ჭოროხამდე“, იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. სვიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ „ხოლო დიდი ანდრეა სვიმონითურთ... შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და უქადაგეს სიტყუა იგი ღუთის-მეცნიერებისა და მრავალთა სიხარულით შეიწყნარეს ქადაგება იგი და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრეა სვიმონ კანანელი სხვათა თანა მოწაფეთა და თავად ჯიქეთისა ქუეყანად ავიდა“. ჯიქეთის მკვიდრმა მოსახლეობამ არა მარტო უარი განაცხადა მისი ქადაგების მიღებაზე, არამედ მოციქულის მოკვლაც კი გადაწყვიტა. მათი სიჯიუტე და უხეში გონება რომ დაინახა, მოციქულმა მიატოვა ისინი და წავიდა. წმიდა ანდრია მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა. მდინარე დნეპრს აჰყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად ქალაქი კიევი მდებარეობს.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. წმიდანმა „აღიხილნა თუალნი ზეცად და მადლობა შესწირა უფალს და აკურთხნა მორწმუნენი იგი ჯუარსა დამოკიდებულმან“. და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა წმიდანი. ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

ხშირად, ჩვენი ისტორიის ავბედითობის გამო, ჩვენი ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობა ეჭვქვეშ დგებოდა. ამის დასტურია წმიდა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში აღწერილი ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც წმიდა გიორგი ანტიოქიის პატრიარქის წინაშე შემდეგი სიტყვებით იცავდა საქართველოს ეკლესიის თვითმყოფადობას: „წმიდაო მეუფეო, შენ იტყვი, თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარზე ვზიო. ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სვიმეონს ვიტყვი კანანელსა - ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ. და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს. და არცა ოდეს წუალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი, და ყოველთა უარისმყოფელთა და მწუალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ“.

შევთხოვოთ ჩვენს შემწესა და მფარველს წმიდა ანდრიას:

წმიდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 18(225), 2003 წ.
mati
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი (+662)
21 (03.02) იანვარი

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს დაიბადა კონსტანტინეპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სიყმაწვილეში მან მრავალმხრივი განათლება მიიღო: სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, გაეცნო ძველ ავტორებს, სრულყოფილად დაეუფლა საღვთისმეტყველო დიალექტიკას. სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მაქსიმე თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით, იმპერატორ ჰერაკლეს (611-641) პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა მას, ამიტომ ქრისოპოლის სავანეს (ბოსფორის მოპირდაპირე ნაპირზე) მიაშურა და ბერად აღიკვეცა. კეთილკრძალული მოღვაწეობით წმიდანმა საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა და მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა, თუმცა ამ ხარისხშიც იგი, თავისივე სიტყვებით, „უბრალო ბერად” რჩებოდა საოცარი თავმდაბლობის გამო. 633 წელს ერთი ღვთისმეტყველის, შემდეგში იერუსალიმელი პატრიარქის სოფრონის (ხს. 11 მარტს) თხოვნით მაქსიმემ დატოვა სავანე და ალექსანდრიაში გაემგზავრა.

ამ ხანებში წმიდა სოფრონმა სახელი გაითქვა მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით. მას შემდეგ, რაც IV მსოფლიო კრებამ (451 წ.) დაგმო მონოფიზიტობა, რომელიც იესო ქრისტეში მხოლოდ ერთ (ღვთაებრივ) ბუნებას აღიარებდა, მონოთელიტებმა შემოიტანეს სწავლება ერთი ღვთაებრივი ნებისა და ერთი (ღვთაებრივი) ქმედების შესახებ, რასაც უარყოფილი მონოფიზიტური ცრუსწავლების აღიარებამდე მივყავდით. მონოთელიტობას ბევრი მიმდევარი გაუჩნდა სომხეთში, სირიაში, ეგვიპტეში. მართლმადიდებლობის ბრძოლას მწვალებლურ სწავლებებთან აძნელებდა ის გარემოება, რომ აღმოსავლეთის სამი საპატრიარქო ტახტი მონოფიზიტთა ხელში აღმოჩნდა: კონსტანტინეპოლის ეკლესიას სერგი განაგებდა, ანტიოქიისას - ათანასე, ალექსანდრიისას კი – კვიროსი. კონსტანტინეპოლიდან ალექსანდრიაში მიმავალ ღირს მაქსიმეს გზად კრეტაზე უნდა გაევლო. სწორედ აქ დაიწყო მისი მქადაგებლური მოღვაწეობა. ალექსანდრიაში და მის მახლობლად ღირსმა მამამ 6 წელი დაჰყო. მაქსიმე აღმსარებელი მხურვალედ იცავდა მართლმადიდებლობას და მის ქადაგებებს დიდი წარმატება ჰქონდა სხვადასხვა წოდებისა და ფენის ადამიანებს შორის.

638 წელს გარდაიცვალა პატრიარქი სერგი, 641 წელს კი – იმპერატორი ჰერაკლე. ქვეყანაში გამეფდა მრისხანე და სასტიკი კონსტანს II (642-648), მონოთელიტთა თავგამოდებული მომხრე. ღირსმა მაქსიმემ კართაგენს მიაშურა და ქალაქსა და მის შემოგარენში კიდევ 5 წელი იქადაგა. როცა აქ სამეფო კარის ინტრიგების გამო კონსტანტინეპოლიდან გადმოხვეწილი პიროსი, პატრიარქ სერგის მემკვიდრე ჩავიდა, მასა და მაქსიმეს შორის გაიმართა საჯარო პაექრობა, რომელზეც ერეტიკოსმა აღიარა თავისი ცოდვა და სურვილი გამოთქვა, პაპი თეოდორესთვის გადაეცა თავისი შეხედულებების წერილობითი უარყოფა. ღირსი მაქსიმე პიროსთან ერთად გაემგზავრა რომში, სადაც პაპმა მიიღო ყოფილი პატრიარქის აღსარება და ძველ ხარისხში აღადგინა იგი. 647 წელს მაქსიმე აფრიკაში დაბრუნდა. 649 წლის ოქტომბერში შედგა კრება, რომელსაც 150 დასავლელი ეპისკოპოსი და მართლმადიდებლური აღმოსავლთის 37 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის – მაქსიმე აღმსარებელიც. კრებამ დაგმო მონოთელიტობა, მისი დამცველები კი – კონსტანტინეპოლელი პატრიარქები – სერგი, პავლე და პიროსი ანათემას გადასცა.

როცა კონსტანს II კრების დადგენილებას გაეცნო, ბრძანა, შეეპყროთ პაპი მარტინე და ღირსი მაქსიმე. ღირს მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წელს ის თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ კონსტანტინეპოლში გადმოიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმიდა მაქსიმე დასაფლავებულია ქ. ცაგერში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

lingvo
წმიდა მოწამე ევსტათი მცხეთელი (+551)


წმიდა ევსტათი მცხეთელი წარმოშობით სპარსი იყო. იგი საქართველოში ჩამოვიდა და ქართლში დასახლდა. მას ისე მოეწონა ქართველთა ზნე-ჩვეულება, რომ გაქრისტიანება გადაწყვიტა, ეს კი იმ დროისათვის ძალიან საშიში იყო. გვირობანდაკმა (ასე ერქვა მას ნათლობამდე) კათოლიკოს სამოელის ხელით მიიღო ნათლობა და ქრისტიანული სახელი - ევსტათი ეწოდა. მალე მან ქართველი ქალი შეირთო და მთლიანად დაუმოყვრდა ქრისტესთან დამოყვრებულ ერს.

IPB-ს სურათი


ერთხელ მცხეთელმა სპარსელებმა დღესასწაულზე მიიწვიეს ევსტათი, მაგრამ წმიდანმა შორს დაიჭირა: „მე ქრისტეს ბეჭდითა აღბეჭდილ ვარ და ბნელსა მაგას განშორებულ ვარო“, - შეუთვალა მან ძველ თანამემამულეებს. დღესასწაულის დამთავრების შემდეგ ცეცხლთაყვანისმცემლებმა მცხეთის ციხისთავთან, უსტამთან დაასმინეს ევსტათი. მან თავისთან დაიბარა წმიდანი.
ევსტათი ჯერ შეყოყმანდა, შემდეგ კი გაიფიქრა: „ესენი ჩემი მოყვარენი არიან და თუ ამათი შემეშინდება, სხვასთან როგორღა მოვიქცევი. წავალ და ცხადად ვაღიარებ ქრისტეს, რამეთუ წერილ არს: „რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, აღვიარო მეცა იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უვარ ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა“.

უსტამმა სადაურობა გამოჰკითხა ევსტათის. წმიდანმა მიუგო: სპარსელი ვარ, არშაკეთის ხევიდან, ქალაქ განძაკიდან. მამაჩემი მოგვი იყო, მეც მოგვობას მასწავლიდა, მაგრამ ჩვენს ქალაქში ბევრი ქრისტიანი ცხოვრობდა, შევისწავლე მათი რჯული, ვარჩიე მოგვობას და ახლა ქრისტიანი ვარ.

უსტამს არ ჰქონდა დასჯის უფლება, ამიტომ ქართლის მარზპანთან, არვანდ გუშნასპთან გაგზავნა აღმსარებელი. შემასმენელნი კვლავ ეახლნენ მცხეთის ციხისთავს და აუწყეს, რომ კიდევ შვიდი სპარსელი შედგომოდა ქრისტეს სჯულს. რვავე ქრისტიანს ბორკილები დაადეს და თბილისში გაგზავნეს.

მარზპანმა მკაცრად დაჰკითხა ქრისტეს მსასოებელი სპარსელები. მათ უპასუხეს: „მამულსა-ღა ზედა რჩულსა ვიყვენით, სპარსთა რჩული ვიცოდით, ხოლო რაჟამს ქართლად შემოვედით და ქრისტიანეთა რჩული ვიხილეთ, ქრისტეანე ვიქმნენით და აწ ქრისტეანე ვართ, რამეთუ ქრისტეანეთა რჩული წმიდა და სურნელ არს და ფრიად კეთილ და შუენიერ არს, ხოლო სხუაჲ რჩული ვერ ესწორების რჩულსა ქრისტეანეთასა“.

განრისხებულმა მარზპანმა ბრძანა, სასტიკად დაესაჯათ ისინი: გაეპარსათ თმა და წვერი, გაეხვრიტათ ცხვირები, დაედოთ ბორკილები და საპყრობილეში ჩაეყარათ, ხოლო თუკი რომელიმე უარყოფდა ქრისტეს - შეეწყალებინათ.

ექვსი თვის შემდეგ მარზპანი სპარსეთის მეფემ თავისთან იხმო. ამით ისარგებლეს ქართლის კათალიკოსმა სამოელმა, მცხეთის მამასახლისმა გრიგოლმა, პიტიახშმა არშუშამ და სპარსეთს მიმავალ არვანდ გუშნასპს სთხოვეს, გაეთავისუფლებინა დილეგში ჩაგდებული სპარსი ქრისტიანები. არვანდ გუშნასპმა თხოვნა შეუსრულა ქართველ დიდებულებს, თუმცა დაამატა - ისინი მოსაკლავად მყავდა გამზადებულიო.

სამი წლის შემდეგ ქართლს მარზპანად ვეჟან ბუზმირი მოევლინა. მოგვებმა კვლავ დაასმინეს ევსტათი. წმიდა ევსტათი სამუდამოდ გამოეთხოვა ოჯახს: „ჯმნულმცა ვარ მე თქვენგან, რამეთუ მე აქა აღარა მოქცევად ვარ და ქრისტე მე არა უვარ მყო და მათ მე არღარა განმიტეონ ცოცხლებით, ხოლო სიკუდილი ჩემი ტფილისს ყოფად არს საპყრობილესა და თავი მოკუეთად არს ჩემდა, ხოლო გუამი ჩემი მოიწიოს აქვე ნებითა ღმრთისაჲთა“.

წმიდა ევსტათი შეევედრა ღმერთს: „უფალო ღმერთო იესუ ქრისტე, უკუეთუ ღირს მყო მე სიკუდილსა სახელისა შენისათჳს ქრისტიანობით, ჴორცთა ჩემთაჲ ნუ ჯერ გიჩნს განგდებაჲ გარე და შეჭმაჲ ძაღლთა და ფრინველთა ცისათაჲ, არამედ ჴორცთა ჩემთა ბრძანე აქვე მოქცევაჲ და დამარხვაჲ მცხეთას, სადაც ნათელ მიღებიეს“.

წმიდა ევსტათი თბილისში ჩაიყვანეს და ვეჟან ბეზმირს მიჰგვარეს. ევსტათისგან მოსმენილი ქრისტიანული აღმსარებლობით გაკვირვებულმა და მისი სიმშვენიერით მოხიბლულმა ბუზმირმა ტკბილად მიმართა წმიდანს: „შვილო ჩემო ევსტათი, ისმინე ჩემი და ნუ დაიმცირებ დღეთა ცხოვრებისა შენისათა ქრისტეანებისათჳს და ნუ ქურივ სუამ ცოლსა შენსა და ობოლ შჳლთა შენთა და ნუ მოსწყდები მოყუასთა შენთა ამას ცხორებასა“. წმიდა ევსტათიმ განუცხადა, რომ ქრისტეს არ უარყოფდა. გაბრაზებულმა მარზპანმა ბრძანა, წმიდანი საპყრობილეში წაეყვანათ, ღამით კი თავი მოეკვეთათ და ქალაქგარეთ დაეგდოთ ფრინველთა საჯიჯგნად. ვიდრე საპყრობილეს მიაღწევდნენ, მან ითხოვა ლოცვისათვის დრო მიეცათ, მუხლი მოიდრიკა, თვალები ზეცად აღაპყრო და უფალს შეევედრა: „უფალო ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, რომელსა ყოველთა კაცთაჲ გნებავს ცხორებაჲ, რომელნი ესვენ სარწმუნოებით სახლსა წმიდასა შენსა; რომელმან ისმინე ლოცვაჲ პირველთა მათ მოწამეთაჲ... ამას ვილოცავ და გევედრები და ვითხოვ შენ სახიერისაგან, რათა არა დაეტეოს გვამი ჩემი აქა ტფილისს შინაა, არამედ რაჲთა დაემარხოს იგი მცხეთას წმიდასა, სადა იგი შენ გამომიჩნდი და რათა აქუნდეს მადლი და კურნებაჲ ძუალთა ჩემთა, ვითარცა იგი პირველთა მათ“. უცებ გაისმა ხმა: „არა უნაკლულეს იყო შენ პირველთა მათ მადლითა კურნებისათა, რომელთა ვჰრწმენე მე, ხოლო გუამისა შენისათჳს ნუ ჰზრუნავ, ეგრე იყოს, ვითარცა შენ სთქუ ყოფად“. მარზპანის მსახურებმა თავი წარკვეთეს წმიდა ევსტათის, გვამი კი ღამით გაიტანეს და ქალაქგარეთ დააგდეს.

ქრისტიანებმა ევსტათის ცხედარი, მალულად წაასვენეს მცხეთას. მოწამის ნეშტს წმიდა სამოელ კათოლიკოსი (ხს. 30 ნოემბერს) შემოეგება და პატივით დაკრძანა სვეტიცხოველში, წმიდა ტრაპეზის ქვეშ.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

ლოცვა

ჰოჲ, ღვაწლით შემოსილო, ახოვანო და შვენიერო წმიდაო მოწამეო ევსტათი, ნეტარსა მას სამყოფელსა შინა განსვენებულო და ღმრთისა პირისა მხილველო, ლოცვითა შენითა წმიდითა განანათლე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი. შეიწყალე და აცხოვნე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაჲ ჩვენი ილია, ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზნონი წესნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა შეგიწყალმეს ჩვენ საშინელსა და შესაძრწუნებელსა სამსჯავროსა მისსა და მიტევებისა და სიყვარულისა მისისა წყაროსა შინა შეწყნარებულნი და მისა მიმართ დაგებულნი დაუდუმებელად ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა, რამეთუ მისა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოჲთ მამით მისით და სახიერით და ცხოველსმყოველით სულით წმიდითურთ ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ANA
ღირსი ანა (+826) და ძე მისი იოანე


ღირსი ანა და ძე მისი, იოანე, ბიზანტიაში ცხოვრობდნენ. ანა კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ტაძრის მოძღვრის ასული იყო. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მან მამაკაცის სამოსელი შეიმოსა და ძესთან, წმიდა იოანესთან ერთად, ევფემიანეს სახელით, მამათა ერთ-ერთ სავანეში დაემკვიდრა, ოლიმპოს მახლობლად. ღირსი ანა კონსტანტინეპოლში მიიცვალა 826 წელს. მისი ხსენება აღინიშნება ორჯერ: 14 ივნისს და 29 ოქტომბერს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ

....wm.cxovreba


მართლი ანა - დედა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

ხსენება 25 ივლისი (7 აგვისტო)

IPB-ს სურათი

საქართველოში ანაობა წელიწადში რამდენჯერმე აღინიშნება. 7 აგვისტოს კი მართლმადიდებელი ეკლესია მარიამ ღვთისმშობლის დედის წმინდა ანას გარდაცვალების დღეს მოიხსენებს.

ნეტარი ანა მღვდელმსახური ნათანისა და მისი მეუღლის, მარიამის ასული იყო, ლევიტელთა ტომიდან, აარონის მოდგმიდან. მისი მეუღლე, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო. ცოლ–ქმარი ღვთის სიყვარულითა და მოყვასის თანაგრძნობით გამოირჩეოდნენ. შემოსავლის ნაწილს მოწყალებაში გასცემდნენ, ნაწილს ტაძარს სწირავდნენ, ხოლო დანარჩენს საკუთარი საჭიროებისათვის იყენებდნენ. მაგრამ სიბერემდე ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მიეცათ, რაც მათ გულს მწუხარებით ავსებდა: იმდროინდელი წარმოდგენით უშვილობა სასჯელად ითვლებოდა.

დიდ დღესასწაულებზე ისინი იერუსალიმში ადიოდნენნ. ერთხელაც, როცა იოაკიმე ტაძარში მივიდა მსხვერპლის შესაწირად, მღვდელმთავარმა მისი ძღვენი არ მიიღო, როგორც უშვილობით ღვთისაგან დასჯილისა. გულდათუთქული იოაკიმე სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა და ღმერთს შესთხოვდა, სირცხვილი აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.
როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანნა ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. ამ დროს თვალიჰკიდა ჩიტის ბუდეს, რომელშიც ბარტყები ჟივჟივებდნენ. გულდაწყვეტილმა ანამ წამოიძახა: „ყველა ნუგეშობს შვილებით. მხოლოდ მე ვარ უშვილო და უნუგეშო“.
უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოსი წარსდგა და უთხრა: „ანნა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება ასულის სახელად მარიამი. იგი გახდება დედა ღვთისა“.
ანგელოსი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა და მასაც აუწყა სასიხარულო ამბავი. გახარებულმა იოაკიმემ და ანამ ტაძარს მიაშურეს, ისინი იერუსალიმის კარიბჭესთან შეხვდნენ ერთმანეთს და სიხარულით გადაეხვივნენ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ქალწულს ღმერთს შესწირავდნენ.
მართლაც, ანამ მუცლად იღო და შვა ქალწული, რომელსაც მარიამი უწოდეს. სამ წლამდე მარიამი მშობლებთან იზრდებოდა, სამი წლისა კი, აღთქმისაებრ, იოაკიმემ და ანამ ტაძარში წაიყვანეს და იქ აღიზრდებოდა სხვა ქალწულებთან ერთად. მარიამის დაბადებიდან მალე იოკიმე გარდაიცვალა, ანა კი ტაძრის მახლობლად დასახლდა. გადმოცემის თანახმად, იგი მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში 79 წლის ასაკში ღვთისმშობლის ხარებამდე ცოტა ხნით ადრე.


დიდმოწამე ანასტასია

ხსენება 22 დეკემბერი (4 იანვარი)


IPB-ს სურათი

დიდმოწამე ანასტასიას მამა წარმართი იყო, დედა - ფარული ქრისტიანი. ყრმა ანასტასია აღსაზრდელად ცნობილ ბრძენკაცს - ქრისოგონს მიაბარეს. მოძღვარმა სხვადასხვა სათნოებისა და მეცნიერებებთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარული დანერგა წმინდა ანასტასიას გულში.

ანასტასიას დედა ადრე გარდაეცვალა, მამამ კი, საკუთარი ნების წინააღმდეგ, მდიდარ და დიდებულ, მაგრამ ურჯულო და გულსასტიკ რომაელს - პომპლიუსს მიათხოვა. წმიდანმა შესძლო, მოგონილი ავადმყოფობის საბაბით ქალწულობა დაემარხა. იგი, ღარიბულად ჩაცმული, მოახლის თანხლებით აკითხავდა ხოლმე საპყრობილეში გამომწყვდეულ ქრისტიანებს. როცა მოახლემ ამის შესახებ პომპლიუსს აუწყა, ეს უკანასკნელი საშინლად განრისხდა და მეუღლე სახლში გამოკეტა. ანასტასიამ ფარულად მიმართა წერილით ქრისტეს აღსარებისთვის საპყრობილეში გამომწყვდეულ თავის აღმზრდელს - ქრისოგონს და ლოცვითი შეწევნა სთხოვა. ქრისოგონმა გაამხნევა წმიდა ანასტასია და თან უწინასწარმეტყველა, რომ მალე მისი მეუღლე დაიღუპებოდა. მართლაც, რამდენიმე ხანში, ელჩიონთან ერთად სპარსეთში მიმავალი პომპლიუსი ზღვაში დაიხრჩო. დაქვრივების შემდეგ წმიდა ანასტასია უხვად ურიგებდა ქონებას გლახაკებს.
ანასტასია კეთილმსახურ ახალგაზრდა ქვრივს, თეოდოტიას გაეცნო და მისი სახით ერთგული თანამდგომი ჰპოვა. მალე წარმართებმა ორივეს დევნა დაუწყეს. უღმრთოებმა წმიდა ანასტასია ილირიაში შეიპყრეს. მას შემდეგ, რაც დიოკლეტიანეს ბრძანებით ყველა ტყვე ქრისტიანი ერთ ღამეში ამოხოცეს, ნეტარი დედა ერთ-ერთ საპყრობილეში მივიდა და, შიგ რომ ვერავინ ნახა, ხმამაღლა ატირდა. ციხის მცველები მიხვდნენ, რომ იგი ქრისტიანი იყო, დააკავეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. მან კი ქურუმ ულპიანეს გადასცა იგი. მზაკვარმა ქურუმმა ერთ მხარეს ოქრო, ძვირფასი თვლები და სამოსელი დააწყო, მეორე მხარეს კი - წამების საშინელი იარაღები. ქრისტეს სასძლომ წამების იარაღები აირჩია. ანასტასიას მშვენიერებით მოხიბლულმა ქურუმმა გადაწყვიტა, ძალა ეხმარა მასზე, მაგრამ როგორც კი ნეტარისთვის ხელის შეხება დააპირა, დაბრმავდა. ტკივილისაგან გონდაკარგული ეშმაკის მსახური წარმართული ტაძრისკენ გაიქცა, რომ კერპებისგან გამოეთხოვა შეწევნა, მაგრამ გზაში დაეცა და სული განუტევა. წმიდა ანასტასია გათავისუფლდა და თეოდოტიასთან ერთად კვლავ ტანჯულ ქრისტიანთა მსახურებას შეუდგა. მალე წმიდა თეოდოტია და მისი სამი ძე მოწამეობრივად აღესრულნენ. წმიდა ანასტასია ხელმეორედ შეიპყრეს და შიმშილით სიკვდილი გადაუწყვიტეს. მან სამოცი დღე უჭმელ-უსმელად დაჰყო სატუსაღოში. მოწამეს ყოველ ღამე წმიდა თეოდოტია ეცხადებოდა და განამტკიცებდა. როცა მსაჯულმა იხილა, რომ შიმშილმა ანასტასიას ვერაფერი დააკლო, ბრძანა, იგი სიკვდილმისჯილ დამნაშავეებთან ერთად ზღვაში დაეხრჩოთ.
როცა ხომალდი გაშლილ ზღვაში გავიდა, მხედრებმა რამდენიმე ადგილას გაბურღეს იგი, თავად კი ნავში გადასხდნენ. ტყვეებს თეოდოტია გამოეცხადა და გემს ნაპირისკენ გაუძღვა. ხმელზე გასულმა, სასწაულებრივად გადარჩენილმა ასოცმა კაცმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. მალე ყველა მათგანი შეიპყრეს და წამებით ამოჰხადეს სული. წმიდა ანასტასია ანთებულ კოცონს ზემოთ ბოძზე დაკიდეს. მას შემდეგ, რაც მოწამის ტანჯვით განწმენდილი სული უფალმა შეივედრა, მისი პატიოსანი სხეული კეთილმსახურმა ქალმა აპოლინარიამ ბაღში დაკრძალა. V საუკუნეში წმიდა ანასტასიას უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, სადაც მისი სახელობის ტაძარი ააგეს. მოგვიანებით ქრისტეს მხევლის თავი და მკლავი ათონის წმიდა მთის მახლობლად დაარსებულ წმიდა დიდმოწამე ანასტასიას სახელობის მონასტერში გადაასვენეს.
lingvo
წმიდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) (+1944)
20 (02.02) იანვარი


დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტე, ძალო ცხოვრებისა ჩემისაო,
რამეთუ რომელი არა ვიცოდი, მადლითა შენითა ვისწავლე,
და რომელი არა შემეძლო, შემძლებელ მყავ დაწერად წიგნისა
ამისა მხიარულებით... და აწ მშრომელი წარვალს, ხოლო ნაშრომსა
ამას შეგვედრებ შენ, რათა ჰგიებდეს ერთა შორის ყოვლადვე
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“
იღუმენ ექვთიმე კერესელიძის მინაწერი სანოტო ხელნაწერზე


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ესტატე კერესელიძე ბერად აღკვეცამდე

IPB-ს სურათი

გელათის მონასტრის ბერდიაკონი ექვთიმე 1910-იანი წლები


IPB-ს სურათი

ზედაზნის მონასტრის იღუმენი ექვთიმე 1930-იანი წლები

იღუმენი ექვთიმე (ესტატე კერესელიძე) დაიბადა 1865 წელს რაჭაში, სოფელ სადმელში, სოლომონ და მართა კერესელიძეების კეთილმორწმუნე ოჯახში. სადმელის სამრევლო სასწავლებლის დასრულების შემდგომ რაჭაში არსებული მძიმე ეკონომიური პირობების გამო თხუთმეტი წლის ყმაწვილი ესტატე გაემგზავრა ჯერ ქუთაისში, შემდგომ - თბილისში, სადაც ერთ-ერთი სასტუმროს მზარეულის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. აქ მან გაიცნო წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხაზინადარი და მოურავი, მაქსიმე როსტომის ძე შარაძე. მათ სხვა მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად თბილისში დააარსეს უფასო „საღმრთო წიგნთ-საკითხავი“, რომლის მიზანი მოსახლეობაში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცება და ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლდა და გავრცელება იყო. „საღმრთო წიგნ-საკითხავს“ სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე (+1907).

ძველ ქართულ საეკლესიო გალობას საძმოს წევრები სწავლობდნენ ცნობილი მგალობლის, თავად მელქისედეკ ნაკაშიძისაგან, რომელიც ათონის წმიდა მთის ქართველთა სავანეში იყო განსწავლული.

1890-იანი წლებიდან მაქსიმე შარაძემ და ესტატე კერესელიძემ წმიდა ილია მართლის შუამდგომლობით შეიძინეს სტამბა, რომლის საშუალებითაც ინტენსიურად შეუდგნენ საღმრთო წიგნების ბეჭდვასა და გავრცელებას.

მაქსიმეს და ესტატეს მიმოწერა ჰქონდათ ათონის წმიდა მთაზე ქართველთა სავანის ბერებთან და მათგან ივერთა მონასტრის წიგნთსაცავიდან გადმოწერილ წმიდანთა ცხოვრებასა და ქადაგებებს ღებულობდნენ, ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ. მათ თავიანთი სტამბის საშუალებით ოცდახუთი წლის განმავლობაში დასტამბეს ოთხი ათასამდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა. ხალხი სამართლიანად უწოდებდა მათ სტამბას „ბერების სტამბას“, რადგან იქ მომუშავე ადამიანები გამოირჩეოდნენ კეთილმსახურებითა და წმიდა ცხოვრებით.

1891 წელს მაქსიმესა და ესტატეს ცნობილმა მომღერალმა და მოსიკოსმა ფილიმონ ქორიძემ, ევროპული სანოტო დამწერლობა შეასწავლა. ესტატე კერესელიძეს განსაკუთრებული ნიჭი და ლამაზი კალიგრაფია აღმოაჩნდა და ამიტომ ფილიმონ ქორიძე მას ანდობდა საგალობლოთა სანოტო ხელნაწერების გადათეთრებას.


XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ძალადობით გაუქმებას სავალალო შედეგები მოჰყვა: იძარცვებოდა და ნადგურდებოდა უძველესი ეკლესიის ფასდაუდებელი საუნჯე. ქართული საეკლესიო გალობაც გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა. საჩქაროდ უნდა გამონახულიყო გზა და საშუალება ქართული საეკლესიო კილოების დაფიქსირებისა, რადგან ძველი საგალობო დამწერლობის მცოდნენი დღითიდღე მცირდებოდნენ და ეს მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური საგანძური სამუდამოდ იკარგებოდა.

წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის თაოსნობით 1884 წელს ქუთაისში დაარსებულმა ქართული გალობის აღმადგინებელმა კომიტეტმა შეკრიბა ძველი ქართული გალობის მცოდნე სასულიერო პირები და ერისკაცნი. ფილიმონ ქორიძემ ათასობით საგალობელი გადაიტანა ნოტებზე, რომლის დაბეჭდვა საკუთარი ხარჯებით თავს იდეს ესტატე კერესელიძემ და მაქსიმე შარაძემ.

1907 წელს, წმიდა ილია მართლის მოწამეობრივი აღსასრულიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა მაქსიმე შარაძე. ეს უდიდესი დანაკარგი ესტატე კერესელიძისთვის აუნაზღაურებელი დარჩა. დაღონებულ ესტატეს განსაცდელი უერთგულესი მეგობრის დაკარგვისთანავე ეწვია - მარტოდ დარჩენილ მოღვაწეს სტამბისა და მისი ქონების გაყოფას სთხოვდნენ; მისდა სავალალოდ ქონების ჩამონათვალში უძვირფასესი ხელნაწერებიც შედიოდა. რომელთა ნაწილი ჩამოართვეს და უცნობი მიმართულებით წაიღეს. საბედნიეროდ, სანოტო კრებულები საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნთსაცავში აღმოჩნდა, რომლის ხელმძღვანელი იმხანად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) იყო.

მალე ესტატე კერესელიძემ ჟურნალ „შინაური საქმეების“ რედაქტორის, მღვდელმოწამე სვიმონ მჭედლიძის დახმარებით სტამბა და ხელნაწერები ქუთაისში გადაიტანა. სამწუხაროდ, არსებული მძიმე ვითარების გამო მათი თანამშრომლობა არ შედგა. ქუთაისში ესტატემ კვლავ სცადა სანოტო კრებულების დაბეჭდვა, მაგრამ უბინაობის გამო გაიძარცვა ყუთები, სადაც დაბეჭდილი ყუთები ინახებოდა და დამწუხრებულმა მხოლოდ რამდენიმე მათგანს მიაგნო ქუთაისის ბაზარში ხორცის გამყიდველთან.

მალევე, ბახმაროში ყოფნისას გარდაიცვალა დიდი მოღვაწე ფილიმონ ქორიძე. მთელი ოცდაათი წლის ნაშრომი - ათეულობით ხელნაწერი ექვთიმეს პასუხისმგელობაში დარჩა. მხოლოდ მან იცოდა ამ საგანძურის რეალური ფასი.

ესტატე კერესელიძემ საბოლოოდ აირჩია მონაზვნობის გზა, რომლისათვისაც სიყრმიდანვე განიმზადებდა თავს. მას სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა იმ დროის უდიდესი მოსაგრე, ღირსი მამა ალექსი შუშანია.


1912 წლიდან იმერეთის ეპისკოპოსის გიორგი ალადაშვილის კურთხევით, ესტატე კერესელიძე მორჩილად განწესდა გელათის მონასტერში, ხოლო ამავე წლის 23 დეკემბერს ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის სახელზე ბერად აღკვეცა იღუმენმა ანთიმოზმა. 1913 წლის მაისიდან იგი იეროდიაკონია. ამ დროიდან იწყება ყველაზე დაძაბული მოღვაწეობა მამა ექვთიმესი. გელათი იყო ის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ ტიპიკონის სრული წესების დაცვით სრულდებოდა ღვთისმსახურება. მამა ექვითმემ გადაწყვიტა, ზედმიწევნით მოეწესრიგებინა ფილიმონ ქორიძის ნოტებზე გადატანილი საგალობლები და ტიპიკონის მიხედვით გაეწყო. ამისათვის მრავლად შეიძინა სანოტო ფურცლები და შეუდგა უმძიმეს და უდიდეს საქმეს - ხელნაწერი ნოტების მოწესრიგებასა და გადათეთრებას.

1917 წელს მამა ექვთიმე იმერეთის ეპისკოპოსის გიორგის მიერ ხელდასხმული იქნა მღვდელ-მონაზვნად. 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, მისი ავტორის - კოტე ფოცხვერაშვილის თხოვნით, მამა ექვთიმეს მიერ იქნა დასტამბული.

დადგა ავადსახსენებელი 1921 წელი. ქუთაისში კომუნისტური ხელისუფლების მოსვლისთანავე მამა ექვთიმე დაპატიმრებულ იქნა, როგორც ახალი წყობისათვის არასაიმედო პიროვნება. საბედნიეროდ, ბრალდების არქონის გამო რამდენიმე თვეში იგი გაათავისუფლეს. ეს იყო უმძიმესი პერიოდი დევნისა და შევიწროებისა; გელათის ბერები ყოველდღე ელოდნენ შეურაცხყოფასა და დარბევას. მღვდელ-მონაზონი ექვთიმე ამ წლებშიც კი აგრძელებდა საგალობლების კრებულებზე მუშაობას. „მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს ოქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!.. მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროსმჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ურევ!“ ამბობდა წმიდა მამა.

1923 წელს უღმერთო მთავრობის მიერ გელათის მონასტერი გაუქმებულად გამოცხადდა. გელათის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილს მისცეს რამდენიმე დღის ვადა, რათა სამუდამოდ დაეტოვებინა მონასტერი. შეძრწუნებულმა მამა ექვთიმემ იმის შიშით, რომ საგალობელთა ხელნაწერები არ განადგურებულიყო, ორმოცამდე უზარმაზარი კრებული ქუთაისში საიმედო ოჯახში გადამალა.

1924 წელს კომკავშირლებმა საძირკვლამდე დაანგრიეს წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის უზარმაზარი ტაძარი. იმავე წელს უღმრთოთა ხელით დახვრეტილ იქნა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი ერთგულ სასულიერო პირებთან ერთად. სასულიერო პირთა დევნა-განადგურების ისტერიამ პიკს მიაღწია.

მამა ექვთიმე იძულებული გახდა დაეტოვებინა გელათი და ხელნაწერები შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაეტანა. განსაცვიფრებელია, ასეთ დროს, როდესაც თბილისი-ქუთაისის გზაზე სრულიად უმიზეზოდ მოიკლა ათასობით ადამიანი, როგორ მოახერხა მამა ექვთიმემ ერთი ურემი ხელნაწერების ქუთაისიდან მცხეთაში მარტოდ-მარტომ გადატანა.

ამ პერიოდში მღვდელ-მონაზონი ექვთიმე განწესებულ იქნა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც საგულდაგულოდ გადამალა სასწაულებრივად გადარჩენილი ხელნაწერები. 1925 წელს, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი მეტეხის ციხეშია დატყვევებული, ხოლო საქართველოს ეკლესიის უკლებლივ ყველა მსახური საშინელ დევნას განიცდის, საღმრთო განგებულებით მამა ექვთიმე კვლავაც აგრძელებს საეკლესიო გალობის იშვიათი ნიმუშების გადარჩენას. სვეტიცხოვლის ტაძრის წიგნთსაცავში მან მიაკვლია ძლისპირთა უძველეს ნივმირებულ კრებულს. ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობის საუკეთესო მცოდნე მოღვაწემ ეს საგალობლებიც ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადაიტანა.

1929 წლიდან მამა ექვთიმე ზედაზნის მონასტერში განაწესეს. მან ახლა აქ აიტანა ქართული გალობის ხელნაწერები და დიდ რკინის ყუთებში საიმედოდ დაცული მიწაში დაფლა.

თბილისის „მეტეხის“ მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა - დავით დავითაშვილმა, რომელიც ფარული ქრისტიანი იყო, ბეთანიის ბერებთან - წმიდა აღმსარებლებთან არქიმანდრიტ იოანე მაისურაძესა და გიორგი მხეიძესთან საუბრისას მწუხარება გამოთქვა ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი ძველი ქართული საგალობლების დაკარგვის გამო და როდესაც მათგან შეიტყო, ხსენებული ხელნაწერები ზედაზნის მონასტერში იღუმენ ექვთიმესთან ინახებაო, იმავე დღეს ზედაზნის მონასტისკენ გაეშურა.

შეიქმნა კომისია ისტორიკოსებისა და მუსიკოსების შემადგენლობით, რომელმაც ამ ხელნაწერების განსაკუთრებული ფასეულობა და დიდი ისტორიული მნიშვნელობა დაადასტურა. მამა ექვთიმემ 1935 წლის ნოემბერში სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 34 სანოტო კრებული, რომელიც 6000-მდე საგალობლისგან შედგებოდა. ყველა ეს საგალობელი ამჟამად დაცულია კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში.

1944 წლის ზამთარში ზედაზნის მონასტერში მარტო მცხოვრები მამა ექვითმეს სანახავად ასულ სამთავროს მონასტრის დედებს წმიდანი უკვე ავადმყოფობისგან დასუსტებული დაუხვდათ, მამა ექვთიმემ დალოცა დედები და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. იგი დაკრძალეს ზედაზნის მონასტრის ეზოში, საკურთხეველთან.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

ფოტოები მოგვაწოდა ლუარსაბ ტოგონიძემ

http://www.orthodoxy.ge/tveni/ianvari/20-eqvtime-agms.htm
ANA
წმიდა ანტონ მარტყოფელი



IPB-ს სურათი



წმიდა ანტონ მარტყოფელი მუდამ თან ატარებდა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს, რომელიც ედესიდან
ჩამოასვენა. განმარტოების მოყვარულმა წმიდა მამამ მადლმოსილი ლოცვითა და სასწაულებით მრავალი
ქრისტიანი მიიზიდა. წმიდა ანტონმა თანამოსაგრეებისთვის მონასტერი ააშენა, ხოლო თვითონ ჯერ ალაზნის გაღმა
წავიდა, შემდგომ კი აკრიანის მთას შეაფარა თავი. მარტომყოფელ ბერს, რომელიც ბალახებითა და ხის ქერქით
იკვებებოდა, უფალმა საზრდოს მისაცემად ირმები გაუგზავნა. წმიდა ანტონმა მთის მწვერვალზე ააშენა სვეტი,
დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა თვრამეტი წელი. ღირს მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე.
გარაცვალების დროს მამა ანტონი მაცხოვრის ხატის წინ იყო დაჩოქილი და ლოცულობდა. ღირსი ანტონის გვამი
მოწაფეებმა სვეტიდან ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს, ღვთისმშობლის ხატის წინ
nino nergadze
წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი -

მშობელნი იოანე ნათლისმცემლისა (I)
5 (18) სექტემბერი



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა ზაქარია, ბარაქიას ძე, იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურებდა. მართალი თანამეუღლენი „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი“ (ლკ. 1,6), მაგრამ უშვილობით იტანჯებოდნენ, რაც იმ ხანებში უფლის დიდ სასჯელად ითვლებოდა. ერთხელ, ტაძარში მსახურების დროს, წმიდა ზაქარიას ანგელოზმა აუწყა, რომ უკვე მხცოვანებას მიღწეული ელისაბედი უშობდა ძეს, რომელიც იქნებოდა „დიდ წინაშე უფლისა“ (ლკ. 1,15) და „პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა“ (ლკ. 1,17). ზაქარია დაეჭვდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულების შესაძლებლობაში და მცირედმორწმუნეობისთვის უტყვებით დაისაჯა. როცა მართალმა ელისაბედმა ძე შვა, სულიწმიდის შეგონებით მას იოანე უწოდა, თუმცა მათ მოდგმაში ეს სახელი არავის რქმევია. ახალშობილის მამას რომ დაეკითხნენ, მან ფიცარი მოითხოვა და ზედ იგივე სახელი წააწერა. ამის შემდეგ „მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაჲ და იტყოდა და აკურთხებდა ღმერთსა“ (ლკ. 1,64). სულიწმიდის მადლით აღვსილი, იგი წინასწარმეტყველებდა თავის ძეზე, როგორც უფლის წინამორბედზე.

როცა უსჯულო ჰეროდემ მოგვებისგან შეიტყო მესიის შობის შესახებ, გადაწყვიტა, ბეთლემსა და მის შემოგარენში ამოეჟლიტა ყველა წული „ორით წლითგანი და უდარესი“ (მთ. 2,16). ჰეროდემ კარგად უწყოდა იოანე წინასწარმეტყველის საკვირველი შობის შესახებ და მისი მოკვლაც სურდა. მართალი ელისაბედი ჩვილთან ერთად მთებში გაიხიზნა. მკვლელები ყველგან დაეძებდნენ მათ. როცა ელისაბედმა მდევრები შენიშნა, ცრემლებით შესთხოვა უფალს, შესწეოდა. უეცრად მთა გაიპო და დედა-შვილი შეიფარა. ამ ავბედით ჟამს ზაქარია იერუსალიმის ტაძარს არ განშორებია. ჰეროდეს გამოგზავნილი მეომრები დიდხანს ამაოდ ეცადნენ, იოანეს ადგილსამყოფელი შეეტყოთ მისგან, რის შემდეგაც ჰეროდეს ბრძანებით განგმირეს იგი „შორის ტაძრისა და საკურთხეველისა“ (მთ. 23,35). მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ
ANA
ღმოყვანება ნაწილთა ღირსისა ლაზარე გალისიელისა
17 (30) ივლისი


ღირსი ლაზარე გალისიელი (+1053) ეფესოს მახლობლად, გალისიის უდაბურ მთაზე მოღვაწე მესვეტე ბერი იყო. 17 ივლისს აღინიშნება ნეტარი მამის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება (ცხოვრება იხილეთ 7 ნოემბრის საკითხავში).




ღირსი ლაზარე გალისიელი (+1053)
7 (20) ნოემბერი


ღირსი ლაზარე გალისიელი ქალაქ მაგნეზიაში (აზია) დაიბადა. სიყრმიდანვე სიმშვიდით და გლახაკთა სიყვარულით გამორჩეულმა წმიდანმა საფუძვლიანი განათლება მიიღო, შემდგომ კი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად და საბა განწმენდილის ლავრაში დამკვიდრდა. აქ ნეტარმა ათი წელი დაჰყო და საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა.

იერუსალიმის პატრიარქმა ღირსი ლაზარე მღვდლად აკურთხა, რის შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა და ეფესოს მახლობლად, გალისიის მთაზე დამკვიდრდა. აქ წმიდანი საკვირველი ხილვის ღირსი შეიქნა: ცად აწვდილ ცეცხლოვან სვეტს შემოხვეული ანგელოზები გალობდნენ: „აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი“. ამ გამოცხადების ადგილას უფლის რჩეულმა ქრისტეს აღდგომის სახელობის ტაძარი ააგო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. მალე დიდი მოსაგრის ირგვლივ მოწაფეები შემოიკრიბნენ და დაფუძნდა მონასტერი.

წმიდა ლაზარეს წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება და განემზადა კიდეც, მაგრამ საძმოს მხურვალე ვედრებით უფალმა მას კიდევ თხუთმეტი წლით გაუხანგრძლივა სიცოცხლე.

ღირსი ლაზარე 1053 წელს გარდაიცვალა, სამოცდათორმეტი წლის ასაკში. წმიდა მამის ნაწილთა აღმოყვანებას ეკლესია 17 ივლისს იხსენიებს (იხ. ამ დღის საკითხავი).


ღირსი ლაზარე ხატმწერი (+დაახლ. 857)
17 (30) ნოემბერი


ღირსი ლაზარე ხატმწერი სიყმაწვილიდანვე შეუდგა მონაზვნურ ღვაწლს. იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, გამუდმებით მარხულობდა და ლოცულობდა, ამასთან, საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა. ღვთივსათნო ღვაწლისა და კეთილმსახური ცხოვრებისთვის ლაზარე მღვდლად აკურთხეს. უფლის რჩეული ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ხატმწერი. ამისთვის ხატმბრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (829-842) დროს იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს. ნეტარს გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, მაგრამ იმპერატორ თეოდორას (842-855) ჩარევით გადაურჩა დასჯას. ღირსი ლაზარე მშვიდობით მიიცვალა 857 წელს, როცა პაპ ბენედიქტე III-სთან (855-858) საეკლესიო საქმეებზე გაგზავნილ ელჩობასთან ერთად რომიდან ბრუნდებოდა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.


აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა ლაზარესი,
ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა (898)
17 (30) ოქტომბერი



IPB-ს სურათი

აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა. მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმიდანთან, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა (ინ. 11; 3,11);

როცა ლაზარე მოკვდა, მაცხოვარი ბეთანიაში ჩავიდა, და ოთხი დღის წინ დაფლული მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა (ინ. 11,17-44) (ლაზარეს აღდგინებას ეკლესია იხსენიებს დიდმარხვის მეექვსე კვირიაკეში - „ლაზარეს შაბათს“). მომხდარმა სასწაულმა მრავალი იუდეველი ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია. ამის გამო იუდეველმა მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლა გადაწყვიტეს. ღირსი ლაზარე წმიდა სახარებაში კიდევ ერთხელ იხსენიება: როცა ჯვარცმამდე ექვსი დღით ადრე მაცხოვარი კვლავ ჩავიდა ბეთანიაში, „მოუმზადეს მას მუნ სერი. ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა“ (ინ. 12; 1-2, 9-11). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. ღვთის ნებით, იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემით, ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისივე ნახელავი ომოფორის ბოძების ღირსიც გამხდარა. უფლის რჩეული მეორეჯერ კვიპროსზე მიიცვალა მშვიდობით.

ეპისკოპოს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები კიტეაში იქნა აღმოყვანებული. ისინი ჩაბრძანებული იყო მარმარილოს ლუსკუმაში წარწერით: „ლაზარე, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი“. ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ბრძენის (886-911) ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი.
anu1131
ana ase gaagrdele kargia daan
ANA
ღირსი მამაჲ ჩვენი გიორგი მწერალი და ძმა მისი საბა, ხახულელნი (XI)
19 (1.01) დეკემბერი


IPB-ს სურათი

ღირსი გიორგი მწერალი და მისი ძმა საბა, წმიდა გიორგი მთაწმინდელის (ხს. 27 ივნისს) მამის, იაკობის, ძმები იყვნენ. ისინი, ბერმონაზვნობის ღვაწლს შემდგარნი, ხახულის მონასტერში მოღვაწეობდნენ.

წმიდა მამები სავსენი იყვნენ საღმრთო მადლით. „ესენი მკჳდრ იყვნეს ხახულს ორითავე ცხორებითა შეზავებულად, რამეთუ სიმდიდრესა თანა საღმრთოჲსა მოქალაქობისასა ჴორციელიცა სიმდიდრე უხუებით აქუნდა“. როცა ღირსმა მამებმა ყრმა გიორგის სიკეთე და ღმრთისმოშიშება გაიგეს, იაკობს მისი ხახულში მიყვანა ურჩიეს. იაკობმაც სიხარულით მიჰგვარა შვილი ღმერთშემოსილ ძმებს.

ღირსმა გიორგიმ და საბამ ყრმა გიორგი ლოცვა-კურთხევის მისაღებად მონასტერში დავანებულ წმიდა მამებს: მაკარი მმარხველს, ბასილი ბაგრატის ძეს, ილარიონ თუალელს და ნატონი მნათეს წარუდგინეს, შემდეგ იქვე, მონასტერში დატოვეს და ხელმძღვანელობდნენ მის აღზრდასა და სწავლა-განათლებას. ამ დროს დაბა ტვარწატაფში ცხოვრობდა დიდებული ფერის ჯოჯიკისძე, რომელსაც ცოლად ჰყავდა მეფე ბაგრატ III-ის ასული. მათ განიზრახეს გონიერი და სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ბერის მიპატიჟება სასახლეში მასწავლებლად და სულიერი ცხოვრების საქმეთა გამგედ. მათი არჩევანი ღირს გიორგი მწერალზე შეჩერდა, რადგან „უგონიერესსა ვერვის ჰპოვებდნენ“. ვედრებით დაითანხმეს ღირსი მამა მონასტრიდან წასვლაზე.

გიორგი ხახულელმა ფერის ჯოჯიკისძის ოჯახში თან წაიყვანა ყრმა გიორგი. ერთი წლის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა ბასილიმ ცილი დასწამა ფერისს და თავი მოჰკვეთა. მისი მეუღლე სახლიკაცებით, რომელთა რიცხვში გიორგი მწერალი და ყრმა გიორგი მთაწმინდელიც იყვნენ, კონსტანტინეპოლს წაიყვანეს, სადაც თორმეტი წელი დაჰყვეს. შემდგომ კვლავ უკან დაბრუნდნენ.

ქრისტესმიერი მოღვაწეობით დამაშვრალი ძმები მშვიდობით მიიცვალნენ.




წმიდა მოწამე ლუპე (IV)
23 (05.09) აგვისტო


IPB-ს სურათი

წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (ხს. 26 ოქტომბერს) ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა. ნეტარი ნებით ჩაბარდა უღმრთოებს და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით თავი მოჰკვეთეს (+306 წლის შემდეგ).




ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი,
მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)


წმიდანი ათოთხმეტი ათასნი ჩვილნი მოწამენი მეფე ჰეროდემ ამოხოცა ბეთლემში.

როცა უდიდესი მოვლენის - ძე ღვთისას განკაცებისა და ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან მისი შობის ჟამმა მოაწია, აღმოსავლელმა მოგვებმა ცაზე ახალი, ჰურიათა მეუფის შობის მომასწავებელი ვარსკვლავის გამოჩენა შენიშნეს და იერუსალიმში გაემგზავრნენ ახალშობილის თაყვანსაცემად. როდესაც ეს ამბავი ჰეროდემ შეიტყო, შეკრიბა ებრაელთა მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი და გაიგო, რომ ქრისტე უნდა შობილიყო „ბეთლემს ჰურიასტანისასა“. შემდეგ მან მოგვებიც მოიხმო თავისთან. მათაც გამოჰკითხა ყოველივე და, შეშინებულმა, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მოეკლა ახალშობილი.

ჰეროდემ ცბიერებით უთხრა მოგვებს: „მივედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს, და რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას“. ვარსკვლავთმრიცხველები იერუსალიმში არ დაბრუნდნენ და, ზეციური განცხადებისაებრ, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში. როცა ჰეროდე მიხვდა, რომ განკაცებულ მესიას ვერ იპოვიდა, ბრძანა, მოეწყვიტათ ყველა ყრმა, „რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი“. უსჯულო იმედოვნებდა, რომ დახოცილ ბავშვებს შორის ის ჩვილიც იქნებოდა, რომელიც თავის მეტოქედ მიაჩნდა. ამ ხოცვა-ჟლეტის ჟამს დაღუპულნი ქრისტეს პირველი მოწამეები გახდნენ. ჰეროდეს რისხვა დაატყდა თავს სვიმეონ ღვთისმიმრქმელსაც, რომელმაც ტაძარში საჯაროდ დაამოწმა მესიის განკაცება. როცა წმიდა მოხუცი გარდაიცვალა, ჰეროდემ არ დაუშვა, რომ იგი ღირსეული პატივით დაეკრძალათ. მეფის ბრძანებით განგმირეს წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარიაც: იგი იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველზე მოკლეს იმისათვის, რომ თავისი ძის, იოანეს ადგილსამყოფელი არ გაამხილა.

ჰეროდეს უსჯულოება დაუსჯელი არ დარჩენილა: ღვთის ნებით, მას საშინელი სენი შეეყარა და მატლებისგან ცოცხლად დაჭმულს აღმოხდა სული. ეშმაკის ჭურჭლად ქცეულმა მეფემ თავისი ცოდვების ნუსხას სიკვდილამდე სხვა, ახალი და საშინელი ბოროტმოქმედებებიც შესძინა: დახოცა იუდეველი მღვდელმთავრები და მწიგნობრები, ღვიძლი ძმა და სიძე, მეუღლე - მარიამი სამი ძითურთ და, აგრეთვე, სინედრიონის წევრი სამოცდაათი ბრძენკაცი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ANA
ქრისტეს შობა


IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო. ამ აღთქმაში ყოვლადწმინდა ქალწულის შესახებ წინასწარმეტყველებაც იყო: „თესლი დედაკაცისა დათრგუნავს თავსა გველისასა“. ჩვენი მხსნელის ყოვლადწმინდა დედის შესახებ ეს პირველი სასიხარულო უწყება ბევრჯერ განმეორდა, რათა ადამიანები მესიის მომავალი მოსვლისათვის მოემზადებინა.

ქრისტეს შობამდე მხსნელის მოვლინების საყოველთაო მოლოდინი სუფევდა. იუდეველები ამ მოვლენას წინასწარმეტყველების მიხედვით ვარაუდობდნენ. წარმართები ასევე მოუთმენლად ელოდნენ გამოხსნას ურწმუნოებისა და ყოველგვარი ურჯულოებისაგან. ყველა წინასწარუწყება და წანასწარმეტყველება, რომელიც ძე ღვთისას განკაცებასთან იყო დაკავშირებული, აღსრულდა. პატრიარქმა იაკობმა იწინასწარმეტყველა, რომ იუდას ტომი სკიპტრას დაკარგავდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა გვაუწყა, რომ ქრისტეს მეუფება დადგება მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება სამეფო მყარი, როგორც რკინა, რომელიც ყველაფერს დააქცევს და დაარღვევს და რომ ქვეყნიერების მხსნელი იერუსალიმის აღდგენის შესახებ ბრძანების გამოსვლიდან სამოცდაათი შვიდეულის შემდეგ მოევლინება.

და აი, ნამდვილად დადგა ის დრო, როდესაც სკიპტრა წაერთვა იუდას შთამომავლობას და ჰეროდე იდუმიელის ხელში გადავიდა; გაჩნდა რომის რკინის სახელმწიფო - ყოვლის დამაქცეველი და დანიელის უწყებული თარიღიც მოვიდა. ქვეყნიერებაზე მშვიდობა დამკვიდრდა, რომელიც წინასწარმეტყველების მიხედვით წინ უნდა გაძღოლოდა ქრისტეს, როგორც ცისა და მიწის შემაერთებლის მოსვლას.

რჩეულთა მცირე ნაწილი ელოდა ცოდვისა და სიკვდილისაგან გამომხსნელ მესიას, იუდეველთა უმრავლესობა უცდიდა მეფე-მძლეველი მხსნელის მოსვლას, რომელიც მათ უცხოტომელთა ბატონობისაგან იხსნიდა და სხვა ხალხებზე გააბატონებდა.

რომმა თავისი რკინის სკიპტრა იმ დროისათვის არსებულ თითქმის ყველა ქვეყანას გადააწვდინა და ერთ იმპერიად გააერთიანა; პალესტინა რომის პროვინცია გახდა. სარწმუნოების საკითხებს დიდი სინედრიონი განაგებდა, რომელშიც მღვდელმთავრები, ღვთისმსახურები და მოხუცებულები შედიოდნენ. ადამიანთა მოდგმის მოლოდინი მაშინ ახდა, როცა რომის იმპერიას ავგუსტუსი, ხოლო იუდეას ჰეროდე მართავდა.

ამ დროისათვის გამოვიდა ავგუსტუს კეისრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც მის მიწაზე და მათ შორის იუდეაშიც ხალხის აღწერა უნდა ჩატარებულიყო. ამ ბრძანების ძალით ყველა ისრაელიანი თავისი მშობლიური ქალაქისაკენ ისწრაფოდა, რათა სახელმწიფო აღწერაში მოხვედრილიყო. საოცარია ღვთაებრივი განგებულების საქმე! თავისი ამქვეყნიური დიდებით გაამაყებული კეისარი უფლის ნების ბრმა იარაღად გვევლინება, ღვთის განზრახვას ემსახურება. ქვეყნიური მეფის ნებამ მოუხმო იოსებსა და მარიამს ბეთლემისაკენ, რათა ზეციური მეუფის ნება აღსრულებულიყო. იოსები და მარიამი აუცილებლად უნდა წასულიყვნენ ბეთლემში - დავით მეფის სამშობლოში, სადაც სამეფო შტოს საგვარეული ნუსხები ინახებოდა და სახელი იესოსი, რომლის წინაშეც ყოველთა ზეციურ ძალთა მუხლი იდრიკება, წარმართი ხელისუფალის ქვეშევრდომთა შორის ჩაწერილიყო. დიდება უფალო, სიმდაბლესა შენსა, დაე, განქარდეს ყოველი ამპარტავნება გულთაგან ჩვენთა!

წლის მკაცრ სეზონზე და სრულიად უსახსროდ, არასასურველ ვითარებაში უნდა დასდგომოდნენ იოსები და მარიამი ძნელ გზას. ამ გზის გასავლელად საუკეთესო შემთხვევაში სამ დღე-ღამეზე მეტი იყო საჭირო. ბეთლემი, პატარა ქალაქი, რომელსაც ადრე ევფრათა ეწოდებოდა, იერუსალიმის ჩრდილოეთით მდებარეობდა, ქებრონის გზაზე და ნაზარეთიდან სამი დღის სავალი აშორებდა. დავითი ბეთლემში დაიბადა და მისი მეფედ ცხებაც აქ აღსრულდა. ბეთლემში იყო დავითის მთელი მოდგმა და ამიტომ ის დავით მეფის საგვარეულო ქალაქად სამართლიანად იწოდებოდა.

ბოლოს მათ მიაღწიეს ბეთლემს, მაგრამ აქ მოსასვენებელი ვერსად იპოვეს. პატარა ქალაქი მომსვლელებით იყო სავსე. წმინდა მწირები ამაოდ ეძებდნენ თავშესაფარს. არავინ მიიღო ისინი, „რამეთუ არა იყო მათა ადგილი სავანესა“. მთელ ქალაქში თავისუფალი კუთხეც კი არსად მოიძებნა. ისინი ადამიანთა საცხოვრებელს უდრტვინველად გაშორდნენ და სადგომს ქალაქის შემოგარენში, ჭიშკართან ახლოს ეძებდნენ. ბეთლემის ჩრდილოეთით, დავითის წყაროდან ორასიოდე ნაბიჯზე, კლდეებს შორის არის გამოქვაბული, რომელშიც ქარიშხლის და უამინდობის დროს მწყემსები პირუტყვთან ერთად თავს აფარებდნენ. გამოქვაბულის სიღრმეში ქვის კლდეში ამოკვეთილი ჩაღრმავება ცხოველებს ბაგის მაგივრობას უწევდა. ამ ღატაკურ გამოქვაბულში მოთავსდნენ წმინდა მგზავრები და სრულ სიწყნარესა და სიმშვიდეში იმყოფებოდნენ, ბრბოს მღელვარებას და ქაოსს მოშორებულნი - მარტონი, უხილავ შემოქმედთან ერთად. საიდუმლოების ფარდა ჩამოეფარა ძე ღვთისას აკვანს და ამგვარად აღესრულა ისაიას წინასწარმეტყველება: „აი, ვინ დაივანებს მაღალში, კლდეთა სიმაგრეები იქნება მისი საფარი“.

ამ მყარ კლდეებში შუაღამისას ქალწულმა მარიამმა წინასაუკუნეთაგან მამისაგან შობილი უხრწნელი შვა და „მიაწვინა იგი ბაგასა“. სასწაულებრივი, ადამიანური ბუნებისათვის მიუწვდომელი იყო მისი მუცლადღება, ასევე სასწაულებრივად, ასევე ზებუნებრივად მოხდა მისი მოვლინება ყმაწვილი დედის წინაშე. ასე სხივმფენი მნათობი გაარღვევს მეყდეყლად ღრუბელს, რათა თავისი სინათლითა და სითბოთი ქვეყნიერებას სიცოცხლე მოჰფინოს.

მხსნელის შობას ტკივილები არ სდევდა თან, ქალწულმა იმგვარად შვა, რომ მთელი თავისი მხიარულება და ძალა შეინარჩუნა. როდესაც ყოვლადწმინდამ ძე თვისი და ღმერთი ჩვენი შვა, დაუყოვნებლად მის სამსახურს შეუდგა. სხვათა დახმარება არ სჭირდებოდა, არც ტკივილსა და არც იმ უძლურებას არ გრძნობდა, რომელსაც ჩვეულებრივ განიცდიან ქალები. დედა ღვთისამ ყოვლადწმინდა ხელებით თვითონვე შეახვია იგი, ბაგაში მიაწვინა და პირველმა სცა თაყვანი. თავის ძუძუს აწოვებდა მას, მის მკლავებში განვლო უფლის სიყრმემ, დედასთან განუშორებლად გაატარა მან თავისი სიყმაწვილე 30 წლის ასაკამდე, სანამ ადამიანთა მოდგმას განუცხადებდა, რომ საკაცობრიო ცოდვებს საკუთარ თავზე იღებდა, რათა ჯვარზე სიკვდილით ქვეყნიერებისათვის ხსნა მოენიჭებინა.

თრთოლვითა და მოკრძალებული მდუმარებით სცა თაყვანი იოსებმა ყოვლადწმიდა დედასა და მის ძეს - ჩვენს ღმერთს. განცვიფრების სიხარულით შეპყრობილმა ზებუნებრივი სასწაული განჭვრიტა და დაუყოვნებლივ შეიგრძნო, რომ მისი ძე ჭეშმარიტად სულიწმინდისაგან არის, მიხვდა, რომ იმ დრომდე, სანამ არ შვა ძე თვისი პირმშო, პირმშო ახალი ცხოვრებისა, პირმშო ახალი აღთქმისა, ღვთისმშობელს არ იცნობდა იოსები, არ იცოდა, ვინ იყო იგი და რისი ღირსი გახდა თვითონ, არ იცნობდა მას - დედას ღვთისას, იმიტომ, რომ იოსებისთვის დაფარული იყო, თუ რაგვარი ღვთაებრივი საიდუმლო იმალებოდა მასში. მხოლოდ აქ, ძის ბუნებითი შობის დროს მან მთლიანად გაიაზრა, რომ ამაზედ იყო ნათქვამი: „ქალწულმან მუცლად იღოს“.

კაცობრიობის მეუფის და მხსნელის შობით ღმერთმა ქვეყანას დიდი და ახალი სასწაული მოუვლინა: - სასახლის მაგიერ - უდაბნოს ქვაბული, ლოგინის ნაცვლად - ჩალის ნაგლეჯი, უფალმა, რომელიც ცაში ჩიტსაც კი არ ტოვებს მზრუნველობის გარეშე, თავისი ბრძნული ყოვლისშემძლეობით მხოლოდშობილი ძისთვის მიწიერი სავანე არ განამზადა. ძე ღვთისამ, რომელიც ზეცის მფლობელია, ბაგაში განისვენა; სამყაროს უფლისა და მეუფისათვის, როდესაც მან კაცთა სახსნელად ხორცი შეისხა, - ცოდვითა და უკანონობით დაფარულ მიწაზე ადგილი არ აღმოჩნდა. თვითონვე მოწმობს ამას, როდესაც ამბობს: „მელთა ხურელი უჩნს და ფრინველთა ცისა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“. უცნობ ქალს ჩაესახა ქრისტე, ხოლო დიდებულ იერუსალიმში ჯვარზედ აცვეს, მცირე ბეთლემში იშვა იგი, ხოლო დიდ იერუსალიმში სიკვდილად მიეცა. საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო!

ძე ღვთისასა შობის წუთებში გაიხსნა ცა, ღვთის დიდებამ განანათლა მიწა, რომელიც ღრმა წყვდიადით იყო დაფარული, ანგელოსთა დასნი გარდამოვიდნენ მაღლიდან და სიხარულით გალობდნენ, რომ ქვეყანაზე დაემკვიდრა მშვიდობა და ადამიანებს ღვთის წყალობა დაუბრუნდათ.

რას შვრებოდა ამ დროს მიწა, - ღვთის დიდებით გაბრწყინებული? ყოველივე ღრმა ძილში იყო ჩაძირული: იუდეველები აღთქმული მესიის მოლოდინში, - რომლისგანაც ქვეყნიურ დიდებას ელოდნენ, - სჯულს იცავდნენ, ხოლო წარმართები თავიანთი კერპების წინაშე იღრჩობოდნენ ცოდვაში.

ბეთლემშიც ასე ეძინათ, მაგრამ არა ყველას. ბეთლემის ველზე, რომელიც მთებით იყო გარშემორტყმული და ქვაბულიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობდა, იდგა სვეტი, რომელიც ედერის სახელით იყო ცნობილი და რომლის სიახლოვესაც დიდი დავით მეფე მამის ფარას მწყემსავდა. ღამით, ამ დროს მწყემსები ცხვარს ედგნენ დარაჯად. მოულოდნელმა სხივმა გაანათა ისინი, უფლის ანგელოსი წინ წარმოუდგათ და უთხრა: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა, ესერა გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა, რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი ქალაქსა დავითისასა, და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმაჲ იგი შეხვეული და მწოლარე ბაგასა“.

როდესაც ზეციურმა მაცნემ ხარება დაასრულა, მოულოდნელად, როგორც მისი სიტყვის დადასტურება, გამოჩნდა ანგელოსთა უთვალავი მხედრობა, რომელიც აქებდა და ადიდებდა უფალს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

არც ბრძენთ, არც დიდებულთ, არც ამა ქვეყნის ძლიერთ და მდიდართ არ გამოუცხადა უფალმა თავისი საიდუმლო, არამედ - ყველაზე ღატაკ, ყველაზე უკანასკნელ მაშვრალებს ამქვეყნად. დაფარა - ყოვლადბრძენთა და გონიერთა წინაშე - და განუცხდა ყრმებს: ჰოი, უპოვარების ნეტარებავ, მორჩილებისა და უსიტყვო თვინიერების მომნიჭებელო, სიამაყისა და ამპარტავნების დამთრგულველო! თვით უფალი მისი ღატაკებთან და სიყვარულისა და გულმოწყალების წყაროს გარდმოუვლენს მათ. ანგელოსები წავიდნენ ცისკენ, დამთავრდა დიადი ხილვა, მწყემსები გონს მოეგნენ და ყველამ, როგორც ერთმა, გადაწყვიტა, წასულიყო ბეთლემში და ენახა, რაც იქ მოხდა. მათ კარგად იცოდნენ ის ადგილები ბეთლემისკენ მიმავალ გზაზე, სადაც საქონლის ბაგები იყო და სადაც ღარიბი მგზავრები თავშესაფარს პოულობდნენ. წავიდნენ და ჰპოვეს ყოვლადწმინდა ქალწული და ბაგაში მწოლარე ყრმა და თაყვანი სცეს მას.

ანგელოსთა სხივბრწყინვალე გამოცხადებისა და ხარების შემდეგ ღვთაებრივი ყრმა უბრალოებით და სიღატაკით გარშემორტყმული კიდევ უფრო ზეციური და ნათელი ეჩვენათ. თაყვანისსაცემად მისულებმა ყველაფერი მიიტანეს, რაც კი ებადათ: წმინდა სიყვარული, მყარი რწმენა და მხსნელის და მეუფის მხურვალე დიდება. და რადგან სურდათ, საკუთარი ღვთისმოსაური გრძნობა გამოეხატათ, მის ყოვლადწმინდა დედას უამბეს ყველაფერი, რაც ნახეს და ანგელოსთაგან ესმათ. ქალწული მარიამი თვალს ადევნებდა ყველაფერს, რაც მისგან შობილ ღმერთკაცს შეეხებოდა და როდესაც მწყემსების ნაამბობს ისმენდა, მეხსიერებაში იბეჭდავდა და ხარობდა, რომ მოვლენები ღმერთის აღთქმას ადასტურებდა. წმინდა იოსებ დამწინდველი გაოცებული, კრძალვით იდგა ჭეშმარიტი ნათლის წინაშე, ბედნიერმა მწყემსებმა კიდევ ერთხელ სცეს თაყვანი ყრმა ღმერთს და მის ყოვლადწმინდა დედას და თავიანთი მორჩილების აღსასრულებლად წავიდნენ, აქებდნენ და ადიდებდნენ ღმერთს და მთელ მხარეში ავრცელებდნენ სასიხარულო ამბავს - იმ წმინდა ღამეს მომხდარი სასწაულის შესახებ.

http://www.orthodoxy.ge/tveni/gvtismshobel...istes_shoba.htm


ტროპარი დღესასწაულისა:

შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო, დიდება შენდა.



კონდაკი დღესასწაულისა:

ქალწული დღეს არსებად უზეშთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.


alilo simgera http://www.youtube.com/watch?v=HFza0I2MF-Y
ANA
წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
1 (14) იანვარი


IPB-ს სურათი


ძველი აღთქმის მიხედვით, მამრობითი სქესის ყველა ჩვილ ბავშვს უნდა წინადაეცვითა, უფლისა მამამთავარი აბრაამისა და მისი შთამომავლობისათვის მიცემული აღთქმის მოსაგონებლად (შეს. 17,10-4; ლევ. 12,3). შობიდან მერვე დღეს წინადაიცვითა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემაც – თვით სჯულის შემოქმედმა აღასრულა სჯულის მოთხოვნა, რომ ჩვენთვის ღვთაებრივი ნების მორჩილების მაგალითი ეჩვენებინა. უფალმა წინადაიცვითა და ამით ცხადად გვიჩვენა, რომ მან ჭეშმარიტად შეისხა ხორცი და განკაცდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს აუწყა მთავარანგელოზმა გაბრიელმა (ლუკა 1,31-33; 2,21). იესო მაცხოვარს ნიშნავს და მიანიშნებს იმაზე, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა.

წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა (კოლ. 2,11-12).

ცნობები აღმოსავლეთის ეკლესიაში წინადაცვეთის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება. დღესასწაულის კანონი დაწერა ღირსმა სტეფანე საბაიტელმა (ხს. 28 ოქტომბერს).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.





წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი (+379)
1 (14) იანვარი



IPB-ს სურათი

ღირსი მამა ბასილი დიდი დაახლოებით 330 წელს დაიბადა კაბადუკიის დედაქალაქ კესარიაში. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო. წმიდანის ბაბუა და ბებია დიოკლეტიანეს დროინდელ დევნილობისას 7 წლის განმავლობაში იმალებოდნენ ტყეში. წმიდა ბასილის დედა, ემილია, მოწამის შვილიშვილი იყო, მამა კი, უფროსი ბასილი, ნეოკესარიელი ადვოკატი და რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი.

ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა – ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მათგან ხუთი შემდეგში წმიდანად იქნა შერაცხილი: ბასილი, მაკრინა (ხს. 19 ივლისს) გრიგოლ ნოსელი (ხს 10 იანვარს), პეტრე სებასტიელი (ხს. 9 იანვარს) და ღირსი თეოზვა – დიაკონისა (ხს. 10 იანვარს).

სიყრმე ბასილიმ მამა-პაპისეულ მამულში გაატარა, პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა კაბადოკიის კესარიაში. წმიდანმა აქ ყველა აღტაცებაში მოიყვანა. გრიგოლ ნაზიანზელი წერდა: „რიტორი იყო რიტორთა შორის უწინარეს საფილოსოფოსოჲსა სწავლისა. და, უზეშთაესიცა ვთქუ, მღვდელ იყო ქრისტიანეთაჲ”. კესარიიდან ბასილი ეწვია კონსტანტინეპოლს და რიტორიკას სწავლობდა ცნობილ ლიბანიოსთან. თავისი განათლება მომავალმა ეპისკოპოსმა გააგრძელა ტრადიციული ფილოსოფიური სკოლებით მდიდარ ქალაქ ათენში. ათენში ღირსი ბასილი დაუმეგობრდა გრიგოლ ღვთისმეტყველს. მათმა მეგობრობამ მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანა. დაახლოებით 357 წელს წმიდა ბასილი კესარიაში დაბრუნდა. ქალაქის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით იგი რამდენჯერმე გამოვიდა საჯაროდ და მსმენელები თავისი ორატორული ხელოვნებით აღაფრთოვანა. ოცდახუთი წლის ასაკში გახდა ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი, მაგრამ მალე ღვთის სიყვარულით აღსავსე განერიდა ამსოფლიურ საზრუნავებს და მონაზვნური ცხოვრების გზას დაადგა.

მონაზვნური ცხოვრების წესის გასაცნობად მან იმოგზაურა ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში, მოინახულა ღვაწლმოსილი მოსაგრეები, კაბადოკიაში დაბრუნების შემდეგ კი ცდილობდა მიებაძა მათთვის. მთელი სიმდიდრე წმიდანმა მოწყალებად გასცა. თავისი წერილებით ბასილი და გრიგოლი უსაზღვრო თავშეკავებით გამოირჩეოდნენ: მათ კელიებში არ იყო კერა ცეცხლის დასანთებად, საზრდელიც ძალზე მწირი ჰქონდათ. ისინი თლიდნენ ქვებს, რგავდნენ და უვლიდნენ ხეებს, ეზიდებოდნენ ტვირთს. მძიმე ფიზიკური შრომის გამო კოჟრები არ სცილდებოდათ ხელებიდან, ამსოფლიური ამაოებისაგან განრიდებული ბასილი და გრიგოლი სწავლობდნენ წმიდა წერილს, ეცნობოდნენ მის განმარტებებს, კერძოდ, ორიგენეს ნაშრომებს, რომლის თხზულებების მიხედვითაც შეადგინეს კრებული „ფილოკალია” („სიკეთისმოყვარება”). იმავე ხანებში ღირსმა ბასილიმ, ბერების თხოვნით, დაწერა ზნეობრივი ცხოვრების წესების სახელმძღვანელო. თავისი ცხოვრებისეული მაგალითითა და ქადაგებებით ბასილი დიდს სულიერი სრულყოფილებისაკენ მიჰყავდა კაბადოკიელი და პონტოელი ქრისტიანები. მრავალი ისწრაფოდა მისკენ, როგორც გამოცდილი და ღვთისულიერი მოძღვრისაკენ. ასე დაარსდა ორი – მამათა და დედათა მონასტერი, რომლებიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ.

იმპერატორ კონსტანცის (337-361) მეფობაში გავრცელდა არიოზის ცრუსწავლება და ეკლესიის სიწმიდის დაცვამ ორივე წმიდანის სამსახური მოითხოვა. ბასილი დიდი კესარიაში დაბრუნდა. 362 წელს მელეტი ანტიოქიელმა იგი დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი, 364 წელს, ევსევი კესარიელმა მღვდლად დაასხა ხელი. ბასილიმ სახელი გაითქვა თავისი სიბრძნითა და სიწმიდით. მას პატივს სცემდნენ, ქება-დიდებასა ასხამდნენ და ყოველივე ამან, ადამიანური სისუსტის გამო, ეჭვიანობა გააღვივა ევსევიში. მან ღირსი მამის შევიწროება დაიწყო. ბერები აღდგნენ წმიდა ბასილის დასაცავად. საეკლესიო განხეთქილების საფრთხე რომ მოესპო, წმიდანი თავის უდაბნოს დაუბრუნდა და მონასტრების კეთილმოწყობას შეუდგა. როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა. მოსალოდნელი დიდი ბრძოლის წინ ეპისკოპოს ევსევის თხოვნით, ბასილი სასწრაფოდ დაბრუნდა კესარიაში. ამ დროიდან მოყოლებული, ეკლესიის მართვა-გამგეობა ფაქტიურად ბასილი დიდის ხელში გადავიდა. იგი ყოველდღიურად წარმოთქვამდა ქადაგებებს, ხშირად დღეში ორჯერ - დილასა და საღამოს. ამ ხანებში შექმნა მან საღვთო ლიტურღიის ტიპიკონი, აგრეთვე საუბრები „ექუსთა დღეთათვის”, ისაიას წინასწარმეტყველების 16 თავის და ფსალმუნების განმარტებები, მონაზვნური ცხოვრების წესების მეორე კრებული - „ასკეტიკონი” (ეფრემ მცირის თარგმანით - „სამოღვაწეო წიგნი”) და 3 წიგნი არიანელი მოძღვრის ევნომიურსის წინააღმდეგ .

მართლმადიდებლური სწავლების სიწმიდის მებრძოლი ახოვანი მოსაგრე ამავე დროს გულმოწყალე და ღვთისმოყვარე ქრისტიანიც იყო: გლახაკებს აპურებდა, მწირებს და უსახლკაროებს თავშესაფარს აძლევდა , ზრუნავდა ქალწულებზე, წერილობით თუ სიტყვიერად წეს-განგებას უდგენდა მონაზვნებს.

ევსევი კესარიელის სიკვდილის შემდეგ, 370 წელს, მისი კათედრა წმიდა ბასილიმ დაიკავა. როგორც კესარიელ ეპისკოპოსს, მას 11 პროვინციის 50 ეპისკოპოსი ემორჩილებოდა. წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი (ხს. 2 მაისს) მადლობდა ღმერთს იმისათვის, რომ კაბადოკიის ეკლესიას ბასილის მაგვარი ეპისკოპოსი მიმადლა.

წმიდა მღვდელმთავარს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი წერილი ეკლესიების, ეპისკოპოსების, სამღვდელოებისა და კერძო პირების მიმართ. ბასილი დიდის დაუცხრომელი მოღვაწეობა აძლიერებდა ერეტიკოსთა სიძულვილს მისდამი.

იმპერატორი ვალენტი მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დევნიდა, ასახლებდა და სასტიკი მეთოდებით ავრცელებდა არიანობას. ამავე მიზნით ჩამოვიდა ის კაბადოკიაში და წმიდა ბასილისთან გაგზავნა პრეფექტი მოდესტი, რომელიც ემუქრებოდა მას ქონების ჩამორთმევით, განდევნით, წამებით და სიკვდილით დასჯითაც კი. „შენი მუქარა მე არ მაშინებს, - უპასუხა წმიდანმა, - ქონებას ვერ დაკარგავს ის, ვისაც არაფერი გააჩნია ძველი, გაცრეცილი სამოსისა და რამოდენიმე წიგნის გარდა; გადასახლების საფრთხე ჩემთვის არ არსებობს, რადგან არცერთ ადგილას არ ვარ მიჯაჭვული; ადგილი, სადაც ახლა ვცხოვრობ, ჩემი არაა და არც ის ადგილი იქნება ჩემი, სადაც გამაგდებენ. უკეთ რომ ვთქვათ, ყველა ადგილი უფლისაა. წამებითაც რას დამაკლებენ: ისე სუსტი ვარ, რომ მხოლოდ პირველ დარტყმას ვიგრძნობ _ სიკვდილი კი წყალობაა ჩემთვის: ის მიმაახლებს უფალთან, რომლისთვისაც ვცოცხლობ და ვიღწვი, და რომლისკენაც დიდი ხანია ვისწრაფვი”. მმართველი გაოგნებული უსმენდა, „ალბათ არასდროს შეხვედიხარ ეპისკოპოსს, - განაგრძობდა წმიდანი, - თორემ მისგან უთუოდ ამგვარივე სიტყვებს გაიგონებდი. ჩვენ უწყინარები და ყოველგვარი ხელისუფლების ყველაზე მორჩილი მსახურები ვართ, მაგრამ, როცა საქმე უფალს ეხება და გაკადნიერდებიან, აღსდგებიან მის წინააღმდეგ, ჩვენ ყველაფერზე მაღლა ვდგებით და მხოლოდ ღმერთს ვემორჩილებით. მაშინ ცეცხლი, მახვილი, გააფთრებული მხეცები და საწამებელი იარაღები ჩვენთვის ნეტარებაა და ამით ვერ შეგვაშინებენ.”

როცა იმპერატორს პრეფექტმა ბასილი დიდის შეურყევლობა ამცნო, დასძინა: „დაგვამარცხა, მეფევ, ეკლესიის წინამძღვარმა”! ამგვარივე სიმტკიცე გამოიჩინა წმიდანმა თავად იმპერატორის წინაშეც და ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ვალენტინზე, რომ მან მხარი არ დაუჭირა არიანელებს, რომლებიც ეპისკოპოსის გადასახლებას ითხოვდნენ. უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე, როცა ტაძარში უამრავ ხალხს მოეყარა თავი, ვალენტიც შეერია მათ, რათა ეჩვენებინა თავისი ერთობა ეკლესიასთან. ფსალმუნთა გალობა მეხისტეხასავით ჩაესმა იმპერატორს. მან იხილა მშვენივრად შემკული ამბიონი და საკურთხეველი, შიშითა და კრძალვით გარინდული სამღვდელოება და ტრაპეზთან მდგომარე ბასილი დიდი, რომელიც ანგელოზებრივი სიწმიდით აღასრულებდა ღვთისმსახურებას.

ღირსი ბასილი მკაცრად ადევნებდა თვალყურს საეკლესიო კანონის დაცვას. მის დროს სამღვდელოებაში უღირსი ვერ გაერეოდა. ის დაუზარლად მოიხილავდა თავის ეკლესიებს, მიუკერძოებლად სჯიდა საეკლესიო დისციპლინის დამრღვევებს. კესარიაში ბასილი დიდმა ორი – მამათა და დედათა მონასტერი ააგო 40 მოწამის სახელობის ტაძართან, სადაც მათი წმიდა ნაწილები ინახებოდა. მღვდელმთავარს დაქვემდებარებული მიტროპოლიის მღვდელმსახურები, ბერ-მონაზონთა მიბაძვით, მეტად ღარიბულად, წმიდად და კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ. ბასილი დიდმა მიაღწია სამღვდელოების განთავისუფლებას გადასახადებისაგან. მთელ თავის სახსრებს და თავისი ეკლესიების შემოსავალს ის გლახაკებს ახმარდა, დააარსა დავრდომილთა თავშესაფრები, კესარიაში ააგო სასტუმრო მწირთათვის. სნეულებებმა, რომლებიც სიყმაწვილიდანვე თან სდევდა წმიდანს, მკაცრმა და თავშეკავებულმა ცხოვრებამ, სამწყსოზე ზრუნვამ და წინააღმდეგობებთან ბრძოლამ წმიდა ბასილს ფიზიკური ძალები გამოაცალა. 379 წლის 1 იანვარს 49 წლის ღირსი მამა გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე აკურთხა გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომ კონსტანტინეპოლის კათედრა დაეკავებინა.

ეკლესიის ეს უდიდესი მამა მიცვალებისთანავე წმიდანად შერაცხეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001

წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი სილიბისტრო, რომის პაპი (+335)
2 (15) იანვარი



IPB-ს სურათი


წმიდა სილიბისტრო, რომის პაპი დაიბადა რომში, ღრმადმორწმუნე ქრისტიანების, რუფინისა და იუსტას ოჯახში. მამა მას მალე გარდაეცვალა და დაქვრივებული დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. მოძღვარმა კვირინმა განსწავლა და ჭეშმარიტ ქრისტიანად აღზარდა ყმაწვილი. სილიბისტრომ მოყვასის მსახურების ღვაწლი იტვირთა. იგი განსაკუთრებით უცხოთა შეწყნარებაზე ზრუნავდა. საკუთარ სახლში ივრდომებდა და განუსვენებდა მათ. დევნილობის დროს წმიდანმა უშიშრად შეიფარა აღმსარებელი ტიმოთე, რომელმაც ერთ წელზე მეტი დაჰყო მასთან და თავისი ქადაგებებით მრავალი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ტიმოთეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ სილიბისტრომ ფარულად წაასვენა და პატივით დაკრძალა მისი ცხედარი. როცა ეს ქალაქის თავმა ტარკვინიუსმა გაიგო, წმიდანი შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს, თან ტანჯვითა და სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ქრისტეს მხნე აღმსარებელი არ შედრკა. მაშინ იგი დილეგში ჩააგდეს. მალე ტარკვინიუსი მოკვდა და წმიდანიც გაანთავისუფლეს. იგი უშიშრად ახარებდა ღვთის სიტყვას წარმართებს და მრავალს მოაქცევდა ჭეშმარიტ სჯულზე. ოცდაათი წლის სილიბისტროს დიაკვნად დაასხეს ხელი, შემდეგ კი პაპმა მარცელინმა (296-304) მღვდლადაც აკურთხა, პაპ მელქიადის (311-314) მიცვალების შემდეგ წმიდანი რომის ეპისკოპოსი გახდა. ის გულმოდგინედ იღწვოდა თავისი სამწყსოს ცხოვრების სიწმიდისათვის, თვალყურს ადევნებდა იმას, რომ მღვდლები ამაო, მიწიერი საზრუნავებით არ დამძიმებულიყვნენ და პატიოსნად აღესრულებინათ თავიანთი მოვალეობა.

მღვდელმთავარი სილიბისტრო განთქმული იყო წმიდა წერილის ცოდნითა და მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურყეველი ერთგულებით. იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს, როცა ქრისტიანთა დევნულობა შეწყდა, იუდეველებმა გამართეს დისპუტი ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ: მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე, მისი დედა – დედოფალი ელენე და მრავალი დიდებული. ქრისტიანთა მხრიდან კამათში მონაწილეობდა პაპი სილიბისტრო, იუდეველთაგან კი – მრავალი სწავლული რაბინი ცნობილი მაგის და ჯადოქარ ზამბრის მეთაურობით. ძველი აღთქმის წიგნებზე დაყრდნობით წმიდა პაპმა დამაჯერებლად დაადასტურა, რომ ყველა წინასწარმეტყველი წინასწარ ჭვრეტდა იესო ქრისტეს შობას წმიდა ქალწულისაგან, მის ნებსით ჯვარცმას, ვნებას და სიკვდილს დაცემული ადამის გამოსასყიდლად და ბრწყინვალე აღდგომას. წმიდა სილიბისტრო გამარჯვებულად სცნეს ამ სიტყვიერ ჭიდილში. მაშინ ზამბრი შეეცადა, ჯადოთი მოეხიბლა მღვდელმთავარი, ის კი იესო ქრისტეს წმიდა სახელის მოხმობით იგერიებდა მოძალებულ ბოროტს. უღონოქმნილმა მაგმა სხვა იუდეველებთან ერთად ქრისტეს ძლიერება ირწმუნება და ნათლისღება ითხოვა.

წმიდა პაპი სილიბისტრო რომის ეკლესია ოცზე მეტი წლის განმავლობაში განაგებდა და ქრისტიანთა ღრმა პატივისცემით სარგებლობდა. იგი მშვიდობით მიიცვალა 335 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ

ღირსი იოვანე ჭყონდიდელი (+1110)
3 (16) იანვარი


IPB-ს სურათი



ღირსი იოვანე ჭყონდიდელი დაიბადა მეათე საუკუნის პირველ ნახევარში. მის შესახებ ცნობები გვხვდება გიორგი ხუცეს-მონაზონის თხზულებაში: „ცხორებაჲ გიორგი მთაწმიდელისა“.

როგორც ჩანს, წმიდა იოვანე დაწინაურებულ ქართველ თავადიშვილთა გვარიდან იყო. იოვანე მისი დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ღმრთისმეტყველი და უდიდესი პატრიოტი იყო.

1050 წელს, წმიდა იოვანე, ჯერ კიდევ ერისკაცობაში თავის ძმასთან, პეტრიკთან ერთად თან ახლდა საქართველოს მეფე ბაგრატ VI-ს (+1072) და დედოფალ მარიამს კონსტანტინეპოლში, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე მონომაქოსის კარზე. აქ ისინი შეხვდნენ ათონიდან ჩამოსულ გიორგი მთაწმიდელს და დიდი შესაწირავი გაატანეს ათონზე, რისთვისაც იოვანეს და მის ძმას ივერონში აღაპი დაუწესეს.

იოვანე 1054 წელს, ჯერ კიდევ ერისკაცი, აქტიურად მონაწილეობდა საერო და სასულიერო ცხოვრებაში. 1059 წელს წმიდა იოვანემ მეფე ბაგრატ IV-ის დავალებით საქართველოში ჩამოიყვანა გიორგი მთაწმიდელი, რომლის ინიციატივითაც იოვანეს ჭყონდიდელ ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

იოვანე ჭყონდიდელი 1061-65 წლიდან მთავარეპისკოპოსის ხარისხით განაგებს იმ დროისათვის უკვე საკმაოდ დაწინაურებელ ჭყონდიდის კათედრას. იგი აქტიურად ამოუდგა მხარში გიორგი მთაწმიდელს, საქართველოში იმ დროისათვის საკმაოდ დარღვეული საეკლესიო საქმეების გამართვა-მოწესრიგებაში.

1065 წელს წმიდა იოვანე, მის ძმასთან და ბედიელ მთავარეპისკოპოს იოვანესთან ერთად თან ახლდა საქართველოს მეფის ასულ მართას კონსტანტინეპოლში. ამის შემდეგ, 1066-67 წლებში, იოვანე ჭყონდიდელი კიდევ მიდის კონსტანტინეპოლშჲ ბიზანტიის იმპერატორთან, როგორც ბაგრატ მეფის წარმომადგენელი და საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მღვდელმთავარი. ამ ელჩობის დროს იოვანე ჭყონდიდელს გიორგი ხუცესმონაზონისთვის უთხოვია დაეწერა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება. გიორგი ხუცესმონაზონი წმიდა იოვანეს მისი თხზულების ერთ-ერთ შემკვეთად ასახელებს: „ღმრთისმოყვარისაცცა მის მიერ მთავარეპისკოპოსისა იოვანეს ვიტყვი ჭყონდიდელსა, ძმასა ნეტარისა პეტრე პატრიკისასა... დიდად იძულებულ იქნა უღირსებაჲ ჩუენი... რათა ყოველი სახე აღსრულებისა და გასლვისა წმიდისა ამის მამის ჩუენისაჲ უნაკლოდ მიუთხრა“.

1085 წლიდან იოვანე ჭყონდიდელი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი დიმიტრის (1080-1090) თანაშემწეა - იგი სვინგელოზის პატივითაა დაჯილდოებული.

გიორგი მთაწმიდელის მიერ შედგენილი სვინაქსარის გვიანდელ მინაწერის მიხედვით, დაახლოებით 1110 წლის 3 იანვარს „გარდაიცვალა სულკურთხეული მთავარეპისკოპოსი იოვანე ჭყონდიდელი“.

„ქართველ წმიდათა ცხოვრებანი“, თბილისი, 2007 წ
ANA
ნათლისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი – ღვთის განცხადება
6 (19) იანვარი


IPB-ს სურათი




ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (კირილე იერუსალიმელი).

ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ
ANA
კრება წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი
20 იანვარი


მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს ჩვეულება, რომ საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულების მომდევნო დღეს მოიხსენიონ წმიდანები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობდნენ ისტორიის ამ უწმიდეს და უმნიშვნელოვანეს მომენტებში. ამ ტრადიციის მიხედვით, ნათლისღების შემდგომ, 7(20) იანვარს აღინიშნება ხსენება ნათლისმცემლისა უფლისა _ იოანესი.

იოანე უდიდესი იყო წინასწარმეტყველთა შორის. მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დაამოწმა. იოანემ თავისი ამქვეყნიური ღვაწლით აღასრულა ისაიას წინასწარმეტყველება: „ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ჰყვენით ალაგნი მისნი”.

წმიდა წინასწარმეტყველის შობა მამამისს – მღვდელმთავარს ზაქარიას ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა (ლკ. 1, 13-17). წმიდანის დედა – კეთილმსახური ელისაბედი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი ნათესავი იყო. როცა სულიწმიდისაგან ახალმუცლადღებული ქალწული მარიამი იუდეაში წავიდა ელისაბედთან, ექვსი თვის იოანე ჰკრთებოდა დედის მუცელში (ლკ. 1,41) – ჩანასახშივე ხარობდა მხსნელის განკაცებით.

იოანე სიყრმიდანვე უდაბნოში ცხოვრობდა და აქ მარხვითა და ლოცვით ემზადებოდა თავისი მაღალი მსახურებისათვის. „ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისა; ხოლო საზრდელად მისი იყო მკალი და თაფლი ველური”.

30 წლის იყო უფლის წინამორბედი, როცა ჰურიასტანის უდაბნოში გამოვიდა სინანულის საქადაგებლად, „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ” (მთ. 3,2). იგი მდინარე იორდანეში სინანულის ნათლისღებით ნათლავდა იუდეველებს, რომლებიც აღიარებდნენ მის წინაშე საკუთარ ცოდვებს, ამხელდა ფარისევლებს და სადუკეველებს, მხოლოდ სიტყვით რომ აღასრულებდნენ სჯულს, გულით კი „განშორებულ” იყვნენ ღვთისაგან: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? ჰყავთ უკვე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ”.

დიდი ხანი იყო, რაც უფალს წინასწარმეტყველი არ გამოეგზავნა თავისი რჩეული ერისთვის: უკანასკნელი წინასწარმეტყველის, მალაქიას მიცვალების შემდეგ ოთხასზე მეტი წელი გასულიყო. ამიტომ ყოველი მხრიდან მოდიოდნენ იოანე წინასწარმეტყველის სიტყვების მოსასმენად. აღტაცებულნი იყვნენ მისით და დიდ პატივსაც მიაგებდნენ. წინასწარმეტყველი მათ იესოსთან შესახვედრად ამზადებდა: „მე უკუე ნათელ გცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომელისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა” (მთ. 3,11). იოანემ შორიდანვე იცნო მისკენ მოსანათლად მომავალი „ტარიგი უფლისა”, თავმდაბლობით წინ აღუდგა მას: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ და შენ ჩემდა მოხუალ?” (მთ. 3,14), მაგრამ შემდეგ დაემორჩილა ღვთის ნებას, მოინათლა მაცხოვარი სოფლისა და მის თავზე ხელის შეხებით თვითონაც მოინათლა.

შემდეგ თვითონ იესო ქრისტემ დაამოწმა, რომ „არა აღდგომილ არს ნაშობთაგან დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლისმცემელისა”, მაგრამ რომ არ ეფიქრათ, იგი ძე ღვთისაზე აღმატებულიაო, დაამატა: „ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს”.

იოანე ნათლისმცემელი მოწამეობრივად აღესრულა – გალილეის მთავრის ანტიპა ჰეროდიადას უსჯულოებაში მხილებისათვის მას თავი მოჰკვეთეს. ამის შემდეგ იოანემ ჯოჯოხეთში მყოფ მართალთა სულებსაც ახარა მაცხოვრის განკაცება: „სიხარულით ახარა მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი, ხორცითა გამოჩინებული და აღმხმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ცოდვათა შენდობასა”.

იოანე ნათლისმცემელი ღვთისმშობლის შემდეგ ჩვენი უდიდესი მეოხია ღვთის წინაშე. იგი არის მოძღვარი სინანულისა.

ამავე დღეს იხსენიება წმიდა წინამორბედის უხრწნელი მკლავის გადასვენება ანტიოქიიდან კონსტანტინეპოლში (956) და იოანე ნათლისმცემლის სასწაული კუნძული ხიოსზე.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ANA
ღირსი და ღმერთშემოსილი მამა ანტონი დიდი (+356)
17 (30) იანვარი


IPB-ს სურათი


წმიდა ანტონი დიდი ეგვიპტის სოფელ კომაში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა 251 წელს. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი თავისი სოფლის მახლობლად ერთ ქოხში მოსაგრე ცხოვრება დაიწყო. ანტონი საკუთარი შრომის ნაყოფით ირჩენდა თავს და მოწყალებასაც გასცემდა. ცდილობდა, გულმოდგინედ აღესრულებინა უფლის მცნებები. დროდადრო ანტონი სხვა ბერებთანაც მიდიოდა სულიერი გამოცდილების მისაღებად და ცდილობდა, ყოველგვარ სათნოებათა შესაკრებელი შექმნილიყო. იგი სიხარულს ჰგვრიდა ყველას და არავის აწუხებდა..

ანტონის სმენოდა წიგნთაგან, „ვითარმედ მრავალ არიან მანქანებანი მტერისანი” და ცდილობდა ხორცი დაემონებინა - „ნუუკუე სხჳთ ვსძლე, და სხჳთ მაცთუნოს”. წმიდანმა გაამკაცრა ღვაწლი: საზრდელს დღეში ერთხელ, ზოგჯერ კი ორ-სამ დღეში ერთხელ ღებულობდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა, ძალიან ცოტა ეძინა. „ხოლო სარეცლად მისა იყო ჭილი, და უფროჲსღა ქუეყანასა ზედა წეჳნ”. მარად იხსენებდა მოციქულის სიტყვებს: „რაჟამს უძლურ ვიქმნი, მაშინ განვძლიერდი”.

ამის შემდეგ წმიდანი, სოფლისგან მოშორებით, აკლდამაში დაემკვიდრა. აქ ეშმაკები შეეცადნენ, მოეკლათ ღვთის რჩეული, თავს დაეცნენ და სასტიკად გვემეს იგი, ვითარმედ ვერ შესაძლებელ არს იგი კაცთაგან ეგოდენი ტანჯვაჲ და გუემაჲ ყოფად”. ღმერთმა არ დაუშვა ანტონის სიკვდილი: მეორე დღეს საზრდელის მოსატანად მოსულმა ჭაბუკმა იპოვა ცოცხალ-მკვდარი მოსაგრე და სოფელში ჩაიყვანა. სოფლელებს წმიდანი მკვდარი ეგონათ და მის დასამარხად იწყეს მზადება, მაგრამ, შუაღამისას, ანტონი გონს მოვიდა და შეევედრა მეგობარს, „აღკიდებად და მიღებად სამარედვე და არავის განღჳიძებად” – მისი სიმტკიცე აღემატებოდა მტრის ძლიერებას. დემონები მაინც არ ცხრებოდნენ, ველურ მხეცებად და ქვეწარმავლებად გარდაისახნენ და ცდილობდნენ, არჩეული ადგილიდან დაეძევებინათ ბერი. წმიდა მამა ჯვრის საჭურველით განასხმიდა მათ. უეცრად ზეცით გარდამომავალი ბრწყინვალე ნათელი გამოჩნდა. ანტონი წყლულებისგან განიკურნა, წამოდგა და ნეტარებით ჰხადა უფალს: „სადა იყავ, რა არა პირველვე გამოჩნდი, რაჲთამცა სალმობანი ჩემნი დააცხრვენ”? პასუხად გაისმა: „აქა ვიყავ, ანტონ, არამედ მოველოდე ხილვად შენსა სიმჴნესა. ხოლო აწ, რამეთუ დაუთმე და არა იხილე, გექმნე შენ მარადის შემწე, და იყო შენ სახელოვან ყოველსა ქუეყანასა”. ამ დროს წმიდა მამა 35 წლის იყო. მან, უკვე დემონებთან ბრძოლაში საკმაოდ გამოცდილებით აღჭურვილმა, გადაწყვიტა, თებაიდის უდაბნოს სიღრმეში შესულიყო და იქ განეგრძო მოღვაწეობა მარტოდმარტო, სრულ მდუმარებაში. ეშმაკი ცდილობდა, შეეჩერებინა მანამდე არნახულ ღვაწლს შემდგარი ბერი, ძვირფასეულობა და ოქრო დაუყარა წინ, ანტონმა კი გულგრილად ჩაუარა მათ და გზა განაგრძო. ერთი მთის მახლობლად ღირსმა მამამ მიტოვებული საკერპო შენიშნა, აქ დასახლდა და შემოსასვლელი ქვებით ამოქოლა. მოწაფეს მასთან წელიწადში ორჯერ მოჰქონდა საზრდელი, წყალს კი გალავანს შიგნით მდებარე ჭიდან იღებდა. სრულ მდუმარებაში გაატარა ღირსმა ანტონმა 20 წელი. უფლის ნებით მისი სამყოფელი გაცხადდა, სულიერი მოღვაწეობის მრავალმა მსურველმა მიაშურა უდაბნოს, ღირსი მამა სიყვარულით მოძღვრავდა სულიერ შვილებს.

311 წელს ეკლესიას განსაცდელის ჟამი დაუდგა: იმპერატორმა მაქსიმიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო. მოწამეობრივი აღსასრულის მაძიებელი ანტონი ალექსანდრიაში ჩავიდა. იგი აშკარად ემსახურებოდა პყრობილ ქრისტიანებს, ესწრებოდა მათ გასამართლებას, დაკითხვებს, მაგრამ მტარვალები მას არც შეხებიან: უფალმა არც ახლა ინება მისი სიკვდილი.

დევნის შეწყვეტის შემდეგ ნეტარი მოსაგრე დაუბრუნდა მეუდაბნოეობის ღვაწლს. ღმერთმა თავის რჩეულს სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: იგი ეშმაკებს განასხმიდა და სნეულებს კურნავდა. მნახველების სიმრავლე არღვევდა წმიდა მამის მყუდროებას, ამიტომ ის კიდევ უფრო შორს, „შიდა უდაბნოში” შევიდა და მთის მწვერვალზე დაემკვიდრა. ბერებმა მოძებნეს საყვარელი მოძღვარი და სთხოვეს, ზოგჯერ მაინც მოენახულებინა ისინი.

კიდევ ერთხელ მოუხდა ღირს ანტონს უდაბნოს დატოვება მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად მანიქეველთა და არიანელთა ცრუ სწავლებისაგან. არიანელებმა იცოდნენ, თუ რა დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ანტონი დიდი და ხმები დაჰყარეს, იგი ჩვენი სწავლების მიმდევარიაო. ამ ცილისწამების გასაქარვებლად ჩავიდა ნეტარი მამა ალექსანდრიაში და საჯაროდ შეაჩვენა ბილწი მწვალებლობა. ღირს ანტონისთან მოდიოდნენ წარმართი ფილოსოფოსები და ცდილობდნენ, თავიანთი ამაო ბრძნობით მოეტეხათ იგი, მაგრამ წმიდანი თავისი მარტივი და დამაჯერებელი პასუხებით სირცხვილეულ ჰყოფდა მათ.

მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე დიდი (+337, ხს. 21 მაისს) და მისი ძეები ანტონი დიდის მხურვალე თაყვანისმცემლები იყვნენ. მათ დედაქალაქში მოიწვიეს წმიდა მამა, მაგრამ მან არ ისურვა მეუდაბნოე ძმების დატოვება, იმპერატორები კი საპასუხო ეპისტოლით გააფრთხილა, არ გაამაყებულიყვნენ თავიანთი მაღალი მდგომარეობით და მარად ხსომებოდათ მომავალი სამსჯავრო: „უწყოდეთ, რამეთუ ქრისტÅ მეუფÅ არს”.

ღირსმა ანტონიმ 85 წელი დაჰყო უდაბნოში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან მოუწოდა ძმებს და ასე დამოძღვრა ისინი: „ისწრაფდით უფროჲსღა მიახლებად მარადის თავთა თქუენთა უფალსა და მერმე წმიდათა მისთა, რაჲთა სიკუდილისა შემდგომად საუკუნეთა მათ საყოფელთა, ვითარცა მეგობართა და მეცნიერთა, შეგიწყნარნენ თქუენ მათცა”. შემდეგ ანტონიმ ითხოვა, მისი გვამი იქვე უდაბნოში დაეფლათ და არ მოეწყოთ მისი დიდებული გადასვენება ალექსანდრიაში. ღირსი ანტონი მშვიდობით მიიცვალა 357 წელს, 105 წლის ასაკში. მისი ნეშტი ორმა მოწაფემ, მოძღვრის ანდერძისამებრ, უდაბნოში, ერთ განკრძალულ ადგილას მიაბარა მიწას.

ღირსი ანტონის ცხოვრება დაწვრილებით აღწერა წმიდა მღვდელმთავარმა ათანასე ალექსანდრიელმა. ეს ნაშრომი მართლმადიდებლური აგიოგრაფიის პირველი და ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. იოანე ოქროპირი წერდა, იგი ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოსო.

წმიდა ანტონიმ მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომელიც დღესაც ასაზრდოებს ქრისტიანთა სულებს.

544 წელს ღირსი მამის უხრწნელი ნაწილები ალექსანდრიაში გადაასვენეს. XV საუკუნეში კი ისინი არასში (საფრანგეთში), წმიდა ივლიანეს სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.


http://www.orthodoxy.ge/tveni/ianvari/antoni_didi_1.htm
ANA
მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
2 (15) თებერვალი


მირქმა უფლისა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია, მაგრამ VI საუკუნემდე იგი გამორჩეული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას სხვა დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ და, როცა ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი აღენიშნათ უფრო საზეიმოდ.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
anu1131
წმიდა მოწამენი ირაკლი, პავლინე და ვენედიმე; მოწამენი პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინე (249-251)
18 (31) მაისი


წმიდა მოწამენი ირაკლი, პავლინე და ვენედიმე ქალაქ ათენში აღესრულნენ ქრისტესთვის. ისინი წარმართთა შორის ქადაგებდნენ სარწმუნოებას ღვთის რჩეულები მოწაფეებთან: პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინესთან ერთად სამსჯავროზე წარადგინეს და ხანგრძლივი წამების შემდეგ გახურებულ ღუმელში დაწვეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.


წმიდა მოწამენი: ალექსანდრე ეპისკოპოსი, ირაკლი მხედარი
და ოთხნი დედანი: ანა, ელისაბედი, თეოდოტია და გლიკერია (III)
22 (04.11) ოქტომბერი


წმიდა მოწამენი: ალექსანდრე ეპისკოპოსი, ირაკლი მხედარი და დედანი: ანა, ელისაბედი, თეოდოტია და გლიკერია ქრისტეს აღსარებისთვის III საუკუნეში ეწამნენ ქალაქ ადრიანოპოლში. მართლმორწმუნეთა დევნის მიუხედავად, ეპისკოპოსი ალექსანდრე გაბედულად ქადაგებდა მაცხოვნებელ სწავლებას წარმართთა შორის და მრავალი უღმრთო აზიარა ქრისტეს ნათელს. იმ ოლქის მმართველმა, სადაც წმიდა მღვდელმთავარი მსახურობდა, მეომრებს უბრძანა, მღვდელმთავრის შეპყრობა და წამება. უფლის რჩეული მოთმინებით იტანდა მრავალგვარ სატანჯველს. მისი სიმშვიდით გაოცებულმა მხედარმა ირაკლიმ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. სახალხოდ აღიარეს ქრისტე ანამ, ელიზავეტამ, თეოდოტიამ და გლიკერიამაც. სასტიკი წამების შემდეგ ყველა მათგანი სიკვდილით დასაჯეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ფოტინე
წმინდა მოწამე ფოტინე* (ნათია) სამარიტელი (I ს.)
ხსენება 20 მარტი (2 აპრილი)

[/color]

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი



წმინდა ფოტინე იყო სწორედ ის სამარიტელი დედაკაცი, რომელსაც გაესაუბრა ქრისტე მაცხოვარი იაკობის ჭასთან (სახარება იოანესი, თავი 4, 5-42). სამარია ისრაელის მეზობლად მდებარეობდა. ებრაელების აღთქმულ მიწაზე დასახლების შემდეგ, სამარიტელებმა იუდაიზმის ზოგიერთი სწავლება მიიღეს, მაგრამ არსებითად, ისევ წარმართები რჩებოდნენ. ამიტომ იყო, რომ ებრაელები ყოველნაირად ერიდებოდნენ მათთან ურთიერთობას. თუმცა სამარიტელებს სწამდათ, რომ მოვიდოდა მესია. ეს რწმენა წმინდა ფოტინემაც აჩვენა ქრისტესთან საუბარში. მაშინ უფალმა გაუმჟღავნა მას, რომ იგია მესია, მოსული სოფლად. აღფრთოვანებული დედაკაცი მაშინვე გაიქცა თავის ქალაქში, რომ ყველასთვის ეხარებინა ის, რაც ქრისტესგან მოისმინა. მართლაც, მისმა მხურვალე ქადაგებამ ბევრი სამარიტელი დააინტერესა და მათი თხოვნით, უფალი იმ ქალაქში ორი დღე გაჩერდა. ბევრმა ირწმუნა ქრისტე და ეუბნებოდნენ წმინდა ფოტინეს, ახლა შენი სიტყვების გამო კი აღარ გვწამს, არამედ იმის გამო, რომ თვითონ ვიხილეთ ღვთიური მოძღვარი და მოვისმინეთ მისი ქადაგებაო. წმინდა ფოტინეს არც ამის შემდეგ შეუწყვეტია ქრისტიანობის მქადაგებლობა. მან მოაქცია თავისი სამი ვაჟი - ვიქტორი, ფოტინი და იოსია, თავისი დები და მრავალი ადამიანი.

წმინდა ფოტინე ეწამა იმპერატორ ნერონის დროს თავის შვილებთან და დებთან ერთად. მეფის ბრძანებით წმინდა ფოტინეს ტყავი გააძვრეს და ჭაში ჩააგდეს. მაგრამ მალე ამოიყვანეს და 20 დღით საპყრობილეში შეაგდეს. ამის შემდეგ ნერონმა ფოტინე თავისთან იხმო და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, რაზეც წმინდა ფოტინემ მიუგო: „ნუთუ ისეთი უგუნური გგონივარ, რომ უარს ვიტყვი ჩემს უფალზე და შენსავით ბრმა კერპებს ვეთაყვანებიო?“ პასუხით გამრისხებულმა ნერონმა ბრძანა, წმინდა ფოტინე ისევ ჭაში ჩაედგოთ, სადაც მან მიაბარა კიდეც სული უფალს. ეს იყო დაახლოებით 66 წელს.


წმინდა მოწამე ფოტინეს ტროპარი


მოწამემან შენმან უფალო ფოტინე/ნათია ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი


ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო ფოტინე/ნათია, სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.



*ფოტინე ბერძნული წარმოშობის სახელია და ქართულად ითარგმნება, როგორც ბრწყინვალე, ნათელი. შეესაბამება ქართულ სახელებს ნათიას, ნათელას.
ANA
წინასწარმეტყველი ელისე
14 (27) ივნისი

IPB-ს სურათი


წმ. ელისეს მსახურებისთვის ღმერთმა მას სიყრმის ასაკშივე მოუწოდა. იგი 65 წელზე მეტი ხნის განმავლობაში
უშიშრად ამხელდა კერპთაყვანისმცემლეობას. ისრაელში მისი მოღვაწეობის დროს გამრავლდა სარწმუნოებრივ_საგანმანათლებ
ო სკოლები .
ერთხელ წმ. ელისე ბეთილში გაემგზავრა, როდესაც ქალაქს მიუახლოვდა, გზაზე ბავშვები შეხვდნენ და დაცინვა დაუწყეს. უცებ ბავშვებს სასჯელი ეწიათ 42 მათგანი ტყიდან გამოსულმა დათვმა დაგლიჯა.
ელისეს ბევრი სასწაული მოუხდენია ერთერთი იყო ზეთის სასწაულებრივი გამრავლება.
ერთხელ ერთ ქვრივს მევალეები დაემუქრნენ: თუ ვალს არ გადაიხდიდა შვილებს მონებად გაუყიდიდნენ. ქვრივმა ელისეს რჩევით მეზობლებისგან ნათხოვარი ცარიელი ჭურჭელი თავისი ზეთიანი ჭურჭლიდან შეავსო. ამ გზით გამრავლებული ზეთი იმდენი აღმოჩნდა, რომ ქვრივმა ყველა ვალი გაისტუმრა.
შემდეგ წმ. ელისე ქალაქ სომანში გადავიდა, იგი ერთმა კეთილმორწმუნე დედაკაცმა ისტუმრა სახლში და ოთახი გამოუყო.
ელისეს მასპინძლებს შვილი არ ყავდათ , ( ებრაელთა შორის უშვილობა ღვთისგან მოვლინებულ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა) მაგრამ წმ ელისე წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ ოჯახს შვილი მალე შეეძინათ.

ერთხელ ასურეთის მეფის მხედართმთავარი ნემანი დასნეულდა, რა საშვალებებს არ მიმართა განსაკურნებლად , მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ერთმა მოსამსახურემ სამარიაში წასვლა ურჩია. ნემანიც წავიდა. როდესაც ამის შესახებ ელისემ გაიგო, მან ნემანის მოყვანა ბრძანა. მხედართმთავარი ეტლებით მიადგა ელისეს სახლს, მაგრამ ელისე არ გამოსულა, მან მსახურის პირით შეუთვალა: _ ''მივედ, იბანე იორდანესა შვიდგზის და მოიქცეს ფერი შენი შენდა და განსწმნდე“ (4 მეფ. 5,10).
წინასწარმეტყველის ასეთმა დამოკიდებულებამ ნემანი განარისხა და უკან დაბრუნება გადაწყვიტა.მაგრამ მსახურების რჩევით, მაინც შეასრულა ელისეს ნათქვამი იორდანეში შვიდგზის განიბანა და განიკურნა.
სასწაულით გაოცებულმა ნემანმა წინასწარმეტყველს დიდძალი საჩუქრები შესთავაზა, მაგრამ ელისემ არაფერი მიიღო. მაგრამ ამით ისარგებლა გეზმა და ნემანს ორი ბრწყინვალე სამოსელი და ორი ტალანტი ვერცხლი გამოსთხოვა, რისთვისაც სასტიკად დაისაჯა , ნემანის კეთრი მასზე გადავიდა.

ელისესთან ხშირად მიდიოდნენ მისი მოწაფეები. ერთ-ერთი ასეთი თავშეყრის დროს, წინასწარმეტყველმა მსახურს ხილის შეჭამადის მომზადება დაავალა. მოსამსახურე მინდორში გავიდა ყურძენი მოაგროვა და ქვაბში ჩაყარა. როდესაც მოწაფეებმა ხილი გასინჯეს, შეამჩნიეს, რომ ქვაბში საწამლავი იყო და შიშისგან დაიყვირეს: _ „სიკვდილი არს, კაცო ღმრთისაო, ქვაბსა მაგას“ (4 მეფ. 4,40). ელისეს ბრძანებით ქვაბში ფქვილი ჩაყარეს და არავინ მოწამლულა. ამ დროს მიეკუთვნება, ელისეს მიერ ოცი პურით ასი კაცის დაპურება.

რობესაც ასურელებსა და ისრაელელებს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, წინასწარმეტყველი ელისა ისრაელის მეფეს ასურელების მზაკვრული გეგმების შესახებ აწვდიდა ცნობებს. განრისხებულმა ასურეთის მეფემ ელისეს შესაპყრობად მთელი ლაშქარი გაგზავნა. მის შესაპყრობად გამოგზავნილი მეომრები უეცრად დაბრმავდნენ, თუმცა ელისემ ლოცვით ისევ აუხილა მათ თვალები და თავიანთ მეფესთან დააბრუნა. (მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ იხილა ზეციური მხედრობა, რომელიც ცეცხლოვანი ცხენებითა და ეტლებიტ წინასწარმეტყველის გასამხნევებლად იყო გამოგზავნილი)


წინასწარმეტყველი ელისე ღრმა მოხუცებულობაში, დაახლოებით ასი წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ელისეს საფლავის ახლოს მიცვალებულს მიასვენებდნენ. ამ დროს მოაბელთა რაზმი გამოჩნდა. ხალხი შეშინდა და მიცვალებული უახლოეს გამოქვაბულში დაასვენეს, სწორედ იმ გამოქვაბულში, სადაც წინასწარმეტყველი იყო დაკრძალული. ელისეს ძვლებთან შეხებით მიცვალებული მკვდრეთით აღდგა.
ANA
წმიდა მეთოდე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი
14 (27) ივნისი


IPB-ს სურათი

წმიდა მეთოდე სიცილიაში მდიდრების ოჯახში დაიბადა. მან ჯერ ისევ ახალგაზრდამ, კუნძულ ქიოსზე მდებარე მონასტერს მიაშურა და საკუთარი სახსრებით განაახლა იგი. იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) მეფობისას, წმ ნიკიფორე პატრიარქის (2 ივნისს) მოღვაწეობის დროს , მეთოდეს იმპერატორის კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა.
ერთხელ პატრიარქმა იგი რომში გაგზავნა, პაპთან შესახვედრად. წმიდანს მობრუნება დაუგვიანდა, ამასობაში კი იმპერატორმა ნიკიფორე კათედრიდან გააძევა და მის ნაცვლად ხატმბრძოლი თეოდოტე მილისინელი (815-822) დაადგინა.
ლეონ გარდაცვალების შემდეგ, მეთოდე ხუცესის ხარისხით დაბრუნდა კონსტანტინეპოლში
დაუცხრომლად იბრძოდა მწვალებელთა წინააღმდეგ.

ახალი იმპერატორი მოჩვენებითი კეთილგანწყობით ეპყრობოდა ქრისტიანებს, მაგრამ მალე მან თავისი ჭეშმარიტი სახე გამოავლინა და მართლმადიდებელთა დევნა დაიწყო . წმიდა მეთოდე კი საპყრობილეში გამოამწყვრია
მალე ტახტზე მისი ვაჟი, თეოფილე (829-842) ავიდა. მამასთან შედარებით განათლებულმა შვილმა გაანთავისუფლა მეთოდე, საპყრობილედან გამოსულმა მეთოდემ გაორმაგებულად დაიწყო ერეტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც იმპერატორი გარკვეული ხნის მანძილზე ითმენდა. მაგრამ ბოლოს გამხეცებულმა უსჯულომ საშინლად აწამა ნეტარი აღმსარებელი. დაუნდობლად სცემეს , სახეზე ჭრილობა დაუტოვეს. შემდეგ კუნძულ ატიგონზე გადაასახლეს და ორ ავაზაკთან ერთად ღრმა გამოქვაბულში გამოამწყვდიეს. ამ ბნელ მღვიმეში 7 წელი, იტანჯებოდა ნეტარი მამა.
მხოლოდ კეთილმსახური დედოფლის თეოდორას დროს გაანთავისუფლეს მეთოდე და სხვა მრავალი ქრისტიანი.
დედოფალმა განდევნა ერეტიკოსი პატრიარქი ანიუსი, მის ნაცვლად კი წმიდა მეთოდე აირჩიეს. ის ბევრს იღვწოდა ერეტიკოსთაგან დანგრეული ტაძრების აღსადგენად . წმინნდა მამამ პატრიარქ ნიკიფორეს ნეშთი კონსტანტინეპოლში გადაასვენა. ღირსი მეთოდეს ცხოვრების უკანასკნელმა წლებმა მშვიდად ჩაიარა.

ბოლოს 846 წელს, წმიდა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს..
ANA
წმიდა მოწამე შალვა ახალციხელის 17 (30) ივნისი




IPB-ს სურათი

წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი გამორჩეული მეომარი იყო და წმიდა თამარ მეფის (ხს. 1 მაისს) მხედრობაში. ერთგულებისა, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის დიდმა თამარ მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა. შამქორის გამარჯვების შემდეგ მან ხალიფას დროშა წამოიღო ნიშნად ქრისტიანობის უძლეველობისა და ხახულის ღვთისმშობელს შესწირა სხვა უამრავ ნადავლთან ერთად.
.
უანგარო მსახურებისათვის წმიდა შალვას მეფე თამარმა მანდატურთუხუცესობა უბოძა. მეფის ბრძანებით ბასიანის ბრძოლაში (1204 წ.) ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას მანდატურთუხუცესი შალვა წინამძღოლობდა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად.

წმიდა თამარის ასულის, რუსუდანის მეფობის დროს ჯალელედინი შემოიჭრა საქართველოში დიდძალი ლაშქრით. რუსუდანმა ქუდზე კაცი იხმო და საომრად შეკრებილ ქართველებს მთავრად მოხუცებული ივანა ათაბაგი დაუდგინა.

სოფელ გარნისთან ექვსი ათასი ქართველი დადგა ორასი ათასი მუსულმანის წინააღმდეგ. მოწინავე ლაშქრის მეთაურობა სიმამაცითა და სიმხნევით გამორჩეულ ძმებს, შალვა და ივანე ახალციხელებს დაევალა, ივანე ათაბაგი კი ძირითად ნაწილთან ერთად დარჩა გადამწყვეტი იერიშის მისატანად.

უშიშრად შეება თორ-ჯავახელების მცირერიცხოვანი ლაშქარი ურიცხვ მტერს, თავგანწირულად იბრძოდნენ ძმები, მაგრამ ამაოდ ელოდნენ მაშველ ჯარს, „არა ინება შველა ივანე ათაბაგმან, რომელსა შურითა იტყვიან ამას ყოფად და არა თუ შიშითა. ჰოი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი“, - წერს ჟამთააღმწერელი. დამარცხდნენ ქართველები, ოთხი ათასი ქართველი დაიღუპა ამ უთანასწორო ბრძოლაში, მოიკლა თვითონ ივანე ახალციხელი, ხოლო შალვა ტყვედ ჩაიგდეს და ჯალალედინს მიჰგვარეს.

გაიხარა ჯალალედინმა საქვეყნოდ განთქმული მეომრის ნახვით, პატივით მიიღო ქართველი მანდატურთუხუცესი, ქალაქებიც კი უბოძა სამმართველოდ და უფრო „დიდ ნიჭსაც“ დაჰპირდა რჯულის გამოცვლის სანაცვლოდ.

„ჭეშმარიტისა ღმრთისა უარყოფაჲ შეუძლებელ არს ჩემგან. დააცხრუე ჩემდა აღთქმანი ეგე არად საჴმარნი ჩემნი, რამეთუ სურვილმან საღმრთომან განმაწესა მე მჴედრად ქრისტესა“, - მხნედ უპასუხა წმიდანმა.

დიდხანს ცდილობდა ჯალალედინი უსჯულებისკენ მიედრიკა ზნესრული რაინდი და, როცა ვერას გახდა, მისი წამებით მოკვდინება ბრძანა. წამების ჟამს შალვა სიხარულით ამბობდა: „იხარებდ, ჰოი, შალვა, რამეთუ სამოსელსა თანა ხორცათა ძუელსა კაცსა აღიძარცჳ და ხრწნადთაგან სიმარჯუეთა განთავისუფლდები... დავითმინოთ, შალვა, სიკვდილი ქრისტესთვის, რომელიც „ერთგზის წინა-უძს ყოველსა კაცსა“.

მრავალი ტანჯვის შემდეგ ცოცხალ-მკვდარი მოწამე საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც „აღასრულა ჰსრბაჲ მარტჳლებითი და ესრეთ ქრისტემან ღმერთმან, განმაძლიერებელმან მისმან, მისცუალა თჳსთანა დიდი იგი გოდოლი კეთილმსახურებისა, მჴედარი თჳსი, გვირგვინოსანი გჳრგჳნითა სიმართლისათა“ (+1227).


http://www.orthodoxy.ge/tveni/ivnisi/17-sh...haltsikheli.htm
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ
ANA
წმიდა მოწამენი მანუელი, საბაილი და ისმაილი 17 (30) ივნისი

წმიდა მოწამენი საბაილი , მანუელი და ისმაილი ძმები იყვნენნ და სპარსელ დიდგვაროვანთა წრეს მიეკუთვნებოდნენ.
წარმართი მამისგან განსხვავებით, მათი დედა კეთილმსახური ქრისტიანი იყო. მან მონათლა და ქრისტიანულად აღზარდა შვილები. ძმები დავაჟკაცდნენ და სამხედრო სამსახურში ჩადგნენ.

სპარსეთის მეფემ, ალამუნდარმა ძმები იმპერატორ იულიანე განდგომილთან საზავო ხელშეკრულების დასადებად გაგზავნა.
იულიანემ დიდი პატივით მიიღო ძმები და მოსთხოვა კერპებისთვის შეეწირათ თავი. მაგრამ ძმებმა მტკიცე უარი განაცხადეს ამაზე. განრისხებულმა იმპერატორმა დაარღვია კანონი (რომელიც უცხო ქვეყნის დესპანების დაკავებას კრძალავდა) და ძმები ავაზაკებივით საპყრობილეში ჩაყარა.
დაკითხვაზე იულიანემ ძმებს უთხრა, თუ თქვენ წარმართულ ღვთაებებს პატივს არ მიაგებთ , ჩვენი ქვეყნები ვერასოდეს შეძლებენ დაზავებას .მაგრამ ძმებმა უპასუხეს, რომ ისინი მეფემ სახელმწიფო დავალებით გამოგზავნა და არა ღმერთებზე სასაუბროდ. როცა იმპერატორმა იხილა ძმების ასეთი რწმენის სიმტკიცე , მათი სასტიკი წამების განკარგულება გასცა. ძმებს თავები მოჰკვეთეს.
იულიანემ ბრძანა, დაეწვათ ძმების ნეშტი, მაგრამ უფალმა არ დაუშვა ეს , უეცრად ქვეყანა შეირყა, მიწა დასკდა და წმიდა ცხედრები თან ჩაიტანა. ქრისტიანთა გულმხურვალე ლოცვით დედამიწამ უკან ამოაბრუნა ნეტარი ძმების სხეულები, რომლებიც საოცარ კეთილსურნელებას აფრქვევდნენ.
ამ სასწაულის შემდეგ მრავალი წარმართი მოექცა , ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს წმინდანებისს უხრწნელი ნაწილები.

ეს მოხდა 362 წელს. ამის შემდეგ მათ საფლავთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.

მატი მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ იმპერატორი იულიანე სპარსეთთან საომრად გაემართა მაგრამ სისხლის ღვრას თავად შეეწირა..

30 წლის შემდეგ კეთილმსახურმა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა კონსტანტინოპოლში წმინდა მოწამეების მანუელის, საბაილისა და ისმაილის სახელობის ტაძარი ააგო.




წმიდა მოციქული იუდასი (ხორციელად ძმა უფლისა) ძვ 19 ახ 2 ივნისი


IPB-ს სურათი



წმიდა მოციქული იუდა, ათორმეტთაგანი, დავითისა და სოლომონის შტოდან აღმოცენდა - იგი მართალი იოსებ დამწინდველის ძე იყო პირველი ქორწინებიდან. სახარებაში, იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, იუდა სხვა სახელებითაც იხსენიება: ლებეოსი (მთ. 10,3); თადეოზი (მთ. 10,3; მკ. 3,18); ბარსაბა (საქმე, 15,22).

გადმოცემის თანახმად, როცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებ დამწინდველმა თავისი კუთვნილი მიწების დანაწილება დაიწყო ძმებს შორის, ისურვა, მარიამ ქალწულისგან შობილი ქრისტე მაცხოვრისთვისაც გამოეყო ნაწილი. ძმები წინ აღუდგნენ მამის განზრახვას, რადგან, როგორც იოანე ღვთისმეტყველი წერს, „არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“ (ინ. 7,5). მხოლოდ უფროსმა მათგანმა - იაკობმა მიიღო იგი თავისი მამულის თანამფლობლად. მოგვიანებით იუდამ ირწმუნა ქრისტე აღთქმულ მესიად, წრფელი გულით შეუდგა მას და მაცხოვრის ათორმეტ უახლოეს მოწაფეს შორის იქნა შერაცხილი, მაგრამ თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა - თავისსავე კათოლიკე ეპისტოლეში იგი მხოლოდ იაკობის ძმად იხსენიება.

იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქული იუდა სახარების საქადაგებლად გაემგზავრა. იგი ჯერ იუდეაში, გალილეაში, სამარიასა და იდუმეაში ავრცელებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შემდეგ არაბეთის, სირიისა და მესოპოტამიის ქვეყნებში მოგზაურობდა, ბოლოს კი ქალაქ ეფესოში ჩავიდა, სადაც სამოცდათთაგანი მოციქულის, თადეოზის მიერ დაწყებული საქმე დაასრულა. შემონახულია ცნობა იმის შესახებ, რომ იუდას სპარსეთშიც უქადაგია ქრისტიანობა და იქვე დაუწერია თავისი კათოლიკე ეპისტოლე ბერძნულ ენაზე. წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა სომხეთის ქალაქ არათში. უსჯულოებმა იგი ჯვარზე გააკრეს და ისრებით განგმირეს.

http://www.orthodoxy.ge/tveni/ivnisi/19-iuda.htm
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
animani
წმიდანი უვერცხლონი მკურნალნი კოზმა და დამიანე, რომელნი იყვნენ ასიით და

დედა მათი ღირსი თეოდოტია (III)

1 (14) ნოემბერი



IPB-ს სურათი


წმიდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ, ისინი ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. მათი დედა, მართლმორწმუნე ქრისტიანი თეოდოტია ადრე დაქვრივდა. კეთილმსახურებით აღზრდილი ძმები საოცარი ქველმოქმედებით გამოირჩეოდნენ. მოყვასთათვის კიდევ უფრო მეტი სარგებელი რომ მოეტანათ, ისინი მკურნალობის ხელოვნების დაუფლებას შეუდგნენ: ბალახებისა და მცენარეების სამკურნალო თვისებებს ეძიებდნენ და მალე საქმეში ღრმად ჩახედული ექიმები გახდნენ. უფალმა აკურთხა თავისი რჩეულები და ლოცვის ძალით სულიერი და ხორციელი ავადმყოფობების კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანები მკურნალობდნენ არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც და გაწეული დახმარებისთვის არანაირ საზღაურს არ ღებულობდნენ. ხალხმა მათ უვერცხლონი შეარქვა.

ერთხელ წმიდა მკურნალებს უხმეს მძიმედ დასნეულებულ დედაკაცთან, პალადიასთან, რომლის მკურნალობაზეც, სნეულის მძიმე მდგომარეობის გამო, ყველა ექიმმა უარი განაცხადა. პალადიას სარწმუნოებითა და ნეტარი ძმების მხურვალე ლოცვით უფალმა სულთმობრძავი განკურნა.

მადლიერებით აღსავსე ქალი მივიდა დამიანესთან, სამი კვერცხი გაუწოდა და უთხრა: „მიიღე ეს მცირედი საბოძვარი ყოვლადწმიდა სამების - მამის, ძის და სულიწმიდის სახელით“. წმიდა სამების სახელი რომ ესმა, უვეცხლომ უარის თქმა ვერ გაბედა.

კოზმა ძალიან დაღონდა - მან ჩათვალა, რომ დამიანემ დაარღვია მათი მკაცრი აღთქმა და სიკვდილის წინ დაიბარა, იგი მის გვერდით არ დაეკრძალათ. მალე დამიანეც გარდაიცვალა. ყველანი გაუგებრობაში აღმოჩნდნენ - ვერ გადაეწყვიტათ, სად დაეკრძალათ წმიდა მკურნალი. მაშინ, ღვთის ნებით, სასწაული აღესრულა: ხალხის წინაშე უვერცხლო მკურნალების მიერ ოდესღაც ცოფისგან განკურნებული აქლემი წარდგა, ადამიანური ხმით ალაპარაკდა და ყველას ამცნო, დამიანე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაეკრძალათ კოზმას გვერდით, რადგან მას ანგარებით კი არ მიუღია ძღვენი დედაკაცისაგან, არამედ უფლის სახელით. ნეტარი ძმების წმიდა ნეშტი ერთად დაკრძალეს ფერემანში (მესოპოტამია).

წმიდანი უვეცხლონი სიკვდილის შემდეგაც მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ. ფერემანში, კოზმასა და დამიანეს სახელობის ტაძრის მახლობლად მცხოვრებმა ქრისტიანმა კაცმა, მალქოზმა შორეული მგზავრობის წინ მისი ახალგაზრდა მეუღლე წმიდა ძმებს შეავედრა და მათ ზეციურ მფარველობას მიანდო. მალქოზის ერთი ახლობელი კაცი რამდენიმე ხნის შემდეგ ქალთან სახლში მივიდა და უთხრა, შენმა ქმარმა გამომგზავნა, რომ მასთან მიგიყვანოო. მალქოზის მეუღლე ენდო სტუმარს და გაჰყვა, კაცმა კი იგი უდაბურ ადგილას გაიყვანა და შეეცადა, ჯერ ძალა ეხმარა მასზე, შემდეგ კი მოეკლა. უეცრად საიდანღაც ორი ჭაბუკი გამოჩნდა. მზაკვარმა კაცმა გაქცევა სცადა, მაგრამ ხრამში გადაიჩეხა. ჭაბუკებმა მალქოზის ცოლი შინ დააბრუნეს. სასწაულებრივ გადარჩენილმა ქალმა სახლის ზღურბლთან მათ მდაბალი მადლი უძღვნა და ჰკითხა: „რა გქვიათ, ჩემო მხსნელებო, ვის ვუმადლოდე სიცოცხლეს?“ „ჩვენ ქრისტეს მონები კოზმა და დამიანე ვართ“, - უპასუხეს ჭაბუკებმა და გაუჩინარდნენ. შეძრწუნებულმა და გახარებულმა ქალმა ყველას მოუთხრო, რაც თავს გადახდა, ღვთისადმი მადლიერებით აღსავსემ, აცრემლებულმა, კოზმასა და დამიანეს ხატს მიმართა და სამადლობელი ლოცვა აღავლინა გადარჩენისთვის. ამ დღიდან მოყოლებული, წმიდა უვეცხლო მკურნალ ძმებს თაყვანს სცემენ, როგორც ქრისტიანული ოჯახის სიწმიდისა და სიმტკიცის მფარველებს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ
ANA
ილია ჭავჭავაძე

IPB-ს სურათი



ილია ჭავჭავაძე დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. მისი მშობლები თავადები იყვნენ. მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე დიდად განათლებული პიროვნება გახლდათ, დედა – მარიამ ბებურიშვილი კი ქართული ლიტერატურის მცოდნე ყოფილა, მას სულ ზეპირად სცოდნია თითქმის ყველა ლექსი და რომანი. დედა შვილებსაც უნერგავდა მშობლიური ლიტერატურის სიყვარულს. ილიას პატარა იყო მშობლები რომ გარდაეცვალა. დაობლებული ილია და მისი და-ძმები მამიდა მაკრინემ წაიყვანა აღსაზრდელად. ილია რომ წამოიზარდა, ჯერ კერძო პანსიონში, შემდეგ კი თბილისის ვაჟთა გინმაზიაში მიაბარეს სასწავლებლად, რომელიც მან წარმატებით დაამთავრა. ადრე საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები არ იყო და ამიტომ, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდოდა, რუსეთში უნდა წასულიყო. ილიაც დაადგა შორეულ გზას რუსეთისაკენ. სწორედ ამ დროს დაიწერა მისი ერთ-ერთი ცნობილი ლექსი „ყვარლის მთებს“, რომლითაც ილია ემშვიდობებოდა თავის სამშობლოს მთელი ოთხი წლით.

ყვარლის მთებს

სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,
მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:
თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,
თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!
მახსოვს, ყრმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა,
როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკალს, ჟრჟოლასა...
იგი არ იყო შიშის ჟრჟოლა, შიშის კანკალი,
იგი არ იყო ძვრა გულისა, ფრთხალი და მხდალი.
მე თრთოლვით ვსჭვრეტდი ლაჟვარდ ცაზედ თქვენსა სიმაღლეს
და შევნატროდი ყმაწვილურად თქვენს ზემო მხარეს;
სადაც ღრუბელნი ვერ ჰბედავენ შიშით სრბოლასა,
სადაც ისმენდით ამაყადა გრიგალთ ქროლასა,
სადაც წეროთა ქარავანი, ცას დაღუპული,
თქვენ თავთან იყო თითქმის ძლივ-ძლივ გასწორებული, -
იქ მე ვნატრობდი, ყმაწვილ ტრფობის სიმარტივითა,
ფრენას და ტანტალს თქვენს საშინელ გრიგალივითა.
ვნატრობდი ხოლმე, რომ ვეხვიო სუბუქსა ქარსა
ან თავისუფალ არწივისა ძლიერსა ფრთასა,
რომ აღმოვფრინდე და შევეხო თქვენს ამაყ თავსა.
როცა ჰღმუოდნენ ხევში მძვიფრნი სასტიკნი ქარნი,
ვით ას მრისხანე დაჭრილ ლომთა საშიშნი ხმანი, -
ვითა ფოთოლი, ისე ვთრთოდი, ვუგდებდი რა ყურს,
იმ ხმებში ვგრძნობდი მე რაღაცას ნაცნობს, მშობლიურს.
თუ მაშინ ყრმისთვის უცხო იყო თავმომწონება,
აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება
თქვენს შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,
გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად გაზრდილი,
როს ყმაწვილური მრისხანება ჩემს ყმაწვილურს გულს
სჩაგრავდა ხოლმე, თქვენს წინ ვღვრიდი მე ცრემლთ ნაკადულს,
თქვენ შეგჩიოდით, შეგტიროდით, თუმც კი იმ ჩემს ცრემლს,
როგორცა ეხლა, ისე მაშინ არ სცემდით ნუგეშს...
და ეს აჩრდილნი საოცნებელთ წარსულთა წამთა
ჩემს სიკვდილამდე მემარხება გულშია ღრმათა!..

რარიგ მიყვარდით, მეგობარნო ჩემს ყმაწვილ ყრმობის,
და აწ მაშორებს თქვენთან ვალი ამ წუთის-სოფლის,
მომავლის ბედი გაყრას ითხოვს ჩემგან მსხვერპლადა,
და რას მომთხოვდა უარესსა დასასჯელადა?!
ყოვლი ნაბიჯი ჩემის ცხენის თქვენთან მაშორებს,
ყოვლი წუთი გკარგავს თქვენა და მეც მაობლებს...
აგერ თქვენც ჰქრებით თანდათანა... თქვენსა მწვერვალსა
ძლივს ვარჩევ... წუთიც!.. მხოლოდღა ვჭვრეტ ციაგსა ცასა,
ამაოდ ვებრძვი მანძილსა და ჰაერის სისქეს
და მოუსვენრად ვატანტალებ მწუხარს თვალსა ჩემს!..
თქვენი მწვერვალნი აღარ სჩანან და მშვენივრად ცას
აღარ უმკობენ ერთნაირსა ციაგს კამარას!..

მშვიდობით, ჩემნო, თვალში ცრემლით განებებთ თავსა...
უცხოეთიდამ კვლავ მოგაწვდენთ ჩემს გულს და თვალსა;
კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდამ თქვენ ჩემი სული,
და დამიწყებსცა სიყვარულით ფეთქვასა გული.



სწავლის დასრულების შემდეგ ილია სამშობლოში დაბრუნდა. მას ძალიან ბევრი რამის გაკეთება სურდა. საქართველო იმ დროს მეტად მძიმე მდგომარეობაში იყო: რუსეთის იმპერიას უკვე დიდი ხანია გაეუქმებინა მეფობა, აღარც ეკლესია იყო დამოუკიდებელი, წირვა-ლოცვა რუსულად ტარდებოდა, არ არსებობდა ქართული სკოლები. იმ სკოლებში კი, რომლებიც მაშინ საქართველოში იყო, მხოლოდ რუსულად ასწავლიდნენ. ბევრმა ადამიანმა წერა-კითხვა არ იცოდა.

ილიამ და მისმა მეგობრებმა დააარსეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიდა ხალხს წერა-კითხვას, ურიგებდა წიგნებს. ილია ჭავჭავაძის მონდომებით დაარსდა ასევე ქართული ჟურნალი, რომელსაც „საქართველოს მოამბე“ ერქვა, მასში გამოჩენილი ქართველი მწერლების ლექსები, მოთხრობები, პოემები, წერილები იბეჭდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ილიას დანიშვნა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ, ეს ბანკი ილიამ ეროვნულ ბანკად აქცია, რომელიც უდიდეს ფულად დახმარებას უწევდა საქართველოს ყველა ძირითად საზოგადოებრივ-კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

იმდროინდელ საქართველოში რუსი ჩინოვნიკები ქართულად ლაპარაკსაც კი სირცხვილად თვლიდნენ. და ამ ფონზე ილიამ დააარსა ქართული თეატრი, სადაც იდგმებოდა პიესები ქართულად ქვეყნისათვის საჭირბოროტო თემებზე. ასევე გაიხსნა ქართული გიმნაზია და წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა.

ამ მრავალმხრივ საქმიანობასთან ერთად ილია არ ივიწყებდა მწერლობას. მან დაგვიტოვა უამრავი ლექსი, პოემები, მოთხრობები, წერილები, რომელთა ერთადერთი ტკივილი და საზრუნავი საქართველო და მისი მომავალი იყო, მათში ილიამ დაგვისახა გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი სამშობლო ძლიერი, თავისუფალი და გაბრწყინებული იყოს. მაგრამ საქართველოს მხოლოდ მოყვრები როდი ჰყავდა. საქართველოს ფარული თუ აშკარა მტრები ილია ჭავჭავაძესაც მტრობდნენ.

IPB-ს სურათი

ერთხელ, როდესაც ილია თავის მეუღლესთან – ოლღასთან ერთად ეტლით თბილისიდან საგურამოში მიემგზავრებოდა წიწამურთან დახვდნენ შეიარაღებული პირები და თოფები დაუმიზნეს . ილია ფეხზე წამოდგა და დაუძახა: _„რას სჩადითი ილია ვარო“ :_ „ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა მოგკლათო“ - უპასუხეს ჯალათებმა და სროლა აუტეხეს ილია და მისი მოურავი იქვე გარდაიცვალნენ, ხოლო ოლღა მძიმედ დაიჭრა.

ეს საშინელი ამბავი ელვასავით მოედო მთელს საქართველოს. გლოვითა და ტირილით აივსო სახლები. „საქართველო დაობლდაო“, ასე შეაფასეს ქართველებმა ილიას სიკვდილი. ილიას მთაწმინდაზე პანთეონში დაკრძალეს. რამოდენიმე წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა და უწოდა წმინდა ილია მართალი.


IPB-ს სურათი

________________________________________________________________________________
_________




წმიდა სალომე ქართველი ( სპარსთაგან წამებული )

IPB-ს სურათი

„ამასვე დღესა (20 ივლისი) წამებაჲ სალომე ქართველისაჲ, რომელი პირველ შესცთა სპარსთა მიერ და ქრისტე უარყო. მაგრამ შემდგომ კუალად აღიარა სარწმუნოება ქრისტესი და ეწამა ქრისტესთვის მას თავი წარეკუეთეს

მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის „მიმოსლვაში“ აღნიშნავს, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში წამებულა წმ. სალომე. როგორც ჩანს, სალომე ქართველი იყო იერუსალიმის დედათა სავანეში მოღვაწე ქალი
ANA
მართალი ანასი - დედა მარიამ ღვთისმშობლისა


IPB-ს სურათი

წმ. ანა მღვდელმსახურის ნათანის და მისი მეუღლის მარიამის ასული იყო. წმ ანა იყო ლევიტელთა ტომიდან ( აარონის მოდგმიდან)

გადმოცემის თანახმად, წმ ანა მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში, 79 წლის ასაკში. ყოვლადწმიდა ქალწულის მარიამის ხარებამდე.

მოგვიანებით მისი ნეშტი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.
m.g.giorgi
IPB-ს სურათი

წმიდა დიდმოწამე მარინე (IV)
17 (30) ივლისი


წმიდა დიდმოწამე მარინე პასიდიის ანტიოქიაში მცხოვრები წარმართი ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედით ადრეულ სიყმაწვილეშივე დაობლებულ შვილზე ზრუნვა მამამ ძიძას მიანდო. კეთილმსახურმა გამდელმა ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა ნეტარი.

ამასობაში იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. მართლმორწმუნეთა დასასჯელად ანტიოქიაში მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და ვინაობა და წარმომავლობა ჰკითხა. სათნო ქალწული თავმდაბლად პასუხობდა შეკითხვებზე, არ დაუმალავს ისიც, რომ ქრისტიანი იყო, ემზადებოდა ნათლობისათვის და ქრისტესთვის აპირებდა ცხოვრების მიძღვნას. ეს რომ შეიტყო, ოლიმბრმა თანმხლებ მეომრებს მისი შეპყრობა და ქალაქისკენ გაყოლიება უბრძანა, თან ფრთხილად ეპყრობოდა ასულს, იმედი ჰქონდა, რომ დაიყოლიებდა რწმენის უარყოფაზე და ცოლადაც შეირთავდა.მეორე დღეს წმიდანი სამსჯავროზე წარადგინეს. ეპარქმა ურჩია, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ვერც პირფერობამ გაჭრა და ვერც მუქარამ.

საპყრობილეში გამომწყვდეული ქალწული დაუდუმებლად ლოცულობდა და მაცხოვარმაც წყალობის თვალით მოხედა თავის მსასოებელს: ღამით მარტვილის თავს ზემოთ მანათობელი ჯვარი გაბრწყინდა, ჯვარს თეთრი მტრედიც დაადგა და ზეგარდმო გაისმა: „გიხაროდენ, მარინე, ქრისტეს გონიერო მტრედო! რამეთუ დათრგუნე მხდომის სივერაგე; გიხაროდენ, რამეთუ მალე ბრძენ ქალწულთა თანა ღირს იქმნები შესვლად ქორწილსა შინა სიძისა შენისასა, უკვდავისა მეუფისა ზეცათასა!“ მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულმა მოწამემ იგრძნო, რომ წყლულებიც უმთელდებოდა, გული სიხარულით აევსო, ადიდა უფალი და მეორე დღეს სულით და ხორცით ახოვანქმნილი წარდგა მსაჯულის წინაშე.

მომხდარი სასწაული ეპარქმა კერპებს მიაწერა და მარინეს კვლავ მათი თაყვანისცემა მოსთხოვა, მაგრამ ნეტარმა აღმსარებელმა ისევ და ისევ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა. უღმრთოებმა ახალ-ახალი სატანჯველები დაატეხეს წმიდანს, ბოლოს კი წყლით სავსე უზარმაზარ კოდში ჩააგდეს. დასახრჩობად განწირული მარინე ღვთაებრივმა ნათელმა გააცისკროვნა, საკვრელები თავისით შეეხსნა და, კვლავ ცოცხალი დარჩა. საკვირველმა სახილველმა განცვიფრებაში მოიყვანა ხალხი. ბევრმა ირწმუნა და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი, ეპარქი კი გააფთრდა და ბრძანა, ამოეჟლიტათ ყველა, ვინც ქრისტეს აღიარებდა. მაშინ ათასხუთასი ქრისტიანი ეწამა. წმიდა მარინეს თავი მოჰკვეთეს.

ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინოპოლის აღებამდე წმიდა მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში იმყოფებოდა. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში დაცულია დიდმოწამის პატიოსანი მკლავი; მეორე მკლავი კი საქართველოში ინახება.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.


წყარო:orthodoxy.ge




წმინდა დიდმოწამე მარინეს
ტროპარი

ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.


კონდაკი


ქალწულებისა სიკეთითა განშვენებულმან, ქალწულო, და წამებისა ღვაწლითა გვირგვინოსანმან, მარინე, სისხლითა ღვაწლთათა სხურებულმან, და კურნებათა საკვირველებითა განბრწყინვებულმან, კეთილ-მსახურებით მიითვალენ, მოწამეო, ძლევისა ნიჭნი ღვაწლთა შენისათანი.


წყარო:children.wanex.net


IPB-ს სურათი

წმინდა მარინემ ბერძნების ოჯახს ბავშვი გადაურჩინა


ჭეშმარიტი მორწმუნისათვის, ვინც წმინდანების მეოხებით ღმერთს შეწევნას ევედრება, ჩვეულებრივი მიწიერი მოვლენაა მიწიერ და ზეციურ ეკლესიებს შორის უშუალო კავშირი. ამ ორიოდე წლის წინ, ვასილიუსების ოჯახი კვიპროსიდან, მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. მათ ლეიკოზით დაავადებული მცირეწლოვანი ანდრიასათვის ზურგის ტვინის გადანერგვისათვის საჭირო დონორი ესაჭიროებოდათ. ინფორმაცია ტელევიზიით გადაიცა, დონორი გამოჩნდა და ოჯახი აშშ-ში გასამგზავრებლად მოემზადა, რადგან სწორედ იქ უნდა ჩატარებულიყო ურთულესი ოპერაცია.

თუ როგორ ევედრებოდა უფალ იესო ქრისტეს შვილის გადარჩენას ვასილიუს ოჯახი, სატელევიზიო სიუჟეტშიც ჩანდა. გამგზავრებამდე კი მათ წმიდა მარინეს სასწაულების შესახებ შეიტყვეს და გადაწყვიტეს, მისი სახელობის მონასტრიდან ლოცვა-კურთხევა აეღოთ. ისინი, კუნძულ ანდროსზე მდებარე, წმ. მარინეს სახელობის მონასტრის იღუმენს - არქიმანდრიტ კვიპრიანეს ტელეფონით ესაუბრნენ. არქიმანდრიტი შეჰპირდა, რომ მათთვის ილოცებდა და უსურვა, რომ ოპერაციის დროს წმიდა მარინე ყოფილიყო მათი ბავშვის შემწე. მართლაც, მამა კვიპრიანეს ლოცვითა და წმიდა მარინესადმი უსაზღვრო რწმენით მშობლები პატარა ანდრიასთან ერთად აშშ-ში გაემგზავრნენ.

შესაბამისი წინასაოპერაციო გამოკვლევისა და მომზადების შემდეგ, პატარა ანდრია ურთულეს ოპერაციაზე შეიყვანეს. ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ქირურგთან ერთი ქალი მივიდა და განუცხადა, რომ იგი პატარა პაციენტის პირადი ექიმია და ოპერაციაზე დასწრება სურს. საუბარში ქალმა ისეთი სამედიცინო ცოდნა გამოამჟღავნა, რომ ქირურგს მასში ეჭვიც არ შეპარვია, თუმცა აუხსნა, რომ ასეთ რთულ ოპერაციაზე უცხო ექიმის დასწრება დაუშვებელია და მათი საოპერაციო ბრიგადის პრაქტიკაში მსგავსი რამ არც მომხდარა. თუმცა ქალის დაჟინებულმა თხოვნამ ქირურგს აზრი შეაცვლევინა. ოპერაციაზე შესვლამდე მან ქალი მდივანთან გაგზავნა, სადაც მას თავისი მონაცემები უნდა ჩაეწერა.

უცნობი ექიმი ქალი არა მარტო დაესწრო, არამედ ენერგიულად ჩაერთო პატარა ანდრიას ოპერაციის მსვლელობაში და მას რამდენჯერმე ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულება მისცა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ქირურგმა უცნობ ექიმ ქალს მადლობა გადაუხადა და საოპერაციოდან გამოვიდა. პატარა ანდრიას მშობლებმა როგორც კი ქირურგი დაინახეს, ოპერაციის შედეგის გასაგებად მიეჭრნენ: „ყველაფერმა ძალზე კარგად ჩაიარა“, - უთხრა მათ ქირურგმა და დაამატა: „თუმცა ვერ გამიგია, რატომ მომმართეთ მე, თუკი ბავშვებისათვის ასეთი ექიმი გყავდათ?“. გაოცებულმა მშობლებმა თქვეს, რომ არავითარი ექიმი არ ჩამოჰყოლიათ და ასეთ ვინმეს არც კი იცნობენ. მაშინ, ქირურგმა ურჩია, რომ ცოტაც მოეთმინათ, ვიდრე უცნობი ექიმი სხვებთან ერთად საოპერაციოდან გამოვიდოდა... ამაოდ უცდიდნენ და ამაოდ ეძებდნენ ყველგან უცნობ ექიმ ქალს - იგი გაუჩინარდა. პატარა ანდრიას მშობლებმა ბოლოს ივარაუდეს, რომ რომელიმე ექიმს საბერძნეთიდან ან კვიპროსიდან, მათი თანადგომისათვის, ოპერაციაზე დასასწრებად აშშ-ში ჩამოვიდა. ისინი მდივანთან მივიდნენ, რათა ამ უცნობი ექიმის მისამართი მაინც გაეგოთ და მადლობა მოგვიანებით გადაეხადათ. ყველასათვის გასაოცრად უცნობ ექიმ ქალს ჟურნალში თავისი სახელი - მარინე ანდროსიდან ჩაეწერა. ბავშვის მშობლები საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ, კარგა ხანს გაოგნებულები იდგნენ. მათი თვალები სიხარულისა და წმიდა მარინესადმი მადლიერების ცრემლებით აივსო. მაშინ გაიხსენეს მონასტრის იღუმენის სიტყვები: „წადით ამერიკაში, დაე, წმიდა მარინე გყავდეთ შემწე საოპერაციოში“.

უსაზღვრო სიხარულითა და მადლიერებით აუწყა ვასილიუსთა ოჯახმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს პატარა ანდრიას გამოჯანმრთელებისა და ნამდვილი სასწაულის შესახებ. ამ ამბის შემდეგ ოჯახმა აღთქმა დადო, რომ კუნძულ ანდროსზე, წმიდა მარინეს მონასტერში, ყოველწლიურად დასწრებოდნენ ამ სასწაულმოქმედი დიდმოწამის დღესასწაულს.

ღვთის მადლით, მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის მრავლად აღესრულება წმინდანთა სასწაულები, რომელთა მეშვეობით, ყოვლადმოწყალე უფალი იესო ქრისტე, თითოეული ჩვენგანის რწმენაში განმტკიცებას ცდილობს.

გაზეთი „სტილოს ორთქოდოქსიას“
ახალბერძნულიდან თარგმნა ზურაბ ალასანიამ

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 6, 2006 წ.


წყარო:orthodoxy.ge
ANA
IPB-ს სურათი


დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი (+305)
27 (09.08) ივლისი


დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში დიდებული და გავლენიანი წარმართის, „მეფის თანამეინახის“, ევსტორგიოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის, ევბულას ოჯახში. ახალშობილს პანტელეონი - „ყოვლად ლომი“ დაარქვეს. დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა შვილს, ადრე გარდაიცვალა, ხოლო მამამ წარმართული სარწმუნოების ერთგულება ჩაუნერგა ყრმას, „განსწავლა იგი სიბრძნესა და მწიგნობრობასა“, შემდეგ კი სამკურნალო ხელოვნებაში დასაოსტატებლად მიაბარა ეფროსინეს - მკურნალთა მთავარს, რომელიც „ჰკურნებნ მეფესა და ყოველსა ერსა პალატისა მისისასა“.

გულისხმიერებით, სიკეთითა და მშვენიერებით გამორჩეული ჭაბუკი მასწავლებელს ყოველთვის თან დაჰყავდა ხოლმე სასახლეში. აქ იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) შენიშნა იგი, მოიხიბლა და ეფროსინეს უბრძანა, სწრაფად განესწავლა ნეტარი, რადგან მისი პირად მკურნალად დადგენა ჰქონდა გადაწყვეტილი. მოძღვართან მიმავალ პანტელეონს გზად ერთი პატარა სახლის წინ უნდა ჩაევლო, რომელშიც წმიდა ხუცესნი: ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე (ხს. 26 ივლისს) ცხოვრობდნენ. ერმოლაოზმა სულით იგრძნო, რომ ეს ჭაბუკი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა. ერთ დღეს შინ შეიპატიჟა და გაესაუბრა. როცა გაიგო, რომ იგი წარმართულ მოძღვრებებს ეუფლებოდა გულმოდგინებით, პატიოსანმა მამამ უთხრა: „შვილო ჩემო, ასკლიბიოს და ბაგრატ და გალიანოს არარანი იყვნენ, რამეთუ მსახურებდეს ამაოებასა; და ღმერთნიც, რომელთა ჰმონებდეს მეფ ჱ თქუენი, არარანი არიან“, შემდეგ კი ჭეშმარიტი სარწმუნოება უქადაგა. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა: პანტელეონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამიერიდან იგი ყოველდღე დადიოდა ერმოლაოზ ხუცესთან და სახარების სწავლებას ეწაფებოდა.

ერთ დღეს შინ მიმავალი პანტელეონი წააწყდა მკვდარ ბავშვს, რომელიც ასპიტს დაეგესლა და თვითონაც იქვე გაწოლილიყო. თავდაპირველად ჭაბუკი შეძრწუნდა, „განცუიბრდა და მცირედ განდგა კიდე“, შემდეგ კი გადაწყვიტა, დარწმუნებულიყო ერმოლაოზის სიტყვების ჭეშმარიტებაში, თვალები ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა: „ჰოჲ, უფალო იესუ ქრისტე, უკუეთუ სათნო-გიჩს, რაჲთა ვიყო მსახურ შენდა და ღირს წოდებისა შენისა, აღდეგინ აწ უკუე ყრმაჲ ესე სახელითა შენითა!“ ამ სიტყვებზე ყრმა, თითქოს ძილისგან გამოფხიზლდაო, ფეხზე წამოდგა, გველი კი განსკდა და მოკვდა. „მაშინ პანტელეონ შეიწყნარა მადლი სარწმუნოებისაჲ“, მადლობა შესწირა ღმერთს, მყისვე გაეშურა ერმოლაოზისკენ, მის წინაშე მუხლებზე დაეცა და სთხოვა, მოენათლა. წმიდა ხუცესმაც ნათელსცა ნეტარს.

ამის შემდეგ პანტელეონმა მადლმოსილი სიტყვითა და მახვილგონივრული შეკითხვებით წარმართული ღვთაებების რწმენა შეურყია მშობელს. მას შემდეგ კი, რაც მან მაცხოვრის სახელის მოხმობით თვალი აუხილა ბრმას, რომელსაც ქალაქის ყველაზე დახელოვნებულმა ექიმებმაც კი ვერაფერი უშველეს, ევსტორგიოსმა საკუთარი ხელით შემუსრა ცრუღმერთების ქანდაკები, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა.

მამის სიკვდილის შემდეგ წმიდანმა მონები გაათავისუფლა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი გლახაკებს დაუნაწილა. იგი დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშს სცემდა პატიმრებს, სნეულებს ჰმსახურებდა „ხელითა თვისითა“, ქრისტეს სახელით კურნავდა, თან ნივთიერადაც შეეწეოდა. ქალაქის მკვიდრნი სხვა ექიმებს ტოვებდნენ და პანტელეონისკენ ისწრაფოდნენ. ისიც, ღვთის მადლით, მრავალ სასწაულს აღასრულებდა. „შეიშურეს მკურნალთა სხუათა საქმეჲ იგი მისი“ და მიზეზს ეძიებდნენ ნეტარის დასაღუპავად. ბოლოს, დაბოღმილებმა, მაქსიმიანეს აუწყეს, შენი რჩეული „ჰკურნებს... მათ, რომელნი ღმერთთა აგინებენ და მისცემს საზრდელს და განდგომილ არს იგი მსახურებისაგან ღმერთთაჲსა“, და თუ დროზე არ წარწყმედ მას, კიდევ ბევრს გარდააქცევს მამა-პაპათა სჯულიდანო. მეფემ მოაყვანინა პანტელეონი და ბრალდების გაქარწყლება მოსთხოვა, წმიდანმა კი ახოვნად აღიარა თავისი სარწმუნოება და თვითმპყრობელის თვალწინ ქრისტეს სახელის მოხმობით განრღვეული განკურნა. განრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ ვერც მუქარამ, ვერც ლიქნამ ვერ მოდრიკა ნეტარი. მაშინ იგი საშინლად აწამეს: ხეზე დაჰკიდეს, რკინის სამთითებით „ხუეტეს“ და „დაბძარეს“ ხორცი მისი, ანთებული ლამპრებით დაუდაღეს სხეული, ადუღებულ ტყვიაში ჩააგდეს, ყელზე ლოდგამობმული ზღვაში მოისროლეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, დიდი ურმის თვალზე დააკრეს და მაღლიდან დააქანეს, რომ ნაკუწ-ნაკუწ დაჭრილიყო, მაგრამ უფლის გამოცხადებით გამხნევებული მოწამე უფლისავე ძალით სრულიად უვნებელი გამოვიდა სატანჯველებიდან. ამის შემდეგ სამსჯავროს წინაშე წარადგინეს წმიდანის მოძღვარი - ერმოლაოზი, მასთან ერთად ხუცესნი: ერმიპე და ერმოკრატე და ჭეშმარიტების აღსარებისთვის სიკვდილით დასაჯეს (იხ. 26 ივლისის საკითხავი), პანტელეონს კი უთხრეს: „აჰა, ეგერა, მოძღუართა შენთა აღიარეს ღმერთთა უფლებაჲ“, უზორეს მათ და ახლა სასახლეში პატივით იმყოფებიანო. ქრისტეს მარტვილმა მიუგო: კარგად ვუწყი, რომ „წმიდანი იგი ზეცას არიან მკუიდრ ქალაქსა ქრისტჱსსა“.

გონდაკარგულმა მაქსიმიანემ კვლავ „ტანჯა იგი სატანჯველითა მრავლითა“, შემდეგ კი მსახურებს მისი მოკვდინება და ცეცხლში დაწვა უბრძანა. ჯალათებმა ქალაქიდან გაიყვანეს ნეტარი, მიიყვანეს „ადგილსა მას, სადა-იგი სათნო-უჩნდა უფალსა აღსრულებაჲ წმიდისაჲ მის“ და ზეთისხილის ხეებქვეშ დააყენეს. ერთმა მხედარმა მახვილი ჩასცა უფლის სათნომყოფელს, მაგრამ ბასრი იარაღი ცვილივით გაიღუნა, წმიდანს კი „არარაჲ ევნო“. სასწაულით შეძრულმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მარტვილს სთხოვეს, უფლისგან ცოდვათა მიტევება გამოეთხოვა მათთვის. ლოცვის პასუხად ზეციურმა ხმამ სასუფევლისკენ მოუწოდა ნეტარს და ამცნო, „ამიერითგან არღარა გეწოდოს შენ სახელი პანტელეონ, არამედ პანტელეიმონ იყოს სახელი შენი, რომელ არს: ყოველთა მოწყალეთაჲ, რამეთუ იყავ ყოველთა კაცთა მოწყალე, და შენ იყავ ნავთ-საყუდელ მყუდრო, რომელნი მოივლტოდიან შენდა, და ჭირვეულთა შემწე და განწირულთა ჴელის ამპყრობელ და ბოროტთა სულთა განმდევნელ“.

ჯალათებმა უარი განაცხადეს სასჯელის აღსრულებაზე, ქრისტეს მარტვილმა კი მიუგო: „უკუეთუ თქუენ არა ჰყოთ ესე, არა გაქუს ჩემ თანა ნაწილი“. მაშინ მხედრებმა კრძალვით ამბორს-უყვეს ნეტარს, „და ესრეთ მოჰკუეთეს თავი მისი“. წმიდანის ცხედარი თოვლივით განსპეტაკდა, ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, ზეთისხილის ხეები კი ნაყოფებით დაიხუნძლა. ამ სასწაულის მრავალმა მხილველმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტიანებმა იგი პატივით მიაბარეს მიწას (+305). უფლის რჩეულის სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ მისი მსახურები: ლავრენტი, ვასოჲ და პროვიანე. სწორედ მათ შემოგვინახეს ცნობები პანტელეიმონის ცხოვრებისა და მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ.

დიდმოწამის უხრწნელი ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროშია მიმოფანტული. მისი პატიოსანი თავი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში ინახება.


http://www.orthodoxy.ge/tveni/ivlisi/27-panteleimoni.htm
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001
lingvo
გზა ნიცშეს ზეკაციდან ღმერთამდე

მღვდელმონაზონ სერაფიმ როუზის ცხოვრება და მოღვაწეობა


IPB-ს სურათი


ზოგიერთი ქართველი ქრისტიანისათვის არსებობს სტერეოტიპი, თითქოს მართლმადიდებლობა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის რელიგიაა და ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყნებშია გავრცელებული. თუმცა, თუნდაც ისეთ „არამართლმადიდებელ“ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, იყვნენ და დღესაც მოღვაწეობენ ისეთი სულიერების მქონე მოძღვრები, როგორიც იყო მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი.

მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში მამა სერაფიმმა სახელი საკუთარი წიგნებით გაითქვა, რომლის წაკითხვის შემდეგ უამრავმა ადამიანმა მკვეთრად შეცვალა საკუთარი მსოფლმხედველობა და ქრისტიანულად დაიწყო ცხოვრება. უდიდეს ამერიკელ მოძღვარს პატივს მიაგებენ არა მარტო მის სამშობლოში, არამედ ევროპაში, ავსტრალიასა თუ აზიაში, რა თქმა უნდა, საქართველოშიც.

მამა სერაფიმეს საერო სახელი იყო იუჯინი. იგი კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში ჩვეულებრივ პროტესტანტულ ოჯახში დაიბადა. პატარა იუჯინი სკოლაში მრავალმხრივი ნიჭით გამოირჩეოდა, მასწავლებლები მას ხშირად აქებდნენ. ერთხელ დედამ უთხრა: ასე თუ განაგრძობ, შორს წახვალო, რაზეც იუჯინმა უპასუხა: „მე სხვა რამ მსურს – მინდა ბრძენი ვიყო“.

პროტესტანტულ სკოლაში იუჯინი ბიბლიის გაკვეთილებს ესწრებოდა და საღმრთო წერილის ზეპირად ციტირებით მშობლებს ხშირად აოცებდა. 14 წლისა მეთოდისტურ ეკლესიაში მონათლეს. იუჯინი უარყოფდა თანატოლების იდეალებს, რომლებიც მანქანებით დასეირნობდნენ, დისკოთეკებსა და სხვადასხვა წვეულებებზე ერთობოდნენ. ის კი მარტო დაეხეტებოდა ტყეში და ბევრს ფიქრობდა. მას ერთმა ნაცნობმა გოგონამ „არა ამ სოფლისაგანი“ უწოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა იუჯინი ჯერ კიდევ ერისკაცი იყო.

1952 წელს როუზმა სწავლა კალიფორნიის უძველეს უნივერსიტეტში, პომონაში განაგრძო.

იუჯინი საკმაოდ სიმპათიური ყმაწვილი იყო დიდი, ფიქრიანი თვალებით, ადამიანებთან ურთიერთობაში – მორცხვი და მოკრძალებული. მან ხანგრძივი, დაძაბული თვითძიების პროცესი დაიწყო და ამ გზაზე პირველმა ნიცშემ გაიტაცა – ნიცშემ, რომელიც ქრისტიანობას დასცინოდა როგორც სუსტების რელიგიას და შექმნა ახალი – „ზეკაცის“ მოძღვრება. მიუხედავად ამისა, როუზის მეამბოხე სულისთვის ეს ცოტა იყო. მოგვიანებით წერდა: „მინდოდა მეპოვნა წარუვალი, ყოველდღიურ საზრუნავს მიღმა მდებარე სამყარო – იმ საზრუნავს მიღმა, სულს რომ მოსვენებას არ აძლევს და თავის შემდეგ მარტოოდენ ხრწნისა და ლპობის სუნს ტოვებს“.

კოლეჯში იუჯინი დაუმეგობრდა ქალიშვილს, სახელად ელისონს, რომელთანაც ბევრი რამ ჰქონდა საერთო და მას ერთადერთს ანდობდა საკუთარ აზრებს. ისინი ერთად დაეხეტებოდნენ ოკეანის სანაპიროზე და ბევრს საუბრობდნენ. სწორედ მაშინ შესთავაზა მას ელისონმა დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“ წაკითხვა. როუზის თქმით, ამ წიგნმა მას პირველად დაანახა მართლმადიდებლური სამყარო. იუჯინზე კიდევ უფრო ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა იოჰან სებასტიან ბახის მუსიკამ. ეს მძიმე პერიოდი იყო მის ცხოვრებაში, რადგან ღრმა დეპრესია დაეწყო, ხშირად თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა. ძირითადად დუმდა და საათობით უსმენდა ბახის მუსიკას. მეტაფიზიკური ცოდნის შესაძენად წიგნებს ჩაუჯდა. ფრანგმა მოაზროვნემ რენე გენონმა ახალგაზრდა როუზს ქრისტიანობისადმი ინტერესი საბოლოოდ განუმტკიცა, თუმცა მან იუჯინს ჭეშმარიტების სრული შეცნობის საშუალება ვერ მისცა.

პომონის შემდეგ 1956 წელს იუჯინი აღმოსავლეთმცოდნეობის აკადემიაში შევიდა, სადაც შეისწავლა ბუდიზმი, იუდაიზმი, ინდუიზმი, სუფიზმი და ა. შ. იმ პერიოდში იგი პირველად მოხვდა სან-ფრანცისკოს მართლმადიდებლურ ტაძარში. ამაზე მოგვიანებით წერდა: „როდესაც მართლმადიდებლური ტაძრის ზღურბლს პირველად გადავაბიჯე, რაღაც ისეთი ვიგრძენი, რაც არც ერთ ბუდისტურ ანდა დასავლურ ტაძარში არ განმიცდია. თითქოს გული მეუბნებოდა, ეს შენი სახლია და შენი ძიებაც დასრულდაო. მიკვირდა და ვერ გამეგო, რას ნიშნავდა ეს. ღმრთისმსახურება უცხო ენაზე მიმდინარეობდა. ამ პირველ განცდას ვერ ვივიწყებდი და ხშირად დავდიოდი ტაძარში, თანაც ენას ვსწავლობდი და ვკითხულობდი წიგნებს მართლმადიდებლობის შესახებ. ერთხელაც გონება გამინათდა: ჭეშმარიტება შეუძლებელია აბსტრაქტული იდეა იყოს, იგი ალბათ, რაღაც პიროვნულია – მეტიც, პიროვნება – მისი შეცნობა გონებით კი არა, გულით ხდება. ასე მივედი ქრისტემდე“.

1961 წელს, დისერტაციის დაცვის შემდეგ იუჯინს ბრწყინვალე კარიერას უწინასწარ-მეტყველებდნენ, მაგრამ მეცნიერებამ როუზს იმედები გაუცრუა. მან სწავლა შეწყვიტა და მთელი დრო მოანდომა მუშაობას წიგნზე – „სასუფეველი ცათა და სასუფეველი ღმრთისა“. მასში როუზმა მე-20 საუკუნის ძირითადი ფილოსოფია – ნიჰილიზმი ამხილა.

პარალელურად იუჯინი ფიზიკურადაც ბევრს მუშაობდა. ის იყო ჭურჭლის მრეცხავი და დამლაგებელი რესტორანში, ამავე დროს, მეეზოვეც, რათა საარსებო მინიმუმი ჰქონოდა. იმავე წელს როუზს მძიმე ავადმყოფობა აღმოაჩნდა, რომელიც ექიმებმა განუკურნებლად სცნეს და მისი მოახლოვებული სიკვდილი ივარაუდეს. ერთხელ იგი წიგნების მაღაზიაში შევიდა, სადაც ღვთისმშობლის ხატი ეკიდა. როუზმა მას შეწვნა სთხოვა და მოხდა სასწაული. იუჯინი სიკვდილს გადაურჩა და სასწაულებრივად განიკურნა.

1962 წლის 25 (12) თებერვალს როუზი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი გახდა. მან მეგობართან, გლებ პოდმოშჩენსკისთან ერთად მართლმადიდებლური წიგნის მაღაზია გახსნა, რომელიც მალე ამერიკაში მართლმადიდებლობის ცენტრად იქცა. მათ მისიონერული საძმო ჩამოაყალიბეს, რომელსაც წმ. გერმანე ალასკელის (პირველი მართლმადიდებელი მქადაგებელი აშშ-ში) სახელი დაერქვა. 1965 წლიდან სულიერმა ძმებმა ჟურნალი „მართლმადიდებლური სიტყვა“ გამოუშვეს. ახალგაზრდა მეგობრები სულ უფრო ხშირად ფიქრობდნენ ბერობაზე, 1967 წელს ჩრდილო კალიფორნიაში მათ მონასტრისთვის ადგილი შეათვალიერეს და შეიძინეს კიდეც, თუმცა იქ საარსებო პირობები არ იყო. წყალზეც კი ორი მილის სიშორეზე დადიოდნენ. 1970 წელს ისინი ბერებად აღიკვეცნენ. იუჯინს სერაფიმე (წმ. სერაფიმე საროველის სახელი) უწოდეს, გლებს კი გერმანე. მონასტერში გატარებული ყოველი დღე მამა სერაფიმეს დიდ სიხარულს გვრიდა. მან მთის ფერდობზე საკუთარი ხელით აიშენა სენაკი. ადამიანებთან ურთიერთობაში იგი ძალიან უბრალო იყო, დროს არასოდეს კარგავდა ამაო საუბრებში და რაიმე საკითხებზე საკუთარ აზრს იშვიათად გამოთქვამდა.

1977 წელს მამა სერაფიმე და მამა გერმანე მღვდლებად აკურთხეს. ამავე წელს ძმებმა საზაფხულო სასულიერო სკოლა დააარსეს. შემდეგი 5 წლის განმავლობაში მამა სერაფიმემ და მამა გერმანემ 100-ზე მეტი ადამიანი მონათლეს. რაც მეტ სულიერ გამოცდილებას იძენდა მამა სერაფიმე, მით ნათლად ხედავდა, თუ რა უშლის ხელს თანამედროვე ქრისტიანს სულიწმინდის მოპოვებაში. იგი ხშირად მიმართავდა მრევლს არ დამორჩილებოდნენ ტელევიზიისა და პოპ-მუსიკის „ლამაზი“ სამყაროს ცდუნებებს. ამხელდა გაბატონებულ ცხოვრების წესს, რომელიც ადამიანს ღმერთს ავიწყებს და ხელს უშლის სერიოზულ სულიერ საკითხებზე დაფიქრებაში.

1982 წელს მამა სერაფიმეს მუცლის არეში ძლიერი ტკივილები დაეწყო. იგი სენაკში ჩაიკეტა და დიდხანს ლოცულობდა – არ უნდოდა ვინმე თავისი ავადმყოფობით შეეწუხებინა. ძმებმა მაინც გაიგეს ეს ამბავი და საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია გაუკეთეს. ექიმებმა ძმები გააფრთხილეს, რომ მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელიაო. 2 სექტემბერს (20 აგვისტოს), 48 წლის ასაკში მამა სერაფიმე აღესრულა. მიცვალებულს სახეზე მშვიდი, ნეტარი ღიმილი ეფინა.
ANA
ღირსი მოსე შავი (+დაახლ. 400)

28 (10.09) აგვისტო

IPB-ს სურათი

ღირსი მოსე შავი IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. მოსე შავი თავის ამალათან ერთად მრავალ ბოროტებას სჩადიოდა: იგი დაუნდობლად ძარცვავდა და ხოცავდა ხალხს, მისი სახელის ხსენებაც კი ყველას შიშის ზარსა სცემდა. მომავალმა წმიდანმა რამდენიმე წელი დაჰყო ასეთ უსჯულოებაში, მაგრამ შემდგომ, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით, სინანულში ჩავარდა, დატოვა ავაზაკთა ბანდა და უდაბნოს ერთ-ერთ მონასტერს მიაშურა. იგი დიდხანს ტირილით ითხოვდა, მიეღოთ ძმობაში. ბერებს არ სჯეროდათ მისი სინანულის გულწრფელობისა, მაგრამ ყოფილი ბოროტმოქმედი მანამ იხვეწებოდა, ხელი არ მკრათო, სანამ სათხოვარი არ შეუსრულეს. მონასტერში ღირსი მამა იღუმენისა და საძმოს სრულ მორჩილებაში იმყოფებოდა, დასტიროდა თავის ცოდვილ ცხოვრებას. რამდენიმე ხნის შემდეგ მოსე განმარტოებულ სენაკში დაეყუდა და ლოცვასა და უმკაცრეს მარხვაში ატარებდა დღეებს. ერთხელ წმიდანის სენაკს მისი ყოფილი რაზმის ოთხი ყაჩაღი დაესხა თავს. ნეტარმა მამამ, რომელსაც უწინდელი ფიზიკური ძალა არ დაჰკარგვოდა, შებოჭა ოთხივე, მონასტერში მიიყვანა და ბერებს ჰკითხა, როგორ მოქცეოდა მათ. ძმებმა უბრძანეს, გაეთავისუფლებინა ტყვეები. ავაზაკებმა როცა შეიტყვეს, რომ თავიანთ ყოფილ წინამძღვართან მოხვდნენ, თავადაც ბერებად აღიკვეცნენ. მოსე შავის სინანულის შესახებ რომ ესმათ, დანარჩენმა ყაჩაღებმაც მიჰბაძეს მას, ხელი აიღეს უსჯულო ცხოვრებაზე და მოშურნე ბერები გახდნენ.

ღირსი მოსე ერთბაშად არ განწმენდილა ვნებათაგან. იგი ხშირად მიდიოდა მონასტრის იღუმენთან, ამბა ისიდორესთან და ეკითხებოდა, როგორ გათავისუფლებულიყო ავხორცი გულისთქმებისაგან. სულიერ ბრძოლაში გამოცდილი ბერი ასწავლიდა, არასდროს დანაყრებულიყო საზრდელით, მუდამ ნახევრად მშიერი ყოფილიყო და უმკაცრესი თავშეკავებით ეცხოვრა. ბილწი დემონი არ ცხრებოდა - სიზმრისეული ოცნებებით აღაგზნებდა ნეტარ მამას, მაშინ ამბა ისიდორემ ურჩია მას, მღვიძარების ღვაწლი ეტვირთა. წმიდა მოსეც დაჰყვა წინამძღვრის კურთხევას და მთელ ღამეებს მხურვალე ლოცვაში ატარებდა. დაუსრულებელმა ბრძოლამ ერთხანს მოწყინებაში ჩააგდო ნეტარი, მაგრამ ბერმა ისიდორემ განამტკიცა მოწაფე: თავისი სენაკის ბანზე აიყვანა და დასავლეთით, ცის კაბადონზე საბრძოლველად განმზადებულ დემონთა მრავალრიცხოვანი მხედრობა აჩვენა. აღმოსავლეთით ანგელოზთა კიდევ უფრო დიდი დასი ჩანდა. ისინიც ბრძოლისთვის ემზადებოდნენ.

ღირსმა მოსემ ახალი ღვაწლი იტვირთა: ღამღამობით მეუდაბნოეთა სენაკებს შემოივლიდა ხოლმე და ბერებს ჭიდან წყალს უზიდავდა. განსაკუთრებით ზრუნავდა მოხუცებზე, რომელთაც შორ მანძილზე სიარული და წყლის ტარება არ შეეძლოთ. ერთხელ ჭის თავზე დახრილმა მოსემ ანაზდად ზურგში ძლიერი დარტყმა იგრძნო, მკვდარივით დაეცა ჯურღმულთან და ასე ეგდო გათენებამდე. დილით კი ძმებმა სენაკში გადაიყვანეს. მთელი წლის განმავლობაში ნეტარი განრღვეულივით უძლური იყო და ძალზე იტანჯებოდა. გამომჯობინების შემდეგ მან იღუმენს განუცხადა, რომ კვლავაც განაგრძობდა ბრძოლას. ამბა ისიდორემ აკურთხა იგი და უბრძანა, წმიდა საიდუმლოს ზიარებოდა და სენაკს დაბრუნებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, მას ბოროტ სულებზე დიდი ხელმწიფება მიემადლა.

ხმა ღირსი მამის ღვაწლის შესახებ შორს გავარდა. მაშინ ქვეყნის მმართველმა მისი ნახვა ისურვა. ეს რომ შეიტყო, მოსემ გადაწყვიტა, დამალვოდა სტუმრებს და სენაკი დატოვა. გზაში იგი შეხვდა მმართველის მსახურებს, რომლებმაც მოსე შავის სენაკი იკითხეს. „არ ღირს მისვლა ამ ცრუ და უღირს ბერთან“, - უპასუხა ნეტარმა. მსახურები დაბრუნდნენ მონასტერში, სადაც მმართველი ელოდათ და მოსაგრის სიტყვები გადასცეს; ძმები კი ბერის გარეგნობის აღწერამ დაარწმუნა, რომ ეს ბერი თავად მოსე იყო.

უდაბნოში მრავალი წლის მოღვაწეობის შემდეგ ღირს მამას დიაკვნად დაასხეს ხელი. ეპისკოპოსმა თეთრი სამოსით შემოსა იგი და თქვა: „ახლა ამბა მოსე მთლად თეთრი შეიქნა“. წმიდანმა მიუგო: „მეუფეო, რა განასპეტაკებს კაცს - შინაგანი თუ გარეგანი?“ თავმდაბლობის გამო ნეტარს დიაკვნობის ხარისხისთვის თავი უღირსად მიაჩნდა. ერთხელ ეპისკოპოსმა გადაწყვიტა, გამოეცადა წმიდანი და ღვთისმსახურებს უბრძანა, საკურთხევლიდან გაეგდოთ იგი, შემდეგ უკან გაჰყოლოდნენ და გაეგოთ, რას იტყოდა.

მღვდელმსახურნი ასეც მოიქცნენ - როცა მოსე საკურთხეველში შევიდა, უთხრეს: „განვედ აქედან, ჰოი, შავო!“ ხელი მოჰკიდეს და უპატიოდ გარეთ გააგდეს. ნეტარმა მამამ საოცარი თავმდაბლობით აიტანა დამცირება და, გამოძევებულმა, ჩაილაპარაკა: „ასეც გხვდება, ქოფაკო!.. ან კი როგორ გაბედე წმიდათა წმიდა ალაგას შესვლა?“ ეს რომ მოახსენეს, ეპისკოპოსმა კვლავ საკურთხეველში შეაყვანინა წმიდანი და ხუცესად აკურთხა. კითხვაზე, რას ფიქრობდი, როცა აქედან გაგაძევეს, შემდეგ კი ისევ დაგაბრუნესო, მან უპასუხა: „თავს ქოფაკს ვადარებდი, რომელიც, თუ გააძევებენ, კუდამოძუებული გაიქცევა, ხოლო თუ უკანვე დაუძახებენ, უმალვე ხალისით მოირბენს!“ მოსე შავი თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა სამღვდელო ხარისხში და სამოცდათხუთმეტი მოწაფე შემოიკრიბა.

როცა ღირს მამას სამოცდათხუთმეტი წელი შეუსრულდა, მან ბერები გააფრთხილა, რომ მალე სკიტს ავაზაკები დაესხმოდნენ თავს და მის მკვიდრთ ამოჟლეტდნენ. წმიდანმა აკურთხა ისინი, დროზე დაეტოვებინათ აქაურობა და თავი აერიდებინათ ძალმომრეობითი სიკვდილისაგან. მოწაფეები სთხოვდნენ ნეტარს, ისიც მათთან ერთად წასულიყო, მაგრამ მოსემ მიუგო: „მე დიდი ხანია ველი დროს, როცა ჩემზე აღსრულდება უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ყოველთა, რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ“ (მთ. 26.52). წმიდა მამასთან სულ შვიდი ბერი დარჩა, რომელთაგან ერთი ავაზაკების მოახლოებისას დაიმალა. ყაჩაღებმა სიცოცხლეს გამოასალმეს მოსე და სხვა ექვსი ძმა. ეს მოხდა დაახლოებით 400 წელს.

ღირსი მოსე შავი (+დაახლ. 400)
28 (10.09) აგვისტო

ღირსი მოსე შავი IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. მოსე შავი თავის ამალათან ერთად მრავალ ბოროტებას სჩადიოდა: იგი დაუნდობლად ძარცვავდა და ხოცავდა ხალხს, მისი სახელის ხსენებაც კი ყველას შიშის ზარსა სცემდა. მომავალმა წმიდანმა რამდენიმე წელი დაჰყო ასეთ უსჯულოებაში, მაგრამ შემდგომ, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით, სინანულში ჩავარდა, დატოვა ავაზაკთა ბანდა და უდაბნოს ერთ-ერთ მონასტერს მიაშურა. იგი დიდხანს ტირილით ითხოვდა, მიეღოთ ძმობაში. ბერებს არ სჯეროდათ მისი სინანულის გულწრფელობისა, მაგრამ ყოფილი ბოროტმოქმედი მანამ იხვეწებოდა, ხელი არ მკრათო, სანამ სათხოვარი არ შეუსრულეს. მონასტერში ღირსი მამა იღუმენისა და საძმოს სრულ მორჩილებაში იმყოფებოდა, დასტიროდა თავის ცოდვილ ცხოვრებას. რამდენიმე ხნის შემდეგ მოსე განმარტოებულ სენაკში დაეყუდა და ლოცვასა და უმკაცრეს მარხვაში ატარებდა დღეებს. ერთხელ წმიდანის სენაკს მისი ყოფილი რაზმის ოთხი ყაჩაღი დაესხა თავს. ნეტარმა მამამ, რომელსაც უწინდელი ფიზიკური ძალა არ დაჰკარგვოდა, შებოჭა ოთხივე, მონასტერში მიიყვანა და ბერებს ჰკითხა, როგორ მოქცეოდა მათ. ძმებმა უბრძანეს, გაეთავისუფლებინა ტყვეები. ავაზაკებმა როცა შეიტყვეს, რომ თავიანთ ყოფილ წინამძღვართან მოხვდნენ, თავადაც ბერებად აღიკვეცნენ. მოსე შავის სინანულის შესახებ რომ ესმათ, დანარჩენმა ყაჩაღებმაც მიჰბაძეს მას, ხელი აიღეს უსჯულო ცხოვრებაზე და მოშურნე ბერები გახდნენ.

ღირსი მოსე ერთბაშად არ განწმენდილა ვნებათაგან. იგი ხშირად მიდიოდა მონასტრის იღუმენთან, ამბა ისიდორესთან და ეკითხებოდა, როგორ გათავისუფლებულიყო ავხორცი გულისთქმებისაგან. სულიერ ბრძოლაში გამოცდილი ბერი ასწავლიდა, არასდროს დანაყრებულიყო საზრდელით, მუდამ ნახევრად მშიერი ყოფილიყო და უმკაცრესი თავშეკავებით ეცხოვრა. ბილწი დემონი არ ცხრებოდა - სიზმრისეული ოცნებებით აღაგზნებდა ნეტარ მამას, მაშინ ამბა ისიდორემ ურჩია მას, მღვიძარების ღვაწლი ეტვირთა. წმიდა მოსეც დაჰყვა წინამძღვრის კურთხევას და მთელ ღამეებს მხურვალე ლოცვაში ატარებდა. დაუსრულებელმა ბრძოლამ ერთხანს მოწყინებაში ჩააგდო ნეტარი, მაგრამ ბერმა ისიდორემ განამტკიცა მოწაფე: თავისი სენაკის ბანზე აიყვანა და დასავლეთით, ცის კაბადონზე საბრძოლველად განმზადებულ დემონთა მრავალრიცხოვანი მხედრობა აჩვენა. აღმოსავლეთით ანგელოზთა კიდევ უფრო დიდი დასი ჩანდა. ისინიც ბრძოლისთვის ემზადებოდნენ.

ღირსმა მოსემ ახალი ღვაწლი იტვირთა: ღამღამობით მეუდაბნოეთა სენაკებს შემოივლიდა ხოლმე და ბერებს ჭიდან წყალს უზიდავდა. განსაკუთრებით ზრუნავდა მოხუცებზე, რომელთაც შორ მანძილზე სიარული და წყლის ტარება არ შეეძლოთ. ერთხელ ჭის თავზე დახრილმა მოსემ ანაზდად ზურგში ძლიერი დარტყმა იგრძნო, მკვდარივით დაეცა ჯურღმულთან და ასე ეგდო გათენებამდე. დილით კი ძმებმა სენაკში გადაიყვანეს. მთელი წლის განმავლობაში ნეტარი განრღვეულივით უძლური იყო და ძალზე იტანჯებოდა. გამომჯობინების შემდეგ მან იღუმენს განუცხადა, რომ კვლავაც განაგრძობდა ბრძოლას. ამბა ისიდორემ აკურთხა იგი და უბრძანა, წმიდა საიდუმლოს ზიარებოდა და სენაკს დაბრუნებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, მას ბოროტ სულებზე დიდი ხელმწიფება მიემადლა.

ხმა ღირსი მამის ღვაწლის შესახებ შორს გავარდა. მაშინ ქვეყნის მმართველმა მისი ნახვა ისურვა. ეს რომ შეიტყო, მოსემ გადაწყვიტა, დამალვოდა სტუმრებს და სენაკი დატოვა. გზაში იგი შეხვდა მმართველის მსახურებს, რომლებმაც მოსე შავის სენაკი იკითხეს. „არ ღირს მისვლა ამ ცრუ და უღირს ბერთან“, - უპასუხა ნეტარმა. მსახურები დაბრუნდნენ მონასტერში, სადაც მმართველი ელოდათ და მოსაგრის სიტყვები გადასცეს; ძმები კი ბერის გარეგნობის აღწერამ დაარწმუნა, რომ ეს ბერი თავად მოსე იყო.

უდაბნოში მრავალი წლის მოღვაწეობის შემდეგ ღირს მამას დიაკვნად დაასხეს ხელი. ეპისკოპოსმა თეთრი სამოსით შემოსა იგი და თქვა: „ახლა ამბა მოსე მთლად თეთრი შეიქნა“. წმიდანმა მიუგო: „მეუფეო, რა განასპეტაკებს კაცს - შინაგანი თუ გარეგანი?“ თავმდაბლობის გამო ნეტარს დიაკვნობის ხარისხისთვის თავი უღირსად მიაჩნდა. ერთხელ ეპისკოპოსმა გადაწყვიტა, გამოეცადა წმიდანი და ღვთისმსახურებს უბრძანა, საკურთხევლიდან გაეგდოთ იგი, შემდეგ უკან გაჰყოლოდნენ და გაეგოთ, რას იტყოდა.

მღვდელმსახურნი ასეც მოიქცნენ - როცა მოსე საკურთხეველში შევიდა, უთხრეს: „განვედ აქედან, ჰოი, შავო!“ ხელი მოჰკიდეს და უპატიოდ გარეთ გააგდეს. ნეტარმა მამამ საოცარი თავმდაბლობით აიტანა დამცირება და, გამოძევებულმა, ჩაილაპარაკა: „ასეც გხვდება, ქოფაკო!.. ან კი როგორ გაბედე წმიდათა წმიდა ალაგას შესვლა?“ ეს რომ მოახსენეს, ეპისკოპოსმა კვლავ საკურთხეველში შეაყვანინა წმიდანი და ხუცესად აკურთხა. კითხვაზე, რას ფიქრობდი, როცა აქედან გაგაძევეს, შემდეგ კი ისევ დაგაბრუნესო, მან უპასუხა: „თავს ქოფაკს ვადარებდი, რომელიც, თუ გააძევებენ, კუდამოძუებული გაიქცევა, ხოლო თუ უკანვე დაუძახებენ, უმალვე ხალისით მოირბენს!“ მოსე შავი თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა სამღვდელო ხარისხში და სამოცდათხუთმეტი მოწაფე შემოიკრიბა.

როცა ღირს მამას სამოცდათხუთმეტი წელი შეუსრულდა, მან ბერები გააფრთხილა, რომ მალე სკიტს ავაზაკები დაესხმოდნენ თავს და მის მკვიდრთ ამოჟლეტდნენ. წმიდანმა აკურთხა ისინი, დროზე დაეტოვებინათ აქაურობა და თავი აერიდებინათ ძალმომრეობითი სიკვდილისაგან. მოწაფეები სთხოვდნენ ნეტარს, ისიც მათთან ერთად წასულიყო, მაგრამ მოსემ მიუგო: „მე დიდი ხანია ველი დროს, როცა ჩემზე აღსრულდება უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ყოველთა, რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ“ (მთ. 26.52). წმიდა მამასთან სულ შვიდი ბერი დარჩა, რომელთაგან ერთი ავაზაკების მოახლოებისას დაიმალა. ყაჩაღებმა სიცოცხლეს გამოასალმეს მოსე და სხვა ექვსი ძმა. ეს მოხდა დაახლოებით 400 წელს.

http://www.orthodoxy.ge/tveni/agvisto/28-mose.htm
marusi.3
წამება და ღუაწლი წმინდა დიდ-მოწამე აბო თბილელისა

ბორკილდადებული აბო დღე და ღამე ლოცულობდა და მარხულობდა. მან მთელი თავისი ავლადიდება გაყიდა და საპყრობილეში მყოფ, მშიერ და ავადმყოფ პატიმრებს ჰკვებავდა. ცრუ-მოძღვარნი და მისი დამბეზღებელნი კი არ ისვენებდნენ, მასთან საპყრობილეში შედიოდნენ და ალერსიანი სიტყვებით მის ცდუნებას ცდილობდნენ: შვილო, ნუ გაწირავ ნურც შენ თავსა და ნურც შენ სიჭაბუკეს, შენს ახლობლებსაც ნუ განეშორები. ნუ შეამთხვევ უბედურებას შენ თავს და ჩვენც ნუ შეგვაწუხებო. ზოგიერთი კი აშინებდა: რა სარგებელი მოგიტანა ქრისტემ, ან ვინ დაგიხსნის შენ ჩვენი ხელიდან, როდესაც ცეცხლი და სატანჯველი უკვე გამზადებულია შენთვის, თუ არ მოექცევი კვლავ ძველი სჯულისკენო.

წმიდა აბო თითქოს არც კი უსმენდა მათ და უხმოდ ფსალმუნებდა „გონებითა მისითა“, ხოლო როდესაც აღარ მოასვენეს, დავით მეფსალმუნის სიტყვებით გაეპასუხა: ნურაფერს ნუ მეტყვით, რადგან მე, „ვითარცა ყრუსა არა მესმოდა და ვითარცა უტყვმან რაი არა აღაღის პირი თვისი, ვიყავ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაი. რამეთუ მე უფალსა ვესავ, განმეშორენით მე, უკეთურნო, და გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი!“. როდესაც ვერ შეძრეს მართალი იგი, მოშორდნენ შერცხვენილნი და გაწბილებულნი.

ტყვეობის მეცხრე დღეს აბოს „ზეგარდამო“ ეუწყა, რომ მოახლოვდა დღე შენი აღსრულებისაო და ისიც, რომ უფალი, რომლის სიყვარული ასე ცეცხლებრ აღენთო ახალგაზრდა ღუაწლმოსილის გულში, ბრწყინვალე გვირგვინს უმზადებდა მას. ამიტომ იწყო მზადება მოწამეობრივი სიკვდილის მისაღებად. აბომ განიძარცვა ზედა-ჩასაცმელი ტანსაცმელი, გააყიდვინა და მიღებული გროშებით ქალაქის ეკლესიებში თავისი სულის მოსახსენებლად კელაპტრებისა და საკმევლის ანთება ითხოვა. სამღვდელოებას კი სთხოვა ელოცათ მისთვის. თენდებოდა ნათლისღების დღესასწაული. წმინდა აბომ ორი დიდი სანთელი ხელთ იპყრა და განთიადამდე ფეხზე მდგომი ფსალმუნებდა, სანამ რკინის ჯაჭვებით შეკრულ მის ხელებში სანთლები არ ჩაიწვა. „წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა... - იტყოდა გაუნძრევლად მდგარი წმინდანი.

გათენდა აბოს პატიმრობის მეათე დღე, პარასკევი - 786 წლის 6 იანვარი, მაცხოვრის ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული. მაშინ თქვა ნეტარმა: ეს დღე ორმაგად ძვირფასია ჩემთვის, რადგან ვხედავ უფალ იესო ქრისტეს ორმაგ გამარჯვებას: ამ დღეს „შთახდა მდინარესა მას იორდანესა განშიშვლებული ნათლისღებად. და სიღრმეთა მათ შინა წყალთაისა დამალულისა მის ვეშაპისა თავები ძალითა ღმრთეებისაითა შემუსრა“, ამიტომ ვალდებული ვარ მეც განვიძარცვო შიში „ხორცთა ამათ ჩემთა, რომელნი სამოსელ არიან სულსა ჩემსა, და შთავხდე, ვითარცა სიღრმესა ზღვისასა შორის ქალაქსა ამას და ნათელ ვიღო სისხლითა ჩემითა, და ცეცხლითა, და სულითა“. დღეს გარდამოსვლაა სულისა წმიდისა „ყოველთა ზედა წყალთა, რომლითა ნათელ იღებენ ქრისტეის მორწმუნენი სახედ იორდანისათა მათ მდინარეთა, და განშიშვლებითა ხორცთა ჩემთაითა მტერისა მის მანქანაისა მზაკუვარებანი, რომელ იზრახა ჩემთვის - განვბასრნე და დავტკებნო ფერხითა ჩემითა შორის ქალაქსა ამას“. ამავე პარასკევ დღეს კი იესო ქრისტემ თავისი ვნებითა და „ხელთა თვისთა ჯუარსა ზედა განპყრობით განაქიქა და თითით საჩვენებელყო ყოველთა კიდეთა ქუეყანისაითა მტერი იგი ყოვლისა სოფლისაი“, ამიტომ, მეც ვალდებული ვარ, რომ განვუდგე ქრისტიანეთა მტერს და ქრისტესთვის სისხლის დათხევით სასაცილოდ ვაქციო, რადგან მას ეგონა, რომ სიკვდილის შიშით განმაშორებდა ჩემი უფლის სიყვარულს. ხოლო მე მის განზრახვას გავაუქმებ და ქრისტესმიერი შეწევნითა ვძლევ, და ამით ჩემი უფლის ორივე ვალს გადავიხდიო.

შემდეგ მოითხოვა წყალი, პირი დაიბანა, ნელსაცხებელი იცხო და თქვა: მე თვითონ ვიყავ ნელსაცხებელთა შემზავებელი, ხოლო ეს საცხებელი „დღედ დაფლვისა ჩემისა არს“, ამიერიდან აღარ ვიცხო მალე განქარვებადი ზეთი, არამედ როგორც ქებათა ქებაში მასწავლის ბრძენი სოლომონი: „სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდი“, ქრისტე, რომელმან აღმავსე განუქარვებელითა სარწმუნოებითა სიყუარულისა შენისაითა! იცი შენ, უფალო, რამეთუ შეგიყუარე უფროის თავისა ჩემისა - წარმოსთქვა ნეტარმა და მოითხოვა წმინდა საიდუმლო - ხორცი და სისხლი ქრისტესი. და როდესაც მოიღო „ჭეშმარიტი იგი განმაცხოველებელი საიდუმლოი“, უფალს მადლობა შესწირა და თქვა: აწ დაღათუ ვიდოდი მე შორის აჩრდილთა სიკუდილისაითა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ უფალი ჩემთანა ხარ“. მალევე მოვიდნენ მის წასაყვანად ამირას მსახურნი. დამშვიდობებისას ასე მიმართა ნეტარმა ქრისტიან პატიმრებს: „ლოცვასა მომიხსენეთ მე, რამეთუ არღარა მიხილოთ მე საწუთოსა ამას სოფელსა!“. მაშინ გამოიყვანეს ხელფეხდაბორკილი აბო და მთელი ქალაქი გადაატარეს. ხედავდნენ მას ქრისტიანები და ცხარე ცრემლით დასტიროდნენ. წმინდანი კი ასე ამხნევებდა მათ: „ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ; ლოცვით წარმგზავნეთ და მშვიდობამან უფლისამან დაგიცვევინ თქუენ!“. ელოდებოდა რა სიკვდილს, აბო სულით წინასწარ ხედავდა „თვისსა მას გუამსა და თვით იტყოდა ფსალმუნსა ამას ას მეთვრამეტესა (17 კანონს), - ნეტარ არიან უბიწონი გზასა...“ და ჩაურთავდა საგალობელსა მუხლსა, ნეტარისა ავაზაკისა თქმულსა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“.

ამირას სამყოფელში მისულმა აბომ ჯვარი ჯერ კარებს გადასახა და მერე თვითონაც გადაიწერა. „რა არის, ჭაბუკო, ეს რაი განიზრახე თავისა შენისაი?“ - ამ სიტყვებით შეეგება განრისხებული ამირა. „მე განვიზრახე და ქრისტეანე ვარ!“ - გზნებით მიუგო ნეტარმა. მაშინ განცვიფრებულმა ამირამ ჰკითხა: ჯერ კიდევ არ მიგიტოვებია ეგ სიგიჟე და უგუნურებაო?, ხოლო აბომ უპასუხა: უმეცრებასა და უგუნურებასა შინა მყოფი ვერ გავხდებოდი ღირსი ქრისტეს თანა მყოფობისაო. ვერ ხვდები, რომ ეს სიტყვები შენი სიკვდილის მომასწავებელია - მრისხანედ უთხრა უსამართლო მსაჯულმა. თუ მოვკვდები - მრწამს მე, რომ ქრისტეს თანა ვცხონდები; ხოლო შენ ნუღა აგრძელებ ამაო ლაპარაკს, არამედ რაც გსურს, გააკეთე, რადგან როგორც მაგ კედელს, რომელსაც მიყრდნობილი ხარ, მეც არ მესმის შენი სიტყვები, „რამეთუ გონებაი ჩემი ქრისტეის თანა არს ზეცას“ - უშფოთველად მიუგო ჭაბუკმა. კვლავ ჰკითხა ამირამ: „რაი ეგოდენი სიტკბოებაი გაქუს ქრისტეის შენისაგან, რომლითა სიკუდიდცა არა გეწყალის თავი შენი?“, ხოლო წმინდა აბომ ურჩია: შენც განეშორე ამ ცდომილებას და ნათლისღების შემწეობით იგემე ქრისტეს სარწმუნოების სიტკბოებაო. მაშინ კი რისხვით აღივსო სარკინოზის ულმობელი გული და მსახურებს უბრძანა: სასწრაფოდ წაიყვანეთ და თავი გააგდებინეთო. მსახურებმა ორმოცი მოწამის სახელობის ეკლესიის გალავანში (ეს ტაძარი დააქცია შაჰ-აბას I-მა. იგი იყო მეტოქი ივერიის კარის ღმრთისმშობლის ხატისა. ღმრთის წყალობით ტაძარი ხელახლა შენდება - არქიტექტორი: რეზო ჯანაშია) შეიყვანეს წმინდანი და ხელ-ფეხზე ბორკილები ახსნეს. მან კი ზედა სამოსი შემოიხია, ჯვარი გამოისახა და თქვა: „გმადლობ და გაკურთხევ შენ, სამებაო წმიდაო, რამეთუ ღირს მყავ მე მიმთხვევად ღუაწლსა მას წმიდათა მოწამეთა შენთასა!“. შემდეგ ხელები ზურგზე გადააჯვარედინა და სიხარულით მოუდრიკა ქედი მახვილს. სანამ თავს მოკვეთდნენ, მტარვალებმა სამჯერ ზედიზედ მოუქნიეს მახვილი - იქნებ შეშინდეს და შეინანოს თავისი საქციელიო, მაგრამ „წმიდაი იგი მარტვილი დუმილით მხნედ მიითვალვიდა მახვილსა“, ხოლო მეოთხე დაკვრაზე მოჰკვეთეს თავი. თავმოკვეთილი დაეცა წმინდა აბო, ოდესღაც სარკინოზი, შემდგომ ქრისტიანი, ხოლო სულითა და გულით ქართველი.

წმინდა აბოს დამბეზღებელმა არაბებმა ამირას უთხრეს: ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანები ქრისტესთვის თავდადებული მოწამეების გვამებს იპარავენ, სამოსელს, თმასა, ძვლებსა და ყველაფერ მისეულს ერთმანეთში იყოფენ, ხოლო შემდეგ ამით ვითომ სნეულებს კურნავენ და სასწაულებსაც ახდენენ. ხალხს ატყუებენ და ქრისტეს სჯულზე აყენებენ. ნება მოგვეცი ცეცხლზე დავწვათ აბოს გვამი, ფერფლი გავაბნიოთ და მოვსპოთ „საცთური ქრისტიანეთა, რაითა იხილონ ყოველთა და შეეშინოს... და არღარა შეუდგენ სწავლათა ქრისტიანეთასა“. წაიღეთ და როგორც გსურთ ისე მოიქეცითო - უპასუხა ამირამ. მაშინ მათ აიღეს წმინდა მოწამის პატიოსანი გვამი, თავისი სამოსელითურთ „გულაგსა მას აღსაკიდებელსა“ ჩადეს და წმიდათა ორმოცთა სებასტიანელთა მსგავსად“ ურემზე დადეს, შემდეგ მიწაზე დათხეული სისხლიც ამოთხარეს და ისიც ჭურჭელში მოათავსეს. ურემი ხიდის მეორე მხარეს გადაიყვანეს „გარეშე ქალაქსა მას“ (ქრისტეც ქალაქ გარეთ აცვეს ჯვარს) და იმ ადგილს მიუახლოვდნენ, რომელსაც საგოდებელს უწოდებდნენ, რადგან ძველის-ძველთაგანვე იქ იყო ქალაქის მკვიდრთა საფლავები (ორმოცი მოწამის სახელობის ეკლესია სულ რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული ამ ადგილს, მაგრამ ხიდის მეორე მხარე უკვე ქალაქგარეთ ითვლებოდა). წმ. აბოს ნეშტი გადმოიღეს და მეტეხის ციხის აღმოსავლეთით ( სადილეგოდ წოდებულ), კლდის პირზე, მტკვრის მარცხენა ნაპირზე დაასვენეს. შემდეგ მოიტანეს შეშა, თივა, ნავთი და დაწვეს, ხოლო ნაცარი და ძვლები ცხვრის ტყავში გამოახვიეს, მტკიცედ შეკრეს და მეტეხის ხიდის ქვეშ, ქართველთა იორდანეში - მდინარე მტკვარში მოისროლეს. „იქმნა წყალი იგი მდინარისაი მის წმიდათა მათ ძვალთა სამოსელ... და სიღრმეი იგი წყალთაი საფლავ წმიდისა მის მარტვილისა, რაითა არავინ უდებად შეეხოს მათ“, - წერს იოანე საბანისძე. თბილისელმა ქრისტიანებმა კი შიში დასძლიეს და გავიდნენ იმ ადგილზე, სადაც დაწვეს წმინდა აბოს პატიოსანი გვამი: მოხუცებულები მოდიოდნენ ჯოხზე დაყრდნობით, კოჭლები - ხტომით, ჭაბუკნი - სირბილით, ყრმანი ერთმანეთს ასწრებდნენ, დედაკაცნი - სანთელ-საკმეველით ხელში, მენელსაცხებლე დედათა მსგავსად ცრემლმორეულნი მორბოდნენ, და სიხარულით ქრისტეს ადიდებდენ. მრავალი დასნეულებული და ეშმაკეული სრულიად განიკურნა.

„მრჩობლ იქმნაო დღესასწაული ესე ღმრთის გამოცხადებისა“, - ამბობს იოანე საბანიძე. იმავე ღამეს ღმერთმა განაბრწყინა თავისი მოწამე: „იყო ჟამი პირველი“, იმ ადგილზე, სადაც დაწვეს ყოვლად პატიოსანი გვამი წმიდისა აბოსი, უფალმა გარდამოავლინა ძლიერ მანათობელი ვარსკვლავი, ვითარცა ლამპარი ცეცხლისაი... და დგა იგი ზე ჰაერთა, ვიდრე სამ ჟამადმდე...“. ამ საკვირველ გამოცხადებას ხედავდნენ თბილისის მცხოვრებნი. შერცხვენილმა ამირამ მსახურები მიავლინა მტკვრის ნაპირზე, ქრისტიანებმა ხომ არ დაანთეს სანთლებიო, მაგრამ, ხიდთან მისულებმა იხილეს, თუ როგორ „აღმაღლდებოდა ვარსკულავი იგი ზე ჰაერთა“

ყოვლად ძლიერმა ღმერთმა მეორე ღამესაც გამოაჩინა თავისი ძალა, „პატივსცა თვისსა მარტვილსა და აჩუენა სასწაული საკვირველი - სადაც ჩაყარეს წმინდანის სანატრელი ძვლები, ხიდის ქვეშ აღმობრწყინდა ნათელი სვეტის მსგავსი, ვითარცა ელვა, რომელიც მთელი ღამე იდგა და აშუქებდა მიდამოს: მდინარის ნაპირს, კბოდესა და ხიდს. ამ სასწაულსაც ყველა ხედავდა, რათა ყველას ერწმუნა, „რამეთუ ჭეშმარიტად იესო ქრისტეის, ძისა ღმრთისა მარტვილი არს“. და გულისხმა ყონ მორწმუნეთა და ურწმუნოთა, რამეთუ „ჭეშმარიტ არს სიტყუაი იგი, რომელ თქუა, ვითარმედ - მე თუ ვინმე მმსახურებდეს, პატივსცეს მას მამამან ჩემმან, რომელ არს ცათა შინა“.

ხმა დავარდა, ზეციური ვარსკვლავი ჩამოდის წამებულის ნაფერფლარზეო. ქრისტიანები აღტაცებული შესცქეროდნენ მეტეხის ბორცვზე მოკიაფე „ზეციურ ვარსკვლავს“, და ფიქრობდნენ, თუ განხრწნად ხორცს ასეთი პატივი დასდო, რამდენად დიდ პატივს მიაგებს წმ. მოწამეს მართალთა აღდგომისასო. მუსლიმ-სარკინოზ-აგარიანნი კი „რომელთა ქრისტე უარყვეს და წმინდანთა მისთა გვემდეს და სდევნიდეს და მოსრვიდეს“, - ძრწოლამოსილნი უცქერდნენ და „რცხვენოდის უგუნურად სიბორგილისა მათისათვის“. ქრისტიანებმა მალევე აღმართეს ჯვარი წმინდა აბოს წამების ადგილას, ხოლო შემდეგ ნიშიც ააგეს.

აბოს კანონიზაცია, როგორც ცნობილია, მოხდა VIII ს-ის ოთხმოციანი წლების ბოლოს. საქართველოს ეკლესიამ წმ. აბოს დღესასწაული დააწესა 7 იანვარს - მაცხოვრის ნათლისღებისა და წმინდანის წამების მეორე დღეს. სწორედ ამ რიცხვშია აღნიშნული ხსენება წმინდა აბოსი ჟამნში, რომელიც დაბეჭდილია მეფე ვახტანგ VI-ის დროს (1710 წ.)

VIII საუკუნის 80-90 წლებში ქართლის კათალიკოსი სამოელი სთხოვს იოანე საბანისძეს, აღწეროს ღვაწლი აბო თბილელისა, „რაითა დაიდვას იგიცა წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა შინა მოსახსენებლად ყოველთა, ვინ იყვნენ შემდგომად ჩუენსა“. („წმინდა ჰაბოს წამება“). კათალიკოსის მიზანია, ხსოვნა აბოს მოწამეობრივი ღვაწლისა შემოუნახოს მომავალ თაობებს, რათა მათაც იცოდნენ, რომ აბო თითოეული ჩვენგანისა და „ყოვლისა ამის სოფლისა ჩუენისა ქართლისა“ მეოხია ქრისტეს წინაშე. იოანე საბანისძის მიერ კათალიკოსისადმი მიწერილ პასუხში კარგად ჩანს, თუ რა შინაგანი ბრძოლის გადალახვა მოუხდა ავტორს, სანამ აბოს მარტვილობას აღწერდა. ეს ნაწარმოები ოთხ ნაწილად არის გაყოფილი: პირველში მოთხრობილია ამბავი ქრისტესმოყვარეთა წამებისა და ამბავი წმინდანთა მოღვაწეობისა; მეორეში - ისტორია აბოს მოსვლისა ქართლს; მესამეში - წამება წმინდა აბოსი და მეოთხეში - ქება აბოსი.

იოანე საბანისძე ყურადღებას ამახვილებდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აბოს თავგანწირულ სიკვდილს იმდროინდელი ქართველობისათვის. არაბის მიერ მაჰმადიანობის ქრისტიანობაზე ნებაყოფლობით გაცვლა ქრისტიანობის ზნეობრივი ძლიერების საუცხოო დამამტკიცებელი საბუთი იყო. თუკი აბომ, უცხო ტომის შვილმა, მაჰმადიანობის აღმსარებელმა იწამა ქრისტე და მისთვის სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად, რა გვმართებს ჩუენ, ქრისტიანებს, რომელთაც ხუთასი წლის წინ მიგვიღია ქრისტიანობა.

„აბო თბილელის თავგანწირულ მსხვერპლს უნდა გაემხნევებინა დევნილი ქრისტიანენი, სულის სიმტკიცე მიეცა და იოანე საბანისძის სიტყვით, მართლაც „სიყუარული იგი ქრისტეისი ჩუენდამო და სარწმუნოებაი ჩუენი მის მიმართ კუალად განახლდა“- ო. ეს განახლება აბო თბილელის ღუაწლმა წარმოშვა. ამ გარემოებამ „სწავლულნი უფროის გულისხმიერ“ ჰყო და ჩააფიქრა, შერყეულნი უფროის განამტკიცა“ და გაამხნევა, ხოლო „განმტკიცებულნი“ გაახარა.

იოანე საბანისძისათვის ეს საკმარისი არ იყო: განახლებულ სარწმუნოებრივ გრძნობას ქართველებისათვის უნდა ჩაენერგა ეროვნული თავმოყუარეობა და სიამაყე, რომ მარტო ბერძნებს კი არა, არამედ „ქართლისაცა მკვიდრთა აქუს სარწმუნოებაი და წოდებულ არს დედად წმიდათა, რომელთამე თვით აქა მკვიდრთა და რომელთამე უცხოთა, სხვით მოსრულთა ჩუენ შორის, ჟამად-ჟამად ჩუენ შორის გამოჩინებულთა“; ანუ ქართლი „დედააო წმინდანთა“, წმინდანთა მშობელიაო. წმ. ნინო, რაჟდენ პირველმოწამე, წმ. შუშანიკი, ევსტათი მცხეთელი, დავით და კონსტანტინე, კოლაელი ყრმები, არჩილ მეფე, ათცამეტნი ასურელნი მამანი, ასეთი სიმრავლე წმინდანებისა მართლაც აძლევდა საფუძველს იოანე საბანის-ძის ზემორე სიტყვებს.

საჭირო იყო მხოლოდ, ადგილობრივი ქართველ მოწამეებისთვის ქართველებს სათანადო პატივი ეცათ. როგორც ჩანს ეროვნულ წმინდანებს საქართველოში ჯეროვანი პატივი არა ჰქონია, არამედ საბერძნეთისა და მსოფლიო წმინდანთა თაყვანისცემა ყოფილა გავრცელებული; ეს-ეს იყო დროებით მიძინებული ეროვნული თავმოყვარეობა და მიმართულება იღვიძებდა და იოანე საბანის-ძე კი ქართული ეროვნული მიმართულების პირველი და ნიჭით აღსავსე მქადაგებელი ყოფილა.

ქართველების ეროვნული ღირსების წარმომაჩინებელი ერთ-ერთი მოტივი ასეთია: „არა ხოლო თუ ბერძენთა სარწმუნოებაი ესე ღმრთისამიერი მოიპოვეს, არამედ ჩუენცა, შორიელთა ამათ მკვიდრთა“ - აქ იგულისხმება, რომ საბერძნეთი საქრისტიანოს ცენტრია, ქართლი მისი დასასრული, და მაინც იგი არ ჩამოუვარდება საბერძნეთს. აქ იოანე საბანის-ძეს მოჰყავს ავტორიტეტული სიტყვები: „მოვიდოდიან აღმოსავალით და დასავალით და ინახ-იდგმიდენ წიაღთა აბრაჰამისათა, ისაკისთა და იაკობისთა“. საქმე ისაა, რომ ამ დროს საბერძნეთში ხატთმბრძოლობა იყო გავრცელებული, რაც ორთოდოქსალური აღმსარებლობიდან განდგომას მოასწავებდა. ყურადსაღებია ისიც, რომ ხატთმბრძოლობა აღმოსავლურ ტენდენციებს გამოხატავდა და შორეულად არაბულ სამყაროსაც კი უკავშირდებოდა. (კერძოდ იმით, რომ უარყოფდა მხატვრობას, ამას ითხოვდა „ყურანი“, მაჰმადიანთა მთავარი წიგნი).

სწორედ ამ პერიოდს ეხება არსენ ბერისეული „ნინოს ცხოვრების“ დანართი: „ყოველნი ეკლესიანი საბერძნეთისანი დაიპყრნა ბოროტმან ამან წვალებამან (ხატთმბრძოლობამ), რამეთუ ესოდენ არღარა იპოვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი სამეფოსა ქუეშე ბერძენთასა, რომელ წმინდა ეპისკოპოსი გუთისა (გუთეთი სამხრეთ რუსეთში იყო), თვისისა სამწყსოისა მიერ ქართლისა კათალიკოზისა წარმოივლინა და ამიერ მიიღო ხელთდასხმა და ეგრეთ წავიდა ქუეყანად თვისად“. ამასვე ეუბნებოდა წმ. გიორგი ათონელი ანტიოქიის პატრიარქს (გ. მცირე - „გიორგი ათონელის ცხოვრება“).

საქართველოში ხატთმბრძოლობას არასოდეს არ გაუმარჯვია. „აბოს წამებაშიც“ ანტიხატთმბრძოლური ტენდენციები ჩანს. წმინდანის სხეულის ნაშთების თაყუანისცემა, რომელიც მაშინ ჩვენში ყოფილა გავრცელებული ანტიხატთმბრძოლურია. ამას კრძალავდნენ ხატთმბრძოლი ქრისტიანები“ (რ. სირაძე, ქართული აგიოგრაფია - ი. საბანისძის „აბო თბილელის წამება“).

VIII ს-ის დასასრულს აბოს ხსენება უკვე შეტანილი იყო მოკლე იადგარში არქაული რედაქციისა. ამავე დროს აბოს ხსენება შეაქვთ ქართულ „კანონში“ (იერუსალიმური განწესება და განჩინება), ხოლო მისი მარტვილობა შეაქვთ სპეციალურ კრებულში „მრავალთავი“, რომელიც მთავარ (ძირითად) ხსენებებთან დაკავშირებულ საკითხავების წიგნს წარმოადგენდა.

ჩვენამდე მოაღწია წმ. აბოს ძველმა სტიქარონებმა და კანონებმა, დაცულმა მიქაელ მოდრეკილის დიდი ეტრატის ხელნაწერში, რომელიც გრიგოლ ხანძთელის „საწელიწადო იადგარის“ განვრცობილ რედაქციას წარმოადგენს. 978-988 წლებში შედგენილ ამ კრებულში მ. მოდრეკილს შეუგროვებია ყველა საგალობელი, რომლებიც მის დროს ქართულ ენაზე არსებულა და თვითონაც შეუვსია საგალობელთა ცალკეული ჯგუფები სხვადასხვა სახის დამატებებით. მასში 7 იანვრის თარიღისათვის მოთავსებულია სამი „გალობანი“ ანუ („კანონი“): I ეკუთვნის X ს-ის მწერალს იოანე ქონქოზის-ძეს; II ეკუთვნის X ს-ის მწერალს სტეფანე სანანოის-ძე ჭყონდიდელს, ხოლო III ეკუთვნის VIII-IX სს-ის დიდ საეკლესიო მოღვაწეს - გრიგოლ ხანძთელს. ეს უძველესი „კანონნი და სტიქარონნი“ დავიწყებას მიეცა (ჩუენ აღვადგინეთ ეს უძველესი განგება, მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდენ), რადგანაც 1750 წ. კათალიკოსმა ანტონ I-მა 8 იანვარს გადაიტანა ეს დღესასწაული და განგებაც თვითონ შეადგინა.

აბოს წამების შემდგომ „სადილეგო“ ქართველთათვის წმინდა ადგილად იქცა. საუკუნეების მანძილზე აქ წმინდანისადმი სავედრებელი ლოცვა აღევლინებოდა. „ყოველნივე სიხარულითა და მადლობითა ქრისტეისითა მივიდოდეს და აღიღებდეს მიწასაცა მის ადგილისასა და მრავალნი სენთაგან შეპყრობილნი მიჰყვანდეს და მასვე დღესა განიკურნებოდეს“. ძალი კურნებისა ამ წმინდა ადგილზე შემდგომ საუკუნეებშიც მრავალჯერ გამოვლინდა.

გადმოცემის მიხედვით, როგორც შიო მღვიმელის შიშველი ძვლები აღმოიწეოდა მღვიმიდან მისი ხსენების დღეს, ასევე წმ. აბო თბილელის წმინდა ნაწილებიც ყოველ წელს, მისი ხსენების დღეს აღმოიწეოდა მტკვრის სიღრმიდან და ამ სასწაულის მომლოდინე მორწმუნეთ მიანიჭებდა „სულთა და ხორცთა კურნებას“. 1929 წელს ქალაქ ბონში მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე წერდა: „სადაა ნეტავ ჩემი სამშობლო და ქვეყნის სული დღეს სად ბინადრობს?/რომლის შეპყრობა ვერავის ძალუძს, რომელიც იფლობს უთვალავ ჟამ-დროს!/გგონია იყოს მეტეხის ციხე, რომლის სალ კლდეზეც ჯვარს ეცვა დედა,/სისხლი ედინა იქ მას ურიცხვი და მოეშორა შარავანდედი./და მაინც დარჩა, მაინც უნათებს დღეს ყოველ ქართველს სისხლიან კვლებით/და წელში ერთხელ ყველას ანახვებს მტკვარში სასწაულს არაბის ძვლების/მეტეხი არის ჩვენი სამშობლოს გოლგოთის თხემი ქრისტე რომ აღწევს/სადაა ნეტავ ჩვენი ბეთლემი, გამოქვაბული მწყემსების და მზე!... (გამოქვეყნდა 1934 წ-ს პარიზში. გ. შარაძე - „უცხოეთის მზის ქვეშ“, წ. II გვ. 391-392, 1993წ.).

თბილისის ისტორია მაცხოვრის, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისა და წმინდა ჯვრის სახელზე აგებული ეკლესიებით იწყება. პ. იოსელიანის ცნობით, I ს-ში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა მომავალი დედაქალაქის სულიერ საძირკველად, იერუსალიმის მსგავსად, ოთხი ეკლესიის ადგილი მონიშნა: გეთსემანია - მეტეხის კლდე, გოლგოთა - წმინდა ჯვრის ეკლესიის ადგილი (ჯვრის მამა), ბეთლემი - ნარიყალას კლდოვანი ფერდი და სიონი - მდინარე მტკვრის მარჯვენა კბოდე. ამ დროიდან მაცხოვრის, წმ. ჯვრისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრები საქართველოს დედაქალაქის სულიერ ზღუდედ აღიმართნენ.

მეტეხი თბილისის უწმინდესი ადგილია. მასზე, როგორც „კლდოვან სასანთლეზე“ სხვადასხვა დროს „ლამპრებად“ გაბრწყინდნენ წმინდა ადგილები: საფლავი წმ. დედოფალ შუშანიკისა - V ს; ქვაბი-სენაკი წმ. მამა დავით გარეჯელისა - VI ს - მეტეხის ტაძრის ქვემოთ კლდის პირზე (აქვე უმოღვაწია მის მოწაფეს დოდო გარეჯელს); „სადილეგო“ - ქვაბი მეტეხის კლდის კბოდეზე. ამ ქვაბში დაწვეს არაბებმა წმ. აბოს გვამი.

„მოწამეთა ხიდი“ - მეტეხის ხიდი. ეს არის ადგილი, რომელიც არა მარტო სტრატეგიულად, არამედ მძლავრ სულიერ ფარად ექცა თბილისს. VIII ს-ში ეს ხიდი, მის ქვეშ ჩაყრილმა წმინდა აბოს ძვლებისაგან ამოსულმა ნათელმა გააბრწყინა. უფალმა თითქოს ხუთი საუკუნით ადრე გაამზადაო ხიდი, XIII ს-ში ჯალალედინის შემოსევისას ამ ხიდზე ასიათასი ქართველი ეწამა, ამიტომაც მას მოწამეთა ხიდი ეწოდა. ქრისტიანთა საზოგადო წესისაებრ ხიდის თავთან ოდითგანვე აღმართული იყო „პატიოსანი ჯვარი ხიდისაი“.

ქართულ ისტორიულ წყაროებში მეტეხის კლდე XI-XIII ს.ს.-ში მძლავრ გამაგრებულ ციხედ იხსენიება, სადაც ბაგრატოვან მეფეთა პალატები იყო, ბუნებრივია, შესაბამისი ნაგებობებითურთ (ეკლესია, სასახლე და სხვა..). ამ სახით მოაღწია მან XIX ს-მდე. ამგვარად მეტეხის კლდე და მისი მიდამოები ისტორიულად ხუროთმოძღვრული ნაგებობებით დატვირთულ ბირთვს წარმოადგენდა. ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე პლატოს ეს კლდოვანი „გვირგვინი“, შემკული ტაძარ-სალოცავებით, მეფეთა პალატებითა და გალავან-კოშკებით მფარველი ძალისხმევით შეჰყურებდა და ნათელს ჰფენდა საუკუნეების მანძილზე ქალაქ თბილისს.

რუსეთის ხელისუფლების დამყარების შემდეგ მეტეხის კლდეზე ღმრთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია განაგრძობს მოქმედებას. სიმაგრე კი, რომელიც ჯერ კიდევ ერეკლე II-ს დროს შელახული იყო, 1819 წელს იმდროინდელმა ხელისუფლებამ დაანგრია და მის ნაცვლად საპყრობილეს კორპუსები აღმართა. მეტეხის ძველი ანსაბლის სახე შეიცვალა: ეკლესიის გარშემო მრავალკოშკებიანი გალავნის ნაცვლად ყაზარმული ტიპის ახალი შენობები გაჩნდა. „ეხლა მეტეხის ციხეში გამართულია საპყრობილე და მეტეხის ღმრთისმშობლის ეკლესია არის სამლოცველო ტაძარი პყრობილთა და უძლურთა სულთა“ - წერს ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი (ჟურნალი „მწყემსი“, 1884, #18. გვ.6-9). 1825 წელს გენერალმა პ. ერმოლოვმა ბრძანა წმ. აბოს წამების ადგილზე განახლება ნიშისა და წამებულის ხატის დასვენება იმ ნიშში. გრაფმა პასკევიჩ-ერევნელმა ორნამინტებით განამშვენიერებინა ეს ნიში, ხოლო კლდეში გამოქვაბულს კარები შეაბა და შიგ წმინდა ხატი დააბრძანა.

1843 წელს საქართველოს ეგზარქოსს, მთავარეპისკოპოს ევგენის კავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსი, გენერალი გურკო წერდა, რომ ხიდის მშენებლობისას გზის გაყვანასთან დაკავშირებით, კლდის ბურღვის დროს გაჩნდა საშიშროება, რომ მტკვრის მარცხენა ნაპირზე, კლდეში აგებული „პორტიკი“ ორ სვეტზე, რომლის უკანაც მოთავსებული იყო წმ. აბოს ორი ხატი, ჩამოინგრეოდა. ამიტომ იგი ითხოვდა მის უსამღვდელოესობას გაეცა განკარგულება, რომ ახალი კარიბჭის მოწყობამდე, ეს ხატები ტაძარში გადაესვენებინათ. იგივე გენერალი თხოვდა პოდპოლკოვნიკ გრაუერტს, რომ „პორტიკის“ დანგრევისას სამლოცველო, სადაც „წმინდა მოწამე აბოს წმინდა ნაწილებია“, უვნებლად დატოვონ. 1848 წ. მეტეხის ტაძრის მღვდელი ზაქარია მჭედლოვი ქართლ-კახეთის ეგზარქოსს, არქიეპისკოპოს ევგენის წერდა: „თათრის მეჩეთის ხიდის მშენებლობა მდინარე მტკვარზე უკვე დიდი ხანია რაც დამთავრდა, მაგრამ წმინდა მოწამის განსასვენებელი დღემდე ყველაზე გულსაკლავ, მიტოვებულ მდგომარეობაში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოვალეობის გამო, ბატონ პოდპოლკოვნიკ გრაუერტს ხშირად ვახსენებდი წმინდა აბოს წამების ადგილას ახალი კარიბჭის მოწყობას, და თავად იგი იმედიანად მპირდებოდა, შემდეგ უარი მითხრა იმის გამო, რომ სახელმწიფო ხაზინიდან თანხები საკმაოდ არ გამოუყვეს“. 1844 წ. 31 ოქტომბერს არქიეპისკოპოსმა ევგენიმ მთავრობას თხოვა კარიბჭის ხელახლა აშენება. 1845 წლის ზაფხულში ახალი კარიბჭის მშენებლობა სახელმწიფო ხარჯით განსრულდა და საჟამნე მიეწერა ფერისცვალების (დარიის) მონასტერს, რათა მას მოეხმარა წმ აბოს თაყვანისმცემლებისაგან გაღებული შემოწირულობანი (საარქივო დეპარტ. ფ. 488. საქ. საეგზარქოსოს კანცელარია, საქმე #9069).

1848-1850 წწ. საიდუმლო მრჩეველი, სენატორი ს. ვ. საფონოვი იღვწის წმინდა აბოს ნიშის განახლება-გამშვენიერებისათვის. მან აქ წმინდანის ხატი დაასვენა და მინის კარი გააკეთებინა კლდეში, მეტეხის კლდის ძირში, საიდანაც გადაჰყარეს მტკვარში აბოს ნეშტი. ეს იმიტომ მოიმოქმედა საფონოვმა, რომ განიკურნა წმინდანის მეოხებით. 1850წ. 29 ივნისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე წმინდა აბოს ნიში საზეიმოდ იკურთხა. სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტუგიის შემდეგ ნიკიფორე გორის ეპისკოპოსი შეკრებილი სამღვდელოების თანხლებით გაემართა „ძველ ნანგრევებზე ახლად აშენებულ პატარა სამლოცველოსაკენ“. ლოცვის შემდგომ აკურთხეს საფონოვის მიერ შემოწირული, კ. გ. გაგარინის მიერ დაწერილი ხატი. ეს ხატი დასვენებული იქნა იმგვარად, რომ ყველა გამვლელს ხიდზე თაყვანი ეცა მისთვის... ამას იუწყებოდა 1850წ. 15 ივლისს ჟურю. „ზაკავკაზსკი ვესტნიკი“.

1870 წ. მეტეხის ძირში პირველი ლითონის ხიდი აიგო. ხიდის სამუშაოებმა ჩანს კვლავ თავისი კვალი დაამჩნია წმ. აბოს ნიშს. ამ ახალი ხიდის მარჯვენა მხარეს მოწყობილი პატარა მოედანი, ყასაბ ზაქარია ტორგ-ზახაროვის საქონლის საყასბოს ჰქონდა დაკავებული, რის გამოც ხიდის შემოგარენი ძლიერ დაბინძურებული ყოფილა. ამას ხიდის მშენებელთა აღშფოთება გამოუწვევია: მოედანი დაუკეტავთ და უცხო პირთა შესვლაც აუკრძალავთ.

1874 წ. მაიორ გორსკინის ქვრივმა, ნინომ, წმ. აბოს ნიშის კარებს რკინის მოაჯირი შემოავლო. როგორც არქიმანდრიტი მაკარის 1877 წ. 28 აპრილით დათარიღებული წერილიდან ირკვევა, ნიშის კედლები და ხსენებული მოაჯირიც უკვე შეკეთებას საჭიროებდნენ. 1882 წლისთვის მიხეილ საბინინმა გაამშვენა წმ. აბოს ნიში და მანვე წმინდა მოწამის ახალი ხატი დაწერა, რომელიც „დიდის გამოჩინებითა და ლიტანიით დაასვენეს ნიშში“. მ. საბინინისა და კ. გაგარინის მიერ დაწერილი ორივე ხატი დღეს ქ. თბილისის მეტეხის ღმრთისმშობლის შობის ტაძარშია დასვენებული. დიდმა მამულიშვილმა და საქართველოს ეკლესიის საუკეთესო შვილმა - ივერიელმა გობრონ (მიხეილ) პავლეს ძე საბინინმა - დიდი დაბრკოლებების გადალახვის შემდგომ 1872 წელს ქ. პეტერბურგში გამოსცა „საქართველოს სამოთხე“ ანუ „სრული აღწერა ღუაწლთა და ვნებათა საქართველოს წმიდათა“, რომლის შეკრებასაც მან შვიდი წელი შესწირა და იოანე საბანის-ძის თხზულებაც - „წამება წმიდისა და ნეტარისა მოწამისა აბოსი..“, შეიტანა ამ ვრცელსა და მშვენიერი ხატებით მოკაზმულ წიგნში (გვ. 333-350).

XIX ს-ის დასასრულს წმინდანისადმი ყურადღება განსაკუთრებით გაძლიერდა ალავერდელი ეპისკოპოსის კირიონის ღვაწლით. 1899 წ. მისივე კურთხევით გამოიცა „გალობა სავედრებელი დიდისა მოწამისა აბოისი“. რომლის შედგენის დროსაც მას უსარგებლია მიქაელ მოდრეკილის კრებულში არსებული წმ. აბოს სადღესასწაულო განგებით, კერძოდ სტეფანე ჭყონდიდელისა „გალობანით“ ანუ “კანონით“.

1900 წ. 12 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ წმინდა აბოს ხსენების დღეს „8 იანვარს ხარფუხის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მწირველი ბრძანდებოდა ალავერდის ეპისკოპოსი ყოვლადუსამღვდელოესი კირიონი... წირვი
animani
წმიდა და ყოვლადქებული მოციქული ანდრია პირველწოდებული


IPB-ს სურათი


წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ“. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა“. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა“ საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების“.

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, „ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად“. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, „ფრიად შუენიერი და დიდი“ წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. „დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა“, აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდა ამ მთას „რკინის ჯვარი“). მოციქული შემდეგ სოფელ აწყურში მივიდა, რომელიც ადრე სოსანგეთად იწოდებოდა. ამ დროს ამ მხარის გამგებელი იყო ქვრივი სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. სწორედ ამ დროს მას შვილი მოჰკვდომოდა. ქვრივს შეატყობინეს, რომ იქ იყო ერთი ადამიანი, რომელიც უცნობ ღმერთზე ლოცულობდა. ამ ცნობამ მას გულში იმედი ჩაუსახა და მოციქული თავისთან იხმო. წმიდა ანდრიამ ქვრივი დედაკაცის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა ქალმა მადლობით ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, თავის შვილთან ერთად მოინათლა და სამცხის მთავრებს წერილი მისწერა, ამ ამბავს ატყობინებდა და ყველას თავისთან იხმობდა. „ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკვირველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით კერძო და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი“. მოვიდნენ საკერპოს მსახურნიც. ხალხი ორად გაიყო; ნაწილი იძახდა, „ჯერ არს თაყუანის-ცემად, რომელმა ესე ვითარი სასწაული აღასრულა“, სხვები კი კვლავ ცრუ ღმერთების ერთგულნი რჩებოდნენ. ცილობა რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარი დაეხშოთ. მაცხოვრის მსასოებლებს - ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი - თავიანთი ღვათაებისადმი უნდა ელოცათ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარი გააღეს, ყველამ იხილა „კერპები ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა“. წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

იერუსალიმთან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა და „დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს ტაოს კერძო ქვეყანა ვიდრე ჭოროხამდე“, იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. სვიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ „ხოლო დიდი ანდრეა სვიმონითურთ... შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და უქადაგეს სიტყუა იგი ღუთის-მეცნიერებისა და მრავალთა სიხარულით შეიწყნარეს ქადაგება იგი და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრეა სვიმონ კანანელი სხვათა თანა მოწაფეთა და თავად ჯიქეთისა ქუეყანად ავიდა“. ჯიქეთის მკვიდრმა მოსახლეობამ არა მარტო უარი განაცხადა მისი ქადაგების მიღებაზე, არამედ მოციქულის მოკვლაც კი გადაწყვიტა. მათი სიჯიუტე და უხეში გონება რომ დაინახა, მოციქულმა მიატოვა ისინი და წავიდა. წმიდა ანდრია მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა. მდინარე დნეპრს აჰყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად ქალაქი კიევი მდებარეობს.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. წმიდანმა „აღიხილნა თუალნი ზეცად და მადლობა შესწირა უფალს და აკურთხნა მორწმუნენი იგი ჯუარსა დამოკიდებულმან“. და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა წმიდანი. ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

ხშირად, ჩვენი ისტორიის ავბედითობის გამო, ჩვენი ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობა ეჭვქვეშ დგებოდა. ამის დასტურია წმიდა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში აღწერილი ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც წმიდა გიორგი ანტიოქიის პატრიარქის წინაშე შემდეგი სიტყვებით იცავდა საქართველოს ეკლესიის თვითმყოფადობას: „წმიდაო მეუფეო, შენ იტყვი, თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარზე ვზიო. ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სვიმეონს ვიტყვი კანანელსა - ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ. და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს. და არცა ოდეს წუალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი, და ყოველთა უარისმყოფელთა და მწუალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ“.

შევთხოვოთ ჩვენს შემწესა და მფარველს წმიდა ანდრიას:

წმიდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 18(225), 2003 წ
ANA
სულთმოფენობა

IPB-ს სურათი

უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მთელ ქვეყანაზე გაბრწყინდა კაცთა ნათესავის მაცხოვნებელი აღდგომის ნათელი. წმინდა მოციქულებმა მოძღვრისა და უფლის მკვდრეთით აღდგომის მარადიული და ხელშეუხებელი სიხარულის სიტკბოება განიცადეს. მათ სრული შეგნებით, გონიერებითა და სიხარულით გააცნობიერეს ის უდიდესი ძლევა, ქრისტე ღმერთმა რომ მოიპოვა მსოფლიო ბოროტებასა და სიკვდილზე, გაითავისეს ისიც, რომ თავადაც ამ ძლევაში მონაწილეობისათვის იყვნენ მოწოდებულნი.

მოციქულთა წინაშე იხსნებოდა უდიდესი, დიდებული და ერთობ მძიმე გზა, მასზე შესადგომად და საბოლოო გამარჯვების მიღწევისათვის ადამიანური შესაძლებლობები, ცხადია, არ კმაროდა. მხოლოდ სულიწმინდამ, მისმა მადლმა და კაცთმოყვარეობამ მიანიჭა მოციქულებსა და დედაეკლესიას ის უძლეველი ძალა, რომლითაც მონადირებული და განათლებულია მთელი ქვეყანა. სულიწმინდამ ამა სოფლის მძლედ ჰყო უფლის მოწაფენი, ბოროტების, ლეგიონის მთავრის მძლეველ, ქვეყნის კეთილ ანგელოზებად განაწესა ისინი, უძლური სხეულის მქონენი, მოკვდავი ადამიანები, უმდიდრესებად წარმოჩინდნენ მის მიერ. ბრძენ კაცებად წარმოაჩენს მათ, რომელთაც ელინური ფილოსოფიიდან და ამა სოფლის სიბრძნიდან არაფერი აუღიათ! „მეთევზურთა ბადეებით“ მოინადირეს კაცობრიობა და ღმერთის შემეცნებასა და სიბრძნის ზღვაში ჩაძირეს უღმერთოების მთელი სისაძაგლე.

წმინდა მოციქულების დროინდელი სულთმოფენობის შემდეგ სულიწმინდა განუშორებლად იმყოფება ეკლესიაში, მისი მადლი განუწყვეტლივ აღასრულებს ყველა საიდუმლოს. ეს დღესასწაული მხოლოდ წარსული მოვლენის გახსენება როდია, ის საღვთო სულის განსაკუთრებული და უხვი მყოფობაა ეკლესიაში, მისი მადლისმიერი დიდი მფარველობაა ყველას მიმართ, ვინც ამ დღეს ღმრთის ტაძრებში მუხლმოდრეკილი და გულშემუსვრილი ლოცულობს საკუთარ სულში სულიწმინდის მიღებისა და თავისი ცხოვრების კურთხევისათვის. აუცილებელია მოვემზადოთ ამ მადლის არა მხოლოდ შეხებისათვის, არამედ ჩვენს გულებში მოუკლებელი და განუყრელი დამკვიდრებისთვის. ნუ ვიფიქრებთ, თითქოს დრო უფლის ამაღლებიდან წმინდა სულთმოფენობამდე სიცარიელეს წარმოადგენს, რადგან იგი მხოლოდ იმისთვის მოგვეცა, რომ ჩვენი სულის ჭურჭელი წრფელი და ლოცვით განწმენდილი შევაგებოთ მას.

ნათქვამია, მაცხოვრის მოწაფეები ღვთის სულის გარდამოსვლის მოლოდინისას მხოლოდ „ლოცვასა და ვედრებაში“ იყვნენო. მათი სიხარული ამ უდიდესი ნიჭისა (საქ. 11,20) არ უკავშირდებოდა არავითარ შრომასა და სიძნელეს, რადგან მოციქულთა ღვაწლი მხოლოდ სულიერი იყო. ამ საოცარი დღის დადგომამდე არც ჩვენ მოგვეთხოვება მარხვა და მეტანიების კეთება, არამედ მხოლოდ - მადლის სასიხარულო წყურვილი და ლოცვა „ჰოი, სულო წმინდაო, მოვედ და დაემკვიდრე ეკლესიის გულში! ჰოი, სულო წმინდაო, მოდი ჩვენს მიწიერ ტაძრებშიც და ჩვენს გულებშიც!“

ეკლესია იქ არის, სადაც სული წმინდა მკვიდრობს. ამიტომაც მწვალებელთა თავყრილობა ეკლესია ვერ იქნება, თუნდაც მათი ტაძრის გარეგნული ფორმა ღვთის სახლს მოგვაგონებდეს - იგი მხოლოდ უსიცოცხლო სხეულია. სულიწმინდა მხოლოდ იქ იმყოფება, სადაც მართალი სარწმუნოება და მყარად განმტკიცებული სიმართლე და სიკეთეა. სწორედ ამგვარი ეკლესიის შესახებ მოწმობს უფალი, როგორც თავის სასძლოზე, და აუწყებს მას: „ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო და ბიწი არა არს შენ თანა“ (ქება 4,7).

ჩვენც ტაძარნი ვართ ღვთისა, როგორც თვით პავლე მოციქული ამბობს: „ხორცნი ეგე თქვენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელი-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თვისთა თავთანი“ (I კორ. 6,19). ესე იგი, საკუთარ თავს კი არა, ღმერთს, ჩვენს უფალ იესო ქრისტეს ვეკუთვნით, რომელმაც უდიდესი სასყიდლით - თავისი პატიოსანი სისხლით გამოგვისყიდა და შეგვიძინა (საქ. 20,28).

ქვით, აგურით, მარმარილოთი და რკინით ნაგები მიწიერი ტაძრებიც ზიანდება და განახლებას საჭიროებს, თუმცა ბევრად უფრო მტკიცე მასალით არიან ნაშენები, ვიდრე ჩვენი სხეული, რომელიც ცოდვით დაცემის შემდეგ თავის უძლურებასა და მრავალ სნეულებას უკვლად სულს გადასცემს. ვილოცოთ, რომ სულიწმინდამ არა მარტო არ მიგვატოვოს, არამედ განგვაახლოს, გაგვაძლიეროს, განგვანათლოს და კეთილმშვენიერებაც მოგვანიჭოს.

სულიწმინდა პირველ საუკუნეთა ნათელია, იგია საუკუნო ცხოველმყოფელი ცეცხლი, ცხოვრების მომცემელი და თვით სიცოცხლეც. იგია გონება და ძალა, რომლის სიღრმის წვდომასა და აღწერას ვერასდროს შეძლებს ვერც ერთი მოკვდავი, და არა მარტო მოკვდავი, თვით ზეციურ ანგელოზთა დასნიც კი. ვინც იტყვის, ვიცი სულიწმინდაო - ცდება, რადგან მხოლოდ ღმერთმა უწყის ჭეშმარიტად მის შესახებ, რამეთუ თავად ღმერთია იგი: „ღმრთისა არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისაგან“ (I კორ. 2,11).

სულიწმინდასთან თითქოსდა „დაძმობილება“ მწვალებელთ სჩვევიათ. ჩვენ, მართლმადიდებლებს, შიშითა და ძრწოლით გვმართებს ზეციური სულის, ჩვენი ღმერთის სახელის ხსენებაც კი. თუკი შენში არ არის სული ქრისტესი, არც შენ ხარ ქრისტესი; თუ იგი არ შეეხება შენს გულს ამ ცხოვრებაში, ვაი შენდა! რადგან სულიერად კვლავ მკვდარი ხარ (რომ. 8,9,10). ვისაც განუცდია ოდესმე დიდი სიხარული, ეს სულიწმინდა იყო. განა გარეგნული სრული კმაყოფილების დროს არ გტანჯავდა წუხილი იმაზე, რომ ზეცას დაშორდი? - ამას სულიწმინდა გაუწყებდა და თავისკენ გიხმობდა. და პირიქით, ყველაფრისაგან მოკლებულს განა ოდესმე არ განგიცდია სრული კმაყოფილება ყველაფერში, ისე, რომ აღარაფერი გისურვებია? - ესეც მანუგეშებელი სული იყო. ჭეშმარიტად გვჯეროდეს - როცა სულიწმინდა ჩვენს სულს შეეხება, ქვეყნიერება სხვაგვარად წარმოგვიდგება და ჩვენში დაივანებს საოცარი სითბო და სიყვარული ყოველთა მიმართ და ყოველთა წინაშე.

უფალო, აღამაღლე მიწიდან ჩვენი გონება შენთან - ზეცაში, დაე, როცა ჩვენს თვალებს უსარგებლო და დამამძიმებელი აზრების ბურუსი მოსცილდება, მუდამ შენს ჭვრეტაში იყოს. ჰქმენ ჩვენი გული წმინდა და ამაღლებულ აზრთა სამსხვერპლოდ; ჰქმენ იგი შენს „მთად წმინდად“ (ფს. 47,1). მზეო სიმართლისაო, უფალო იესო ქრისტე, კვლავ გამობრწყინდი ჩვენ ცოდვილთა ღამის სამყაროში და განაცისკროვნე ღრმად მძინარე ჩვენი სულები, განაღვიძე ისინი, რათა გაქებდნენ და გადიდებდნენ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს - მამას, ძეს და სულიწმინდას აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

უცნობი ბერის ჩანაწერების მიხედვით მოამზადა
დავით სურგულაძემ
ჟურნალი „კარიბჭე“ №12, 2008

http://www.orthodoxy.ge/
ANA
ბოდბე

ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი არის ის რომ აქ განისვენებს მოციქულთა სწორი წმიდა ნინო.
წმიდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა, მეფე მირიანმა სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართთან ახლოს მოისურვა მისი გადასვენება მაგრამ ორასმა კაცმა ძვრა ვერ უყო წმინდანის სარეცელს და იქვე ბოდბეში დაკრძალეს.(წმ. გიორგის სახელობის ტაძარში)
IPB-ს სურათი

ეს ადგილი უფალმა ჯერ კიდევ წმიდა ნინოს სიცოცხლეში განადიდა (როგორც წმ ნინოს განსასვენებელი ადგილი)
IPB-ს სურათი


ასევე წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროზე არის განსაბანი პატარა ტაძარი. (წმ. ზებულონისა და სოსანას სახელობის) მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში.

ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა.
IPB-ს სურათი
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.